Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ალავიძე: სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ვეტერანებს ყველა შეღავათი გაუუქმეს

გურამ ალავიძე: სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ვეტერანებს ყველა შეღავათი გაუუქმეს

სად _ საქართველო და სად _ ავღანეთი!

სად _ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადაშლილი დაუმორჩილებელი ქვეყანა, ფანატიზმის ბურჯი

 

საქართველოს არაერთხელ ჰქონია შეხების ცეცხლოვანი წერტილები ავღანეთთან და მათ ისეთივე მძიმე ხსოვნა დაუტოვებიათ ერის ცნობიერებაში, როგორც ქრისტეს ვნებას,

შაჰთამაზის შემოსევებს, სტიქიებს

სად _ საქართველო და სად _ ავღანეთი!

და მაინც ჩვენს ბიჭებს მრავალჯერ მიერეკებოდა ტლანქი ძალა იმ შორეულ უდაბნოში _ განა სანადიმოდ! ყვავყორანთა სისხლიან ნადიმზე!.. ჩვენ კი ისე შევისისხლხორცეთ ქრისტიანული ცნებამოყვასის სიყვარულისა”, რომ საკუთარი თავიც ხშირად შეგვიწირავს გადამთიელისთვის”…

ნაწყვეტი წიგნიდან

სადაურსა სად წაიყვან

გურამ ალავიძე ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდს ხელმძღვანელობს. მის ორგანიზაციაში ომის უამრავი ვეტერანი მიდის _ თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად აკითხავენ ფონდს. ყველაზე ხშირად რა პრობლემები აწუხებთ და როგორ ცხოვრობენ ომის ვეტერანები საქართველოში? _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსგურამ ალავიძე ესაუბრება.

_ ვეტერანების პრობლემები სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ყოველწლიურად საქართველოში 400-მდე ვეტერანი კვდება: ზოგი _ ბუნებრივი სიკვდილით, ზოგიც _ სხვადასხვა დაავადებით. საქართველო არც ერთი გაჭირვების დროს არ მიგვიტოვებია და უცხოეთში არ გავქცეულვართ. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით სამშობლოს სადარაჯოზე. ავღანეთის ვეტერანთა კავშირის ბატალიონი აფხაზეთშიც იბრძოდა _ ჟიული შარტავასთან მყოფი 28 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ავღანეთიდან დემობილიზაციის შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ვეტერანებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, მათ ბევრი შეღავათი ჰქონდათ. სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში კი ვეტერანებს, არათუ ყურადღებას აღარ აქცევდნენ, ის შეღავათებიც გაუუქმეს, რომლებიც ჰქონდათ. ვითარება არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეცვლილა. 2005 წელს ვეტერანებისთვის შეღავათების გაუქმების საკითხს 147 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 48 დეპუტატმა თავი შეიკავა. მახსოვს, მხოლოდ ნაჭყებიამ იყვირა ხმამაღლა, _ რას შვრებით, რას აკეთებთო, მაგრამ უშედეგოდ. დღეს ომის ვეტერანს არ აქვს შემოსავალი, არ იღებს ხელფასს, სოციალურ დახმარებას.

კაცი, რომელსაც არ უნახავს ომი, ის სირთულეები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, და ჯარშიც არ არის ნამყოფი, ვერ აცნობიერებს და აღიქვამს იმ პრობლემებს, რრომლებიც ვეტერანებს აქვთ. იმ ადამიანმა, რომელიც შრომის წიგნაკს პარლამენტში გახსნის, რა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის? წინა ხელისუფლება ძალიან ცუდად მოექცა ვეტერანებს და დღესაც იგივე გრძელდება. ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს _ ირაკლი შიხიაშვილს, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე გავუგზავნე მიმართვა, სადაც ვეტერანების პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაზე მოვახსენე, შეგვპირდა, რომ ამ საკითხებზე იმუშავებდა.

