Home რუბრიკები ბლოგი „თანამდებობისთვის შეუფერებელნი“

„თანამდებობისთვის შეუფერებელნი“

695

რას წარმოიდგენდნენ ფილმის „სიყვარული ყველას უნდა“ შემქმნელები, რომ ფილმში გაჟღერებული ეს ფრაზა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ასე აქტუალური იქნებოდა დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. ხელისუფლების შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ამ ფრაზის ადრესატების დასახელება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, მაგრამ კანდიდატთა შორის, სამი აშკარად გამოკვეთილი ფავორიტია.

თბილისის მერ ნარმანიაზე და დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ტელევიზიით უკვე იმდენი ილაპარაკეს, სათქმელიც აღარაფერია. თუმცა, ერთი ფაქტი მაინც იმსახურებს ყურადღებას.

როცა 11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, ქვეყანის დედაქალაქს მსოფლიოს საფეხბურთო ელიტა და უცხოელი გულშემატკივრები ესტუმრნენ, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად გმირთა მოედანზე აყრილი ასფალტი ჯერ კიდევ დასაგები იყო. ავტომანქანაში მჯდომი უცხოელები გზებზე შეხტომა-შეხტომით რომ გადაადგილდებოდნენ, ალბათ ერთმანეთს ეკითხებოდნენ „რა დაწესებულებაა, ვინ მოგვიწვიაო“.

ევროპის (რომლისკენაც მივისწრაფით) ნებისმიერი ქალაქის მერისთვის თანამდებობის დასატოვებლად მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ნარმანია ტელეკამერების დანახვაზე თვალებს აფახუნებს და განგვიმარტავს, რომ „მოსახლეობის მიერ არჩეული მერი არავის გადასაყენებელი არ არისო“. მასე დარწმუნებულიც ნუ იქნებით, ბატონო მერო… ეს თეორემა უკვე გამოცდილია თქვენი წინამორბედის მიერ, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, – რა იცით, რა ხდება.

ამის მიუხედავად, თბილისის მერია ივსება ნათესაურ-მეგობრული კონტინგენტით – ჯერ ნიშნავენ თანამდებობებზე, მერე არკვევენ – დიპლომი აქვს თუ არაო… და ხდებიან „უდიპლომო სასიძოები თუ სიძეები“ საპრემიო, უკაცრავად, „სახელფასდანამატო“ თანამდებობის პირები.

* * *
შემდეგი ადრესატი, რომელიც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, ენერგეტიკის მინისტრია. საინტერესოა, როდის მოასწრო კახა კალაძემ ამ დარგის შესწავლა და რა გამოცდილება დააგროვა მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად? ნუთუ შესაბამის სახელმძღვანელოებს მილანი-კიევოს ან ჯენოა-ბოლონიას მატჩების შესვენებებზე კითხულობდა?

კალაძის შემთხვევა გვაჩვენებს, რომ თუ გინდა ენერგეტიკის მინისტრი გამოხვიდე და ქვეყნისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩაგაბარონ, მანამდე, სულ ცოტა, საშუალო დონის ფეხბურთელი უნდა იყო. ან, იქნებ, სხვა გზაც არსებობს – საჭიროა იმ კაცის მეგობარი იყო, რომელიც ორკესტრს (ანუ ხალხს) მუსიკას უკვეთავს, – ხალხიც მას „ხბოს აღტაცებით“ შეჰღაღადებს და შენც გზა ხსნილი გექნება. რა საჭიროა წლობით სწავლა უმაღლესი განათლების მისაღებად, დიპლომი თუ მაგისტრატურა, პრაქტიკა და დაგროვილი გამოცდილება… მთავარია გქონდეს ფული! განათლება კი იმათ იკითხონ, ვინც შენზე იმუშავებს და აგიხსნის, თუ რა არის გასაკეთებელი ამა თუ იმ დარგში.

ბოლოს ისმის კითხვა, ბატონი კალაძე მართლა ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავს, თუ ყოფილ ფეხბურთელს კიდევ უფრო დიდი ფულის შოვნის სურვილი ამოძრავებს? ძნელი სავარაუდოა, რომ უზარმაზარი კაპიტალის მფლობელს იტალიაში, საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში, მხოლოდ მინისტრის თანამდებობა და ხელფასი აინტერესებდეს.

