საქართველო, როგორც ჩანს, ემსგავსება ფსიქიატრიულ საავადმყოფოს მილოშ ფორმანის ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”. ფილმში მთავარი გმირი (ჯეკ ნიკოლსონი) აპროტესტებს ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას _ მედპერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უდიერ მოპყრობას…
და როგორ არ გაგიჩნდება პროტესტის განცდა, როდესაც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ამერიკაში კარგა ხნის წინათ გადახვეწილი დავით ნიკურაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “ჰუმანურ” მოსაზრებას წაიკითხავთ _ შეგონებას ქართველი ერისადმი:
“შევთავაზოთ ევროპას, გვქონდეს თუნდაც მცირე კვოტა და ოფიციალურად მივიღოთ სირიელი, ლიბიელი თუ ერაყელი დევნილების ნაწილი. ხომ არის ჩვენი დეკლარირებული პოლიტიკა ევროინტეგრაცია? უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რომ გვინდა, კრიზისების დროს პასუხისმგებლობაც ავიღოთ. თუმცა ეს აქტი, პირველ რიგში, არა ევროპასთან ვალდებულება, საკუთარი ჰუმანური მოვალეობის შესრულება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის გაწეული დახმარებაც. ევროპასა და ამერიკას ისედაც აქვთ სხვა ვალდებულება _ ეგრეთ წოდებული “არაბული გაზაფხულის” მძიმე შედეგების ლიკვიდაცია და ამ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ხელშეწყობა. კატარი და საუდის არაბეთი თუ დევნილებს არ იღებენ, ეს ჩვენს ადამიანურ მოვალეობასთან არაფერ შუაშია. არც ვალდებულებას გვიხსნის და არც გვამართლებს” (სტილი დაცულია).
აი, ასე გვამუნათებს “ნაციონალური მოძრაობის” ჯიბის ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი დავით ნიკურაძე ქართველებს _ ლტოლვილების მიღებისკენ მოგვიწოდებს იმ დროს, როდესაც თვითონ ევროპა ვერ უმკლავდება ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ჩრდილოეთიდან მოძალებულ დევნილებს და ამის გამო, ლამისაა, დაიშალოს; აშშ და მისი მოკავშირე უმდიდრესი ქვეყნები კი _ საუდის არაბეთი, ქუვეითი, ყატარი და სხვა სახელმწიფოები უარს ამბობენ სირიიდან, ლიბიიდან, ერაყიდან დევნილთათვის თავშესაფრის მიცემაზე. არც ამერიკელები იკლავენ თავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამშობლოში ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს ჯერ “ალ ქაიდას”, შემდეგ კი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფებების შექმნით, შეიარაღებითა და დაფინანსებით.
ევროპაში კი გერმანიამ, ავსტრიამ, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა და უნგრეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა აღიარა, რომ გერმანია დროებით წყვეტს შენგენის შეთანხმებაში მონაწილეობას… ევროკავშირი ორი წლის განმავლობაში ასიათასობით ლტოლვილის მიღებას აპირებს. ამ იდეას აღმოსავლეთ ევროპის “არაჰუმანური” ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, უნგრეთმა კედელი ააგო სერბეთის საზღვართან და სპეცდანიშნულების რაზმებს ლტოლვილთა წინააღმდეგ ამზადებს. ანალოგიური ვითარებაა ჩეხეთშიც.
2015 წლის დასაწყისიდან დღემდე 450 ათასმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი ევროპაში. ლიბია, ვიდრე მას ე.წ. არაბული გაზაფხულით “გაადემოკრატიულებდნენ”, ლტოლვილთა ნაკადს აკავებდა, მაგრამ ამერიკელებისა და ევროპელების “ჰუმანიტარული” დაბომბვების შედეგად ეს ქვეყანა თვითონ ჩაიძირა ქაოსში. და არა მხოლოდ ეს ქვეყანა.
