Home რუბრიკები საზოგადოება ვართ თუ არა საცდელი ვირთხები და რა ექსპერიმენტი ტარდება საქართველოში

ვართ თუ არა საცდელი ვირთხები და რა ექსპერიმენტი ტარდება საქართველოში

951

ჩვენი გაზეთის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომრიდან დაიწყო ჩვენი გამოცემისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის _ ჯანმრთელობა _ განხორციელება.

დღეს ჩვენი სტუმარია აღნიშნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე.

ამსენსაციურთემაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

ცენტრი, როგორც ასეთი

_ ხომ არ არის პარალელიზმის ელემენტები თქვენი უწყებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საქმიანობაში?

_ არა, არ არის.

სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირია. იგი ანგარიშვალდებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხაზიდან. გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და კონტროლში ცენტრი ეროვნულ დონეზე წამყვანი ორგანიზაციაა. იგი შეიმუშავებს ეროვნულ სტანდარტებს, სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ახორციელებს ეპიდზედამხედველობას, იმუნიზაციას, ლაბორატორიულ სამუშაოებს, კვლევებს, უზრუნველყოფს კონსულტაციებს და რეაგირებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგებო მდგომარეობებზე. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ ჯანდაცვის სტატისტიკას. მოკლედ ასე შეიძლება გიპასუხოთ.

_ .. თქვენ გასცემთ რჩევებსა და რეკომენდაციებს

_ რა თქმა უნდა, თანაც, ბევრი მიმართულებით. მედიცინაში ორი მთავარი მიმართულებაა: დაავადებების პრევენცია, სხვადასხვა რისკფაქტორებზე ზემოქმედება და საზოგადოებაში მეტი განათლების შეტანა ისეთი მავნე ჩვევებისთვის თავის არიდების საკითხებზე, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სიმსუქნე და ა.შ., რაც მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.

მეორე მთავარი მიმართულებაა დაავადებული ადამიანების მკურნალობა. ეს ფუნქცია აკისრია საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, პოლიკლინიკებს, ანუ სამკურნალო ქსელს. ამ საქმეს, ისევე როგორც პრევენციულ მიმართულებას, სათავეში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უდგას და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი აკოორდინირებს.

_ შეიძლება, რომელიმე კონკრეტული მაგალითით აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, თუნდაც, პრევენციის თემა?

_ მაგალითად, გულის კუნთის ინფარქტის მთავარი რისკფაქტორი არის სისხლის მომატებული წნევა, ასევე _ ინსულტის, დიაბეტის, თვალის ბადურის, თირკმლის სხვადასხვა დაავადების განვითარების და ა.შ. ახლახან სწორედ მაღალი წნევის კვირეული ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. 17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს, გავმართეთ პრესკონფერენცია. მოქალაქეებს მოვუწოდეთ, აუცილებლად გააკონტროლონ თავიანთი წნევა, წელიწადში ორჯერ მაინც მივიდნენ ოჯახის ექიმთან. კონსულტაცია უფასოა.

_ პაციენტი ფულს არ იხდის?

_ რამდენჯერაც გსურთ, შეგიძლიათ, იმდენჯერ მიხვიდეთ ოჯახის ექიმთან და ამაში ფულს არავინ გადაგახდევინებთ. პრობლემა რა არის, იცით? საქართველოში მოსახლეობის 30 პროცენტს წნევა არასოდეს გაუზომია.

ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია, როგორც გითხარით, საზოგადოებაში სამედიცინო განათლების შეტანაა.

_ გათვითცნობიერება?

_ დიახ. არა პროფესიული სამედიცინო განათლების შეტანა, არამედ ცოდნა დაავადებების შესახებ. პროფესიული განათლება, თქვენს მკითხველს მოეხსენება, საექიმო განათლების ნაწილია, რისთვისაც მოწოდებულია სამედიცინო უნივერსიტეტები.

ჩვენი ერთ-ერთი დიდი დეპარტამენტი მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიტანა, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ დაავადების თავიდან ასაცილებლად.

_ სად შეიძლება მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კეთილი რჩევა?

_ ჩვენს ვებგვერდზე, მასმედიის საშუალებით, სოციალური ქსელებით. ახლა უკვე თქვენი გაზეთის დახმარებითაც.