* * *
კიდევ ერთი „თანამდებობისთვის (აშკარად) შეუფერებელი“, თავდაცვის მინისტრი ქალბატონი ხიდაშელია, რომელსაც, ალბათ, შინაგანი ხმა ეკითხება, „როგორ მოხვდი მანდაო?“. აბა, სად საზენიტო დანადგარები და სად თინა ხიდაშელი? როგორ უნდა გაარკვიოს ქალბატონმა თინამ რომელი იარაღია საჭირო ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად? რა ესმის მას სამხედრო სტრატეგიის, ტაქტიკის ან სამხედრო ეკონომიკის, რომელიც მთლიანად მოიცავს სამხედრო საქმის საკითხებს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს თავდაცვით პოტენციალს? თუმცა, სინდისი რა საკითხავია, როცა „ძარღვი“ კარგა ხანია გადაჭრილია! მთავარი ხომ „მინისტრის პორტფელია“…

აგერ, ცოტა ხნის წინ, ქალბატონმა მინისტრმა ჩვენს მაგივრად განაცხადა, ქართველი ხალხი მზადაა რუსეთთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპოსო. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, პირველს თავის შვილებს გაუშვებს? – ვგულისხმობ ომში, და არა ლონდონში სასწავლებლად! მის მეუღლეს თუ დავუჯერებთ, საკუთარ შვილებს ისე ზრდის, რომ ეუბნება – არ არის აუცილებელი სამშობლო გიყვარდეთ და მას თავი შესწიროთო. რომ გაიზრდებით, თავად გადაწყვეტთ რა უნდა გიყვარდეთო.

არადა, თვე არ გავა, ტრაგიკული სახით არ მიუსამძიმროს ცოლ-ქმარმა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა მის მშობლებს და სრულიად საქართველოს, – განსაკუთრებულად არ აღნიშნონ, რომ ის „სამშობლოსთვის დაიღუპა“. თუმცა, „სამშობლო“ რა შუაშია, არ აკონკრეტებენ. სინამდვილეში, ქართველი ჯარისკაცები სამშობლოს კი არ ეწირებიან, არამედ საკუთარ სამშობლოში ოჯახის რჩენის საშუალება რომ არა აქვთ, იძულებულნი არიან უცხო ქვეყანაში, სხვის ომში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არჩინონ ოჯახები, – ესაა მწარე სიმართლე, ქალბატონო მინისტრო და პარლამენტის ბატონო თავმჯდომარევ. და, სხვათა შორის, ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცის ანაზღაურება თითქმის ათჯერ დაბალია, ვიდრე მათ გვერდით მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცის, – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველების სიცოცხლე უფრო ნაკლებ ფასობს!

გაინტერესებთ რა ინტერესებს ემსახურებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში?

ამერიკელების ავღანეთში შეჭრამდე, სიტუაციას „თალიბანი“ აკონტროლებდა და რულიგიური თვალსაზრისით, კრძალავდა ჰეროინის წარმოებას, სასტიკად სჯიდა მათ, ვინც ყაყაჩოს მოყვანას გაბედავდა. ოპიუმის წარმოება ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე მინიმუმამდე იყო დაყვანილი. როცა ამერიკელები ავღანეთში შევიდნენ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა, – ამერიკელებმა არათუ უფლება მისცეს ჰეროინი ეწარმოებინათ, არამედ ყაყაჩოს პლანტაციების დაცვაც შესთავაზეს. 2001 წლიდან მოყოლებული, ავღანეთში ჰეროინის წარმოება 40-ჯერ გაიზარდა. ამერიკელებმა ცინიკური მიზეზი დაასახელეს – ყაყაჩოს მოყვანა ავღანელი ფერმერებისთვის საარსებო წყაროაო. არადა, თავად ავღანელი ფერმერების წლიური შემოსავალი 200 დოლარს არ აღემატება, ხოლო პლანტაციების მფლობელების აბსოლუტური უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს და ამერიკის მოქალაქეა.

