Home რუბრიკები საზოგადოება ზარბეგ ბერიაშვილი: არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე ეყოლებოდა საქართველოს ხელისუფლებაში!

ზარბეგ ბერიაშვილი: არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე ეყოლებოდა საქართველოს ხელისუფლებაში!

828

ზარბეგ ბერიაშვილს, სახელგანთქმულ სპორტსმენსა და რაინდს, სამშობლოს გულშემატკივარ კაცს, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციაში მოსვლა დაუგვიანდა, კარგა ხანია, არ გამოჩენილა.

გასულ კვირა დღეს მოვიდა.

მოვიდა და თქვა:

_ ჩვენს ტელევიზიებს რომ ვუყურებ, ისე ჩანს, რომ საქართველოში აზრის გამოთქმის უფლება მხოლოდ ერთსა და იმავე პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს აქვთ მინიჭებული. რას ფიქრობს ხალხი, რა აწუხებს რიგით ადამიანს, არ აინტერესებთ.

თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი.

_ ბრძანეთ, ბატონო!

_ მაშ, დამიგდეთ ყური

და ვიდრე მის გულისტკივილს გადმოგცემთ, გეტყვით, რომ ახლახან თბილისში ფალავანთა კლუბის წინ გაიხსნა ქართველი მოჭიდავეების ორი ვარსკვლავი _ ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის.

პირველი ვარსკვლავები.

მიაქციეთ ყურადღება: დაფასებული ადამიანია ბატონი ზარბეგი, აღიარებული და პატივცემული.

მისი ნათქვამი სიტყვა არც ხელმოცარულის წუწუნია, არც კერძოდ მის წინააღმდეგ გამოჩენილი უსამართლობის გამო გამწარებული კაცის აღშფოთებით არის ნაკარნახევი.

ვარსკვლავი კი გაუხსნეს, მაგრამ ამ საზეიმო ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან წინა დღით სასწრაფო დახმარების მანქანამ გულიკო ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანა.

გულის უკმარისობის გამო: არანორმალურმა დაძაბულობამ მთელი მისი ცხოვრებისა და საქმიანობის წლებში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა თავისი გაიტანა.

გულიან კაცებს ასე ემართებათ, როგორც წესი.

მეორედ მოხვდა გულის კლინიკაში.

_ სასწაულად მომიარეს, მიმკურნალეს. მხოლოდ მე კი არა, ყველას ასე ყურადღებით ეპყრობიან. ამის დაუნახაობა და ართქმა სირცხვილია.

უანგაროდ!

დამლაგებელს ჩემმა შვილმა ფული ვერ ჩაუდო ჯიბეში! არავითარ შემთხვევაშიო! _ არ გამოართვა…

იქ, საავადმყოფოში მეტი რა საქმე გვქონდა პაციენტებს ველაპარაკებოდით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგზე, ამიტომ, რასაც გეტყვით, მხოლოდ ჩემი საწუხარი არ არის.

და პირველივე წინადადება, რომლითაც თავისი პოზიციის გადმოცემა დაიწყო, გამაოგნებელი იყო:

_ საქართველოში მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე ჩვენ გვგონია!

და ჩამოთვალა: სკოლაში სწავლების დონე დაბალია; დავკარგეთ ტექნიკისა და ტექნოლოგიების ის მიღწევები, რომლებიც ახლო წარსულში გვქონდა, მსოფლიო კი თავისი განვითარებით ძალიან შორს წავიდა. დაკნინდა მეცნიერების როლი და ადგილი.

_ ჩემი თავი ჯანდაბას, 76-ე წელიწადში გადავდექი, მაგრამ ახალგაზრდობამ რა ქნას?

ისე გამოდის, რომ, ჩვენდა უნებურად, სხვისი კარნახით თუ იძულებითა და დაშინებით წინ ვერ მივდივართ. მხოლოდ ლაპარაკია: აი, ეს პროექტები, აი, ეს რეფორმები. მაჩვენეთ ერთი, რომელმა იმუშავა ამ 25 წლის განმავლობაში, რომ ხალხმა თავი გაიტანოს.

ერთი გამონაკლისი ჯანმრთელობის დარგია. მარტო ჩაფიძის კლინიკა არ მაქვს მხედველობაში, ნებისმიერი საავადმყოფო აიღეთ!

ესე იგი, რაღაცის გაკეთება თურმე შეიძლება, მაგრამ რად გინდა, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის.

გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი და ამბობს: ეს ვენეციის კომისიას არ ესიამოვნება; ამას დასავლეთი როგორ შეხედავს; ეს ევროპარლამენტი როგორ შეშფოთდება და ა. შ. იმას კი არ ფიქრობს, ჩემს ქვეყანას რა გამოადგებაო.

ერთხელ იკითხა მაინც? იმათ თვალებში რომ შესციცინებს, ჩვენს ხალხს ჩახედა თვალებში? გაიგო, რა აწუხებს?

აბა, ნახეთ, რა ხდება ბელარუსში! როგორც ძველ სპორტსმენს, ურთიერთობა მაქვს იქაურ ვეტერანებთან და მათგან ბევრი რამ მაქვს გაგებული. ლუკაშენკო, რომელიც ახლახან იყო საქართველოში, ხალხს ძალიან უყვარს.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი სიურჟინი ამას წინათ მეუბნებოდა, ჩვენს პრეზიდენტს რამე რომ დაემართოს, რა გვეშველებაო! ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვნახოთ, რამდენია პენსია ჩვენთან და რამდენი აქვთ ბელარუსში? შედარებაც არ შეიძლება! ჩვენთან კაცი 150-ლარიან პენსიას რომ აიღებს, იმას პენსია არ ჰქვია! 300-ლარიან ხელფასს რომ აიღებს, იმას ხელფასი არ ჰქვია! ბელარუსში ქარხნები არ გაჩერებულა, მოდერნიზაცია მოახდინეს და კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. უმუშევრობა არ აწუხებთ: ხალხი დასაქმებულია და იმაზე უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა. ჩვენ იმ პერიოდს შევნატრით. ხალხზე ვამბობ, თორემ ზოგიერთი ბობოლა ჩვენთან მშობელ დედას გაყიდის, მუცელი გასკდომამდე რომ ჰქონდეს. როგორ შეიძლება, მთელი საქართველო ცუდად იყოს და ზოგ-ზოგები სიმსუქნისგან კანში ვერ ეტეოდნენ?!

მეგობრები, მეგობრებიო, _ გავიძახით, მაგრამ ერთი კაცი მაჩვენეთ, ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოსული, რომელიც ჩვენი მდგომარეობით შეწუხებულიყო და კონკრეტული სიკეთე გაეკეთებინა ჩვენთვის. ის კი არა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში _ იანოშ ჰერმანმა ახლახან გამოგვიცხადა, რომ ჩვენ, თურმე, ჯერ უფლებაც არ გვაქვს, ვიკითხოთ, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი.

შეიძლება, ვიღაცამ აგენტად მომნათლოს, მაგრამ, ნეტავ, ბევრი ჰყავდეს საქართველოს ისეთი აგენტები, რომლებიც ჩემნაირად უერთგულებენ ჩვენს ქვეყანას.

რუსეთთან ურთიერთობაზე, მინდა, ვთქვა.

წლების განმავლობაში ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი და ტენდენციურობის ნატამალი არ მიგვრძვნია…

ცუდადაა გადაკიდებული დასავლეთი რუსეთზე! ყველაფერს აკეთებს, რომ დაინგრეს, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ არ ინგრევა. მერკელმა, გერმანიის კანცლერმა, ამას წინათ თქვა, რომ გვინდა, რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვქონდესო, 10 მაისს კი ჩავიდა მოსკოვში და პუტინს შეხვდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა შრედერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ტონი რუსეთის მიმართ მცდარია და საშიში. ამ დროს საქართველოს ყოველგვარი კავშირი აქვს გაწყვეტილი რუსეთთან, სადაც საშოვარზე წასული ასიათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს.

ის ტელევიზიებიც კი, რომლებიც ძალიან ცდილობენ, რუსეთი შეგვაჯავრონ, აცხადებენ, რომ უცხოეთიდან შემოსული ფულის ნახევარზე მეტი რუსეთში მომუშავე ქართველების მიერ არის გამოგზავნილი. ამ დროს კი რა ხდება? რუსეთი ეკონომიკურად თუ დაეცემა, ჩვენ ტაშს ვუკრავთ!

სადაა საღი აზრი?! გეკითხებით! რუსეთის ეკონომიკური დაუძლურება პირდაპირ ჩვენ გვირტყამს. ერთიც ვნახოთ და, რუსეთმა გამოყაროს იქ არალეგალურად მომუშავე ქართველები, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავცვივდებით?

ევროპა შეგვინახავს თუ ამერიკა?