_ მე ისე გავიგე, რომ კონტროლი, რომელიც თქვენი ერთერთი ფუნქციაა, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის გაკონტროლებას არ ნიშნავს.

_ დიახ, ასეა. ჩვენ არავის ვამოწმებთ, არავის ვსჯით. თუმცა ამის რაღაც კომპონენტი გვაქვს. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა ბავშვების და, ზოგადად, მოსახლეობის იმუნიზაცია.

_ აცრები?

_ დიახ, ხალხში ამ სახელითაა ცნობილი. სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვენციაა. ამით ხდება მილიონობით ადამიანის სიცოცხლის დაცვა და ეს მიჩნეულია მედიცინაში კაცობრიობის უპირველეს მიღწევად.

საქართველოში იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი ჩვენი ცენტრია. ეს ნიშნავს, რომ 6 წლის ასაკამდე ბავშვები ჩვენი ეროვნული კალენდრის მიხედვით აცრილი უნდა იყვნენ 12 არსებული ინფექციის წინააღმდეგ.

_ რომელი ინფექციური დაავადებები იგულისხმება?

_ დიფტერია, წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, ისეთი უმძიმესი დაავადება, როგორიც პოლიომიელიტი და კიდევ სხვა მრავალი. ბოლო ორი წლის განმავლობაში დავნერგეთ ახალი ვაქცინები _ პნევმოკოკის, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო, რომლითაც ძალიან ბევრი ბავშვი ავადდება ხოლმე და ა.შ.

ერთი მხრივ, პირველადი ჯანდაცვის ქსელის საშუალებით ვახორციელებთ ამ აცრებს; მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების საშუალებით ვაკონტროლებთ რამდენად მასობრივია იგი. ამის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მათ შორის, ადგილობრივი მმართველობების ჩართვითა და მონაწილეობით.

_ აცრები უფასოა?

_ დიახ. იმუნიზაცია სახელმწიფოს ხარჯით ხდება. დავუმატებ, რომ ყველა ვაქცინა, რომლებიც ქვეყანაში შემოგვაქვს, მაღალხარისხოვანია და ყველა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის სერტიფიცირებული. მაშასადამე, უსაფრთხოა და სასურველია, რომ ყველა ჩვენი ბავშვი იყოს აცრილი.

ჩვენს ცენტრს აქვს კიდევ ერთი მიმართულება _ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რომელზეც შეგვიძლია, სხვა დროს ვისაუბროთ.

ადამიანზე ორიენტირებული

_ ბატონო ამირან, მომდევნო ჩემს შეკითხვას ნაწილობრივ თქვენ უკვე უპასუხეთ. მინდა, გთხოვოთ, უფრო გაშალოთ საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის თემა.

_ საყოველთაო ჯანდაცვა ახალი მთავრობის უმთავრესი მიღწევაა, რომელიც ამ ორნახევარ წელიწადში განხორციელდა სამედიცინო დახმარებისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, 2030 წლისთვის სამედიცინო სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა გლობალური ჯანმრთელობის უპირველესი მიზანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის მსოფლიო მოხსენება სწორედ ამ მთავარ მიზანს უსახავს ქვეყნებს. უნივერსალური ჯანდაცვის არსია ჯანმრთელობის დაცვისადმი ყველა ადამიანის ხელმისაწვდომობა, მისი სოციალური სტატუსის, ცხოვრების დონის, შემოსავლის და ა.შ. მიუხედავად.

ხელმისაწვდომობა მაღალი განვითარების ქვეყნებში მიღწეულია. განვითარებად სამყაროში კი ეს პრობლემა სერიოზულად დგას.

ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჯანდაცვა ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად რომ გამოცხადდა, ამიტომაც პირველსავე წელიწადს ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში არასოდეს მომხდარა, პირველი პრეცენდენტია.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენთან ყველა ადამიანი დაცულია კატასტროფული რისკებისგან.

_ ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ სრულად ვართ გარანტირებული?

_ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ გაფართოებული ბაზისური სამედიცინო დახმარების პაკეტი სერიოზული ლიმიტებით (წელიწადში დაახლოებით 15 ათასი ლარის ფარგლებში), რათა დაავადების მიზეზით ადამიანი არ გაღატაკდეს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სრულფასოვანი მკურნალობის ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს სახლ-კარის გაყიდვა ან ბანკებიდან დიდი, უმეტეს შემთხვევაში ისეთი სესხის აღება სჭირდებოდა, რომლის გადახდას ვერ ახერხებდნენ.

