სულ არ მინდა დიოგენის ფანარი,
შენს ალღოს და ერთგულებას ვენდობი.
თავმდაბალ და მცოდნე მოყვასს დავეძებ,
საპოვნელავ, ჩავირბინოთ ფერდობი.
მაპოვნინე, მარჯნისფერო ყვავილო,
თუმცა იმედს აღარ შერჩა ერთი ფრთაც,
ნუ დამტოვებ, მაინც ერთად ვეძებოთ,
მოვიაროთ ქვევით ბარი, ზევით – მთაც.
თუ ვიპოვე, დაგიკოცნი ნაზ ფურცლებს,
დაგილოცავ ნადგომსა და ნააკვნარს,
მაპოვნინე, ვისაც წლობით დავეძებ,
თორემ სული უზნეობას დააკვდა!
სულ არ მინდა დიოგენის ფანარი…
დამიჯერეთ, ნამდვილად არ მელექსებოდა, როცა ღირსეული ქართველის, პროფესორის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტის კრიტიკულ წერილს (“გიორგი ლეონიძე _ ქართული წიგნის ინკვიზიტორის მორიგი მსხვერპლი”) ვკითხულობდი (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, #33, 2015 წ.), მაგრამ მოულოდნელად, თავისთავად მოფრინდნენ ეს გაურანდავი სტროფები, რომლებშიც უნებურად გამოჩნდა ჩემი გულისტკივილი.
წერილმა სერიოზულად ჩამაფიქრა… რატომღაც წიგნის გადამკითხველები კი არა, წიგნის წამკითხველები შემეცოდნენ, შემეცოდა მომავალი თაობაც, რომელსაც, საბედნიეროდ, ცოდნის წყარო – წიგნი ჯერ კიდევ არ უარუყვია, მას ხომ სხვა პოეტებთან და მწერლებთან ერთად ძალიან, ძალიან უყვარს გიორგი ლეონიძე.
ბატონი ბონდო კობაძის ხელაღებულმა ქმედებამ სულგანათლებული ოტია იოსელიანი გამახსენა, მისი გულმართალი, იუმორით გაჯერებული საუბარი სტუმრად მისულ ჟურნალისტებთან. განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში დედა ენასთან დაკავშირებული ბატონი ვახანიას ღვაწლი.
“გადავშალე დედა ენა და… კიდო კაი, პატივი უცია გოგებაშვილისთვის _ “ია” დოუტოვებია. აგაშენათ ღმერთმა, ვიფიქრე, მომდევნო ფურცელზე, მეგონა, დამხვდებოდა “თითი”, (არ გეტკინოთ არაფერი…) ბატონ ვახანიას “თხა” არ გადმოუხტუნებია “თითის” ადგილზე?! გადევირიე კაცი! ვიფიქრე, მომდევნო ფურცელზე მაინც იქნებოდა მშვიდობა, მაგრამ მომდევნო ფურცელზე რას ვკითხულობ, თუ იცით? – “ასო”! აი ერთი ასო, აი ორი ასო… აი ხუთი ასო … აი ათი ასო… აი ასი ასო. გადეირევი, აბა, რა მოგივა! ახალ ქართულში ოცდაცამეტი ასოს მეტი არაა და ამას დოუწერია ასი! თუ მაგარი ხარ, ახალი დაწერე, ახალი შექმენი, გოგებაშვილს რა უნდა გოუსწორო შენ”?!
ბატონო ოტია, თქვენი დაუდეგარი, სიმართლის მოყვარული სული, ალბათ, დამეთანხმება, ყველაფერი ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
აქედან გამომდინარე, ბატონი ვახანიასგან განსხვავებული ერთი მოკრძალებული პედაგოგი, რომელიც თავის თავს ხშირად ახსენებს ჭეშმარიტად დიდი მოაზროვნის სიტყვებს: “მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”, ვსვამ კითხვას: ხომ არ აჯობებდა, ჯერ საკუთარი “ნაჯახირების” გაკრიტიკება შინაურულად გვეთხოვა ჭკვიანი კრიტიკოსისთვის, შემდეგ თავი დაგვერწმუნებინა იმაში, რომ კრიტიკოსობა არც ისე იოლი საქმეა, როგორც წარმოგვედგინა, და ამის შემდეგ გვეცადა სხვის ნაშრომებში შეცდომების აღმოჩენა. სხვათა შორის, კრიტიკოსობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მისამართით ბოღმა გადმოვანთხიოთ კრიტიკის სურვილის, ზედმეტი სითამამის, ზოგჯერ გაუნათლებლობის ან პირადი ინტერესების გამო… არ გვაქვს უფლება, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდოთ და მკითხველი შეცდომაში შევიყვანოთ.