იმაზეც გვიპასუხოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ნატოს ერთგულებას რომ ეფიცება, ამ სამხედრო ბლოკში თუ შევალთ, ავტომატურად რუსეთს არ დავუპირისპირდებით?

_ ნატოში ჩვენ მიღებას არავინ ჩქარობს

_ მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რაც რუსეთს აშფოთებს. არ მითხრათ, რომ შეშფოთების უფლება მხოლოდ ამერიკას აქვს. თუ რუსეთი დამპყრობელია, მაშ, შეერთებული შტატები რაღაა?! 1000-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს აშშ მსოფლიოში.

მაინცდამაინც საქართველოში უნდა გაიხსნას კიდევ ერთი ბაზა? ვის წინააღმდეგ? ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ.

_ გახსნიან და ეგაა!

_ ჰოდა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გაშლილი ფრონტის წინა ხაზად იქცევა: ჩრდილოეთიდან რუსულ რაკეტებს დაგვიმიზნებენ (ყირიმში ხომ განალაგეს უკვებასტიონიდა არც მალავენ), სამხრეთიდან _ ირანულს. რამე რომ მოხდეს, საქართველო დარჩება საერთოდ? მიპასუხონ მათ, ვისაცკარგი ცხოვრებითმუცელი თავზე ემხობა!

რა აზრი მაქვს, იცით, მე როგორც ძველ მოჭიდავეს? თუ ერთმანეთთან ჭიდაობა უნდათ, ეგერ ალასკა და კამჩატკა იქ იჭიდაონ, ჩვენ თავი დაგვანებონ!

პირდაპირ გეტყვით, არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე ეყოლებოდა საქართველოს ხელისუფლებაში!

_ ამიტომაც ხომ არ ცვლიან მინისტრებს ჩვენს მთავრობაში?

_ ხალხი გამოფხიზლდა. აქ, თბილისში კი არა, მიყრუებული სოფელი რომ არის, იქაც ვერავის მოატყუებ.

შეცვლით კი შეცვალეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მაგალითად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ხალხის მასხრად აგდებაა. პირდაპირ დაწერეთ: ეს ისეთივე მასხრად აგდებაა საქართველოს სახელმწიფოსი და მისი მოქალაქეების, როგორი მასხრად აგდებაც არის აქედან გაქცეული ყოფილი მაღალი თანამდებობის დამნაშავე მოხელეების უკრაინის ხელმძღვანელობაში დანიშვნა. ერთი და იგივეა!

საქართველოს არ აქვს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, თუ არ ჩავთვლით აშშ სპეცსამსახურებს. ახლა აღარც თავდაცვის მინისტრი გვეყოლება. ან, იქნებ, ვინმე მართლა დარწმუნებულია, რომ ხიდაშელის ქალი მომზადებულია, ნასწავლია, სამხედრო საქმეს ისეა დაუფლებული, რომ მინისტრობა გასწიოს?! როცა სწავლის დრო ჰქონდა, იურისპრუდენცია ისწავლა. ვუცადოთ ახლა, ვიდრე თავდაცვის ურთულეს ნიუანსებს საფუძვლიანად აითვისებს? 2008 წლის ომის დროს უსწავლელმა, მაღალი თანამდებობების სამოქალაქო პირებმა სამხედროების სარდლობა რომ დაიბრალეს, საქართველოს რა უბედურებაც დამართეს, ხომ ყველამ ვიცით!

ამიტომ ვამბობ, _ ასეთი დანიშვნები ღალატსა ჰგავს!

ორ სიტყვას მრეწველობაზეც ვიტყვი.

მაღალი გადასახადები მწარმოებლებს რომ აწუხებთ, ისე არავის. წლების განმავლობაში მსხვილ საწარმოს ვხელმძღვანელობდი და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. გაზი ძვირია, დენი ძვირია, წყალი, რომელსაც მიაქვს საქართველო, ძვირია და .., ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ეს დახრჩობას ნიშნავს. მისი გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება ძვირდება. ეს კი უფრო აძვირებს ისედაც ცეცხლმოკიდებულ ბაზარს.

ეკონომიკისთვის ხელის შეწყობაზე ხელისუფლებაში კი ლაპარაკობენ, მაგრამ კარგი ჩანაფიქრებისა და პროექტების იქით საქმე ვერ დაძრულა. ევროკავშირის წევრობა გვინდა და ჩვენი ეკონომიკა ისეა ჩამორჩენილი ევროპული ბაზრის სტანდარტებს, რომ დაწევაგათანაბრებაზე კი არა, მიახლოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! როდემდე უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ ქართული ღვინის რაღაც ნაწილი საზღვარგარეთ გასაყიდად გავიტანეთ?

