Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: როგორი სამხედრო ტექნიკაც უნდა შევიძინოთ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ჩვენი...

ტრისტან წითელაშვილი: როგორი სამხედრო ტექნიკაც უნდა შევიძინოთ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება

476

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცოტა ხნის წინათ საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

 

თუმცა ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია და, როგორც მინისტრი ამბობს, მის გასაჯაროებას არც მომავალში აპირებს. თინა ხიდაშელის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზესაქართველო და მსოფლიოსსამხედრო ექსპერტი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა:

_ საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს, ფაქტობრივად, მოშლილია, სრულიად უკონტროლოა და გასაგებია, რომ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკა რომელიც საქართველომ უნდა შეიძინოს, ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ ამ საკითხზე ბევრი კითხვა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ, რომელიც ზრუნავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე, პროფესიონალი კადრების მომზადება უნდა უზრუნველყოს, რათა სამხედრო სპეცალისტებმა შეძენილი ტექნიკისა თუ სხვა სახის შეიარაღების გამოყენების წესები იცოდნენ. თუ ტექნიკასთან მუშაობა არ იცი, ვერ გამოიყენებ და შეძენას აზრი არ აქვს. ამიტომ ამჟამადაც ისე არ გამოვიდეს, როგორც 2007 წელს, როცა თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ვითომ შეიძინაბუკები” (საზენიტოსარაკეტო კომპლექსი _ ..) უკრაინიდან, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რადგან სპეციალისტები არ გვყავდა. შემდეგ ეს “ბუკები” სენაკში განლაგებული სამხედრო ნაწილიდან რუსებმა უპრობლემოდ წაიღეს. თავდაცვის სამინისტროში უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რეპრესირებული კვალიფიციური კადრები, რადგან საქართველოსთვის დაუშვებელია, ასეთ კადრებს კარგავდეს.

ამას გარდა, აღნიშნულ ტექნიკას სჭირდება რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც აღრიცხავენ და კოორდინატებს გადასცემენ, რის შემდეგაც მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის ბომბდამშენების განადგურება. რადიოლოკაციური სადგურები არ გვაქვს და, რომც გვქონდეს, ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე მაინც ვდგავართ: რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე განალაგა C-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს საჰაერო სივრცეს აკანტროლებს. რუსებს, აგრეთვე, აქვთ ჩამხშობი სისტემა, აპარატურა, რომელიც რადიოლოკაციურ სადგურს ნებისმიერი სიგნალის დაჭერის შემთხვევაში გაანადგურებს. ასე რომ, გასაგებია, ეს ტექნიკა უნდა გვქონდეს, მაგრამ, თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოვაგვარეთ, ამ ტექნიკის შეძენასა და მასში მილიონების გადახდას აზრი არ აქვს. ვინაიდან, როგორი სამხედრო ტექნიკაც უნდა შევიძინოთ და როგორი საჰაერო თავდაცვითი სისტემაც უნდა გვქონდეს, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის ნამდვილად გასაიდუმლოებულია და დეტალები არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, ჩვენთვის, ექსპერტებისთვისაც, უცნობია.

_ კვალიფიციური კადრები ახსენეთ, დღეს თავდაცვის სამინისტროში არ გვყავს პროფესიონალები?

_ ჩვენ გვყავს კვალიფიციური კადრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დაუსაქმებლები არიან. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იდევნებოდნენ, დღესაც უმოქმედოდ არიან. აუცილებელია, ამ ადამიანების დაბრუნება თავდაცვის სამინისტროში, რათა მათ პროფესიონალი ახალგაზრდა ოფიცრები აღზარდონ, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმისგან რატომღაც თავს იკავებენ.

_ თავდაცვის მინისტრის განცხადებამ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის ხელშეკრულებაზე საჯარო საუბარს არ აპირებს, ეჭვი გააჩინა საზოგადოებაში. მაგალითად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ არ იცის, არის თუ არა ეს იგივე ხელშეკრულება, რომელზეც მემორანდუმი მან გააფორმა. გასაგებია, რომ ზოგიერთი სამხედრო საკითხი კონფიდენციალურია და დეტალების გახმაურება არ შეიძლება, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა საზოგადოებისთვის აღნიშნული ხელშეკრულების განმარტება დეტალების დაკონკრეტების გარეშე?

