Home რუბრიკები პოლიტიკა რეპრესიების ისტორია უემოციოდ

რეპრესიების ისტორია უემოციოდ

1135

ვიქტორ ზემსკოვის არგუმენტები და ფაქტები

ისტორიკოსმა ვიქტორ ზემსკოვმა, რომელიც საბჭოთა არქივების განსაიდუმლოებულ დოკუმენტებზე მუშაობდა, საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების რეალური სურათი აღადგინა.

 

ადამიანი, რომელსაც ფაქტების სჯეროდა

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყებოდა, რომ 2015 წლის 21 ივლისს, 70 წლისა, მოულოდნელად გარდაიცვალა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რუსეთის სამხედრო ისტორიის ცენტრის სწავლული მდივანი ვიქტორ ზემსკოვი.

“ვიქტორ ზემსკოვის ცხოვრება განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც 50 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, _ ნათქვამია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებაში. _ ვიქტორ ზემსკოვმა სახელი გაითქვა საარქივო მასალების კვლევით, 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანის დასაწყისში ის იყო პირველი მკვლევარი მეცნიერებისთვის მანამდე დახურული საარქივო ფონდებისა სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ”.

ვიქტორ ზემსკოვის სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნება ფართო აუდიტორიას. მისი წიგნები არ გამოუციათ მილიონობით ტირაჟით, არც მყვირალა სათაურებით. სენსაციების გამოდევნების ნაცვლად ის გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებდა ისტორიულ დოკუმენტებს.

1989 წელს, “პერესტროიკის” პიკზე, ზემსკოვი გახდა წევრი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის კომისიისა, რომელსაც უნდა განესაზღვრა მოსახლეობის დანაკარგები. კომისიას ნება დართეს, გასცნობოდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ო-გე-პე-უ), შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ენ-კა-ვე-დე), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტატისტიკურ ანგარიშებს, რომლებიც ინახებოდა ოქტომბრის რევოლუციის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

ეს ადრე მკაცრად განსაიდუმლოებული დოკუმენტები შეიცავდა ყველა ფაქტობრივ ინფორმაციას საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების რეალური ისტორიის შესახებ.

ვიქტორ ზემსკოვი არასოდეს გამოდევნებია სენსაციას, მაგრამ მის მიერ ჩატარებული კვლევის მასალებმა დიამეტრულად შეცვალა თვალსაზრისი სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების მასშტაბებზე.

საიდუმლო, რომელიც გაცხადდა

ისტორიკოსი, რომელსაც არასდროს დაუმალავს უარყოფითი დამოკიდებულება სტალინური რეპრესიების მიმართ, მივიდა დასკვნამდე, რომ უცხოელების მიერ ჩატარებულ კვლევებში მოყვანილი და პერესტროიკისდროინდელ მასმედიაში გამოქვეყნებული მონაცემები ათეულობით მილიონი რეპრესირებულის შესახებ რეალობას არ შეესაბამება. ყველა დოკუმენტის გამოწვლილვით შესწავლის შემდეგ ზემსკოვმა გამოარკვია, რომ 1921-53 წლებში “კონტრრევოლუციური და სხვა განსაკუთრებით სახიფათო სახელმწიფო დანაშაულის” ჩადენის გამო სსრკ-ში მსჯავრი დაედო 4 060 306 ადამიანს, მათგან 799 455 სიკვდილით დასაჯეს.

ზემსკოვმა, აგრეთვე, უარყო გავრცელებული თვალსაზრისი “ქვეყანაზე, სადაც ყოველმა მეორე მოქალაქემ საპყრობილე ან კოლონია გამოიარა”. კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ე.წ. ლაგერებში პატიმართა მაქსიმალური რაოდენობა, 1950 წლის 1 იანვრის მონაცემებით, იყო 2 760 095 კაცი, საშუალოდ კი პატიმართა რაოდენობა 1,5 მლნ-დან 2,5 მლნ-მდე მერყეობდა; ლაპარაკია როგორც პოლიტიკურ პატიმრებზე, ისე სისხლის სამართლის დამნაშავეებზე.

შესადარებლად: აშშში 2013 წელს პატიმართა რაოდენობამ 2,2 მლნ მიაღწია.

დოკუმენტები ემოციის წინააღმდეგ

ვიქტორ ზემსკოვის კვლევის შედეგები სრულიად არ შეესაბამება სსრკ-ში რეპრესიებზე იმ წარმოდგენებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნის _ “გულაგის არქიპელაგის,” აგრეთვე, პერესტროიკისდროინდელი მამხილებელი პუბლიცისტური მასალების გავლენით.

ზემსკოვი ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს და მისი დასკვნების უარყოფას შეეცადნენ, მაგრამ ისტორიკოსმა მშვიდად, ფაქტებით გააცამტვერა ოპონენტთა არგუმენტები.

მაგალითად, ანტონ ანტონოვ-ოვსეენკომ, “გულაგის” ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, დახვრეტილი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის _ ვლადიმერ ანტონოვ-ოვსეენკოს შვილმა, ზემსკოვი რეალობის დამახინჯებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 1946 წელს “გულაგში” (ბანაკების მთავარი სამმართველო _ რედ.) 16 მილიონი პატიმარი იმყოფებოდა, ანტონოვ-ოვსეენკო ამტკიცებდა, რომ ეს მონაცემები გამოთვლილი იყო პატიმრებზე გაცემული სურსათ-სანოვაგის ულუფების რაოდენობის გათვალისწინებით.

“იმ თარიღისთვის (1946 წ.), რომელიც მხედველობაში აქვს ანტონოვ-ოვსეენკოს, ბანაკებსა და კოლონიებში იმყოფებოდა არა 16 მლნ, არამედ 1,6 მლნ პატიმარი. სჯობს, ყურადღება მივაქციოთ მძიმეს ციფრებს შორის”, _ აუღელვებლად უპასუხებს ოპონენტს ვიქტორ ზემსკოვი თავის ნაშრომში _ “სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების მასშტაბის შესახებ”, და დასძენს, რომ სიაში იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ ანტონოვ-ოვსეენკოს მიერ მითითებულ დოკუმენტებზე, პატივცემული ოპონენტის გვარი არ არის და ამ მასალებზე მას მხოლოდ სხვებისგან თუ სმენია.

მალე ცხადი შეიქნა, რომ ზემსკოვის ფაქტობრივი მასალის წინააღმდეგ ოპონენტებს შეეძლოთ მხოლოდ ემოციებისა და ისეთი მტკიცებულებების გამოყენება, როგორიც არის: “მე ეს მიამბო ერთმა მცოდნე ადამიანმა”. საბოლოოდ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ მსჯელობა “საბჭოთა რეჟიმის მილიონობით მსხვერპლზე”, გადაწყვიტეს, რომ ვიქტორ ზემსკოვის მასალებისთვის ყურადღება აღარ მიექციათ. ზემსკოვი კი მუშაობას განაგრძობდა და ბოლო ათწლეულში საბჭოთა კავშირზე შექმნილი მითებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებდა.

გავა დრო და ამ გამოჩენილ ისტორიკოსსა და მის ნაშრომებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ წარსულის გასაგებად, არამედ მომავლისთვისაც, სათანადოდ დააფასებს ყველა, ვისთვისაც ობიექტურობა და ჭეშმარიტება ძვირფასია.

არგუმენტი ფაკტის

მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here