ავღანეთის ომში ძალიან რთულ კლიმატურ თუ სოციალურ პირობებში 19 თვე გავატარე. აუტანელი პირობები იყო ქაბულში. ხან კარვებში გვეძინა და ხან _ მანქანებში. ყოველდღიურად ჩვენი “სტუმრები” იყვნენ გიურზები, მორიელები, კობრები. ამას გარდა, ვიბრძოდი სამაჩაბლოში, აფხაზეთში. ვეტერანების პრობლემების მოგვარებაში თავიდანვე ჩავერთე. დაარსების დღიდან ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის წევრი ვარ (რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ნოდარ გიორგაძე) და ამ ორგანიზაციასთან ერთად ბევრი ინიციატივა და პროექტი განვახორციელე. თბილისიდან ფსოუმდე ყველა ვეტერანის ოჯახში ვარ ნამყოფი. დღეს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელი ნუგზარ კახნიაური, მართალია, ეხმარება ომის ვეტერანებს პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მარტო ნუგზარი, მე და ერთეულები ვერაფერს გავხდებით, თუ ერთიანი გუნდი არ ჩამოყალიბდა. ჩემი ორგანიზაცია _ “ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდი” 1998 წლის მაისში დაარსდა. ჩვენთან აღრიცხვაზე არიან ავღანეთის, ვიეტნამის, ანგოლის, ეთიოპიის, სირიის, ლაოსის, ეგვიპტის, ჩეხოსლოვაკიის, ერაყისა და სხვა ომების ვეტერანები. ვეწევით საქველმოქმედო საქმიანობას, 17 საქველმოქმედო ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და ათასზე მეტ ვეტერანს დავეხმარეთ საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით, ვეტერანების შვილებს სასკოლო ნივთები გადავეცით. ამას გარდა, ვთანამშრომლობთ ფარმაცევტულ კომპანია “სალხინოსთან”, რომლის მიერ წარმოებული მედიკამენტები ბევრმა გაჭირვებულმა ვეტერანმა, ჩვენი ინიციატივითა და ბატონ როინ ნაჭყებიას კეთილი ნების წყალობით, სრულიად უსასყიდლოდ მიიღო. ჩვენს ორგანიზაციას ეხმარებიან ვეტერანები: დომენტი ფანჩულიძე და დავით ჭანტურია.

ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად უნდა ხვდებოდნენ ვეტერანებს და მათ პრობლემებს ისმენდნენ. ჩვენი მთავრობის წევრებს ის ხომ კარგად ახსოვთ, დანამატები როგორ აიღონ, და ვეტერანების პრობლემები რატომ არ ახსოვთ? სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ბრიტანეთში, აშშში, ძალიან მაღალი პენსიები აქვთ ვეტერანებს. რუსეთში ომის ვეტერანები 300-დან 1200 აშშ დოლარამდე ოდენობის პენსიას იღებენ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ კიდევ ერთ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე: ოჯახებს იმ ვეტერანებისა, რომლებიც აფხაზეთსა და აისაფის (IშAF) მისიაში დაიღუპნენ, სახელმწიფო ყოველთვიურად ათასლარიან დახმარებას აძლევს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ავღანეთის ომის მონაწილეებს _ მხოლოდ 22 ლარს. არ შეიძლება, ვიღაც ათას ლარს იღებდეს და ვიღაც _ 22 ლარს. ან დაღუპულის ოჯახს თუ ათასი ლარი ეძლევა, ვინც გადარჩა, 500 ლარი მაინც არ ეკუთვნის? აუცილებლად უნდა დაიღუპოს ადამიანი? სად არის აქ ლოგიკა?! მთავრობის განკარგულებით, ძალოვანი სტრუქტურებისა და ომის ვეტერანებს სახელმწიფომ დაუნიშნა პენსიები წოდების, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და ამ კატეგორიაში მხოლოდ ოფიცრები მოხვდნენ. ამ სიაში არ მოხვდა ავღანეთისა და აფხაზეთის ომის ვეტერანების გარკვეული კატეგორია.

_ ქართველი ჯარისკაცები აისაფის მისიაში დღესაც მონაწილეობენ და საქართველოს ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი. ბევრი ქართველი დაიღუპა, დასახიჩრდა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა. გამართლებულია ამხელა მსხვერპლი ჩვენი ქვეყნისთვის?

_ რა გითხრათ, ამით, ალბათ, რაღაც პრივილეგია, ხიბლი ან სარგებელი აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც ჩვენ არ ვიცით. კი, ბატონო, ყველგან ვიყოთ, კარგია, რომ სხვა ქვეყნებს ვეხმარებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანასაც ხომ უნდა დაცვა? ამ რუსეთთანაც, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და ეს დაძაბულობა დასრულდეს? ვფიქრობ, სასურველია, სახალხო დიპლომატია გააქტიურდეს.

_ ახლახან 7 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. შეიძლებოდა ამ ომის აცილება, როგორ ფიქრობთ?

_ სააკაშვილს იმხანად ისეთი რიტორიკა ჰქონდა და ისეთ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, _ დაუფარავად ამბობდა, ნატოსა და ევროპისკენ ვისწრაფვიო, _ რომ რუსეთს ძალიან აღიზიანებდა და ვფიქრობ, ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით.