_ გამოჯანმრთელება გაღარიბების ფასად?

_ დიახ, ასე იყო. დღეს სახელმწიფო პაციენტს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამედიცინო ჩარევებს (გულზე, სახსრებზე ოპერაციები, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და სხვ.) უნაზღაურებს. რა თქმა უნდა, დაწესებული საკმაოდ სერიოზული ლიმიტების ფარგლებში, როგორც ყველა ქვეყანაში.

_ ალბათ, უამრავი საბუთის შეგროვებაა საჭირო ამ უფასო მკურნალობის ჩასატარებლად

_ თუ მწვავე შემთხვევაა _ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიჰყავს ავადმყოფი კლინიკაში ან თვითონ მიდის, საკმარისია მხოლოდ მისი პირადობის მოწმობის წარდგენა. სახელმწიფო ამ დოკუმენტით გადაუხდის საავადმყოფოს, კლინიკას ჩატარებული მკურნალობის საფასურს.

თუ, ვთქვათ, გეგმიურ ოპერაციაზეა ლაპარაკი, მაშინ მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოებსა და მის ფილიალებს, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მძლავრი სტრუქტურის სახით. მათი საშუალებით (ფილიალები ყველა მუნიციპალიტეტშია) ხორციელდება ყველა ფინანსური ოპერაცია სოციალური მომსახურებისა თუ ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში _ პენსია იქნება ეს, სხვადასხვა დახმარება, მკურნალობის დაფინანსება და ა.შ.

პაციენტი მიდის სააგენტოში, სადაც არის საყოველთაო ჯანდაცვის ერთეული, განყოფილება, წერს განცხადებას, რომელსაც თან უნდა დაურთოს ექიმის დიაგნოზის ამონაწერი, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდება. შემდეგ მას განმცხადებლის სურვილის მიხედვით შერჩეულ სამკურნალო დაწესებულებაში აგზავნიან. უმწეო, სოციალურად დაუცველი ადამიანების კატეგორიას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. არის თანაგადახდის ელემენტიც, როცა სახელმწიფო იხდის 70-80 პროცენტს, დანარჩენი _ 20-30 პროცენტი პაციენტის დასაფარია. ყველა ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო არეგულირებს.

_ თქვენი ცენტრი?

_ ჩვენი ცენტრი განახორციელებს 8 სახელმწიფო პროგრამას. იმუნიზაციაზე უკვე გელაპარაკეთ (ვაქცინების შესყიდვა, დარიგება, განაწილება, ადგილზე მიტანა, ყველა რაიონში ადამიანების აცრის სტატუსის შემოწმება და ა.შ.); ეპიდზედამხედველობის პროგრამა; ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობა და არა მკურნალობა; პასუხისმგებელი ვართ, აგრეთვე, აივ-ინფექცია/შიდსის მონიტორინგზე და არა მკურნალობაზე; ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი საქმე არის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა (ადამიანებისთვის გადასხმული ყველა სისხლი უნდა იყოს უსაფრთხო, რასაც სისხლის ბანკების საშუალებით ვაკონტროლებთ). კიდევ რამდენიმე პროგრამის კონტროლი გვევალება, ისეთების, როგორიცაა ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროგრამა; პროფესიულ დაავადებებზე კონტროლის პროგრამა და ა.შ.

ვართ თუ არა საცდელი ვირთხები?

_ ინტერნეტსივრცეში უცხოური გამოცემების პუბლიკაციების მოშველიებით გამოჩნდა დიდი ეჭვის შემცველი წერილები: უფასოდ გვაძლევენ მედიკამენტებს, უწინარეს ყოვლისა, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს, უფასოდ იმიტომ, რომ საქართველოს განიხილავენ, როგორც ლაბორატორიას, სადაც მოსახლეობაზე (თეთრ ვირთხებზე) გამოსცდიან ამ ახალი საშუალების ეფექტიანობას.

გვწამლავენ?

_ ჩვენ ცენტრს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული C ჰეპატიტის აღმოფხვრის იმ უპრეცენდეტო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში დაიწყო.

