გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სტუმარია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ხაჭაპურიძე.
_ ბატონო ვაჟა, საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თქვენი მოსაზრებები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე…
_ შევეცდები, მოკლედ და გასაგებად გავაანალიზო ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. ვისაუბრებ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ შევეხები ჩვენს ურთიერთობებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რადგან საქართველოს სახელმწიფოს ძლიერება და სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარება მხოლოდ ამ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მეგობრული კავშირების აღდგენითაა შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს პრობლემები გვარდებოდა მოკავშირე ქვეყნების მეშვეობით. იმჟამინდელი ეკონომიკური კავშირები უზრუნველყოფდა ყველა რესპუბლიკის გეგმა-ვალდებულების შესრულებას და თავიდან იცილებდა სირთულეებს. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ გავიმეორებ: თუ დროულად არ დავბრუნდებით დსთ–ში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. იმ სირთულეების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, არ გვაქვს სათანადო რესურსი და, რომც გვქონდეს, არ გვაქვს წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარი.
_ ალბათ, კონკურენციის საკითხებიც არის გასათვალისწინებელი?
_ რა თქმა უნდა! შევძლებთ კი მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციას? ჩვენი უხარისხო საქონელი ჩვენვე არ მოგვწონს და სხვას როგორღა მოვაწონოთ ან რით დავაინტერესოთ?!
_ გამოდის, უხარისხო საქონლით ევროკავშირში არაფერი გვესაქმება?
_ არ მესმის, რატომ გადავეკიდეთ ამ ევროკავშირს, რომელიც თავზე ემხობა ევროპელებს?! შეხედეთ, რა დღეშია საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი. აღარაფერს ვამბობ ბულგარეთზე, რუმინეთზე, ლიტვა-ლატვია-ესტონეთზე. მაგ კავშირში მხოლოდ გერმანია ხეირობს; თითქმის ახდა ჰიტლერის ოცნება _ გერმანია ერთი გასროლის გარეშე კონტინენტური ევროპის ბატონ-პატრონი გახდა. ინგლისიღა დარჩა “შესასანსლად”. აქედან გამომდინარე, ვიაროთ იმ გზით, რომლითაც ქვეყანა შენდებოდა, მოსახლეობა კი კმაყოფილი იყო.
_ და თუ მაგ გზას არ დავუბრუნდებით?
_ არ დავუბრუნდებით და არც ის ფაბრიკა-ქარხნებიც დაგვიბრუნდება, არ იქნება ისეთი წარმატებული სოფლის მეურნეობა, როგორიც იყო გასული საუკუნის 70-80 წლებში. საკავშირო სტატისტიკის მონაცემებით, მაშინდელი საქართველოს წლიური შემოსავალი 85 მილიარდ მანეთს შეადგენდა. ქვეყანა ყვაოდა, სიტყვა “ღატაკს” ან “ღარიბს” საუბრისას არ ვიყენებდით.
_ რა გზით აპირებთ რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარებას?
_ თქვენ გზის გამოყენება მითხარით, თორემ გზა მრავალია. აი, თუნდაც ერთი მაგალითი: ბელარუსის პრეზიდენტის _ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის უმწვავესი პრობლემის მოგვარებასთან იყო დაკავშირებული. კაცმა საქვეყნოდ განაცხადა: ჩამოვედი თქვენი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებისა და კონფლიქტური საკითხების მოსაგვარებლადო და იქვე დასძინა _ მოსკოვის გავლით ჩამოვედიო! მეტი რაღა გინდა, შე, დალოცვილო?! კაცი ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემას გიგვარებდა. აქეთ კალთა რომ ჩამოგვეხია მისთვის, იქით გვეხვეწებოდა. რა იყო ჩვენი მხრიდან საჭირო? _ ამ მომენტის გამოყენება. რა ვქენით? _ უარით გავუშვით… რატომ? _ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების კურატორებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის აღორძინება. რას მოითხოვს დასავლეთი ჩვენგან? _ ტაქსისტს, შვეიცარს (თანაც ჩოხაში გამოწყობილს), ოფიციანტსა და მეძავს. ამ “გეგმას” კი ხელისუფლება წარმატებით ასრულებს… საბჭოთა კავშირის პერიოდში მინსკსა და თბილისს შორის მეგობრობის ხელშეკრულება იყო დადებული. ამით ორივე მხარემ საგრძნობლად გაიუმჯობესა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, იხეირა კულტურამ და მეცნიერებამ. ამჟამადაც იგივე რომ გაგვემეორებინა, ჩვენი ქვეყანა ადვილად შეძლებდა რიგი პრობლემის მოგვარებას. ჩვენი მთავრობის მხრიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ, ცოტა არ იყოს, მწარედ ჩამაფიქრა. პირადად მქონდა საუბარი ბევრ ცნობილ პიროვნებასთან და ისინი ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს ბატონ ლუკაშენკოს შემოთავაზებას დახმარებაზე. მათთან შეთანხმებით ვეახლე “ქართული ოცნების” ოფისს ერეკლე მეფის მოედანზე და შევხვდი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ზოგიერთ პიროვნებას. გავაცანი მათ ჩემი მისვლის მიზეზი და შევთავაზე, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებებიდან გამომდინარე, ქართულ მხარეს შეგვექმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად იმუშავებდა მთელი რიგი მწვავე საკითხების მოსაგვარებლად. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ვუთხარი ჩემსა და ლუკაშენკოს შორის მეგობრულ დამოკიდებულებაზეც; ვთხოვე, მოეცათ ჩემთვის საშუალება, ეს პროცესები ჩემ მიერ წარდგენილ გუნდს წარემართა. “ქართული ოცნების” ცნობილი სახეები ჩემი წინადადებით დაინტერესდნენ და დიდად მოიწონეს. მითხრეს, ხვალვე გავიტანთ პოლიტსაბჭოზე დასამტკიცებლადო. მესამე დღეს სამნი _ ნინო კვესაძე, რომან კობახიძე და მე მივედით “ქართული ოცნების” შტაბ–ბინაში იმ იმედით, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა. იქიდან უარით გამოგვისტუმრეს… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ხელისუფლებას ხელს აძლევს საქართველოს ასეთი სავალალო მდგომარეობა.
_ ბატონო ვაჟა, როგორც ვიცი, ცხინვალში დიდი ავტორიტეტი გაქვთ და თქვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ ცხინვალელი მაღალჩინოსნები. ახლა თუ გრძელდება ეს, ასე ვთქვათ, ტრადიცია?
_ რასაკვირველია. ცხინვალში უამრავი მეგობარი მყავს და არამხოლოდ პოლიტიკოსთა შორის. უბრალო ადამიანებიც მსტუმრობენ. ვეხმარები, რითაც შემიძლია. რამდენიმე დღის წინათ ჩამოვიდა ერთი მაღალჩინოსანი შვილთან ერთად, რომელსაც ოპერაცია სჭირდებოდა. მივედი “ქართულ ოცნებაში” თედო ნინიძესთან, ავუხსენი მდგომარეობა. გულთან ახლოს მიიტანა, დაურეკა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგიენკოს, რომელმაც, ასევე, გულისხმიერება გამოიჩინა. ერთი სიტყვით, ყველაფერი რომ კარგად დასრულდა, სტუმარმა მთხოვა, წამეყვანა რეინტეგრაციის სამინისტროში მადლობის სათქმელად და მინისტრთან დასალაპარაკებლად. მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი სამარცხვინოდ დაგვემალა. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვეკითხები ამ მართლაც არაფრისგამკეთებელ, მოლაყბე “ჩრჩილს” _ პაატა ზაქარეიშვილს: რისთვის გიხდიან ამხელა ხელფასს? რომ ამბობ, ჩემი სამინისტრო “შერიგების” სამინისტროაო, ესაა შერიგება?! თვითონ უნდა დაგეპატიჟებინა მაგ კაცი და დაინტერესებულიყავი, რა მდგომარეობაა ცხინვალში, რას ფიქრობს იქაური ხალხი შერიგებაზე, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ამერიკის სახდეპარტამენტის ოფიციალურ მოჯამაგირეს, რომელსაც პატრონი იმიტომ უხდის ფულს, რომ საქართველოში ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლი და მტრობა გაღრმავდეს?!
არა, არ ჰყავს საქართველოს პატრონი!
ესაუბრა
გიორგი კორძაძე
ტექსტი სურთ კი არა აშშ- მა დაგვაკარგია ეს ტერიტორიები – საქართველოს მაგალითზე რუსეთის დაშლა უნდათ….