მოდით, გავიხსენოთ: 1990-იანი წლების დასაწყისში “თელასი” ამერიკელებს მივყიდეთ. სქოული ედგა სათავეში იმხანად ამ ორგანიზაციას. ჰოდა, ეს სქოული რუსეთიდან ყიდულობდა ელექტროენერგიას და საქართველოში ყიდდა, ე.ი. ამერიკელისთვის შეიძლება რუსეთთან ვაჭრობით ფულის მოგება, ქართველებს აკრძალული გვაქვს? რა ამბავს ატეხს ხოლმე “ნაცების” ოპოზიცია, როცა აბაშიძე-კარასინის კომისია რაღაც სასიკეთო შეთანხმებას მიაღწევს, ჩვენთვის სასარგებლოს.

რუსეთთან ურთიერთობა ჩვენს ხალხს სჭირდება.

ამ დროს კი ვიღაც ახალგაზრდა “იმედის” ტელევიზიით გამოდის და “გეორგიევსკის” ლენტს ცეცხლს უკიდებს, ვაჟკაცობს. თუ ვაჟკაცობის გამოჩენა უნდა, წავიდეს დონბასში, ლუგანსკში!

არ მოგვწონს? დავუძახოთ, ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები რუსეთიდან და აქ დავასაქმოთ! არ შეგვიძლია? მაშინ ვის და რატომ ვეჭიმებით?!

ხომ მაქვს უფლება, ჩემი სიტყვა ვთქვა თავისუფალ პრესაში? აი, ვამბობ კიდეც, მაგრამ გვაქვს კი სიტყვის თავისუფლება?

გამოვიდა ახლახან ტელევიზიით ბატონი გოგი თოფაძე და თქვა, რომ ნატოს წინააღმდეგია. თავს დაესხნენ წკავწკავა ძაღლებივით აი, ასე დაწერეთ! მეც ამ აზრისა ვარ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამის გამო უნდა შემჭამონ?!

ბუნდესტაგში ოპოზიციონერი ქალი გამოვიდა და განაცხადა: ჩვენი პირველი მტერი, რუსეთი კი არა, ამერიკააო.

ერთი რამეც, მინდა, დავამატო, უმადურის ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს.

ამას წინათ ტელევიზიით ერთ გარეწარზე უფრო გარეწარი გამოდის და ლანძღღავს ბიძინა ივანიშვილს: კადრები ვერ უმართლებს, ვერ შეარჩია, კულისებიდან მართავს ქვეყანასო და ა.შ. არაფერს ამბობენ მის მიერ დათესილ სიკეთეებზე. მე ვიტყვი და მომისმინონ “ნაცების” აგიტატორებმა. საქველმოქმედო საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილს დახარჯული აქვს სამ მილიარდამდე ლარი. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დახარჯვის შემდეგ, დაახლოებით, 800 მილიონი, ავტომატურად შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და პენსიების და სხვადასხვა დახმარების თანხას ემატება.

რა სიყვარული და როგორი პატივისცემა აქვს ამ ადამიანს თავისი ქვეყნისა და ხალხის, რომ ფეხი არ დაკრა და საქართველოდან არ წავიდა! ბევრი ჩვენგანი კი ვიღაცეების ჩაგონებით გაიძახის, მე რა გამიკეთაო.

ჩემი სათქმელი გითხარით: ვისაც ეჭვი ეპარება, დაჯდეს და დაითვალოს, თორემ საკუთარი უნიათობის გადაბრალება სხვაზე ვაჟკაცის საქმე არ არის.

საუბარი ჩაიწერა არმაზ სანებლიძემ

P.S. გასულ კვირაში 70- ცხრა მაისი აღინიშნა. ამ თემაზე ისაუბრა ბოლოს ბატონმა ზარბეგ ბერიაშვილმა:

_ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ომში ქართველი კაცის იოსებ სტალინის უმაღლესი მთავარსარდლობით გავიმარჯვეთ. ერთი კაცი გვყავს ქართველებს მსოფლიოში სახელგანთქმული. ჩვენ კი მის სამშობლოში, მის მშობლიურ ქალაქში ძეგლი გავანადგურეთ და ნაძირალას ვეძახით.

ვინ ვართ, გამაგებინეთ, ქართველები?!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here