Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია, ბევრი კარგი გააკეთოს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

თამარ კიკნაძე: ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია, ბევრი კარგი გააკეთოს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

722

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორად დანიშნეს. ბევრმა პოლიტოლოგმა და პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ოდესაშიკარგი საქმის საკეთებლადარ არის გამწესებული

_ მიხეილ სააკაშვილი გლობალური მოთამაშეა. ის არასოდეს ყოფილა ქართული ინტერესების გამტარებელი, რასაც საქართველოსთვის მძიმე შედეგი მოჰყვა. მას სამოქმედო არეალად საქართველო არ ჰყოფნიდა, ხან სი-ენ-ენ-ზე იყო გამოჭიმული, ხან ბი-ბი-სი-ზე, რითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აღფრთოვანებას იწვევდა. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველო მსოფლიომ გაიცნო, იმას კი ვერ ათვითცნობიერებდნენ, რომ ამის მიზეზი ომი და ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული უბედურება იყო. ალბათ, მოისმინეთ სააკაშვილის ახლანდელი ინტერვიუც, რომელშიც იგი ამბობს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჭაობია…

დასავლეთში მიშასთვის თეორიაც კი შეიქმნა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა პატარაა და მას დიდი სახელმწიფოებისგან განსხვავებული ფუნქცია აქვს. ამ თეორიის თანახმად კი, ქვეყანა დიდია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს _ მთავარია, მას როგორი ლიდერი ჰყავს და მიშაც ისეთ ლიდერად იქნა მიჩნეული, რომელმაც თავის თავზე აიღო გლობალური ფუნქცია _ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. შედეგი კი ძალიან მძიმე აღმოჩნდა _ დაღუპული ბიჭები, დე იურედ დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკურად გაჩანაგებული ქვეყანა.

_ ასეთ მძიმე შედეგს ელოდებიან ოდესაშიც. ზოგმა ისიც კი თქვა, ოდესა რუსეთის ხელში აღმოჩნდებაო

_ სააკაშვილი საქართველოს ინტერსებს რომ არ ატარებდა, ფაქტია; უკრაინაშიც იგივე მისია აქვს დაკისრებული. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური გარიგებები ხდება. ხომ დავინახეთ, საქართველოს მიმართ მხოლოდ აღშფოთდნენ და შეშფოთდნენ… საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენთვის წამგებიანად დამთავრდა. დღეს აფხაზეთსა და ოსეთზეც ცოტას ლაპარაკობენ და ყირიმის საკითხიც რიტორიკის დონეზეა.

_ ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს სააკაშვილი და მისი ოდესაში გაგზავნაც, თავიდან მოშორების ტოლფასიაო

_ ფაქტია, რომ მიშას გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვს რესპუბლიკელებთან, კერძოდ, სენატორ მაკკეინთან, მაგრამ ამ შემთხვავაში, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დიდი სხვაობა არ არის.

ოდესაში სააკაშვილის გაგზავნით მისი დევნის საკითხი წყდება. მიშას ვეღარ დაიჭერენ, რადგან ის უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თანამდებობის პირი, მგონი, ამით ჩვენმა ხელისუფლებამაც შვებით ამოისუნთქა, მაგრამ, როგორც იურისტები აღნიშნავენ, ეს ვერ იხსნის მას ჰააგის სასამართლოსგან.

_ უნდა შეწყდეს თუ არა იმ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც იფარავს, უფრო მეტიც, მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს პოლიტიკოსს, რომელსაც სამშობლოში დანაშაული აქვს ჩადენილი? საქართველოს უკრაინიდან ელჩი არ უნდა გამოეწვია?

_ რა თქმა უნდა, რაც დღეს ხდება, საქართველოსთვის დამამცირებელია _ სამშობლოში ძებნილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში გუბერნატორად ინიშნება. რაც შეეხება საქართველოს დემარშს, საქართველო დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და იგი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს დასავლეთის აზრს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის უსუსური განცხადებები, რომელთაც პოლიტიკოსები აკეთებენ.

_ “ნაციონალებშირღვევა დაიწყო. რა პროცესები მიმდინარეობს?

_ მათ, როგორც ჩანს, შიგა დაპირისპირებები აქვთ, რაც ბუნებრივია. თუმცა პარტიიდან წასული ადამიანები, მაინც რჩებიან ერთი იდეოლოგიის გამტარებლად, ამიტომ სად გადაინაცვლებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკურ გადაადგილებებს უნდა ველოდოთ. ლაპარაკი დაიწყო საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზეც.

დღეს ხალხის დაკვეთაა, ახალი, პოზიტიური და კონსტრუქციული ძალა შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ამის საშუალებას პოლიტიკური ბაზარი არ იძლევა. იგი ჩაკეტილია და კონტროლდება. ქვეყანას სჭირდება არაორდინარულად მოაზროვნე თავგანწირული პოლიტიკოსები, რომლებსაც კარგად ექნებათ გათვითცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა, კეთილდღეობა და შემოსავლის წყარო კი არა, დიდი პასუხისმგებლობა და მძიმე ჯვარია.

_ რა შეიძლება ვუწოდოთ დღეს საქართველოს?

_ საქართველოს სახელმწიფოს ნიშნები აქვს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო, ბოლომდე შემდგარი არ არის. მაგალითად, არ ჰყავს მიუკერძოებელი, ძლიერი ბიუროკრატია, რომელიც აპოლიტიკური იქნება, ქვეყნის ინტერესებს გაატარებს და დაიცავს მას პოპულისტი პოლიტიკოსების წინდაუხედავი ნაბიჯებისგან. ქვეყანა საკუთარ ინტერესებზე აგებულ დაბალანსებულ პოლიტიკას უნდა ატარებდეს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს.