დღეს მსოფლიოს ისტორიაში აღმოფხვრილია ერთადერთი დაავადება _ ყვავილი, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. აღმოფხვრილია ძირითადად ვაქცინაციის მეშვეობით.

1979 წლის შემდეგ ასეთი ვაქცინაცია ყვავილის წინააღმდეგ აღარ კეთდება _ საჭიროება არ არსებობს.

ასეთ დაავადებებს ვაქცინით მართვადი დაავადებები ეწოდება.

ამჟამად რიგში დგას პოლიომიელიტი, რომელიც მსოფლიოს სამ ქვეყანაშია დარჩენილი: პაკისტანში, ავღანეთში და ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში. საქართველოში პოლიომიელიტის შემთხვევა 1992 წლიდან აღარ გვქონია. მაგრამ მის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ამჟამადაც ყოველწლიურად ვაწარმოებთ.

ამის შემდეგ წითელა დგას რიგში. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეს დაავადება სრულად არის აღმოფხვრილი. ევროპა ამის მიღწევას 2020 წლისთვის აპირებს.

C ჰეპატიტი ასევე ინფექციური (ვირუსული) დაავადებაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. 90-იან წლებში, როცა C ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერფერონი დაინერგა, განკურნების მაჩვენებელი ზოგიერთი გენოტიპის შემთხვევაში 50-60 პროცენტი იყო. ზოგი ადამიანი სრულად ინკურნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი _ ვერა, თანაც ამ საშუალებით მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა და თან ახლდა ბევრი გვერდითი ეფექტი.

დღეისთვის მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით 180 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 3 წელიწადია, რაც მედიცინამ უზარმაზარი გარღვევა მოახდინა ამ დაავადების მართვის საქმეში. 2013-2014 წლების უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში შედის პრეპარატი სოფოსბუვირი, რომელიც 3 წელიწადია C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება მსოფლიოში და რომელმაც უდიდესი გადატრიალება მოახდინა ამ საქმეში.

_ უკვე მოახდინა?

_ დიახ, უკვე მოახდინა! ეს პრეპარატი დაახლოებით 9 წლის წინათ, ვიმეორებ, 9 წლის წინათ, შექმნა ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა შინაზიმ, რომელსაც პირადად ვიცნობ. მას ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია აქვს. თავისი იდეა და წამალი მან მიჰყიდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას “გილიადს” (რომელიც ამჟამად საქართველოსთანაც თანამშრომლობს). ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტული, კლინიკური კვლევა, დადგინდა, რომ ამ პრეპარატით განკურნების მაჩვენებელი 90 პროცენტს სცილდება, ხშირ შემთხვევაში, 95 პროცენტს სჭარბობს. ეს პრეპარატი, 2 წელიწადზე მეტია, გამოიყენება ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, დარეგისტრირებულია ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ.

ამ პრეპარატის პრობლემა მისი სიძვირეა: სამთვიანი მკურნალობის კურსი აშშ-ში 80-85 ათასი დოლარი ღირს. ერთი აბი პრეპარატის ღირებულება ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ. საშუალოდ ათასი დოლარია.

მკურნალობა 3 თვეს გრძელდება. ავადმყოფი დღეში ერთხელ იღებს წამალს; ზოგიერთი გენოტიპის მკურნალობისთვის 6 თვე, ან ცოტა მეტი დროა საჭირო.

თუ, ერთი მხრივ, ამ პრეპარატის გამოჩენა სამედიცინო ბაზარზე დიდი გარღვევა იყო, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობა პრობლემად წარმოჩნდა. ამ შეუთავსებლობას მდიდარ ქვეყნებში სახელმწიფო ან დაზღვევა ფარავს, რაც ღარიბი სახელმწიფოებისთვის ყოვლად წარმოუდგენელია.

კომპანიას, რომელმაც ეს წამალი შექმნა, აქვს უზარმაზარი შემოსავალი, მაგრამ ამასთან ერთად უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაც ეკისრება. მან ლიცენზია მიჰყიდა ინდოეთს, სადაც C ჰეპატიტის გავრცელების დონე ძალიან მაღალია, რათა ამ უკანასკნელს დაბალ ფასად გაევრცელებინა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სააფთიაქო ქსელებით, სადაც საქართველო არ შედის.

