Home რუბრიკები საზოგადოება რატომ “ჩაიძირა” ქართული ფლოტი

რატომ “ჩაიძირა” ქართული ფლოტი

“საქართველო და მსოფლიოს” ერთ-ერთ წინა ნომერში გამოქვეყნდა პროფესორ დავით იაკობიძის ინტერვიუ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის _ საოკეანო თევზჭერის “რეფორმატორული” გაუქმების შესახებ ყოფილი ხელისუფლების ნეოფიტი ხელმძღვანელების მიერ. 

 

დაიკარგა ქვეყნის ბიუჯეტის შევსების საიმედო წყარო, გაუქმდა ასობით სამუშაო ადგილი”, _ აღნიშნავდა ბატონი დავითი და ასკვნიდა, რომ ასეთმა პოლიტიკამსაბოლოოდ ზურგით შეგვაბრუნა ზღვისკენ” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #26, “შავი ზღვისქართულ აკვატორიასთურქი მეზღვაურები დაეპატრონენ”). დღეს აღნიშნულ პრობლემაზე გვესაუბრება ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბაკურ გულუა, რომელსაც თავის დროზე ამ დარგთან უშუალო შეხება ჰქონდა. შეკითხვაზე _ რა იყო მთავარი მიზეზი, რომლის გამოც საქართველომ თევზჭერის ფლოტი დაკარგა, ბატონ ბაკურს ასეთი პასუხი აქვს:

_ დიდ სახელმწიფოებთან, უწინარეს ყოვლისა, რუსეთთან ტრადიციული კოოპერირების გარეშე დამოუკიდებელი საქართველო ფლოტს სარეწაოდ ოკეანეში ვერ გაგზავნიდა.

ათეული წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, მოემზადებინა თევზსაჭერი ფლოტის, თევზჭერის სპეციალისტთა 2500-კაციანი არმია. მათ შორის იყვნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები, რომელთა პროფესია სატრანსპორტო გემების კაპიტნების პროფესიასთან შედარებით რთულია.

_ რატომ, ბატონო ბაკურ?

_ იმიტომ, რომ თევზსაჭერი გემი არის ქარხანა. თუ სატრანსპორტო გემს ევალება A ნავსადგურიდან B ნავსადგურში ტვირთის გადატანა, საოკეანო თევზჭერის გემს ევალება, რამდენიმე თვე ავტონომიურად იცუროს, ღია ოკეანეში რეწოს თევზი, გადაამუშაოს, გაყინოს, მისცეს ფორმა და ღია ოკეანეშივე მიჰყიდოს რომელიმე ქვეყანას.

იმ დროს, როცა საქართველოს საგარეო ურთიერთობები დელეგირებული იყო საკავშირო მთავრობაში, ჩვენ პირდაპირი კავშირები გვქონდა დამყარებული 120-ზე მეტ ქვეყანასთან. ეს ეხება არა მარტო თევზის გაყიდვას ღია ოკეანეში, არამედ მომარაგებასაც, გემების შეკეთებასაც სხვადასხვა ნავსადგურში, ვალუტით ანგარიშსწორებას და ა.შ.

ჩვენს მეზღვაურებს ხელფასის ნაწილი ეძლეოდა ე.წ. ბონებში, რომლებითაც დეფიციტური საქონლის შეძენა შეეძლოთ “ციცინათელასა” და “ალბატროსის” მაღაზიათა ქსელში.

თევზჭერა მონადირეობაა. ჩუბინი თუ არ ხარ, თევზს ვერ დაიჭერ და მშობლიურ ნავსადგურში ხელცარიელი და დიდი ზარალით დაბრუნდები. ამიტომ ზღვაში, ოკეანეში სამუშაოდ გასულ გემს აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს კოსმოსური თანამგზავრი, რომელიც გემის შესაბამის სამსახურს მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას თევზის ნაკადის გადაადგილების თაობაზე: კოსმოსიდან შესანიშნავად ჩანს, სად, ზღვის (ოკეანის) რომელ მონაკვეთში არის დაგროვებული პლანქტონი, რომლითაც იკვებება თევზი და რომელსაც მიჰყვება თევზის ნაკადი.

_ ესე იგი, კოსმოსური თანამგზავრებიდან მოწოდებული და დამუშავებული ინფორმაციის გარეშე თევზმჭერი გემი ბრმაა და უსუსური?

_ კი, ასეა, მაგრამ დავაზუსტებ: გემები სიგნალს უშუალოდ თანამგზავრებიდან კი არ იღებდნენ, არამედ რადიოსადგურიდან, რომელიც კიევში იყო და რომლის მეშვეობით ყოველწუთიერი კავშირი გვქონდა ჩვენს ყველა გემთან.

