Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინას ნაკვესები

ბიძინას ნაკვესები

ჩემს თაობაში, განსაკუთრებით კი _ ჩემი თაობის მამების თაობაში, ძალიან პოპულარული იყოაკაკის ნაკვესები”. ამ თხელტანიან წიგნში თავმოყრილი იყო დიდი ქართველი პოეტის ენამახვილობის ამსახველი ეპიზოდები, რომლებსაც ხალხში ყვებოდნენ, ანუ გადმოცემები იმის თაობაზე, რომელ კონკრეტულ სიტუაციაში თუ როგორ მოიქცა აკაკი, ვის რა უპასუხა და . .

ჰოდა, როგორც შევიტყვეთ, მეორე ძალიან ცნობილ საჩხერელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მოუნდომებია, ამ მიმართულებით კონკურენცია გაუწიოს დიდ თანამემამულეს. რა ვქნა, შევატყვე, ფრიდრიხ ნიცშეს ვერაფერი დავაკელი და მოდი, აკაკი წერეთელს მაინც შევეჯიბრებიო, _ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს და ოხუნჯობა დაუწყია.

ჩვენმა იდიოტური ნიუსების გამოგონების სპეციალისტმა მოგვაწოდა ნაკვესები, რომლებსაც ხალხი ყვება ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ვნახოთ, როგორ მოგეწონებათ.

***

ერთი ნაცნობი ეუბნება თურმე ბიძინას:

_ კაცო, ბიძინ, რა გრჯიდა, ამ შენს პარტიას “ქართული ოცნება” რომ დაარქვი და ამდენი რამე დაჰპირდი ხალხს, მაგ ყველაფერს ასრულება არ უნდა?

ბიძინა ჩაფიქრდა თურმე და უპასუხა:

_ კი, მართალი ხარ, ჯობდა, ჩემი პარტიისთვის “ქართული სუფრა” დამერქმია, უცებ გავშლიდი _ ბოლოკი, ცოტა მწვანილი, პრასი, ყველი, პური, კეთილი გული და ეგაა, ვეღარც ვერავინ ვერაფერზე შემომედავებოდა!

და ატყდა თურმე სიცილი.

***

თურმე, როდესაც ბიძინამ “ნაციონალებთან” არჩევნებზე შეჯიბრება გადაწყვიტა, ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი. ზოგიერთი ექსპერტი ეკითხებოდა მას:

_ ბატონო ბიძინა, დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანებს მიიყვანთ არჩევნებზე?

ბიძინას ამოუვიდა თურმე ყელში ასეთი შეკითხვები და უპასუხა:

_ კაცო, პინგვინი ჩამოვიყვანე საჩხერეში და ადამიანებს ვეღარ მივიყვან არჩევნებზე?

დაწყდნენ თურმე ექსპერტები სიცილით.

***

ბიძინას ჰკითხეს:

_ ხალხს რომ დაჰპირდი, მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთ, რატომ ვერავინ ვერაფერს გრძნობს ჯიბეზეო?

ბიძინამ თურმე ეშმაკურად გაიღიმა და უპასუხა:

_ ჩაუკვირდით! მე ვთქვი, ჯიბე-ზე, და არა ჯიბე-ში! ნახეთ, რა ოხერი რამეა ქართული გრამატიკა?

***

ბიძინას ნაცნობი შეხვდა თურმე და ჰკითხა:

_ კაცო, ბიძინა, შენზე ამბობენ, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებსო და მართლა დაბრუნდები?

ბიძინას თურმე ღიმილით უპასუხია: _ რა იყო, შე კაცო, გიგი უგულავა ციხეში დაბრუნდა და მე პოლიტიკაში ვეღარ დავბრუნდებიო?

P.S. ჩვენი სულელური ისტორიების გამოგონების განყოფილება განაგრძობს მსგავსი მასალების შეგროვებას. უახლოეს მომავალში უფრო საინტერესო და სასაცილო ამბებს შემოგთავაზებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here