Home რუბრიკები საზოგადოება ინტერვიუ ლეღვის ფოთოლთან

ინტერვიუ ლეღვის ფოთოლთან

1849

თავიდანვე სიმართლეს გეტყვით, ჩვენი მიზანი არ იყო ინტერვიუს ჩაწერა ლეღვის ფოთოლთან. ეს, უბრალოდ, მისი ინიციატივა იყო, ელაპარაკა იმის მაგივრად, რასაც ასე საგულდაგულოდ ეფარებოდა. იმასაც გეტყვით, იმისთვისაც, რასაც ის ეფარებოდა, მხოლოდ ნამდვილი სახელის თქმა გვინდოდა ხმამაღლა, თორემ კითხვების დასმას არც ამ შემთხვევაში ვაპირებდით. უბრალოდ, ლეღვის ფოთოლმა, როგორც საზოგადოდ ლეღვის ფოთლებს სჩვევიათ ხოლმე, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა:

 

_ მე მითხარით და გადავცემ! _ მკაცრად დაიწყო მან.

_ გადაეცით, რომ ის არის

_ ეგ იცის! ყველა მაგას ეუბნება, სხვა თქვით რამე, თუ გინდათ! _ მოგვიჭრა სიტყვა.

_ სხვა არაფერი. მხოლოდ ეგ გვინდოდა.

_ აი, თქვენნაირების გამკვირვებია, რა! ამხელა ამბავს მაგიტომ ატეხთ ხოლმე, რომ ეგ უთხრათ? მეტი საქმე არ გაქვთ?

_ მერე შენ რაღა გინდა, რაღას ეფარები?

_ აბა, აქ თუ არ ავეფარები, მაშინ ლეღვის ხეზე უნდა ვიყო ჩამოკიდებული, ერთ ადგილზე!

_ და ახლა უკეთეს ადგილზე ხარ ჩამოკიდებული?

_ რა შედარებაა! აქ ამასთან ერთად აქეთ-იქით მაინც დავდივარ, ქვეყანას ვათვალიერებ…

_ რას ათვალიერებ, კაცო, შენ?! ჰა, დიდიდიდი, ბევრი ტუალეტი გქონდეს ნანახი, სხვას ვინ რას განახვებს?!

_ ლეღვის ხეზე ვერც მაგას ვნახავდი!

_ იქ შენნაირებთან ერთად მაინც იქნებოდი და ერთ ბედს გაიზიარებდით!

_ კაი, კაცო, ერთი! ეგ სულელები, უარი თქვეს აფარებაზე და არიან ჩამოკიდებული ხეზე და როდის მოწყვეტს ქარი და სად წააფრიალებს, ღმერთმა უწყის! ეგაა ცხოვრება?

_ და შენ რამდენ ხანს აპირებ მაგას აეფარო?

_ მე? არ მოვშორდები არასოდეს!

_ შენამდე რომ იყო აფარებული, ის სადაა?

_ ის მოიშორეს… მოიფრიალეს და მე უფრო ახალი და უფრო ლამაზი… მოიცა, შენ გინდა, თქვა, რომ… არა…

აქ ლეღვის ფოთოლი ისე აცახცახდა, რომ სიტყვის დაძვრა ვეღარ შეძლო, ამიტომ ინტერვიუს გაგრძელებასაც აზრი აღარ ჰქონდა და წამოვედით. გზად ლეღვის ფოთლების მთელი აცმა დავინახეთ, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ: “ეს რომ გამოჭიმულა იქ, ჩვენ რა, ნაკლებად ავეფარებით?” _ და მტრული თვალით უყურებდნენ ჩვენს რესპონდენტს…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here