Home რუბრიკები პოლიტიკა უმაღლესი პოლიტიკური მათემატიკა

უმაღლესი პოლიტიკური მათემატიკა

856

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის, საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ერთობ მრავალმნიშვნელოვანი სახელი შეურჩიეს: 

ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”. კონფერენციაში საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, მინისტრები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და დიპლომატები მონაწილეობდნენ.

როგორც ბეჯითი დიასახლისი ამზეურებს ზაფხულის თაკარა მზეზე ზამთრის ტანსაცმელს, ასევე, გაამზეურეს ერთიანად პროდასავლური და პრონატოური ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბომონდი. გადახედეს, ხომ არაფერი შეცვლილა და, ალბათ, კმაყოფილიც დარჩნენ. ეს საზოგადოება (ქართული მხრიდან) ჯერაც იუგოსლავიის დაშლამდელ რიტორიკას მისდევს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეცვლილ რეალობას ვერ ან არ იმჩნევს. თუმცა დაკვირვებული თვალი ახალ ინტონაციებსაც შეამჩნევდა. პროდასავლურ თავგადაკლულ რიტორიკას წინა ხელისუფლების სახეები და ახალგაოპოზიციონერებულითავისუფალი დემოკრატებიერთგულებენ, “ოცნებისპირველი პირები კი საკმაოდ ფრთხილ და პრაგმატულ მიდგომას ამჟღავნებენ.

ასე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: “კონფერენციის სწორედ თბილისში ჩატარება ეძღვნება არა მხოლოდ ქართულ პრობლემებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და მთლიანობის პრობლემებს. ეს არის გააზრება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველოს პრობლემები ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის პრობლემები, ეს არის მთელი ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემა. სწორედ ამ კონტექსტშია განხილული ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. ყველა, ვინც საქართველოში ჩამოდის ან ვისაც ვხდებით უცხოეთში, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ატარებს პრინციპულ, ძალიან გონივრულ და სწორ პოლიტიკას, როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ისე მტრებთან ურთიერთობაში. იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს სწორი ორივე მიმართულებით. მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ”.

ცხადია, ამის შემდეგ მან “აუცილებელი” რიტორიკაც მოიშველია: “ევროპასთან, აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად საქართველო დაძლევს ამ პრობლემებს, ხოლო ცალკე და მარტო ვერ გაუმკლავდება… ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმა. ჩვენ ამ ყველაფრის წინაპირობა გვაქვს”.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა. ჩვენ, მართლაც, ვიმყოფებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე. მნიშვნელოვანი რეგიონული საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში. ლიდერთა ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების გამეორება და რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი… ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის წმინდა სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეყრდნობა სიძლიერეს და პრაქტიკულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი _ რუსეთთან”.

და აქაც კვლავ “აუცილებელი” რიტორიკის ჩანართი: ძირითადი კომპონენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: “რომ ვისაუბროთ ცალკე შემთხვევებზე, რა ხდება საქართველოში, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება, მაგალითად, ყირიმში, ცხინვალში, ასე ცალ-ცალკე. ეს შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მესიჯი და ხედვა რუსეთისგან, ჩვენ ამას არ უნდა გავექცეთ, აუცილებლად უნდა მოვამზადოთ პასუხი ამ დამოკიდებულებაზე. მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ჩამოყალიბებულ პასუხს იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა ჯგუფსაც მივეკუთვნებით”.

აქაც, ხარკი _ “აუცილებელ” რიტორიკას.

ახლა კი ყველაზე თავგამოდებული ნატოელებისა და მედასავლეთეების გამონათქვამებს გადავხედოთ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: “საქართველოში თუ ნატომ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას გაუხსნის, ვინაიდან ძალიან ბევრი ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, რომ ნატო გაჩერდება და დაფრთხება. სწორედ ამაზე პასუხი უნდა იყოს ვარშავის სამიტი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ, თუ დღეს რომელიმე ქვეყანა იმსახურებს ნატოს წევრობაზე მიწვევას, ეს არის მონტენეგრო. მე სრულად ვუჭერ მხარს მათ გაწევრიანებას. მაგრამ მთავარი შეკითხვა, ფუნდამენტური შეკითხვა, რაც მაქვს, არის ის, რატომ მონტენეგრო, სადაც მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები არის ალიანსში გაწევრიანების მომხრე და არა საქართველო, სადაც ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას? რატომ არ ვართ ჩვენ შესაფერისები? გვესმის, რომ არის გარკვეული ცინიზმი ამ კითხვაში, მაგრამ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა კედელი დავანგრიოთ და ყველა დავარწმუნოთ, რომ, თუკი რამე უნდა მოხდეს ვარშავაში, ეს სწორედ ნატოს გაფართოებაა”.