“ეს ლტოლვილები ომით მოცული ქვეყნებიდან დაიძრნენ. ადრე ლიბია აფრიკის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო. მის მოქალაქეებს შესაშური მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდათ _ უფრო სამედიცინო მომსახურება, უფრო საცხოვრებელი და უფრო განათლება. სირიაში, არაბეთის სოციალისტური აღორძინების პარტიის ხელმძღვანელობით, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური სიმშვიდე, კულტურის, განათლების, სახალხო კეთილდღეობის მაღალი დონე სუფევდა, იმიტომ ექცათ ამ ადამიანებს მყისიერად სამოთხე ჯოჯოხეთად? “სახელმწიფოს დაღუპვა” იქ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” დროს მოხდა. კადაფის დამხობის შემდეგ ლიბია რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, მოსახლეობა უპოვარ ლტოლვილებად იქცა. სირიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. სირიელთა ნახევარი უსახლკაროდ დარჩა, 4 მილიონი ადამიანი ლტოლვილია. ამ ტრაგიკული ვითარების მიზეზი იყო ე.წ. დემოკრატიული უმცირესობის სურვილი, შეერყიათ ხელისუფლების სტაბილურობა, თუმცა მთავარი მიზეზი არის ის, რომ აშშ–მა და ევროპამ შემთხვევით ისარგებლეს, ამ ქვეყნებში რეჟიმები შეეცვალათ… აშშ–სა და ევროპის საგარეო პოლიტიკური ჰეგემონიზმი საშინელი და სულელურია. გარდა იმისა, რომ მან დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში კატასტროფის პროვოცირება მოახდინა, აიძულა ევროპა, საკუთარი თავით ეზღო”, _ ეს არის ამონარიდი ჩინურ გაზეთ “ჟენმინ ჟიბაოში” გამოქვეყნებული მასალიდან მრავლისმეტყველი სათაურით: “აშშ და ევროპა უნდა დაფიქრდნენ, საიდან გაჩნდა ლტოლვილთა ნაკადი”.
აი, ამ ყველაფრის ფონზე სურს “ჰუმანისტ” დავით ნიკურაძეს, საქართველომაც “ზღოს” და ათასობით ლტოლვილი შეიფაროს. ეტყობა, ამერიკაში ცხოვრებამ დაავიწყა “ჰუმანისტ” ჟურნალისტს, რომ საქართველოში 300 ათასზე მეტი დევნილია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და მათთვის დახმარების ხელი არც ევროპას გაუწვდია და არც აშშ-ს.
“უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რომ გვინდა, კრიზისების დროს პასუხისმგებლობაც ავიღოთ”-ო, _ გვმოძღვრავს გაზულუქებული ნიკურაძე ამერიკიდან. ამით ცდილობს, “ნაცმოძრაობის” ამერიკელ მამებს ასიამოვნოს და მათგან მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს, ისევე, როგორც საქართველოში მოღვაწე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
რა, საქართველოსთვის საკმარისი აღარ არის აშშ–ისა და ევროპის წინაშე მუხლებზე ხოხვა და “აღებული ვალდებულებების” შესრულება, კიდევ ერთი, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ვალდებულება რომ არ დაიკისროს?
დავიკისრეთ “ვალდებულება” და კოაბიტაცია გავმართეთ (ამჟამინდელმა ხელისუფლებამ) სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან. შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წევრები, იმის ნაცვლად, რომ საპყრობილეში ისხდნენ, ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ეს სისხლისმსმელი რეჟიმი არჩევნების გზით მოიშორა, ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებითა და შურისძიებით ემუქრებიან.
დავიკისრეთ “ვალდებულება” და შემოვიღეთ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრა აშშ-ის ხელისუფლება.
დავიკისრეთ “ვალდებულება” და თბილისში გავხსენით ჯერ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია, შემდეგ _ ნატოს საწვრთნელი ცენტრი და რუსული რაკეტების სამიზნეში აღმოვჩნდით.
ნატოში საქართველოს გაწევრების უპერსპექტივობაზე თვითონ ნატოს ხელმძღვანელობა და ამერიკელი ექსპერტები გველაპარაკებიან (იხ. Foreign Policy-ს სტატია “დროა, საქართველომ დაივიწყოს ოცნება ნატოზე”, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის 35-ე ნომერში გამოქვეყნდა). ჩვენ კი, ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა, “ვალდებულებას ვიღებთ”, უამრავ ქართველ ახალგაზრდას ვგზავნით ე.წ. სამშვიდობო მისიაში მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და მათ სიცოცხლეს ვწირავთ.
