მართლაც, შეგვიძლია, გამოცანადაც კი ვუთხრათ საქართველოს მოქალქეებს:
_ დაწევას გვპირდებოდნენ, მაგრამ აიწია. რა არის?
მთელი საქართველო ერთხმად გიპასუხებთ:
_ დენის ტარიფი.
გასულ კვირაში დენს, მის საფასურს, ზოგადად, ენერგეტიკის სამინისტროსა და მის მინისტრს იმდენი ჭორ-მართალი დაუკავშირეს, თავისა და ბოლოს გარჩევა მართლაც ძალიან გართულდა.
დაიწყო კი იმით, რომ დენის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამაც და მის კვალდაკვალ _ საქართველოს მთავრობამაც.
ენერგეტიკის მინისტრმა კი სულაც დაგვზაფრა და დაგვაშინა: _ ჩვენ რომ დენის ტარიფი არ გავაძვიროთ, ისედაც სულს რომ ძლივსღა იდგამს, აი, სწორედ ის ქართული ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება, დაეცემა და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებაო…
აი, ასეთი “მოვლითი ტკივილები” ჰქონია ამ გაჭირვებულ ქართულ ეკონომიკას თურმე!
დიახ, დიახ! მოვლითი!
აბა, როგორ! ორიოდე წლის წინათ, იგივე ენერგეტიკის მინისტრი რომ რიხიანად გვპირდებოდა _ “დენის ტარიფიც გაიაფდება, გაზისაც და ნავთობისაც!”-ო, ეგ როგორ იყო?
დავიჯეროთ, სულ რაღაც ორი წლის წინათ ჯერ კიდევ არ იცოდა ჩვენმა ნომერმა პირველმა ენერგეტიკოსმა, რა “სტკიოდა” ქართულ ეკონომიკას? არ იცოდა, რომ ის დენის ტარიფზე თურმე პირდაპირ ყოფილა მიბმული და დენის გაიაფება ეკონომიკისთვის სწორედ კუჭის თავში დარტყმას უდრიდა?
ვარიანტი სულ სამია:
1. გვატყუებდნენ მაშინ, როდესაც დენის ტარიფის გაიაფებას გვპირდებოდნენ;
2. გვატყუებენ ახლა, როდესაც გვეუბნებიან, _ დენი თუ არ გავაძვირეთ, მთელი ეკონომიკა დაიქცევაო;
3. უბრალოდ, არც მაშინ და არც ახლა ამ დარგის, ამ სისტემის “გაგნებაშიც” არ არის ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი და ან მაშინ რას მიედ–მოედებოდა და ან ახლა რას მიედ–მოედება, თავადაც არ იცის.
პრინციპში, არც ამ სამივე ვარიანტის “ასორტია” გამორიცხული და ეს მოსალოდნელიცაა, როდესაც ქვეყნის პირველ ენეგრეტიკოსად ქვეყნის პირველ ფეხბურთელს დაგისვამენ.
ან კიდევ ერთიც: შთაბეჭდილება ისეთია, რომ “ოცნება” და, პირველ რიგში, მათი ფეხბურთელ–ენერგეტიკოსი დენის, გაზის თუ ნავთობის ფასებითაც ზუტად ისევე ჟონგლირებს, როგორც ერთ დროს _ბურთებით.
დიახაც, “ზუსტად ისევე”-მეთქი, რადგან კახა კალაძე დახვეწილი ტექნიკითა და კენწვლა–ჟონგლირების თვითნაბადი ნიჭით არც ფეხბურთში გამოირჩეოდა დიდად და, შესაბამისად, არც “ტარიფებით ჟონგლირება” გამოსდის მაინცადამაინც დახვეწილად.
მეტიც, დენის ტარიფის უკვე გამოცხადებული აწევა, მისი მხრიდან “საკუთარ კარში გატანილ პირველ გოლად” უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ ასპარეზზე.
ეჭვი გვაქვს, ის ამ მხრივ კიდევ იმდენს იზამს, რომ ოპონენტთა მიერ ხშირად და, ჩვენი აზრით, სრულიად უსამართლოდ წამოყვედრებული “ორი გოლი საკუთარ კარში” მონაგონი იქნება, რადგან “საკუთარ პოლიტიკურ კარში” კალაძე ორზე გაცილებით მეტ გოლს გაიტანს.
აკი, ფეხბურთში ჟონგლიორობის უნარი, მით უმეტეს, თუ დაცვაში დგახარ, დიდად საჭიროც არ არის, ხოლო პოლიტიკაში, და მით უმეტეს მაშინ, როდესაც კალაძე “შეტევას” ცდილობს, ჟონგლიორობისა და სწორი გათვლების გარეშე მარცხი გარდაუვალი და თანაც ძალიან მწარე იქნება.
ერთადერთი იმედი, ალბათ, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, გავრცელებული ხმების მიხედვით, დაიბარა კიდეც კალაძე, მაგრადაც შეახურა, პირადი ბიზნესინტერესების უკანა პლანზე გადაწევისკენ მოუწოდა და, როგორც ამბობენ, კარსმომდგარი არჩევების წინ სწორედ “ჟონგლიორობის” უნარი დაუწუნა.
ვნახოთ, “მეოთხე ტაიმის” დასასრულისთვის გამოცვლის თუ არა კახი კალაძეს არც ისე გამოცდილი მწვრთვნელი ბიძინა ივანიშვილი და, თუ გამოცვლის, ნეტავ, ვის დააყენებს მის მაგივრად “მოედნის” ყველაზე რთულ მონაკვეთზე?
ტეტუ გადირია