Home რუბრიკები საზოგადოება სტალინის ძეგლს, როგორც ეროვნულ განძს, სვანეთი დაიცავს

სტალინის ძეგლს, როგორც ეროვნულ განძს, სვანეთი დაიცავს

1444

ფართო საზოგადოებრიობა ინფორმირებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” დამფუძნებელმა და უცვლელმა თავმჯდომარემ გრიგოლ ონიანმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშში, ონიანების საგვარეულო კარმიდამოში დადგა იოსებ სტალინის მონუმენტური ქანდაკება. 

 

ქანდაკების ავტორია ცნობილი ქართველი სკულპტორი ვალიკო თოფურიძე, რომელსაც ხელოვნების ამ უნიკალური ნაწარმოების შექმნისთვის სტალინური პრემია მიენიჭა. წლების განმავლობაში სტალინის ქანდაკება საქართველოს საზღვაო კარიბჭის, ქალაქ ფოთის ცენტრში იყო აღმართული; შემდეგ, როგორც ცნობილია, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ინსპირირებულ ანტისტალინურ კამპანიას შეეწირა. ბატონი გრიგოლ ონიანი აზუსტებს:

_ ეს ძეგლი ერთი უზარმაზარი მთლიანი ლოდისგან გამოაქანდაკა ავტორმა. თავდაპირველად წონა 60 ტონას აღწევდა. დასრულებული მონუმენტის წონა კი 36 ტონამდეა.

1961 წელს სამხედროებმა მოახდინეს ამ მონუმეტის დემონტაჟი და ფოთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გადაიტანეს _ მალთაყვის სამხედრო ბაზაზე, მაგრამ ვიღაცამ გასცა სამხედროები, _ სტალინის ძეგლს ინახავენო, _ და ისინიც იძულებულნი შეიქნენ, მიწაში ღრმად ჩაემარხათ.

1992 წელს, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და არც ბაზას ჰყავდა პატრონი, მეთაურმა მითხრა, სადაც ჰქონდათ ჩამარხული ძეგლი. დავუკავშირდი რომან გვენცაძეს და კიდევ რამდენიმე პატრიოტ ადამიანს. ჩავედით ფოთში, ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და 6 მეტრის სიღრმიდან ამოვიღეთ ბელადის ქანდაკება. ეს იყო 1994 წელს.

ფოთის ხელმძღვანელობას ვთხოვე, დაედგათ სტალინის სკულპტურა ქალაქის ცენტრში. უარი მითხრეს: პორტში უცხოეთის გემები შემოდის, საბაჟოა და ტერმინალებიო, ამბავს გაიტანენ, საქართველოში სტალინის ძეგლი აღადგინეს და ეს ჩვენთვის მომგებიანი არ იქნებაო. მოკლედ _ ვერ გარისკეს.

იძულებული შევიქენი, თბილისში გადმომეტანა ძეგლი. დიდი წვალებით ჩამოვიტანე ყოფილ კიროვის სახელობის ქარხანაში. 1995 წლიდან იქ ინახებოდა. მინდოდა, ზაჰესის კაშხალთან დამედგა, იქ, სადაც თავის დროზე ლენინის ძეგლი იყო აღმართული. მოგეხსენებათ, ზაჰესი გოელროს გეგმით აგებული პირველი ჰიდროელექტროსადგური იყო.

მპირდებოდნენ, _ არ იქნებაო ცუდი, მაგრამ ეს დაპირებაც გაცუდდა. შემდეგ “ნაციონალები” მოვიდნენ ხელისუფლებაში და გორშიც კი აიღეს სტალინის ძეგლი, მე ვინ რას დამადგმევინებდა.

2012 წელსოცნებამრომ გაიმარჯვა, იმედი მომეცა, სიტუაცია შეიცვლებოდა: გორში სტალინის ძეგლს დააბრუნებენ და თოფურიძის ნაქანდაკარ უნიკალურ მონუმენტსაც მოვუძებნიდით შესაფერ ადგილს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

სტალინის ძეგლი კი, რომელიც, როგორც გითხარით, ქარხნის ტერიტორიაზე ინახებოდა, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ლამის ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე.

თქვენს მკითხველს ახსოვს, სტალინის ნათქვამი ალექსანდრა კოლონტაისთან საუბრისას, _ ჩვენს საფლავებს ნაგავს მიაყრიანო… პირდაპირი მნიშვნელობით გამართლდა თითქოს…

ამევსო მოთმინების ფიალა, დავიღალე შეუსრულებელი დაპირებების მოსმენით და ამ ზაფხულს ჩემს სოფელში რომ ავედი, ამოვთხარე უზარმაზარი საძირკველი, ჩავასხი ბეტონი და გავამზადე კვარცხლბეკი მონუმენტისთვის.