სტატისტიკის მიხედვით, დღესდეისობით 300 ათასი ავღანელი ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს! ავღანეთში იწარმოება მსოფლიო ოპიუმის 90 პროცენტი და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიეწოდება 820 ტონა ჰეროინი, რომლის ძირითადი ნაწილი რუსეთზე და ევროპაზე მოდის. მისგან მიღებული შემოსავლები ხმარდება იმ ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსებას, რასაც ამერიკელები, თითქოსდა, ებრძვიან. ჰეროინის მოხმარების გამო, ყოველწლიურად იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტერაქტების შედეგად ოდესმე დაღუპულა.

ამერიკელების ავღანეთში ყოფნის კიდევ ერთი (ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი) მიზეზი არის ის, რომ ამერიკულ ავიაციას ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში თავისუფლად ფრენის საშუალება აქვს, რითაც სარგებლობენ და სპეციალური სადაზვევრვო თვითმფრინავების საშუალებით აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს.

სწორედ ამ ინტერესებისთვის წირავთ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში, „ქალბატონო თავდაცვავ“ და „ბატონო პარლამენტო“, და არა „სამშობლოსათვის“… თუმცა, ეს თავადაც კარგად იცით, ოღონდ ამაზე არ ლაპარაკობთ და ყოველივეს „სამშობლოს ინტერესებად“ გვასაღებთ.

რაც შეეხება ამ მისიაში ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის ამაღლებას და პრაქტიკას, რაზეც ხშირად აპელირებთ, ნება მიბოძეთ, აქაც კატეგორიულად არ დაგეთანხმოთ – როგორც დავით თევზაძემ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში აღნიშნა, ეს სხვა არაფერია, თუ არა „ოკუპაციის განხორციელებაში“ მომზადება.

P.S. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ „თანამდებობისთვის შეუფერებელთ“ წინა ხელისუფლებიდან მარტო ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაც ეყოფათ საპირწონედ, რომელმაც კანადის პროვინციაში დაამთავრა ინსტიტუტი და პროფესიით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო.

ასე რომ, დღევანდელ ხელისუფლებაში „ვერა ქრბალიები“ საკმარისზე მეტადაა წარმოდგენილი და ქვეყნის მართვა პრინციპით „შენ დაუკარ“ გრძელდება!

მაია ასათიანი კი, დარბის მიკროფონით ხელში და ხალხს ეკითხება – „ხორცი ბოლოს როდის ჭამეთ?“. ქალბატონო მაია, ჩვენ, ხალხმა, ვიცით ხორცი როდის ვჭამეთ – ეგ თარიღები კალენდარში წითლად გვაქვს აღნიშნული (შაბათ-კვირის არჩათვლით, რა თქმა უნდა). მხოლოდ ის გვაინტერესებს, წინა წლებში რატომ არ გვეკითხებოდით – ვინმე გიკრძალავდათ, თუ ეგ საკითხი არ გადარდებდათ, როცა ტაშ-ფანდურა გადაცემებს გეგმავდით?..

…და სანამ ხელისუფლებაში „უდიპლომო სიძეები“ და „ვერა ქობალიები“ იქნებიან, უკეთესი ცხოვრების იმედი არ უნდა გვქონდეს.

მართალია ჯერ 2016 წელი არ დამდგარა და არც არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ მომავალი ხელისუფლება უკვე დაკომპლექტებულია. როგორც ირკვევა, შევარდნაძის ხმით მოლაპარაკე ალექსი პეტრიაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა, ალასანიას – პრემიერობა, მარგველაშვილს კი, რომელსაც ვერ გაუაზრებია ახლა რა თანამდებობაზეა, პოლიტიკაში დარჩენა სურს და, ალბათ, დეპუტატობას დაყაბულდება…

შიმშილით დაუძლურებულ ხალხს კი, იმის თავიც აღარ გვაქვს, „ჯოს! ჯოს!“ ვიძახოთ და რამე გავაპროტესტოთ…

ლევან ზანგურაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here