_ დავუბრუნდეთ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, რას მოუტანს ეს უკრაინელებს?

_ მიშა დესტრუქციული ადამიანია და ასეთია მისი პოლიტიკაც. დარწმუნებული ვარ, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა უკრაინელ ხალხს კარგს არაფერს მოუტანს. ოდესა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია და დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკას ესაზღვრება. ეს არის რუსეთისთვის ამ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ტერიტორია. კიევმა რუსებს საჰაერო გზა ჩაუკეტამიშას დანიშვნა შემთხვევითი არ არის. ამ რეგიონში სიტუაციის გართულებას უნდა ველოდოთ.

_ ქალბატონო თამარ, თვლით თუ არა, რომ ამერიკის დაკვეთით, ივანიშვილმა ლოკომოტივის როლი შეასრულა და ის პარტიები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეეძლოთ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანა?

_ ამაზე ხშირად მიფიქრია. ანალოგიურად ფიქრობს და საუბრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ბატონი ალექსანდრე ძალიან განათლებული და საინტერესო ადამიანია, აქტუალური დღევანდელი ქართული პოლიტიკისთვის. მე გავეცანი მის პუბლიკაციებს და ვთვლი, რომ მისი პროგნოზები ახდა. ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია, ბევრი კარგი გააკეთოს ქართულრუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

_ რიგის სამიტის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ხელისუფლებას იმედგაცრუება ეტყობა, რადგან აბაშიძეკარასინის შეხვედრების ფორმატის გაზრდაზე დაიწყო საუბარი

_ ფრთხილად, მაგრამ რაღაც კეთდება. ამ საკითხზე თვითონ “ოცნებაშიც” განსხვავებული მოსაზრებებია: მკვეთრად პროდასავლური ძალაა რესპუბლიკელები, რომლებიც ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებს იკავებენ, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

_ რა პოზიციაზეა ივანიშვილი, რომელიც კარგა ხანია, არსად ჩანს, მას გადაცემებიც აღარ მიჰყავს.

_ ძალიან კარგი, თუ აღარ მიჰყავს, რადგან მისთვის ეს გადაცემა ძალიან წამგებიანი იყო…

ივანიშვილი თავისუფლად ვერ მოქმედებს, თავისი კაპიტალით ის ძლიერ არის დამოკიდებული გარკვეულ ძალებზე. სწორედ ამიტომ არ არის სასურველი ოლიქარგის პოლიტიკაში ყოფნა.

_ ქალბატონო თამარ, რას იტყვით ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომელმაც მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია?

_ დიახ, ესეც პოლიტიკური პროცესია. როდესაც შეეცადნენ, პრობლემები შეექმნათ რუსეთისთვის 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამო და სანქციები სპორტზეც გავრცელებულიყო, ფიფას პეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ფეხბურთი სპორტია და და პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება, ამიტომ, ბუნებრივია, ბლატერსაც პრობლემები შეექმნა.

დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ვექტორი, ძირითადად, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს დასავლეთის მთავარი სამიზნე სწორედ რუსეთია, მანამდე იყო ირანი. დღეს ირანთან დაახლოების მცდელობას ვხედავთ. აშშის ტრადიციული პარტნიორი ისრაელიც კი იწირება და ხდება მისი ჩანაცვლება ირანით. ამ საკითხზე, მინდა, შესანიშნავი ინგლისელი მეცნიერის _ არნოლდ ტოიმბის თვალსაზრისი გავიხსენო. იგი ამბობდა, რომ ისრაელის ფუნქცია დროებითია, შესაძლოა, მან იარსებოს მხოლოდ 60-70 წელი და თავისი დრო მოჭამოსო. ჩვენ ამ მომენტის წინაშე ვდგავართ, სწორედ ამიტომაც არის ასე უკმაყოფილო ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშისა და დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების მოხსნით, თუმცა ამ სანქციების მოხსნაც ასეთი ადვილი არ არის, რადგან ეს გადაწყვეტილება უნდა მოიწონოს აშშის კონგრესმა, სადაც საკმაოდ ძლიერი ებრაული ლობია. ირანისთვის სანქციების მოხსნით აშშ-ს სურს რუსული ბუნებრივი აირის ირანულით ჩანაცვლება, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – გაზსადენმა სირიის ტერიტორია უნდა გაიაროს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ ცოტა ხნის წინათ ბაშარ ასადს სი-ენ-ენ-ის პრაიმთაიმში ინტერვიუსთვის დაუთმეს დრო. შესაძლოა, სირიის მიმართაც გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ ფეხბურთის დონეზეც კი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება. აბა, რა დევიდ კემერონისა და ანგელა მერკელის საქმე იყო ბლატერის გადადგომის მოთხოვნა?! ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. თქვეს, რომ ამ ორგანიზაციაში კორუფციაა, მაგრამ კორუფცია ხომ ყველგან არის?!

აღსანიშანავია, რომ ბლატერი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფეხბურთის განვითარებას აზიისა და აფრიკის ქვეყნებში და ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა სწორედ მას დაუჭირეს მხარი. ბლატერმა გაიმარჯვა; მისმა მოწინააღმდეგემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალჰუსეინმა მეორე ტურში თავისი კანდიდატურა მოხსნა. არა მგონია, ეს ყველაფერი ასე მარტივად დასრულდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here