Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ აიძულებს ბიძინას, დაივიწყოს სააკაშვილი?

ვინ აიძულებს ბიძინას, დაივიწყოს სააკაშვილი?

568

საზოგადოება შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელმა განცხადებამ: “არავის აღარ აინტერსებს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა! მიშა უკვე წარსულია და მასზე საერთოდ თუ აღარ ვილაპარაკებთ, უკეთესია!”

 

მიაქციეთ ყურადღება სიტყვას “არავის”! ნეტავ, ვინ “არავის” აინტერესებს, სააკაშვილი არის თუ არა საშიში საქართველოსთვის? ეგ რომ არავის აინტერესებდეს, მაშინ კითხვებსაც ხომ არავინ დასვამდა?! სინამდვილეში სწორედაც ყველას აინტერსებს, რა საფრთხეს წარმოადგენს მიშა სააკაშვილი საქართველოსთვის და არის თუ არა რეალური, რომ მან შეძლოს დაბრუნება საქართველოში.

მაშ, რატომ იყო ასეთი ხისტი ბიძინას პასუხი ჟურნალისტების კითხვაზე? ნაპრემიერალი ამ პასუხის გაცემისას ცოტა აღელვებულიც ჩანდა და აშკარა იყო, ასე მხოლოდ იმიტომ უპასუხა, რომ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

მაგალითად, ხომ შეეძლო, ეთქვა: ჩვენ სააკაშვილს დავაპატიმრებთ და ჩამოვიყვანთ!”

ან _ ხალხი არ დაივიწყებს მიშას მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ის უნდა დაისაჯოს!

განა ასეთი ფრაზებით უფრო არ დაიმსახურებდა ხალხის სიყვარულს?

არა! პრემიერის პასუხიდან აშკარად ჩანდა, რომ მას სურს სააკაშვილის, როგორცწარსულის აჩრდილის”, თავიდან მოშორება და მასთან დაკავშირებული კითხვებისთვის თავის არიდება

სწორედ ამ ყველაფერს ჩაავლო ხელი ჩვენმა ფარულმა კორესპონდენტმა და მოახერხა ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმში ზვიგენებთან დამეგობრება. მან ასეთი ხერხით მოიპოვა სენსაციური მასალა, როგორ ესტუმრა ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ბიძინას და როგორ მოსთხოვა, რომ დაანებოს თავი სააკაშვილს.

გთავაზობთ უშუალოდ ბიძინას ზვიგენის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

ივანიშვილი ცხელ “კაპუჩინოს” და თბილ კრუასანებს მიირთმევდა, ტანთ ეცვა თეთრი “ჟატის” ხალათი, კურდღლისყურებიანი სახლის ჩუსტები, ესალმებოდა დელფინებს და გასაოცარი დემოკრატიის შედეგებს აჯამებდა, როდესაც მოულოდნელად რიჩარდ ნორლანდი დაატყდა თავს.

შეცბუნებულ ივანიშვილს წამსვე ამოუცვამს შარვალი და ზრდილად დახვედრია ამერიკელ სტუმარს.

_ გამარჯობა, გრიგორიჩ! _ მიესალმა რიჩი,

_ რიჩარდს ვახლავართ, მობრძანდი, რამე ხომ არ გაგჭირვებია? _ ჰკითხა ნამთავარკაცარმა.

_ მე რა მიჭირს, მათ იკითხონ, ვისაც უჭირს, _ უპასუხია ამაყი ღიმილით და პუფზე ჩამომჯდარა, _ მაგრამ ერთი საკითხი უნდა მოგვარდეს, _ დაიწყო რიჩიმ და თხლად დაჭრილი ძეხვი ახლად გამომცხვარ პურში ჩადო.

_ გისმენ, _ მოსასმენად მოემზადა ნამთავარკაცარი.

_ მოკლედ, ჩვენს ძაღლიშვილს თავი უნდა დაანებოთ, ხომ იცი, ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენია, _ თქვა რიჩიმ და თხლად დაჭრილ ძეხვს ფორთოხლის წვენი მიაწრუპა.

_ ეგ რომელ ძაღლიშვილზე მესაუბრებით, თქვენ ეგეთი ბევრი გყავთ…

_ მთავარი ძაღლიშვილი, გრიგორიჩ! გუშინ დამირეკა ოდესიდან, ხმა უკანკალებდა, მეხვეწებოდა, რამე შეაგნებინე მაგას, მე თავი დამანებოს და, თუ უნდა, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო.

_ გასაგებია, მაგრამ, დავუშვათ, მე ხელი არ ვახლე მაგას, ხალხს რა ვუყოთ? ის მოითხოვს გასამართლებას, თორემ, ეგ რომ მდომოდა, აქ არ მყავდა? მეორე დღესვე გავუშვებდი იქ, სადაც საჭიროა, _ თქვა ივანიშვილმა და ჭიქა მაგიდაზე დადო.

_ ხალხი ბრბოა, ერთი ნაწილი აყვირდება, მეორე ტაშს დაგიკრავს, მესამე დუმილს ამჯობინებს. სრულყოფილი არავინ ვართ, ბატონო ბიძინა, ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი ცოდვები, _ უთხრა ნორლანდმა და დაორთქლილი სათვალე გაწმინდა.

_ არა, მე მაინც უნდა მოვიფიქრო, რა ვუთხრა ხალხს ან ჟურნალისტებს, როდესაც კითხვას დამისვამენ მაგ თქვენს ძაღლიშვილზე.

_ კარგი, გრიგორიჩ, მაგრამ, მაგას თუ ვერ მოიფიქრებ, მაშინ ის მოიფიქრე, როგორ უნდა შეინარჩუნო შენი 7 მილიარდი, თუკი მე და კიდევ ზოგიერთი ამის შესახებ კითხვებს დავსვამთ იქ, სადაც საჭიროა… მე მეტს არ შეგაწუხებთ, თქვენ კი იფიქრეთ, _ თქვა ნორლანდმა და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა სოლოლაკის დაღმართზე.

ბიძინა საგონებელში ჩავარდა. ორი დღე და ღამე დანა პირს არ უხსნიდა, გადიოდა ტერასაზე, გამოდიოდა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, არც ნიცშე ჩანდა, ჰეგელის ხმა კი ყრუდ ესმოდა.

ბოლოს თქვა, რაც იქნება იქნება, რაც უნდათ, ის თქვან, მე მაინც ჭარბი ნდობა მაქვსო, მოიხურა საბანი და ძილის წინ მტკიცედ წარმოთქვა “მიშა წარსულია და აღარ გვაინტერესებს! მიშა წარსულია არავის აინტერესებს! მიშა წარსულია…”

მერე გადაიფარა “ჟატის” საბანი და ღრმა ძილს მიეცა.

გრიგოლ ინგაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here