ჩამოტანის თარიღი არ გამიხმაურებია, “არალეგალურად” წამოვიღეთ…

_ იოსებ ჯუღაშვილმა რევოლუციური ბრძოლა საქართველოში იატაკქვეშეთიდან დაიწყო, არალეგალური მარქსისტული წრეებიდან. იოსებ სტალინის, მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო მოღვაწის ქანდაკება ფარულად, არალეგალურად გადააქვთ ადგილიდან ადგილზე მის სამშობლოში.

უცნაური პარალელია, თუმცა ძეგლებთან მებრძოლების ეპოქაში, რომელიც, ეტყობა, არ დასრულებულა, არაფერი უნდა გაგიკვირდეს.

_ თავი დავიზღვიე ყოველგვარი მოულოდნელობისგან. 10 საათზე ისე გამოვიდა ჩვენი კოლონა, რომ არავისთვის არაფერი შემიტყობინებია. ვიარეთ მთელი ღამე და დილის 6 საათზე ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილზე. მთელი სოფელი ამომიდგა მხარში, მომეხმარენ. კი გვქონდა ჩატანილი სპეციალური ტექნიკა, მაგრამ ხალხის თანადგომა მაინც სულ სხვაა.

დავდგით ძეგლი!

გავრეცხეთ, მოვაცილეთ ლაქები ქანდაკებას, მოვაწესრიგეთ.

_ ხელისუფლებისთვის დასახმარებლად, ხელის შესაწყობად არ მიგიმართავთ?

_ ხელისუფლებას რამდენიმეჯერ მივმართე სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების თაობაზე. პროტესტიც გამოვაცხადე _ რუსეთის მოქალაქეობას მივიღებ, ჩემს სამართლიან მოთხოვნას თუ არ გაითვალისწინებთ-მეთქი. ვინ არის პასუხის გამცემი?! კი მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იქნებოდა წინააღმდეგი და გადადგამდა პრაქტიკულ ნაბიჯს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ამერიკის ხელში სტალინის ძეგლს კი არა, ჭიქას არ გვადგმევინებენ და კაცს კაცზე გვაქორწინებინებენ?!

საუკუნეების განმავლობაში, ძნელბედობის ჟამს ეროვნული განძი სვანეთში აგვქონდა მტრის ხელყოფისგან დასაცავად და მეც გადავწყვიტე, ბელადის ძეგლის სვანეთში ამეტანა.

_ მიგაჩნიათ, რომ ეს ქანდაკება ეროვნული განძია?

_ რა თქმა უნდა! ეს გრიშა ონიანის საკუთრება არ არის, საქართველოს კუთვნილებაა, ქვაში ნაკვეთი მისი დიდების სიმბოლოა. როცა ხელისუფლება გათავისუფლდება ამერიკისა და ევროკავშირის ბრჭყალებისგან, მას შეეძლება, წაიღოს ეს მონუმენტი და დადგას მისთვის შესაფერ ადგილზე. მანამდე კი სვანეთი შეინახავს და უპატრონებს.

_ თქვენი ხარჯით გადაიტანეთ ეს ძეგლი სასაშში?

_ აბსოლუტურად! მინდა, გაუწყოთ, რომ 2 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავზე, განზრახული მაქვს, საზეიმოდ აღვნიშნოთ ძეგლის დადგმა და ამ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ქართველი სტალინელები და ყველა მსურველი ჩვენი თანამემამულე. გვყოლება სტუმრები საერთაშორისო საზოგადოებასტალინიდან”, რომელშიც 27 ქვეყანა არის გაერთიანებული და რომლის აღმასკომის წევრადაც წლეულს მეც ამირჩიეს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ტექსტი:სტალინი ჩვენი ისტორიაა…(ვისთვის როგორ,მაგრამ)…ჩემთვის,,საამაყო ისტორიაა,,…უფალს ებარებოდეთ..ბატონო გრიგოლ !

  2. საინტერესო ფაქტია. მიხარიადა, ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა. ვინიცის იქნებ ძალიან პატრიოტულ-მამულიშვილურიც ყოჩაღ! უფალმა გაგაძლიეროთ ბატონო გრიშა. რაც შეეხება ,,სირცხვილს\” ყველამ თავის …..მიხედოს.ვაითუ სოფელს ჩვენ ვამახინლებთ ,….ბატონმა გრიშამ იცის რასაც აკეთებს.პირადად მე მომწონს მისი არაორდინალური რაღაც- რაღაცეები

  3. გაიხარე ბატონო გრიშა..გორელებმა ჩაისვარეს და თქვენ მაინც მოახერხეთ და ქართველებს ისტორიის ნაწილი დაუბრუნეთ.იცოცხლეთ დიდხანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here