ამ ტირადის მთავარ მარგალიტს კიდევ მივუბრუნდებით, აქ კი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის გაღიზიანებული პასუხი მოვისმინოთ: მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა. თქვენ უკვე გაქვთ ნატოს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მთავარია მუშაობა. მართალია, ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატოში შესვლას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ”.

ამავე საკითხზე საუბრისას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება, რაც არც ისე კარგი მესიჯია: არ არის აუცილებელი, ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ, უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშაოთ”.

აი, ასე _ ერთად იყავით და დაიცავით დასავლეთის კიდებასტიონი, ერთად იარეთ ნატოსკენ და ხალხს ყურს ნუ მიუგდებთო. სწორედ ეს დამოკიდებულება გამჟღავნდა ხიდაშელის გამონათქვამში მონტენეგროს შესახებ, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედია ნატოში შესვლის მომხრე, მაგრამ მონტენეგრო მაინც უნდა შევიდეს ნატოში. მერე რა, რომ ორი მესამედი წინააღმდეგია! ნატოში საქართველოს შესვლის შეფერხების მიზეზად დემოკრატიის ხარისხზე მიგვითითებენ ხოლმე და, როგორც ამ ერთი მაგალითითაც ირკვევა, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის დემოკრატია; ეს აღარ არის უმრავლესობის ნების აღსრულება, ახლა დემოკრატია უმცირესობის მოსაზრებით მოქმედებაა!

ამავე ლოგიკით, გასაგები ხდება, რატომ ჰქონდათ პროდასავლურ და დასავლურ ძალებს ასეთი მძაფრი რეაქცია აი-რაის გამოკითხვით ევრაზიული კავშირის მომხრე 30%-ის გამო: თუ მონტენეგროს ნატოში შესვლა მისი მოსახლეობის ერთი მესამედის ნებით უნდა მოხდეს, მაშინ რა უშლის ხელს საქართველოს, ამავე ერთი მესამედის ნებით ევრაზიულ კავშირში შევიდეს? ხუმრობა იქით იყოს და საერთოდაც რატომ უნდა მიიღონ მონტენეგრო ნატოში, თუ მოსახლეობის ორ მესამედს იქ შესვლა არ უნდა?

ხიდაშელის რიტორიკა, ოღონდ პოლიტიკური რევანშის სურვილით გამძაფრებული, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, ტირადაში ჩანს: ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ, ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, პროქართულ, ანტიევროპულ გაზეთებს, ტელევიზიებს, აძლიერებს მათ, აფინანსებს, აკეთებს ისეთ გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი და მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ; ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია, დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და თან გავხდეთ ნატოს წევრები

ამ ტირადას იქვე მოჰყვა პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის, საქართველოს კარგი მცოდნის, ჩარლზ ფერბენქსის, მწვავე რეაქცია: “დიპლომატიის ანბანი ვინც იცის, მსგავსი განცხადებები არ უნდა აკეთოს, მთავრობა ძალიან ფრთხილად და სწორად მოქმედებს რუსეთის მიმართ”. სამიოდე წლის წინათ საქართველოს ნომერ 2 დიპლომატს ფერბენქსმა უაპელაციოდ მიუჩინა ადგილი.

ასეთივე შეკამათება მოხდა პარლამენტის თავმჯდომარესა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის, რასაც შემდეგ ირაკლი ალასანიას პასუხი მოჰყვა და აღარ არის გასაკვირი, რომ მისი პოზიცია სწორედ გიგა ბოკერიას მეუღლისას დაემთხვა.

კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის შესახებ დავით უსუფაშვილს კითხვით თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. “ფორმალური დიქტატორი სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი?” _ ასეთი კონტრშეკითხვით უპასუხა უსუფაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილს. მან პირდაპირ მიანიშნა სააკაშვილზე, რომლის ფორმალური დიქტატურა ჩერგოლეიშვილს არასოდეს გაუპროტესტებია. “არაფორმალური ლიდერის გავლენის საკითხი არ არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას”.

