Home რუბრიკები საზოგადოება კაცი, რომელმაც შექმნა “რა მოხდა აბაშაში”

კაცი, რომელმაც შექმნა “რა მოხდა აბაშაში”

2564

გასულ კვირაში საქართველომ მიწას მიაბარა ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გურამ მგელაძე, რომლის სახელთან იყო დაკავშირებული საქვეყნოდ გახმაურებული აბაშის ექსპერიმენტი და ბევრი სხვა სასიკეთო სახალხო საქმე. გურამ მგელაძეს მისი თანამედროვენი იხსენებენ.

 

თამაზ კუნჭულია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველიკონსულტანტი:

_ გურამ მგელაძე სიახლის მაძიებელი და შედეგზე ორიენტირებული მოღვაწე იყო. რა მიზანსაც დაისახავდა, აუცილებლად უნდა მიეღწია.

გურამმა იმთავითვე აუღო ალღო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მესიმინდეობასა და მეცხოველეობაში, აგრეთვე, მიწათმოქმედების სხვადასხვა დარგში. შემოჰქონდა და ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს. ის, რასაც გურამ მგელაძე აკეთებდა მემცენარეობასა და მეცხოველეობაში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, მხოლოდ და მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებზე იყო დაფუძნებული.

ერთ მაგალითს დაგისახელებთ: მეღორეობაში სწორედ გურამის ინიციატივით დაინერგა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი, რომელიც პროგრესულ მეთოდად იქნა აღიარებული და უაღრესად დადებითი შედეგი გამოიღო.

რასაც ვყვები, აბაშის მაგალითზე მოგახსენებთ.

გურამმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში კოოპერაციის განვითარებას. გლეხები საზოგადოებრივი მეურნეობებიდან მიცემულ პირუტყვს ასუქებდნენ და შემდეგ აბარებდნენ სახელმწიფოს. ეს გლეხის კერძო მეურნეობას ისეთი მოგებით უზრუნველყოფდა, რომელზეც მანამდე ვერც იოცნებებდა. ის, რასაც დღეს 95-99, ხოლო ზოგიერთ დარგში სრული 100 პროცენტი უჭირავს, ოჯახური, დამხმარე მეურნეობების წილია, გურამ მგელაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაინახა და მეურნეობრიობის ამ ტიპს უპირატესობა მიანიჭა, ხელი შეუწყო მის დანერგვასა და განვითარებას აბაშის რაიონში. ოჯახური მეურნეობები იყო ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი ყოველთვის. ეს აბაშის ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგით.

იმხანად საქართველო, განსაკუთრებით კი, აბაშის რაიონი, საბჭოთა კავშირში აღიარებული იყო, როგორც მოწინავე მეთოდების დანერგვის ლაბორატორია. ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად, აბაშის ექსპერიმენტს პირადად ეცნობოდნენ საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინი, საკავშირო ცენტრალური კომიტეტის მდივნები, მინისტრები…

ცენტრალური დაგეგმვის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საწარმოო რესურსების რაიონებისთვის მოზიდვა-მობილიზება იყო. ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაკავშირებოდი თბილისს, მოგეძია ფონდები, შეგძლებოდა მათი მიღება, შემდეგ ჩაგეტანა, ვთქვათ, იმავე აბაშაში.

ასეთი ბიუროკრატიული სისტემა დიდად აბრკოლებდა ადგილებზე, ნებისმიერი სიახლის დანერგვას. გურამმა შეძლო და ყველა სამინისტროს წარმომადგენელი შეიყვანა ერთ გაერთიანებაში, რომელიც აბაშის რაიონში დააარსა. ამით მან ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის პირობები შექმნა და რესურსებისადმი წვდომა გააიოლა; ეს იყო პირველი მცდელობა იმ ორგანიზაციულსტრუქტურული რეფორმის განხორციელებისა, რომელზეც ჩვენი დღევანდელი ეკონომიკის სისტემაა აწყობილი.

რესურსების მოპოვების, ახალი ტექნოლოგიების, წარმოების ორგანიზების ახალი ფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რომელიც დღევანდელობას ეხმიანება და დღევანდელობაზეა მორგებული, გურამ მგელაძემ თავის დროზე ერთ, ცალკე აღებულ რაიონში განახორციელა _ აბაშაში.

სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელი სამინისტროების ოპტიმიზაციის საქმე მან თბილისში გადმოყვანის შემდეგაც განაგრძო და აქაც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ რესპუბლიკის დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში ასეთ ცვლილებებს საკმაო ეფექტი ჰქონდა, მაგრამ გაჩნდა გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუშალა მინისტრს, ეს რეფორმები მასშტაბურად რომ განევითარებინა: ეს ფაქტორები იმდროინდელ სახელმწიფო-პოლიტიკურ წყობილებაში იყო დაბუდებული.

 გურამმა აბაშის კეთილმოწყობაზეც იზრუნა და, შეიძლება ითქვას, იმდროინდელი რაიონული ცენტრებიდან არც ერთს ჰქონდა ისეთი იერსახე, როგორიც აბაშას. საკმარისია თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ ქალაქის ადმინისტრაციული შენობების ფასადები თვით ზურაბ წერეთლის მონუმენტური ჭედური ნამუშევრებით იყო (და არის) დამშვენებული. საქმის გამკეთებელი კაცი იყო გურამი და საერთო კეთილდღეობისთვის პირად ურთიერთობებსაც აქტიურად იყენებდა. მთავარი მაინც იყო ის, რომ შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის შემოღებით მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, იმატა ოჯახების შემოსავალმა. აქაური გლეხები თითქმის ყოველ შემოდგომაზე ახალ ავტომანქანებს ყიდულობდნენ.

დღეს ავტომობილი აღარავის უკვირს, მაგრამ იმხანად დეფიციტი იყო.

ბაკურ გულუა, თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს საპატრიარქოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი:

_ წავიდა ამ ქვეყნიდან ადამიანი, რომელმაც საქართველოს ცხოვრებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია.

ბატონი გურამი თავისი პროფესიითა და ცხოვრებისეული პრაქტიკით სოფლის მეურნეობასთან თავიდან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ მისი ნიჭი და უნარი სწორედ ეკონომიკის ამ დარგში სრულად გამომჟღავნდა.

1973 წელს ჩაუდგა სათავეში აბაშის რაიონს და ქვეყნის ცხოვრებაში შემოვარდა, როგორც გრიგალი. ორიოდ წლის შემდეგ მუშაობა დავიწყე გალის რაიონში, მეზობლები და კოლეგები გავხდით. საშუალება მომეცა, მოწმე ვყოფილიყავი მისი განსაცვიფრებელი, არასტანდარტული დამოკიდებულებისა გადასაჭრელი პრობლემებისადმი.

იმ პერიოდს თავისი სიძნელეები ახლდა _ გლობალური დეფიციტი, შრომის მარგი ქმედების კოეფიციენტის ნაკლები ეფექტიანობა, უნარიანი კადრების სიმცირე და ა.შ.

მან წამოიწყო ახალი და სარისკო საქმე, რომელსაც დაერქვა აბაშის ექსპერიმენტი. გურამ მგელაძე იმით იყო გამორჩეული, რომ ნორმატიულ ჯებირებს ყურადღებას არ აქცევდა: დღე და ღამ ხალხთან ტრიალებდა, სოფელსოფელ დადიოდა, სწავლობდა, იკვლევდა იმ თვალშისაცემი ჩამორჩენის მიზეზებს, რომლებიც ხალხს ცხოვრებას უძნელებდა. ცნობილია, რომ ახალ, საკოლმეურნეო პრინციპზე სოფლის გადასვლას მიწაჩამორთმეულმა გლეხობამ იმთავითვე ეჭვის თვალით შეხედა. საბჭოთა წლებში სახელმწიფომ მილიონობით მანეთი გაიღო ქართული სოფლის ასაღორძინებლად _ კოლხეთის ჭაობის დასაშრობად, მიწების ასათვისებლად, მელიორაცია-ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, ახალი კულტურების შემოსატანად და ა.შ., მაგრამ გლეხის შრომა მაღალნაყოფიერი მაინც ვერ ახდა, ანუ ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ამ უზარმაზარი ფინანსური, სამეცნიერო თუ ტექნიკური პოტენციალის პირობებში.

სახელმწიფოს მიერ არნახული ძალისხმევის განხორციელება არანაკლებ რთული იყო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, მაგრამ ამ ყველაფერმა გლეხის გული ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ გლეხის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა იყო. საკოლმეურნეო და სახელმწიფო მიწებზე გლეხმა არ იმუშავა ისეთი გულმოდგინებით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია უხვი მოსავლის მიღება: გლეხმა შეიძულა მიწა და მიწათმოქმედება.