ე.ი. კოსმოსური თანამგზავრის მომსახურება _ როგორც პირველი და აუცილებელი წინაპირობა.

მეორე, არანაკლებ აუცილებელი, უსაფრთხოებაა. ოკეანე ბრაკონიერების სათარეშო სივრცეა, თანამედროვე მეკობრეების. იშვიათი არ იყო მათი თავდასხმები სხვა ქვეყნების გემებზე. ისე გაძარცვავდნენ და გაატყავებდნენ მეზღვაურებს, რომ საცვლების ამარა დატოვებდნენ. ჩვენ კი ისე ჩაგვივლიდნენ, ვითომ ვერც დაგვინახეს.

_ ?

_ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლოტი ყველგან პატრულირებდა.

ამიტომ ვამბობ, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიო ოკეანეში თევზის რეწვას ვერ შეძლებს დიდ სახელმწიფოებთან კოოპერირების გარეშე.

კიდევ ერთ რამეს დავაზუსტებ: 1986 წელს ფოთიდან თბილისში რომ გადმომიყვანეს, საქართველოს ჰყავდა საოკეანო თევზჭერის 25 გემი. მათგან ხუთი მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი იყო. ეს (მსოფლიოში უდიდესი) დიდ უპირატესობას არ ნიშნავს, რადგან დიდ გემს დიდი სირთულეებიც ახლავს. კაპიტალისტები, რომლებიც ჩვენზე უფრო პრაგმატულები არიან, უპირატესობას ანიჭებენ საშუალო სიდიდის გემებს, რომლებიც უფრო მობილურია, მომსახურება შედარებით იოლია და, ვაითუ რამე მოხდა, ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება, დიდი გემების მოცდენასთან შედარებით.

როგორც გითხარით, ოკეანეში დასაქმებული გვყავდა 2500 მეზღვაური, ხოლო აქ, საქართველოში, საოკეანო თევზჭერის სამმართველო თავისი ბაზებით, გემთსაშენი, გემშემკეთებელი ქარხანა და ეს ყველა სტრუქტურა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფდა დაახლოებით 5000 ადამიანს.

_ თუ სწორად ვხვდები, დამოუკიდებელი საქართველოს მიერ საბჭოთა პერიოდში არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ხელაღებით უგულებელყოფა იყო ჩვენი საოკეანო თევზჭერის ფლოტის იავარქმნის მიზეზი?

_ არამხოლოდ ფლოტის… ეს არ შეიძლება სცოდნოდა იმ პერიოდში მიმდინარე მიტინგების მონაწილე ახალგაზრდას, ამიტომ ჩავედი ერთხელ შინაგან საქმეთა მინისტრის _ რომან გვენცაძის დახმარებით მომიტინგეებთან და ვუთხარი, რომ დამოუკიდებლობა ომით კი არ უნდა მოვიპოვოთ, არამედ მშვიდობიანი ხელშეკრულებით და კოოპერირების შენარჩუნებით. იმ დროს მე საქართველოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვმუშაობდი.

_ რა გიპასუხეს?

_ კომუნისტები გვაშინებენო. დაწვრილებით ავუხსენი, რომ, თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს გავწყვეტთ, საქართველოში დადგება შიმშილის პრობლემა. ამაზე ერთმა მიპასუხა: სახლში იმდენი კონსერვი მაქვს, რომ ხუთი წელიწადი არ მომშივდებაო… არადა, დამოუკიდებლობა და კოოპერირების შენარჩუნება ერთმანეთს არ გამორიცხავს. მოგეხსენებათ, მე ზვიად გამსახურდიას მთავრობაში ვმუშაობდი. ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი (ამას მაშინდელი მთავრობის წევრები დაადასტურებენ): ბიჭებო, ნუ გადაეშვებით ცეცხლის მორევში! საჭიროა ხერხი, გონიერება და მოქნილობა.