იყო კრიტიკოსი, არც იმას ნიშნავს, რომ წლების წინათ გარდაცვლილი ღირსეული ადამიანების, რომელთა ფეხის ფრჩხილადაც არ ვღირვართ, ადამიანების, რომლებმაც ნაშრომებიც შესანიშნავი დატოვეს და კვალიც _ ნათელი, უსუსური კრიტიკა გავუბედოთ, რომლის უკანაც საკუთარი თავის აღზევების ჩანაფიქრია!..
ბატონო ბონდო (ჩნდება ეჭვი), ეს არაკეთილსინდისიერი ჩანაფიქრი რომ არა, თქვენ ქართული მწერლობის გამორჩეული ოსტატის, მშობლიური ლიტერატურის კლასიკოსის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, ქართველი ხალხის უსაყვარლესი შვილის _ გიორგი (გოგლა) ლეონიძის მიერ მეცნიერული სიღრმითა და ფაქიზი პოეტური გემოვნებით შესრულებულ გამოცემაზე (“დიდმოურავიანი”, თანდართული კვლევით) თავდასხმის სურვილი არ გაგიჩნდებოდათ, მით უმეტეს ახლა, როცა ლეონიძე დიდი ხნის გარდაცვლილია.
საკმაოდ წინდაუხედავი და დასაღუპავად განწირული გაბედულებაა!..
თქვენს ნაშრომში ბატონი გოგი დოლიძის მახვილი თვალით ამოკითხული და ჩვეული გონიერებით შენიშნული უმსგავსოების ხელმეორედ გამეორებას არ ვაპირებ ან რა საჭიროა?! კრიტიკას არც სიმართლე აკლია, არც პირდაპირობა და არც დამსახურებული მათრახი. მხოლოდ ერთს ვიტყვი: “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”.
მომიტევეთ, ბატონო ბონდო, მაგრამ არ შემიძლია, არ გითხრათ, როცა გაზეთში (“საქართველო და მსოფლიო”) ბატონი გოგი დოლიძის მიერ გამოქვეყნებული წერილი წავიკითხე და შემდეგ თქვენ მიერ აღმოჩენილ ე.წ. შეცდომების ჩასასწორებლად გაწეულ შრომას გავეცანი, როგორც გიორგი ლეონიძისეულ კვლევაში, ისე იოსებ ტფილელის “დიდმოურავიანში”, როგორც იტყვიან, თეთრზე შავით დავინახე, რომ თქვენი “ნაღვაწი” აშკარად წყლის ნაყვაა და გვარიანი წინდაუხედაობაც.
დიდ საქმეს შეჭიდებიხართ, ბატონო ბონდო, ალბათ, შედეგზე არც გიფიქრიათ, არ გიფიქრიათ, რომ ქართველი ხალხის საყვარელი გოგლა ლეონიძისა და მე-17 საუკუნის ცნობილი პოეტის წინააღმდეგ თამამად შემართული შოლტი თქვენვე მოგხვდებოდათ და კანს აგიწვავდათ. თუ არ ვცდები, ორი წლის წინათ ბონდო კობაძის მისამართით გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” დაიბეჭდა ბატონი გოგი დოლიძის ერთ–ერთი სტატია “ვინ უნდა გამოაცხოს პური?”. კრიტიკა თქვენს კრებულს ეხებოდა, რომელსაც უძღვნიდით საქართველოს უპირველეს მოჭირნახულეს, აწ უკვე წმინდანად შერაცხილ ექვთიმე თაყაიშვილს. სტატიის სათაურმა გამახსენა, რას ამბობს გოგლა ლეონიძე თავის “ნატვრის ხეში”: “ჩემთვის დედას კალამი არ გამოუცვლია, მაგარამ ასე მგონია, პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა”!
ბატონო ბონდო, ზოგიერთისთვის ე.წ. უთავბოლო კრიტიკა, ანუ “ჯადოსნური მემონტაჟეობა” დიდად სასიხარულო და აღტაცების მომგვრელი რამაა, მით უმეტეს, თუ იმის იქით საპატიო წოდებასა და რომელიმე ცნობილი პიროვნების სახელობის პრემიის ლაურეატობას ელოდება.