_ როგორც სამხედრო სპეციალისტი, ვიტყვი: არის სამხედრო საკითხები, რომელთა გახმაურება არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება, მათზე დეტალების გარეშე ზოგადად ილაპარაკო. ამით პიარი კი არ უნდა გაიკეთო და მხოლოდ ის განაცხადო, რომ აი, ხელი მოვაწერე ხელშეკრულებასო და მეტი არაფერი თქვა. როგორც ჩანს, მორიგი პიარია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. არ სურთ, საზოგადოებამ შეიტყოს მათი გეგმების შესახებ, რომლებსაც თავიანთი გამოუცდელობითა და არაპროფესიონალური მიდგომებით ახორციელებენ. ის ტექნიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეიძინოს (და შეიძენს თუ არა, საკითხავია), შესაძლოა, არ იყოს იმ ტიპისა და იმ ხარისხის, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს საუბრობენ.

როდესაც საქმე სამხედრო ტექნიკას ეხება, შეიძლება ყველა დეტალი არ გაასაჯაროო, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებამ, ექსპერტებმა უნდა იცოდნენ. უნდა ვიცოდეთ, სად და რისთვის იხარჯება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული, როგორ არის ქვეყნის საჰაერო სივრცე დაცული, არის თუ არა უზრუნველყოფილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება. ასეთ საკითხებზე მუშაობის პროცესში სამხედრო ექსპერტები მაინც უნდა იყვნენ ჩართულნი.

_ სპეციალისტებისთვისაც არ არის ხელშეკრულების გარკვეული დეტალები ცნობილი?

_ არა, არ არის ცნობილი, თავისთვის დადიან, რაღაც ხელშეკრულებებს აფორმებენ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ვინაიდან ვხედავთ ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს, რომლებმაც შეიძლება ქვეყანას ცუდი შედეგები მოუტანოს _ გაზარდოს საფრთხე და რუსეთის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.

_ ამ ხელშეკრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ნატოს საქართველოში სამხედრო თავდაცვითი საშუალებების განთავსებისკენ მოუწოდა. იმხანად მისმა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. ახლა, როცა უკვე თავდაცვის სისტემების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია, იზრდება თუ არა საფრთხე, თუნდაც რუსეთის მხრიდან?

_ ბუნებრივია, რისკების წინაშე ვდგავართ, იმის მაგივრად, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვზრუნავდეთ, იარაღის ჟღარუნითა და რიტორიკით კი არა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ვაგვარებდეთ ურთიერთობას რუსეთთან, პირიქით _ სააკაშვილის რიტორიკას, გამაღიზიანებელ განცხადებებს და ძალის დემონსტრირებას განვაგრძობთ. არადა, აუცილებელია, ჯერ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა, რათა უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გვქონდეს, გამუდმებით ნაღმზე არ ვისხდეთ და ყოველ წუთს რაღაც საშინელებას არ ველოდოთ. ნუ ატყუებენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ნატოს ჯარი დადგება და დაგვიცავს. სად იყო ნატო 2008 წელს? რატომ არ დაგვიცვა და მოგვაწოდა იარაღი ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მხოლოდ წყალი დაპამპერსებირატომ გამოგვიგზავნა?! არავითარ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც საფრანგეთი, ჩვენ გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

_ ხელისუფლება თუ აცნობიერებს ამ საფრთხეებს?

_ როგორც ვხედავ, ხელისუფლება ან ვერ აცნობიერებს, ან არ უნდა, გააცნობიეროს ეს საფრთხეები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში არის ერთი ფრთა, რომელიც აცნობიერებს ამ ყველაფერს, მაგრამ თავის თვალსაზრსს ჯერ კიდევ ვერ გამოხატავს თამამად; ხოლო მეორე ფრთა, რომელიც გამუდმებით ხალხს უკიჟინებს, დღეს თუ ხვალ ნატოს წევრი გავხდებითო, პროვოკაციას თესავს საზოგადოებაში.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here