Home რუბრიკები საზოგადოება შტანგა სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე…

შტანგა სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე…

ფიზიკური აღზრდა აღზრდის საერთო სისტემის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის საერთო ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფას და გულისხმობს შრომისუნარიანობის ოპტიმალური დონის მიღწევას, რათა სკოლის კურსდამთავრებულნი მზად იყვნენ, როგორც შრომითი საქმიანობისთვის, ასევე, თუ საჭირო შეიქნება, სამშობლოს დასაცავად.

 

საერთო ფიზიკური მომზადება გამოიხატება ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების (ფიზიკური თვისებები) _ ძალის, სისწრაფის, გამძლეობის, სიმარჯვისა და მოქნილობის გამოვლენაში. ამ თვისებების განვითარება კი ხორციელდება ფიზიკური აღზრდის სასკოლო პროგრამაში შეტანილი შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშების დაუფლებით. აქ ჩამოთვლილი ხუთი ფიზიკური თვისებიდან ძალა ერთ-ერთია, რომლის გარეშე შეუძლებელია არა მხოლოდ სხვა ფიზიკური თვისებების განვითარება, არამედ შრომითი მოქმედების განხორციელება და სპორტული მოღვაწეობა.

მიუხედავად ძალის ასეთი მნიშვნელობისა ფიზიკური აღზრდის ადრე არსებულ სასკოლო პროგრამებში, არაფერს ვამბობთ ამჟამად მოქმედ სასკოლო ფიზიკური აღზრდის პროგრამაგზამკვლევზე”, ძალის გასავითარებლად შეტანილი სავარჯიშოების რაოდენობა ისეთი მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს ძალის საჭირო დონეზე განვითარებას. არადა, სპეციალური ძალისმიერი ვარჯიშების ფიზიკური აღზრდის სასკოლო გაკვეთილებზე გამოყენების პრაქტიკა, დიდი ხანია, არსებობს, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში.

უნდა ითქვას, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე სპეციალური ძალისმიერი ვარჯიშების გამოყენებას ხელს უშლიდა და, სამწუხაროდ, დღესაც უშლის ხალხში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული მცდარი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ადრეულ ასაკში (სკოლაში) ძალოსნობაში ვარჯიში თითქოს აფერხებს სიმაღლის მატებას და ადამიანს ადაბლებს კიდეც. ძალოსნობის მიმართ ასეთი მცდარი, ღიმილის მომგვრელი თვალსაზრისი უარყოფილი იქნა მეცნიერული გამოკვლევებით (გ.შ. კოვალი, ვ.ი. ილინი, ვ.ს. კაპიტონოვი, ვ.ს. სალდატოვი, კ.პ. ჩერნოვი, გ.გ. გონჩაროვი, ნ.ი. კურაჩენკოვი, ბ.ე. პოდსკოცკი, შ. ბუაძე და სხვ.). დღეს ეჭვს არ იწვევს ის ვერსია, რომ ადამიანის სიმაღლის მატება დამოკიდებულია არა იმაზე, რა ფიზიკურ საქმიანობას ეწევა იგი ან სპორტის რომელ სახეობაში ივარჯიშებს _ კალათბურთში, ცურვაში, ძალოსნობაში და ა.შ., არამედ, პირველ რიგში, განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით, ხოლო შემდეგ _ სოციალური და სხვა ფაქტორებით. დღეს ძალოსნებს შორის არიან ისეთი სიმაღლის სპორტსმენები, რომლებსაც კალათბურთშიც შეეძლოთ წარმატების მიღწევა. ამჟამად ძალოსნობაში ტარდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები 14-17 წლის ძალოსნებს შორის. ამ წლოვანების ახალგაზრდა ძალოსნები სარეკორდო შედეგებს აღწევენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში პრაქტიკამ გაუსწრო მეცნიერებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე სპორტში, მათ შორის, ძალოსნობაშიც, ექსტრაკლასის შედეგების (ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონობა) მისაღწევად საშუალოდ 8-10 წლის განმავლობაში რეგულარული წვრთნაა საჭირო, მაშინ მომავალმა ოლიმპიურმა თუ მსოფლიო ჩემპიონმა სპეციალიზებული ვარჯიში 6-7 წლიდან უნდა დაიწყოს.

ჩვენ ამ საკითხით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დავინტერესდით, ჩავატარეთ მეცნიერული გამოკვლევები სკოლის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე სპეციალური _ ძალისმიერი ვარჯიშების გამოყენების შესაძლებლობების დადგენის მიზნით. კვლევა ტარდებოდა თბილისის საშუალო სკოლების ბაზებზე. ამ საკითხის შესწავლას სიფრთხილით მივუდექით და გამოკვლევა V-VI-VII კლასების ვაჟებიდან დავიწყეთ. საცდელი მეცადინეობები ტარდებოდა ჩვენ მიერ შედგენილი მეთოდით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საცდელი კლასების ბავშვებს გაკვეთილის ძირითად ნაწილში ეძლეოდათ ძალისმიერი სავარჯიშოების სპეციალური კომპლექსი, ხოლო საკონტროლო კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი უტარდებოდათ ჩვეულებრივი პროგრამით ძალისმიერი სავარჯიშოების კომპლექსის გამოყენების გარეშე. ექსპერიმენტების შედეგებმა გვიჩვენა, რომ, სატესტო მაჩვენებლების ყველა პარამეტრების მიხედვით, საცდელი ჯგუფების მონაცემები უკეთესი იყო, ვიდრე საკონტროლოსი. ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე უარყოფით გადახრა არ აღნიშნულა. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა სხვა ავტორების მონაცემები, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებთან, ჩვენ შემთხვევაში V-VI-VII კლასების (11-14 წლის) ვაჟებთან ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე სპეციალური ძალისმიერი ვარჯიშების გამოყენება დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა საერთო ფიზიკურ მომზადებაზე, რაც მთავარია, ამ წლოვანების ბავშვთა სიმაღლეში ზრდას არ აფერხებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე სპეციალური ძალისმიერი ვარჯიშების გამოყენებისას იზრდება გაკვეთილის ინტენსიურობა და შესაბამისად _ ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად.

კვლევის შედეგები და ძალოსნური სპორტის თანამედროვე პრაქტიკა შესაძლებლობას იძლევა, განათლების სამინისტროს წინაშე დაისვას საკითხი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის V-VI-VII კლასების ვაჟებთან ფიზიკური აღზრდის პროგრამაში, სხვა სავარჯიშოებთან ერთად, შეტანილ იქნას სპეციალური ძალისმიერი სავარჯიშოები (შტანგით). იგი ხასიათდება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ჩატარების მარტივი მეთოდიკით, არ საჭიროებს ძვირად ღირებულ სპორტულ იარაღსა და დიდ ფართობს, საგრძნობლად ზრდის გაკვეთილის ხარისხობრივ მხარეს და მისი სკოლაში დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის ძალოსნური სპორტის მასობრიობას საქართველოში.

შოთა ბუაძე,

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here