კომპანია “გილიადი”, როგორც მოგახსენეთ, კარგად თანამშრომლობს საქართველოსთან და ეს დიდი პატივია ჩვენთვის. ამ თანამშრომლობას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შუამდგომლობამ. ეს ცენტრი შტატებში ერთ-ერთი უმთავრესი ფედერალური დაწესებულებაა (მის მაგალითზე შეიქმნა ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც მასთან შედარებით ძალიან პატარა ორგანიზაციაა, მაგრამ ფუნქციებით იდენტურია), მისი წარმომადგენლობა ჩვენს დაწესებულებაშია განთავსებული და ბევრი საკითხის გადაჭრაში აქტიურად გვეხმარება. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დაწყება მათი მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. შეიქმნა ერთგვარი სამკუთხედი: საქართველოს მთავრობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროთი იყო წარმოდგენილი, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მწარმოებელი კომპანია “გილიადი”.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:

* C ჰეპატიტის ინფექციის მაღალი პრევალენტობა ზოგად მოსახლეობაში (2001 წელს შიდსის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, მოზრდილი მოსახლეობის 6,7 პროცენტი ინფიცირებულია, ასეთი კვლევა ამჟამად მეორედ ტარდება. საბოლოო შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გვეცოდინება),

* ქვეყნის შედარებით პატარა ფართობი (69,700 კმ2) და მოსახლეობის რაოდენობა (4.5 მილიონი)

* ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით

* C ჰეპატიტის თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების არსებობა

* ფართომასშტაბიანი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების დანერგვისათვის ეფექტიანი სისტემების არსებობა ქვეყანაში

* გამოცდილი ექიმები, დიაგნოსტიკის კარგი ლაბორატორიული ბაზა

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გადაწყდა, საქართველოში განხორციელებულიყო მსოფლიოსათვის სამოდელო პროექტი C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით.

_ და არა პრეპარატის გამოცდისა და ადამიანებზე ექსპერიმენტის განხორციელების თვალსაზრისით?

_ დიდი ხანია, ეს წამალი გამოცდილია! დიდი ხანია, დადგენილია მისი ეფექტიანობა და წარმატებით გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ გავხდეთ მსოფლიოსთვის სამოდელო ქვეყანა C ჰეპატიტის ელიმინაციის თვალსაზრისით და არა საექსპერიმენტო პოლიგონი, როგორც ეს ზოგიერთ პუბლიკაციაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არის წარმოჩენილი. კარგი იქნება, თუ თქვენი მკითხველი ამ განსხვავებას ყურადღებას მიაქცევს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მკურნალობა ნებაყოფლობითი პრინციპით ხორციელდება. დაძალება ან თავსმოხვევა აბსოლუტურად გამორიცხულია.

დადგენილია, რომ, ინტერფერონისგან განსხვავებით, ახალ პრეპარატს თითქმის არ აქვს გვერდითი მოვლენები. მკურნალობისთვისაც მარტივია _ ადამიანი სვამს წამალს, ინტერფერონის მკურნალობის დროს კი ინექცია უნდა გაიკეთოს, ამავე დროს, ამ უკანასკნელს ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა.

მიმაჩნია, რომ ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატით C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, პირადად ბატონ დავით სერგეენკოს, რომელიც თვითონ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევაა.

სამინისტროს სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ბატონ ვალერი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, პროფესიონალმა ექიმებმა, შიდსის ცენტრმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთო ძალისხმევით მოკლე დროში შექმნეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია.

ჩვენს ცენტრს ამ პროექტის რეალიზაციის პროცესში მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია და აქტიურად ვართ ჩართული ახალ ფართომასშტაბიან პოპულაციურ კვლევაში, რათა დავადგინოთ გავრცელების ზუსტი ციფრები როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ცალკეული რეგიონების მიხედვით. ასევე ცენტრის ბაზაზე ექსპერტთა ჯგუფი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელბთან ერთად ვმუშაობთ ხანგრძლივვადიან (2020 წლამდე) ელიმინაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

