Home რუბრიკები პოლიტიკა ბერძნების “არა” _ ეს ნიშნავს “დიახ” მომავალს

ბერძნების “არა” _ ეს ნიშნავს “დიახ” მომავალს

710

საბერძნეთის მაგალითი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს

საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, კრედიტორების სამეულის _ ევროპის ცენტრალური ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის _ პირობებს “არა” უთხრა რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3%-მა და ამით ქვეყნის მომავალი განსაზღვრა.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას მოსახლეობის დიდი ნაწილი ოვაციებით შეხვდა. ათენში საზეიმო განწყობა იყო, თუმცა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს, რომ საბერძნეთმა შეიძლება ევროზონა დატოვოს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს _ ევროპაში პირველად გამოცხადებული დეფოლტი შეიძლება უკანასკნელი არ აღმოჩნდეს. ინტერნეტში გავრცელებული ფრაზა _ “საბერძნეთმა დაანგრია სპარსეთი, ტროა, ფინიკია და ახლა ევროკავშირის ჯერია” _ ხუმრობად უკვე აღარავის ეჩვენება.

უკვე კარსაა მომდგარი სავალო კრიზისი იტალიაში, რომლის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 132%-ს შეადგენს, პორტუგალიის _ 130%-ს, ესპანეთისა _ 18%-ს; ამასთანავე, ევროპისგანვე ელის დახმარებას უკრაინაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ აქვს ვალების გადახდის არც სურვილი და არც საშუალება _ ზუსტად ისე, როგორც ათენს, თუმცა დეფოლტის გამოცხადებას არ ჩქარობს.

შედეგად _ გაერთიანებული ევროპა შეიძლება იქცეს ოცნებად, რომელიც რეალურად მხოლოდ ევრობანკნოტებზე იქნება ასახული და, თუკი პრობლემების გადაწყვეტის ათენური მეთოდი შედეგს გამოიღებს, მაშინ ევროზონას ახალი რეფერენდუმები და რყევები არ ასცდება.

ევროპელები თავდაპირველად სერიოზულად არ აღიქვამდნენ ბერძნებს, ფიქრობდნენ, რომ მმართველი კოალიცია სირიზა დანებდებოდა და ხელს მოაწერდა ბრიუსელის ყველა მოთხოვნას. თავის მხრივ, ბერძნები ფიქრობდნენ, რომ დანარჩენი ევროპა კარგად აცნობიერებს ათენის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ევროკავშირისთვის საფრთხის დონეს. და აი შედეგიც: ქვეყანამ მტკიცედ თქვა “არა” გარედან თავსმოხვეულ მკაცრ ეკონომიკაზე.

ამ შედეგს უკვე უწოდებენ პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასის ტრიუმფს, რომელმაც “ბერძნული რულეტკის” თამაშისას ყველაფერი დადო ფსონზე და გაიმარჯვა.

როგორ მივიდნენ ბერძნები ამ კრიზისამდე? _ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს ბევრი სვამს. 320 მილიარდი დოლარი ვალი _ ეს ხომ 11-მილიონიანი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრია?!

ეს თანხა რომ გავანაწილოთ, აღმოჩნდება, რომ საბერძნეთის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, ახალშობილებს, 30 ათასი ევრო აქვს გასასტუმრებელი. დღეს უკვე ნათელია, რომ მოწოდებები ბერძნების გადარჩენაზე, მხოლოდ საფარველი იყო მასშტაბური ფინანსური მაქინაციებისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან და ევროკავშირიდან გადარიცხული ფული ჯდებოდა კერძო ბანკების ანგარიშებზე, ძირითადად _ გერმანული და ფრანგული ბანკების, და იქვე რჩებოდა. ეს კრედიტები ძველი ვალების პროცენტების გასტუმრებად ჩაითვალა. ბანკები გამდიდრდნენ, საბერძნეთი კი უფრო მეტ ვალში ჩაეფლო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ვალების უფრო ღრმა ორმოებიც არის და ეს 320 მილიარდი არაფერია იტალიის ვალთან შედარებით, რომელიც  2 ტრილიონ ევროზე მეტია. ესპანეთის ვალმა 1 ტრილიონს გადააჭარბა. ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ინფორმაციას, რომ 25 ივნისს მადრიდმა პირველად მიმართა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, რადგან უკვე ვეღარ იხდის ვალებს. ვალები ახრჩობს პორტუგალიასა და ირლანდიასაც.

და, თუ ევროკავშირი მიუტევებს ვალს ერთ რომელიმე ქვეყანას, ამას სხვაც მოითხოვს, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროზონის დასასრულის დასაწყისი იქნება _ “საერთო სახლის” იდეის კრახი კი გარდაუვალი იქნება.

ინფოგრაფიკაზე: მოსახლეობა 11 მლნ კაცი

ვალი 320 მლრდ ევრო

ვალი 30000 ევრო

საბერძნეთი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here