დავით უსუფაშვილის ეს მიდგომა არ გაიზიარა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: “დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვერ დავუჭერ მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის გამარტივებას ცდილობს. უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს. ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც”.

ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ ვითარებას ახალი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის. არც ის დავიწყებია, რომ პრეზიდენტზე და, ამასთანავე, მთავარსარდალზე თავდასხმები ქვეყნის იმიჯს აზიანებს. იმაზეც ისაუბრა, რა არის საჭირო, რათა საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წარმატებული იყოს. მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ თვალს დავხუჭავთ იმ მიღწევებზე, რომლებიც წინა მთავრობას აქვს, კერძოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში ალასანიამ არც შევარდნაძეს დაუკარგა ღვაწლი, არც სააკაშვილს და არც მარგველაშვილს. გამსახურდია, ცხადია, არ უხსენებია, რადგან პირველი პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებდა: საქართველო იმიტომ კი არ გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, რომ დასავლეთის კოლონია გამხდარიყო. ალასანიას თქმით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს გეგმა, ერთიანი ხედვა და მიდგომა და ასევე საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წინ წავიდეს.

დემოკრატია კი, როგორც ხიდაშელმა აგვიხსნა, მესამედის სურვილის ასრულებაა ორი მესამედის ნების საწინააღმდეგოდ. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური უმაღლესი მათემატიკა. ეს მათემატიკა კი არ სცნობს შეცვლილ ლანდშაფტს, მათ შორის, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სრულიად მსოფლიოში; არ სცნობს რეალობას, რომ ევრაზია კონტინენტია და არა რომელიმე კავშირის ექსკლუზიური სახელწოდება; არ სცნობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, რომლებიცძლიერთაინტერესებს ეწირება.

ესახალიმათემატიკა კარგად დავიწყებული კოლონიური პოლიტიკის გამოძახილია, უბრალოდ, იგი დღეს კეთილშობილური სიტყვებით არის შეფუთული. ბოლო ოც წელიწადში გამოზრდილი ჩვენი პოლიტიკურსაზოგადოებრივი ელიტა ამ სიტყვებს ისე იმეორებს, თითქოს იუგოსლავია დღესაც ერთიანი სახელმწიფოა, ხოლო ნატოს იქდემოკრატიაჯერაც არ დაემყარებინოსჰუმანიტარულიდაბომბვებით.

ამასობაში კი ევროპისკენ ლტოლვილების ნაკადი დაიძრა. არის ასეთი ხუმრობაც (თუ ამ თემაზე ხუმრობა საერთოდ შეიძლება): ლტოლვილები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ერაყს, ლიბიასა და სირიას ბომბავდნენ, პროცენტულად _ იმდენივე, რამდენსაც ბომბავდნენ”!

“ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” _ კონფერენციის ეს სახელწოდება დღეს კიდევ უფრო სიმბოლურია. ევროკავშირის ქვეყნები დღეს მართლაც ფრონტისპირა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არამხოლოდ უკრაინის კრიზისის გამო. მთისა და მუჰამედის ანდაზა სრულდება: ჯერ შენ ბომბავ სხვა ქვეყნებსდემოკრატიისსახელით, მერე დაბომბილები მოდიან შენთან დახავერდოვანძვრებს იწვევენ შენს ქვეყანაში.

დიალექტიკური მატერიალიზმი გვასწავლიდა, რომ ენერგია ვერ წარმოიქმნება არაფრიდან და ვერ გაქრება უკვალოდ. ყველა ჩარევას ცვლილებები მოჰყვება. როცა ღმერთი არ გწამს, ამ კანონებს მაინც უნდა დაემორჩილო, თუ არადა, ეს კანონები დაგიმორჩილებს.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. სავსებით ვეთანხმები ქალბატონ ნანას,პატივსა ვცემ მის განათლებასა და გამოცდილებას.ნამდვილად არ მიკვირს ალასანიასი, რომპირველი პრეზიდენტი არ ახსენა.ზვიადი ასეთებს არ მოსწონთ.რას ვიზამთ, ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობასა და ღირსებას.საქართველოში უკვე დგება დრო, რომ ვერავინ ვერ მოგვატყუებს.ჩვენ ვიცით ის, თუ ა უნდა ვაკეთოთ და მომავალ არჩევნებში ვინ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში.უღირსების ადგილი ნამდვილად არ იქნება 2016 წლის არჩევნების დროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here