Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ დაგვხოცე, მიხეილ?!

რატომ დაგვხოცე, მიხეილ?!

624

ვერეს ხეობაში “ჩქაროსნული გზის” გაყვანის დასრულება თავდაჯერებულმა ამპარტავნობამ ავტორბოლის რომელიღაც ფორმულის ბოლიდით ჩაგრიალებით აღნიშნა. ჩაიგრიალეს. წავიდნენ და დაგვიტოვეს გეოლოგიური კატასტროფის საშიშროების შემცველი დაყოვნებული ნაღმები აქ, თბილისის ცენტრში.

 

საქართველო და მსოფლიომშენებლობის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე წერდა ამ საფრთხის შესახებ, აქვეყნებდა გამოცდილი პროფესიონალების წერილებს, ინტერვიუებს ცნობილ არქიტექტორებთან, ურბანისტებთან, ეკოლოგებთან, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ არსებული პროექტით გზის მშენებლობა დაუშვებელი იყო. და, საერთოდ, უმჯობესი იქნებოდა, თუ ვერეს ხეობას ხელს არ ახლებდნენ.

მაგრამ იმხანად, როგორც ჩვენმა სახელოვანმა არქიტექტორმა და თბილისის დიდმა მოამაგემ გიგა ბათიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირველად ჩვენთან თქვა, ყველაფერი თბილისშიც და სრულიად საქართველოშიც ვიღაცის ხოშით კეთდებოდა.

გუშინ თუ გუშინწინ ვიღაცამ ტელეეთერში განაცხადა, რომ გლოვის ამ დღეებში, უკიდურესი დაძაბულობის ჟამს, მომხდარის გამო ვიღაცისკენ ხელის გაშვერის დრო არ არის.

კატასტროფა ისეთი მასშტაბურია, მიზეზები ისე ღრმა, რომ ნაჩქარევი განცხადებები პოპულიზმში აითქვიფება.

კი, ბატონო, დავეთანხმოთ.

მაგრამ გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელ ნინო ჩხობაძესაც მოვუსმინოთ: “ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ სწორად არ იყო გათვლილი ყველაფერი (ვერეს ხეობაში გზის დაპროექტება-მშენებლობის დროს)… რისკი მოდელირებული უნდა ყოფილიყო, რაც, სამწუხაროდ არ გაკეთებულა… საზოგადოებამ ვერ შევძელით, ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიტყვა”.

ჩვენ ვერ შევძელითო.

ამ პოზიციას, პრინციპში, იზიარებს ბატონი გიგა ბათიაშვილი, თუმცა მცდელობა არ დაუკლია.

“ცხელ კვალზე” საუბარში (ის-ის იყო ამოვიდა ვერეს ხეობიდან), მან თქვა:

_ პირდაპირ გეტყვით: გზის მშენებლობაც საჭიროა, კაშხლის აგებაც და ნებისმიერი ქალაქის კეთილმოწყობაც, მაგრამ ყველაფერ ამას გამართული პროფესიული მიდგომა სჭირდება. თუ ამ დონეზე არ იქნება გადაწყვეტილი ურბანიზაციის ამოცანები, დაზღვეული არ ვიქნებით უარყოფითი შედეგებისგან, უფრო ზუსტად, უარყოფითი შედეგები აუცილებლად დადგება.

ახლა რაც შეეხება იმ უბედურებას, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში მოხდა.

ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში იყო მოფიქრებული გზის გაყვანა.

_ ამ გზის?

_ არა! გზის, რომელსაც კლდეების მოჭრით კი არ გაიყვანდნენ, არამედ ესტაკადაზე გაივლიდა, რათა მდინარე ვერე გათავისუფლებულიყო ყოველგვარი წინააღმდეგობისგან, გვირაბების გარეშე უნდა აშენებულიყო გზა.

ხომ ცნობილია, რომ წყალი სტიქიაა. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას შეუქმნი, რაც უფრო გაურთულებ ბუნებრივ მდინარებას, მით მეტ უბედურებას გადაეყრები.

ამ მომენტისთვის ვიცით, რომ წყნეთის ზემოთ, ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე მთის ფერდობს მოწყდა მიწა და ვერეს ხეობისკენ დაეშვა, შექმნა კაშხალი, დაგუბდა წყალი და როცა დიდი ოდენობით დაგროვდა, გადაევლო ამ კაშხალს, გაგლიჯა, გაარღვია და ეს უზარმაზარი მასა, ძირფესვიანად მოგლეჯილი ხეებით, მორებით, ათასნაირი ნამუსრევით, რაც გზადაგზა წალეკა და გაიყოლა, მიასკდა კატასტროფის ადგილს. ვერანაირმა გვირაბმა, ვერანაირმა კალაპოტმა, რომლებიც ხელოვნურად შეუქმნეს ვერეს, ვერ გაატარა ეს ღვარცოფი და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო

ჩართვა თემაში

ნოდარ ჯავახიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, იმყოფებოდა წყნეთის ზემოთ, ბეთანიისკენ მიმავალი გზის იმ მონაკვეთზე, საიდანაც დაიძრა უზარმაზარი მეწყერი:

_ რა სურათი დაგხვდათ იქ, ბატონო ნოდარ?