ამიტომ, ვიმეორებ, წამლის არავითარ გამოცდაზე არ შეიძლება ლაპარაკი. პირიქით, ეს დიდი შეღავათია მოსახლეობითვის, უმნიშვენელოვანესი საზოგადოებრივი ჯანმრთელების პროგრამა და ასევე, უზარმაზარი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენ 5 წლის განმავლობაში უნდა ვუმკურნალოთ 100-150 ათას ადამიანს, მაგრამ, რაც მთავარია, უნდა მოვახდინოთ ახალი ინფექციის განვითარების პრევენცია და მოვსპოთ ინფექციის ახალი წყაროები. რადგან C ჰეპატიტი სისხლით გადამდები დაავადებაა, მკაცრდება ერთის მხრივ ინფექციის კონტროლი სამედიცინო, სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, სილამაზის, სვირინგების სალონებში და, საერთოდ, ყველგან, სადაც გადადების რისკი მაღალია და, მეორეს მხრივ, მეტი პროფესიული განთლების შეტანაა საჭირო სამედიცინო საზოგადოებაში. ამავე დროს, უნდა ამაღლდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ამ მიმართულებით.

2015 წელს 5 ათას ადამიანს ვუმკურნალებთ. მომდევნო წლებში ყოველწლიურად 20 ათასი ავადმყოფისთვის მოგვაწვდიან წამალს. პრეპარატი უკვე ჩამოტანილია საქართველოში. პაციენტების რეგისტრაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი 4 სამედიცინო ცენტრშია დაწყებული. ესაა: ინფექციურ დაავადებათა ცენტრალური საავადმყოფო, კლინიკა “ჰეპა”, კლინიკა “მრჩეველი” და კლინიკა “ნეოლაბი”. დიაგნოსტიკის ხარჯებს სახელმწიფო მნიშვნელოვნად ფარავს _ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის _ ცენტრალური ხელისუფლება _ 70 პროცენტს, ადგილობრივი _ 20 პროცენტს. დანარჩენ 10 პროცენტს, რაც 40-45 ლარია, იხდის პაციენტი. პაციენტების მომსახურების გეოგრაფიული არეალი თანდათან გაფართოვდება და მოიცავს რეგიონებს.

ხოლო მკურნალობა, ვიმეორებ, ყველასთვის უფასოა, რადგან წამალი “გილიადმა” უფასოდ გადმოგვცა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

_ რით მოიხიბლნენ?

_ შარშანდელი სექტემბრის შემდეგ სამ-ოთხჯერ ჩამოვიდა ჩვენთან სხვადასხვა დელეგაციები, სკრუპულოზურად შეისწავლეს სიტუაცია და დაასკვნეს, რომ ამ სოციალური პროექტის განხორციელება საქართველოში შესაძლებელი და ეფექტიანი იქნება. მკურნალობა უფასოა არა მხოლოდ “გილიადის” წამლით, არამედ დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს აუცილებელი ინტერფერონითა და რიბავირინით მკურნალობის შემთხვევაშიც.

შემოდგომისთვის ეს ფირმა მოგვაწვდის იმავე წამლის ახალ, განვითარებულ სახეობას _ “ჰარვონს”, რომლის ერთ ტაბლეტში ორი პრეპარატი იქნება და მაშინ მკურნალობას ინტერფერონი აღარ დასჭირდება.

ადამიანებს გაუჩნდათ სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობა, რეალური გახდა შანსი იმისა, რომ C ჰეპატიტი არ გართულდეს და არ გადაიზარდოს ციროზში, ღვიძლის კიბოში და ა.შ.

_ თუ ადამიანმა არ იცის, C ჰეპატიტი რომ სჭირს, რა უნდა ქნას?

_ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გაარკვიონ თავიანთი სტატუსი ამ დაავადებასთან დაკავშირებით _ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მათ ამას მარტივი პროცედურით დაუდგენენ. ყველა, ვიმეორებ, ყველა უზრუნველყოფილი იქნება წამლით!

დარწმუნებული ვარ, რომ ამ უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებით საქართველოში შესაძლებელი გახდება C ჰეპატიტის აღმოფხვრა და სწორედ ეს ფაქტი აპირობებს ჩვენი ქვეყნისადმი დიდ საერთაშორისო ინტერესს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს და მას არაფერი ემუქრება, C ჰეპატიტის პროგრამა ამოქმედდა, და ყველას ვუსურვებთ განკურნებასა და ჯანმრთელობას!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here