Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი სვარჩუკი: წელს რუსეთში სასწავლებლად წასვლის მსურველი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იყო

ვალერი სვარჩუკი: წელს რუსეთში სასწავლებლად წასვლის მსურველი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იყო

1183

რუსეთის თანამემამულეთა კავშირი “ოტჩიზნა” საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. 

 

უკვე ათი წელია, ორგანიზაცია საქართველოში ფუნქციობს და თანამემამულეების დახმარების პარალელურად ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. აღნიშნულ პროექტებზესაქართველო და მსოფლიოსსაქართველოში ამ კავშირის პრეზიდენტი, რუსეთის თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი _ ვალერი სვარჩუკი ესაუბრება.

_ თქვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს მოქალაქეების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროგრამას. როგორ და რა პრინციპით არჩევთ ახალგაზრდებს?

_ ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა რუსეთის მთავრობის პატრონაჟით, “როსსოტრუდნიჩესტვოსთან” ერთად ხორციელდება; უნდა ითქვას, რომ რუსეთში განათლების მიღება ბევრ ახალგაზრდას სურს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან მახარებს. მაგალითად, წელს რუსეთში სასწავლებლად წასვლის მსურველი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იყო. საგანმანათლებლო პროგრამაში, ჩვენი ორგანიზაციის თაოსნობით, არამხოლოდ თბილისი, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა კუთხე მონაწილეობს. ჩვენი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ყველა ორგანიზაციას აერთიანებს, განიხილავს და არჩევს კანდიდატებს.

შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ _ 92 კაცი წავიდა საქართველოდან რუსეთში სასწავლებლად, მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

_ რა შემთხვევაში ეუბნებით უარს ახალგაზრდას, რომელსაც რუსეთში განათლების მიღება სურს?

_ ერთ-ერთი მოთხოვნა მაღალი აკადემიური მოსწრებაა. რეკომენდაციას მხოლოდ იმ ახალგაზრდებს ვუწევთ, რომლებსაც სანიმუშო ატესტატები აქვთ. ბუნებრივია, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა რუსული ენის ცოდნაც, თუმცა იმის შანსიც ეძლევათ, რუსეთში გაიარონ შესაბამისი კურსი რუსული ენის სათანადო დონეზე შესასწავლად, რათა განათლების მიღება შეძლოს.

ასე რომ, მთავარია სურვილი, კარგი ნიშნები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია.

 27 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შეუძლია, რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატში სასწავლებლად გაემგზავროს. გვაქვს როგორც სამაგისტრო პროგრამები, ასევე პროგრამები ორდინატურასა და ასპირანტურაში სწავლის მსურველებისთვის.

_ აღნიშნული პროგრამა რუსეთის რამდენიმე ქალაქში მოქმედებს. სტუდენტებს შეუძლიათ, რომ თვითონ აირჩიონ ქალაქი?

_ დიახ, ახალგაზრდამ უნდა მიუთითოს სამი მისთვის სასურველი ქალაქი. ამის შემდეგ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება მონაცემები და უმაღლესი სასწავლებლები აირჩევენ სტუდენტებს.

სტუდენტები საცხოვრებელი პირობებითაც უზრუნველყოფილნი არიან. სწავლა უფასოა, მას რუსეთის მთავრობა აფინანსებს, ვინაიდან თანამემამულეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვიღებთ კვოტას.

ჩემი აზრით, ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახალგაზრდები, რომლებიც მიდიან რუსეთში, იქ ეცნობიან რუსულ ცხოვრებას, რუსულ სინამდვილეს, რუსებს და ხედავენ, რომ რუსეთი ცივილიზებული სახელმწიფოა. ეს ახალგაზრდები საქართველოში სრულიად სხვა შეხედულებებით ბრუნდებიან.

ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა, შეინარჩინოს ის კეთილი, ძველი ტრადიციები და ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა. ვფიქრობ, ეს უმთავრესია.

ამას გარდა, ჩვენ გვაქვს დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს სამედიცინო, სარეაბლიტაციო პროგრამებს ომის ვეტერანებისთვის, ვატარებთ ზეიმებს, რუსულ დღეებს რუსული დიაპორისთვის. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა ბავშვებისთვის _ ყოველ ზაფხულს ქობულეთში ვუშვებთ მათ დასასვენებლად.

ჩვენი მიზანია, მშვიდობისა და იმ კეთილგანწყობის, იმ ურთიერთობების შენარჩუნება, ჩვენს ხალხებს შორს რომ იყო.

_ რუსულქართულ ურთიერთობზე რას ფიქრობთ, როგორ გესახებათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირება?

_ სიმართლე გითხრათ, დიდ ცვლილებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მხოლოდ საუბრები იმაზე, რომ ეს საჭიროა, არაფრის მომცემია.

მიმაჩნია, რომ არსებობს პრობლემები, რომელთაგან ზოგი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას, ზოგის მოგვარება კი მოგვიანებით შეიძლება (მაგალითად, ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები). შეუძლებელია, ვინმეს რამე დააძალო, ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ აფხაზებმაც და ოსებმაც მოინდომონ ჩვენთან დაბრუნება. ამისთვის კი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი; ადამიანებს უნდა მიეცეთ ნორმალურად ცხოვრების, განვითარების, განათლების, პროგრესის საშუალება _ აი, ეს არის მთავარი ამოცანა.

ამის დროც მოვა.

_ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, თქვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ხომ არ უცდიათ?

_ თითქმის 15 წელიწადია, ვსაქმიანობ და პირდაპირ არასდროს არავინ მოსულა და აუკრძალავს ჩემთვის საქმიანობა; არავის უთქვამს, დახურე ორგანიზაციაო, თუმცა იყო ზემოქმედების ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, განსაკუთრებით პრობლემური სიტუაცია იყო 2008-2009 წლებში. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 2008 წელს ქვეყნის მტრადაც კი გამომაცხადა და შარშანაც იგივე განმეორდა, როდესაც საქართველოში რუსული სიმღერის ფესტივალი ჩავატარე. არადა, მსურდა, ამ ნაბიჯით მეთქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, ვიცეკვოთ და ვიმღეროთ კიდეც… საჭიროა შენება და არა ნგრევა.

რომელიღაც ვებგვერდებზეც გაჩნდა რაღაც წერილები ჩემზე, თუმცა არ მიმინიჭებია მათთვის დიდი მნიშვნელობა, რადგან ცხოვრება გვიჩვენებს, ვინ კარგია და ვინ _ ცუდი…

_ უარყოფითი გამოხმაურებები სოციალურ ქსელში თქვენს საგანმანათლებლო პროექტსაც მოჰყვა, რადგან ახალგაზრდების რუსეთში სწავლას ითვალისწინებს

_ ვიღაც ლონდონში მიდის სასწავლებლად, ვიღაც _ მოსკოვში… ყველა იქ მიდის, სადაც მისთვის უფრო მოსახერხებელია. ეს ადამიანის არჩევანია, ჩვენ ხომ არავის ვაძალებთ, სად წავიდეს და ისწავლოს?! არამხოლოდ საქართველოდან, სხვა ქვეყნებიდანაც უამრავი ახალგაზრდა მიემგზავრება რუსეთში განათლების მისაღებად და არ მესმის, რა არის ამაში ცუდი და მიუღებელი?!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here