_ წყნეთის ზემოთ, სადახლოს გზაზე, დაახლოებით 500 მეტრზე (ზუსტად გაზომვა ამჯერად შეუძლებელი იყო) მთის წვერიდან მოწყვეტილმა მიწის უზარმაზარმა მასამ წაიღო გზა. ახლა აქ ხევია, ხოლო ტყიანი ფერდობის ნაცვლად სალი კლდეა დარჩენილი. მთელი ეს მიწა, ქვა-ღორღი, ხეები ჩამოიტანა მეწყერმა და, როგორც გეოლოგები ამბობენ, გადაკეტა ვერეს კალაპოტი, დაგუბდა წყლის უდიდესი მასა, რომელმაც გაარღვია ბუნებრივად შექმნილი ჯებირი და ღვარცოფი თბილისისკენ დაიძრა.

ალბათ, ექსპერტები შეძლებენ, გაარკვიონ, რა ოდენობის წყალი დაგროვდა, როდის გაარღვია ჯებირი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება. თუ ისაა მართალი, რასაც მიყვებიან _ ასეთ ღვარცოფს ვერანაირი კოლექტორი ვერ გაატარებდა. მაგრამ, თუ წყლის უზარმაზარ მასაზე ლაპარაკი ბლეფია, მაშინ ადიდებული ვერეს წყალი დაუბრკოლებლად უნდა გასულიყო ხელოვნურ ნაგებობებში.

გეოლოგებმა ვერტმფრენით გადაუფრინეს კატასტროფის ადგილს, მხოლოდ ასე შეიძლებოდა იქაურობის დათვალიერება, მათგან ვიცი, რაც მოხდა. სერიოზული, მეცნიერული შესწავლის პროცესი ჯერ კიდევ წინაა.

მეწყერი როდის დაიძრებოდა, ამის პროგნოზირება, ალბათ, შეუძლებელი იყო.

რაც მოხდა, ვნახეთ და ვიცით. მაგრამ რა მიზეზებმა გამოიწვია, ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა, ჯერჯერობით შეუძლებელია.

_ გზის აღდგენაზე თუ შეიძლება ლაპარაკი?

_ არა. იქ სტიქიური პროცესები ჯერ დამთავრებული არ არის. ფერდობზე რამდენიმე საკმაოდ მოზრდილი ნაკადული ისევ ჩამოედინება. არის რისკი, განსაკუთრებით, სამხრეთდასავლეთის მხრიდან, უფრო ზევით _ ბეთანიისკენ, ანალოგიური მეწყრული მოვლენა რომ განვითარდეს: მიწის დიდი მასა კვლავ შეიძლება მოწყდეს. ამ მონაკვეთზე გზის აღსადგენად სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, აქ ან _ სხვაგან. კონკრეტულად როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, ჯერ, რა თქმა უნდა, არ ვიცი.

 

ბატონი გიგა განაგრძობს საუბარს:

_ დაახლოებით ერთი საუკუნის მანძილზე, რასაც ჩვენ მოვესწარით, ორჯერ კატასტროფულად ადიდდა ვერე. მაშინაც დაიტბორა და საგრძნობლად დაზარალდა ზოოპარკი.

გვირაბი, რომელიც თავის დროზე გმირთა მოედნის ქვეშაა გაჭრილი და რომლითაც მდინარე ვერე მტკვარში ჩაედინება, პრობლემის თავი და თავია: არ შეიძლება მდინარის გატარება გვირაბებში. ხეობაში, სადაც ვარაზის ხევი-საბურთალოს გზა გაიყვანეს, კლდეები კი არ უნდა მოეჭრათ, არამედ გზა ესტაკადაზე, ანუ ოჩოფეხებზე უნდა გადაეტარებინათ. ადიდებული წყალი მათ ქვეშ გაივლიდა, იმ კალაპოტით, რომლითაც ჩვენამდე მოაღწია.

ამდენად: ქალაქისა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების ხუშტურების დონეზე გადაწყვეტა (იძულებული ვარ, გავიმეორო ჩემი ნათქვამი). ამ ხუშტურებმა დედაქალაქი მხოლოდ კულტურულმორალური დეგრადაციის მდგომარეობამდე კი არ მიიყვანა, არამედ მორიგი უბედურება დაგვატეხა თავს. სხვაცაა მოსალოდნელი, სამწუხაოდ.