გაიხსენეთ ქართული მხატვრული ფილმი “კეთილი ადამიანები”, გაიხსენეთ, ბავშვობის სიყვარულსა და იმჟამად მეგობრის ცოლს _ ნანას (ნანული პირველი) დადევნებული გიგა ბეთანელი (ოთარ მეღვინეთუხუცესი), როცა გონს მოდის, რას ეკითხება თავს: “ვის მისდევ, ბიჭო, ვის?!”, ალბათ, გეცინებათ, სად ეს მაგალითი და სად ჩემი ქმედებაო, მაგრამ… გიგა ბეთანელი მიხვდა, თუ თავს ვერ მოერეოდა, მისი საქციელი უზნეობა, სიმდაბლე იქნებოდა. სწორედ ამ უზნეობასა და სიმდაბლეს ვუსვამ ხაზს! ნეტავ, თქვენც დაფიქრებულიყავით, ვიდრე ქართველების საფიცარ გიორგი ლეონიძეს შეურაცხყოფას მიაყენებდით და საკუთარი თავისთვის გეკითხათ: “ვის ეჭიდები, ვის?!”
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ (ის, რომ გიორგი ლეონიძე ქართველი ხალხის საყვარელი შვილია, ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართული პოეზიისა, ეროვნული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი ისტორიკოსი… მწერალს ახლანდელ დროში ვახსენებ იმიტომ, რომ ის თანამემამულეების გულებში დღესაც ცოცხალია), გოგლა ლეონიძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დედის ცრემლზე ამოსული ია, საყვარელი პატარძეულის მიწიდან ამოსული, რომელმაც პატარაობისას, სულის სილამაზე, სურნელება, სიყვარული ერთად შეაფრქვია მზეს, შესცინა კრიალა ლურჯ ცას, თანასოფლელებს და მასთან ერთად ამოსულ ლურჯთვალა იებს. დიდობაში კი, როცა მშობლიური მიწიდან ამოზრდილი მისი სხეული ქართული მზის სხივებით, თანასოფლელთა სიხარულით, წუხილით, სამშობლოს სიყვარულით გაჯერდა, “პურის კალმით” საოცრებები დაგვიწერა.
“რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში! ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები, როცა ჩვენც ნუშებივით ვყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა, გული გვედგა ოქროს ბურთისა და თავს ოქროს წვიმა გვაწვიმდა… ეს ჩემი სიტყვაც იმ გაზაფხულის დილიდან არი გამონაწური, იმ წყაროებიდან გამონაჟური, რომელთა თავზე მდგარ ნიგვზნართა ხეივანში გულყვითელა “ბიჭო-გოგიას” მომძახოდა, როგორც თანამოსახელესა და მეგობარს…
ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში, შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.
ვერცხლურა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი, ბარდნალჭალებიანი, ჯალჯიან-შამბნარიანი…”
ბატონო ბონდო, ღრმად ვარ დარწმუნებული, მსგავსს ვერასდროს ვერაფერს იტყვით, ვერც დაწერთ… იმიტომ, რომ გოგლა ლეონიძისთანა ხედვა არასდროს გექნებათ. მასავით არასდროს მოვა თქვენთან “ოქროვანი” აზრები, სიტყვები, თითქოს უბრალო, მაგრამ ფასდაუდებელი.
იქნებ ამ წერილში ჩადებული “ნატვრის ხის” მონაკვეთიდან რომელიმე სიტყვა არ მოგეწონოთ, თუნდაც: “ვერცხლურა” ანდა “ქვიშრობში”, “ღვინჭრობებით”, “ჯალჯიან-შამბნარიანი” და თქვენეული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატაროთ ავტორი.
არ გამიკვირდება…
მიხვდით, ბატონო ბონდო, რომ გოგლა ლეონიძე სხვანაირად ვერ იტყოდა ამ სიტყვებს იმიტომ, რომ ის გოგლა იყო, თქვენ კი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდით და სიტყვაკაზმული მწერლის სიდიადეს ვერ ჩასწვდებოდით, რადგან ბონდო ბრძანდებით, კობაძე.
მაპატიეთ, ეს უნდა მეთქვა.
ქეთევან დერჩელი,
ქუთაისი