რისთვის ვაკეთებთ ამას? იმისთვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა მეხოტბეებმა ქულები ჩაიწერონ ამერიკელი პატრონების თვალში და მსუყე დაფინანსება მიიღონ საქართველოს დამღუპველი პროპაგანდის საწარმოებლად?
“ნაციონალური მოძრაობის” მამამთავარმა, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულმა მიხეილ სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, მისმა რეჟიმმა უამრავი ქართველი ბიჭი ქუჩაში დახვრიტა, დაანგრია განათლება და მეცნიერება, უამრავ ადამიანს წაართვა ქონება და ბიზნესი, თავიდან ვერ აიცილა ომი და დაკარგა ტერიტორიები, ქართული მიწები უცხოელებზე გაასხვისა (რაც ამჟამადაც გრძელდება), დღეს თბილისის ცენტრსა და ბათუმში უცხოელები ბორდელებს ხსნიან და იქ ქართველ ქალებს ამუშავებენ…
განსხვავებული რელიგიის, კულტურისა და მენტალიტეტის ათიათასობით ლტოლვილის ჩამოსახლება საქართველოს ბოლოს მოუღებს. საქართველო, როგორც ქართველთა ქვეყანა, რამდენიმე წელიწადში აღარ იარსებებს…
ან იცის კი ამ “ჰუმანისტმა” ჟურნალისტმა, ვინ არიან ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეული ადამიანები? იცის კი, რომ ლტოლვილების მასაში უამრავი “ბოევიკია” გარეული (სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთის პოლიციამ ლტოლვილებისთვის განკუთვნილი კონტეინერებიდან ერთი–ერთში 5000 ცეცხლსასროლი იარაღი და უამრავი საბრძოლო მასალა იპოვა) და მიგრანტთა დიდი ნაწილი, რომელიც ევროპაში ლტოლვილების სტატუსით შეღწევას ცდილობს, თავის ქვეყანაში, მშვიდობიანი მოქალაქე კი არა, შეიარაღებული ბანდების, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო?
ევროკავშირის ქვეყნებში ყოველდღიურად ათიათასობით ლტოლვილი ჩადის, რომელთა ნაწილიც დივერსანტები და რადიკალურად განწყობილი ისლამისტური დაჯგუფებების აქტივისტები არიან.
ამას მოწმობს ინტერნეტში ახლახან გავრცელებული ფოტოებიც, რომლებზეც ვითომ ლტოლვილები არიან აღბეჭდილნი.
ნიკა კორინთელი
P.S. ევროპა აღმოჩნდა იმ სიტუაციის ტყვეობაში, რომელიც თვითონ შექმნა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების “გადემოკრატიულების” მცდელობას უკუდარტყმა მოჰყვა ქაოსში ჩაძირული ქვეყნებიდან მიგრანტების უზარმაზარი ნაკადის სახით და ეს ე.წ. მიგრანტების კრიზისი ევროპას ეთნიკური ომებით ემუქრება.
ჩვენ კი, სჯობს, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა და სხვის საამებლად საქართველოს საბოლოოდ გამანადგურებელი “ვალდებულებების” დაკისრებას თავი დავანებოთ…
მიუხედავად მოსახლეობაში გავრცელებული უარყოფითი დამოკიდებულებისა,ჩვენთან უკვე შემოსულა 3500 მდე ლტოლვილი.აქედან 1500მდე ლტოლვილის სტატუსსით და ყოველგვარი დახმარებით და დანარჩენი არალეგალად
ჩვენ ავღანეთსა და სხსვა ცხელ წერტილებში, ჩვენს ვალს დასავლეთის მიმართ ვ ი ხ დ ი თ ! ვისაც ეს ეს არ ესმის და ვერც ის გაუთვითცნობიერებია, რომ ჩვენ საკუთარი ლტოლვილები გვყავს ჯეროვნად მისახედი….და გ რ ა ნ ტ ებ ის მოლოდინში ახალ თავსატეხს ,,გვთავაზობს\\\”- ურალოდ ნაბუშარი ,,კოსმოპოლიტია\\\”!!! (მ აქ სი მ ა ლ უ რ ი კორექტულობის დაცვით