_ ბატონო გიგა, თქვენ ცხოვრობთ ზოოპარკის თავზე

_ კი. მგლები ჩემი სახლის წინ დახოცეს.

_ თქვენამდე ამოვიდნენ?

_ მგლებიც და ტახიც. ტახიც მოკლეს. მთელი ღამე ჩვენი სახლის გარშემო ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული.

ამ დილით გადავხედე ვერეს ხეობას. არნახული კატასტროფაა. უზარმაზარი ზარალი, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ სტიქიას ადამიანები შეეწირენ. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა გამოვთქვა ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

თქვენი გაზეთის გამოსვლის დღისთვის, ალბათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით აღნუსხავენ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაც გასულ კვირას მოხდა, გაკვეთილი უნდა იყოს ქალაქისა და ქვეყნის მმართველებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. რას აკეთებს სულელი, არც მინდა გავიმეორო.

_ ჩვენი მოწაფეობის პერიოდში აბანოთუბანი რომ დაიტბორა, ის გაკვეთილი ახსოვს ვითომ ვინმეს?

_ იმხანად ხალხი დაიხოცა გოგირდის აბანოებში. მდინარე დაბახანკა უბანს რომ გადაევლო, შევარდა აბანოებში. ადამიანები გუმბათებს ააკრა, საიდანაც გამოსასვლელი არ იყო. ჩაიხრჩო ხალხი.

მხოლოდ ამ კატასტროფის შემდეგ მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მდინარის კალაპოტის გაფართოება, ძველი შენობების დანგრევის ხარჯზე.

ტრაგიკული გაკვეთილი იყო.

მდინარეების _ დაბახანკისა და ვერეს სათავეები უშუალო მეზობლები არა, მაგრამ არც ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. ორივე მდინარე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი არ მიედინება, არამედ _ სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ. როგორც ჩანს, ჰაერის მასების მოძრაობა წვიმის ღრუბლებს პერიოდულად ერთ ზონაში უყრის თავს, რაც სტიქიურ უბედურებას იწვევს ლეღვთახევში და ვერეს ხეობაში. ეს ხომ ცნობილი იყო, მაგრამ ასეთი ისტორიული “წვრილმანები” ყოფილ ხელმძღვანელებს არ აინტერესებდათ… იმედი ვიქონიოთ, ახლები გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება ხეების მოჭრა ხეობაში გზის გაყვანისას და მდინარის მოქცევა ლითონის გვირაბებში!

_ ახლა ისეთი ფაქტის წინაშე დავდექით, როცა ქალაქის მართვის ურმის გადაბრუნების შემდეგ გზა კი არ გამოჩნდა, დაინგრა, აიყარა და წაილეკა. რას ურჩევთ ქალაქის მმართველობას, თავის მერიიანად და საკრებულოიანად?

_ ვურჩევ, მაღალ პროფესიულ დონეზე განიხილონ ყველა პროექტი და გადაწყვეტილება, როცა სერიოზულ საქალაქო სტრუქტურაზე იწყებენ მუშაობას.

ახირებულების გაყვანილი გზა, რომელმაც კატასტროფამდე მიგვიყვანა

დასასრულ, თავდაჯერებულ ამპარტავნობას მივუბრუნდეთ, იმას, რითიც დავიწყეთ ეს წერილი და რომლის რუსული შესატყვისი არის ყთსრლუპყივრ _ საკუთარ აღმატებულებაში დარწმუნებული სისულელე, თავდაჯერებული სულელი. “დურაკიუფრო მოუხდება, ღმერთმანი.

არქიტექტორმა ირაკლი მასხარაშვილმა, რომელსაც თავის პროფესიაში 60 წლის გამოცდილება აქვს, სწორედ ამ თვალით შეხედა 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას და მას ლიდერის ახირებით გამოწვეული ურბანული კატასტროფა უწოდა.

_ მოვლენების შეფასება ჩვენთან გასართობ საგნად იქცა. არის საკითხები, რომლებსაც მხოლოდ პროფესიონალები უნდა განიხილავდნენ. საჯაროდ გამოტანით მოსახლეობას არ უნდა ვაბნევდეთ.

ამ შემთხვევაში მთავარია იმის გაანალიზება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ყოფილმა ხელისუფლებამ, თორემ შემსრულებლები, მოგეცათ ლხენა, ბევრი ჰყავდა. ხოლო ის რისკი, რომლის დაშვებასაც დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, მე მგონი, გაუმართლებელია.

_ რომელ რისკს გულისხმობთ?