_ გვინდოდა თუ არა, დავდექით პრობლემის წინაშე

_ არამხოლოდ ამ ერთი მიმართულებით. თევზჭერის დარგს ვგულისხმობ. ერთიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსის დაშლის ერთ-ერთ გამოვლინებად წარმოგვიდგა ის პრობლემა, რომელზეც ვლაპარაკობთ. საქართველოს ეკონომიკა (და არამხოლოდ საქართველოსი) ისე იყო აწყობილი ცენტრალიზმის პრინციპზე, რომ, სოციალისტური სისტემის შემქმნელის ვარაუდით, თუ საქმე ამ პოლიტიკური სისტემის დაშლამდე მივიდოდა, უმჭიდროეს ეკონომიკურ კოოპერირებას უნდა გადაერჩინა იგი. ხალხი არ დაუშვებსო! მაგალითად, ფოთის ერთი ქარხანა მარაგ ნაწილებს საბჭოთა კავშირის 500 ეკონომიკური ობიექტიდან იღებდა. ენგურჰესს, რომელიც თავის დროზე ავაშენეთ, ათასობით მომწოდებელი ჰყავდა და ა.შ. ასეთ კოოპერირებაზე იყო აგებული ყველა საწარმო. არ დაგვავიწყდეს “სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებთან ურთიერთობაც.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერად რომ ვმუშაობდი, ჩემთან მოვიდნენ მეტალურგები, მსუბუქი და მძიმე მრეწველობის მეთაურები და მკითხეს, როგორ მოვიცქეთო. ყველა მოსკოვში მივავლინე და დავარიგე, რომ არ გაეწყვიტათ არსებული კავშირები, არ მოეშალათ კოოპერირება.

იმხანად დადებულმა ხელშეკრულებებმა კიდევ რამდენიმე წელიწადს იმუშავა, ე.ი. ჩვენ უნდა გვქონოდა კომერციული ურთიერთობა პოლიტიკასთან დაუკავშირებელი. ცივილიზებული გაყრა ასე უნდა მომხდარიყო. თოფი კი არ უნდა გვესროლა, თუმცა ჩვენი გასროლილი არ გაიშვა. არადა, დღემდე ისვრიან…

თბილისში რომ სროლა იყო და ეროვნული ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალებამდე ექვსი დღეღა რჩებოდა, მე მინსკში წარმოვადგენდი ამ ხელისუფლებას და ხელი მოვაწერე დაშლის ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტის თანახმად, ფლოტი მთლიანად ჩვენ დაგვრჩა. ბატონი დავით იაკობიძე “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში ამაზე სწორად მიუთითებს.

მაგრამ როგორი იყო მისი მომავალი?

თუ გემი ერთი წლის განმავლობაში გაჩერდება, ჩათვალეთ, რომ ჟანგი შეჭამს, ჯართად იქცევა. ზღვა აგრესიულია. მის აღდგენას ერთი წლის თავზე 100 ათასი დოლარი თუ სჭირდება, მომდევნო წლისთვის შეიძლება ნახევარი მილიონიც არ ეყოს.

_ ესე იგი, გამოსავალი ვიპოვეთ გემების გაყიდვაში?

_ არა. უნდა გვეძებნა და გვეპოვა კოოპერირების შესაძლებლობა. ვინ იყო წინააღმდეგი, ხომ არ იცით?

_ არ ვიცი.

_ არავინ.

_ აბა, რატომ არ მოხდა კოოპერირება?!

_ მხოლოდ ეს არ გაკეთდა?!

_ ბევრი რამე არ გაკეთდა

_ ეგ არის! უთავბოლობა ჰქვია ამას. არ გაფორმდა, არ დაიდო ახალი ხელშეკრულებები. მოკლედ გეტყვით: ფლოტი გაიყიდა მაშინ, როცა მოგებაზე გადავიდა.

გაუგებარი ამბები ხდებოდა, რაც ქაოსური ვითარებისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, ერთი გემი გავმართეთ და, როცა მზად იყო, დაეწყო თევზის რეწვა, მივიდა საგადასახადო ინსპექცია და 400 ათასი ლარი შეაწერა, რითაც ისევ ნაპირს მიაბა.

_ რატომ? რა მოხდა?

_ ბიუჯეტს გაუჭირდა ფული…

_ ბატონო ბაკურ, ფლოტის გემების გაყიდვაში ბენდუქიძეჟვანიას ტანდემის როლზე იტყვით რამეს?

_ ამაზე ბატონი გურამ დოლბაია გეტყვით ჩემზე უკეთესად. ამ კაცმა გამოიყვანა კრიზისიდან თევზჭერის ფლოტი, ხალხი აამუშავა, 140 მილიონი ლარის მოგება მიიღო, დაიწყო ახალი გემების მშენებლობა, ბიუჯეტში ფულის შემოტანა, და მაინცდამაინც მაშინ გაყიდა ეს გაერთიანება ბენდუქიძე-ჟვანიას დუეტმა…

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონ გურამ დოლბაიას ფოთში დავუკავშირდითჯერ შორს დაიჭირა თავი ჩვენი გაზეთის თხოვნისგან, შემდეგ დაგვპირდა, რომ არ გააწბილებდა მკითხველებს, თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვიდოდა რედაქციაში და მოგვიყვებოდა ყველაფერს, რაზეც ამდენი წელიწადი დუმდა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here