_ თუმცა სოციალურ ქსელში არიან ისეთებიც, რომლებიც ახალ ომს ითხოვენ

_ არ ვიცი, ახლა ომი ვის შეიძლება უნდოდეს. შეიძლება გარკვეულ გარე ძალებს სურდეთ ომი, მაგალითად, თურქეთს, რადგან ქრისტიანული სახელმწიფოების დასუსტება ხელს აძლევს. არიან ქვეყნები, რომლებსაც არც საქართველოს კარგად ყოფნა აძლევთ ხელს და არც რუსეთის, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვართ და არ უნდა ვიომოთ. ძალიან ცუდია, რომ დღეს უკრაინა და რუსეთი _ ორი ქრისტიანული სახელმწიფო _ ებრძვის ერთმანეთს. ჩვენი ხსნა ევროპაშია და ამერიკაშიაო, რომ გვეუბნებიან, არ შეიძლება, რომ არ დამაძალონ? მაინც და მაინც აშშ და ევროპა უნდა იყოს ჩემი არჩევანი?! მე ვინც მინდა, ის უნდა ავირჩიო. ამერიკა შორსაა და რუსეთთან საზღვარი კი აქვე გვაქვს. ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. ევროპული სტანდარტები არ ჯდება ჩვენში. როგორ შეიძლება ქალმა ქალზე იქორწინოს და კაცმა _ კაცზე?! ასე ხომ ოჯახები არ შეიქმნება, ერი აღარ გამრავლდება.

ან ამ საზღვარს რომ სწევენ რუსები, თავდაცვის სამინისტროდან ვინმემ “რაგატკა” მაინც ესროლოს ან საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამე პოზიცია გამოხატოს. საზღვრისპირას მცხოვრები მოსახლეობაც ხომ ცოდოა? რისთვისაა მთავრობა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინსიტროები? თუ პრობლემებს ვერ წყვეტ უნდა გადადგე, მე ასე ვიცი.

წინა ხელისუფლებამ 300 ათას უცხოელს რისთვის მიანიჭა მოქალაქეობა, რა დამსახურებისთვის? იმისთვის, რომ “ნაციონალების” მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო? ჩინელები, არაბები, თურქები შემოდიან, იღებენ მოქალაქეობას. კი, ბატონო, შემოვიდნენ როგორც ტურისტები, მაგრამ ასეულობით ჰექტარი მიწა შეიძლებოდა უცხოელებზე გაყიდულიყო? საბჭოთა კავშირის პერიოდში ეროვნული მთავრობა არ იყოო, რომ ამბობენ, გამოდის, ვასილ მჟავანაძის დროს ყველაზე ეროვნული მთავრობა ყოფილა _ მიწები არ იყიდებოდა, ხალხის სოციალური მდგომარეობაც უკეთესი იყო, ცეკას პირველი მდივანი კი დაცვის გარეშე დადიოდა. დღეს კი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და საკუთარ პირობებს იუმჯობესებენ.

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სკოლებში სამხედრო სწავლება გაურკვეველი მოტივით გააუქმეს. ჩვენმა ორგანიზაციამ დააყენა საკითხი სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სწავლების თაობაზე. ერთი თვის წინათ გავუგზავნეთ წერილები საქართველოს თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს. ამით ომის ვეტერანებიც დასაქმდებიან და ორი კარგი საქმე ერთდროულად გაკეთდება. პირველადი სამედიცინო დახმარება ყველამ უნდა იცოდეს. აუცილებელია, სამოქალაქო თავდაცვითი შტაბები არსებობდეს. მოხდა სტიქია _ წყალდიდობა, ვინ სად უნდა შეაფაროს თავი, არავინ იცის.

_ თბილისში ცოტა ხნის წინათ დატრიალებული სტიქიურ უბედურებასთან შეიძლებოდა გამკლავება ელემენტარული ცოდნით?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება. სკოლაში ელემენტარული სამხედრო სწავლება რომ არ გამევლო, ავღანეთში ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. პირდაპირ სკოლიდან ჯარში გაწვევას აზრი არ აქვს. ჯარი უფრო პროფესიონალებისგან უნდა შედგებოდეს. თუნდაც 2008 წელმა დაგვანახვა, რომ ქართული ჯარი ომისთვის მოუმზადებელი იყო.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. გურამს ვემხრობი და მის სამართლიანობას ვაფასებ.თუ არ მოხდება ომის ვეტერანების დაფასება და ჩენი ღირსების სათანადოდ დაცვა, კიდევ უარეს დღეში ჩავვარდედებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here