_ რისკის იმავე ზონაში მოქალაქეების დაბრუნებას: ვაკე-საბურთალოს სატრანსპორტო მაგისტრალის აღდგენა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ შეიძლება იმის რაიმე არგუმენტით გამართლება, რომ ხელისუფლებას თავისი მოქალაქეები მუდმივი რისკის ზონაში ჰყავდეს.

_ და ეს ზონა არის ვერეს ხეობა, სადაც ოთხკილომეტრიანი გზა გაიყვანეს?

_ დიახ. ამიტომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, მგონი, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

_ არ უნდა აღდგეს ეს მაგისტრალი?

_ არა. კვლავ დაიხარჯება მილიონები. ეს გზა თითქმის მთლიანად არის განადგურებული, რისკი კი მუდმივად დარჩება.

_ გინდათ, თქვათ, რომ ყოფილმა ხელისუფალმა თავისი გადაწყვეტილებით თბილისის თავზე დაკიდა დამოკლეს მახვილი?

_ სტიქია დაუპირისპირა საკუთარ მოსახლეობას. ახალი აქ არაფერი იყო. ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერიდან” დაწყებული ვიცოდით, რომ მდინარე ვერე დიდი მდინარეა, რომელიც სათავეს იღებს ლასტის ციხესთან და, სანამ მტკვარს შეუერთდება, 33 კილომეტრს გაივლის, უზარმაზარი აუზი აქვს, უამრავი ხევის პატარა მდინარე უერთდება. მარჯვენა ფერდობი მუდმივი მეწყრული ზონაა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ვერეს კალაპოტის გადახურვა.

_ მილებში გატარება

_ დიახ. და ამ კოშმარული მოვლენის თავიდათავი გმირთა მოედანია. ეს ცალკე თემაა.

ჩვენს ახალგაზრდობაში ჟურნალ “ინოსტრანნაია ლიტერატურაში” იბეჭდებოდა რომანი “მაშინა სმერტი” (სიკვდილის მანქანა), რომლითაც ხდებოდა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა. და როცა სასჯელის ეს უმაღლესი ზომა გაუქმდა, ადამიანი, რომელიც ამ მანქანას ემსახურებოდა, უსაქმოდ დარჩა და ბოლოს ეს კაცი თვითონ დაწვება ამ მანქანაში დამნაშავისთვის განკუთვნილ სარეცელზე.

ნუ დავუბრუნებთ ასეთ მანქანას ქალაქს, ბატონო ჩემო! ნუ დავიჩემებთ, რომ ეს ოთხკილომეტრიანი გზა, რომელშიც, მინიმუმ, ოთხმოცი მილიონი დოლარი ჩაიყარა, ისევ ავამოქმედოთ.

_ დღეისთვის 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სააკაშვილუგულავას მიერ აგებულ ამ სიკვდილის მანქანას.

_ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ფული მილენიუმის მილიარდიანი პროგრამიდან მოგვცეს, თანაც ეს თანხა სასწრაფოდ უნდა დახარჯულიყო… ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასასტუმრებელია.

_ როგორც ბრძანეთ, ხელისუფალის ახირებამ გადასძალა სპეციალისტების პოზიციას?

_ ჩვენ არა მარტო ვაფრთხილებდით ხელისუფალთ, არამედ ზემოქმედებასაც ვცდილობდით. თბილისელები ვართ და ამ მომენტის გამოყენებაზეც არ გვითქვამს უარი. ჩემს კოლეგებს, ჩემს ნაცნობებს, რომლებიც სააკაშვილთან დაახლოებულები მეგონა, ყველას მივმართე. უგულავასთანაც კი იყო ერთი შეხვედრა, მაგრამ იმას აქეთ არც გამოუხედია _ ეს საქმე გადაწყვეტილიაო.

ერთი საინტერესო ტელერეპორტაჟი ვიხილეთ ეკრანზე, როგორ არჩევდნენ გმირთა მოედნის მხატვრულ-სივრცით ღირსებას ძვირადღირებულ მანქანაში მსხდომი სააკაშვილი და უგულავა. სრული პროფანაციის დემონსტრაცია იყო, ისეთი, კინოფილმ “შერეკილებში” ბიძია-ბაბუა რომ ახასიათებს სიყვარულს, როგორც ვერტიკალურსა და ბრუნვადს…

აი, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია გაიმაგრა სპარსული ანდაზით: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”.

ერთ ჩემს წერილში ვწერდი _ ქარავანი კი მიდის, მაგრამ ამ ქარავანს ჩემი შვილები, ჩვენი ხალხი რომ არ მიჰყვებოდეს, ჯანდაბამდის გზა ჰქონია-თქო. და, სამწუხაროდ, მივედით კიდეც ჯანდაბამდე, რომელიც 13 ივნისის ღამეს შორს კი არა, აქვე _ თბილისში აღმოჩნდა.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here