გურამ მგელაძემ შეძლო, გლეხობა მიწისკენ შემოებრუნებინა. მოკლედ, საქმის არსი ასეთია: სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობა ორ ტონას არ აღემატებოდა. გლეხს დასამუშავებლად გადასცემდნენ, ვთქვათ, ერთ ჰექტარ მიწას და, თუ ორ ტონას მოიწევდა, აქედან ერთს შინ წაიღებდა, მაგრამ, თუ სამ ტონას მოიყვანდა, შვიდ ცენტნერს კიდევ უმატებდნენ; ე. ი. სამი ტონა მოსავლიდან გლეხს საკუთარ სარგებლობაში რჩებოდა ერთი ტონა და შვიდასი კილოგრამი. სახელმწიფო იტოვებდა ტონა სამას კილოგრამს, რომლითაც გადახდილი იქნებოდა ყველა ხარჯი: წყლის, ელექტროენერგიის, საწვავის, ტექნიკით მომსახურების ღირებულება. სახელმწიფოსთვის ასეთი ეკონომიკა წამგებიანი, მინუსი ნიშნით იყო, მოგებული რჩებოდა გლეხი.

ასეთ პირობებში გლეხი მზად იყო, საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთიც სახელმწიფოსთვის გადაეცა და ისე ემუშავა, ემუშავა გულით, მთელი მონდომებით.

წლების განმავლობაში გურამმა სახელი გაითქვა საბჭოთა კავშირის მასშტაბით _ მოსავლიანობა 2-3-ჯერ გაიზარდა, ხალხი წელში გაიმართა, გამდიდრდა, სოციალური პირობები არნახულად გაუუმჯობესდა.

ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა გურამ მგელაძისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდების მინიჭებით. გმირობა ედუარდ შევარდნაძემაც დაიმსახურა.

მაგრამ ის, რაც აბაშაში ასე წარმატებით განხორციელდა, ქვეყანის ყველა რაიონში ვერ გამეორდებოდა. სოციალისტური ეკონომიკის პირობებში ეს სრულ კრახს გამოიწვევდა.

გურამი პრაქტიკული აზროვნების კაცი იყო, პრაგმატიკოსი, ვაჟკაცური და პირში მთქმელი.

ასე საჯაროდ პირველად ვიტყვი ერთ რამეს, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს: მე და გურამი შეხმატკბილებული არ ვყოფილვართ. მიზეზებს არ ჩამოვთვლი… მაგრამ ეს შეუთავსებლობა კაცურად გადავწყვიტეთ და დამთავრდა ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემით.

იმასაც გეტყვით, რასაც მთელი საქართველო პირველად გაიგებს თქვენი გაზეთის საშუალებით.

ჟამტეხილის დროს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სათავეში ჩაუდგა ქვეყანას. ნოემბრის დასაწყისიდან თებერვლამდე საქართველოს არ ჰყავდა სოფლის მეურნეობის მინისტრი. არავინ იცის, ეს ვაკანსია რატომ იყო დაუკავებელი ამ თვეების განმავლობაში.

 საჯაროდ ვაცხადებ: ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას და გურამ მგელაძის პირისპირ მოთათბირებისა და მსჯელობის შედეგად. ზვიადმა, კარგად იცოდა რა, საიდან ელოდა საფრთხე ეროვნულ ხელისუფლებას, გაითვალისწინა მგელაძისა და ჯაბა იოსელიანის ურთიერთობა და გურამს ჯაბას განეიტრალების პირობა წაუყენა. სანაცვლოდ გურამი დარჩებოდა თავის ადგილზე და გარანტი იქნებოდა სიმშვიდის. ახლა კი ყურადღებას გთხოვთ: საქართველოს საბჭოთა მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალისტური შრომის გმირი, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრომრეწვის თავმჯდომარე გურამ მგელაძე სამი თვის განმავლობაში პირველ ეროვნულ მთავრობაში თავისი ყველა უფლებით რჩებოდა აღჭურვილი.

იანვარში გურამმა დაწერა განცხადება შვებულებაში წასვლის შესახებ. წავიდა და აღარ დაბრუნებულა იმიტომ, რომ ვერ შეძლო იმ საკითხის მოგვარება, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ერთადერთ პირობად წაუყენა, თორემ პირადად მას არავინ არაფერს ერჩოდა. ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, რომელიც შემდეგ დრამატული მოვლენების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

* * *

აი, ასეთი არაორდინალური პიროვნება იძულებული იყო, თავისი ცხოვრების ნაწილი უცხოეთში გაეტარებინა.

ახლა იგი მშობლიურ მიწაში განისვენებს.

საუბარი ჩაიწერა

არმაზ სანებლიძემ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here