Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან ლაპარაკი საჭირო არ არის, საქართველოს...

თამარ კიკნაძე: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან ლაპარაკი საჭირო არ არის, საქართველოს მტრები არიან

636

გასული კვირა პოლიტიკური პროცესების მხრივ დატვირთული იყო. კვირის დასაწყისში მთავრობის ხელახალი დამტკიცების მოლოდინში ვიყავით და პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა, მეორე ნახევარში კი უმთავრეს საკითხად რიგის სამიტი განილიხილებოდა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუება იგრძნობოდა. ბრიტანული გამოცემა “ობსერვერი” რიგის სამიტის შესახებ აღნიშნავდა: “ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან კავშირებს აღრმავებს, თუმცა რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმის გაფორმებას არ სთავაზობს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები არის მდგრადი განვითარების მიღწევისა და ამ ქვეყნების ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციის საშუალება”.

წინა კვირის მეორე ნახევარში საცხრამაისო ღონისძიებებისას ლოკალური დაპირისპირებები საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა დამაფიქრებელი აღმოჩნდა ბევრი პოლიტოლოგისთვის

11 მაისს კი ამერიკული ორგანიზაცია ენდიაის კვლევის შედეგმა სრულიად საქართველო გააოცაევრაზიულ კავშირში გაწევრების მსურველთა რაოდენობა 31% აღმოჩნდა, რამაც პროდასავლური პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

კვირის მოვლენების მიმოხილვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ თამარ კიკნაძეს ვთხოვეთ.

_ ქალბატონო თამარ, 21-22 მაისის რიგის სამიტისგან რას უნდა ელოდოს საქართველო? უკვე ცნობილია, რომ ვიზების ლიბერალიზაციაზე უარს გვეტყვიან, სამაგიეროდ, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებაზე მეტ პასუხისმგებლობას დაგვაკისრებენ.

_ ხელისუფლების მიერ გაცხადებული იყო, რომ პრეზიდენტი და მთავრობის წევრები რიგის სამიტამდე ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნებს შეხვდებიან. მომზადდა წერილი, რომელშიც აღწერილ იქნა საქართველოს მიერ ევროპული გზისკენ მომავალი წარმატებები. ეს ყველაფერი სამიტის მოსალოდნელი შედეგების კორექტირების მიზნით კეთდება. ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები არაფრის მომტანია. ევროკავშირი, საქართველოსგან განსხვავებით, პოლტიკას პრაგმატულად გეგმავს და ვარირების საშუალებასაც იტოვებს. მოცემულ ეტაპზე საქართველო, ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს.

_ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, რომელ პუნქტებზე დაგვეკისრება პასუხისმგებლობა? პოლიტოლოგები ამბობენ, რომ გართულდება სავაჭრო პოლიტიკის მოთხოვნების შესრულება.

_ ევროპას ჭარბი პროდუქცია და მისი გასაღების პრობლემა აქვს. რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ევროკავშირის ქვეყნები დიდად დააზარალა _ ფერმერებმა ასეულობით ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაანადგურეს. ასოცირების ხელშეკრულებაში კი ბევრი ისეთი პუნქტია, რომელთაც საქართველო ვერ დააკმაყოფილებს. ეს სტანდარტები, გარკვეულწილად, გამოუცხადებელი ბარიერია. გვეუბნებიან, ბაზრის კარი ღიაოო და, ამასთანავე, ამ სტანდარტების გამო, პროდუქცია ვერ შეგვაქვს. ევროპული ბაზარი მაღალი კონკურენციის, მაღალი სტანდარტების, პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუქტურის გამო, საქართველოს პოტენციური ბაზრის სივრცე არ არის.

გასაანალიზებელია, რატომ მძიმდება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია. საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, ბაზარიც პატარაა და შესაძლებლობები _ შეზღუდული. საჭიროა, მოვიპოვოთ გასასვლელი უფრო დიდ საბაზრო სივრცეზე, რომლისთვისაც საჭიროა, ინტეგრაცია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

დღეს ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკს ცოტა თუ ბედავს, არავინ იცის, რა გაერთიანებაა, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, მომგებიანია თუ არა მასთან ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაუთვლელია და მხოლოდ პოლიტიკური ელიტისა და ადამიანების ვიწრო წრეზეა მორგებული, რაც მოსახლეობას მძიმე სიტუაციაში ამყოფებს.

_ თუ არც ვიზების ლიბერალიზაციას ველოდებით, არც სავაჭრო ურთიერთობები მოგვარდება, აბა, რიგის სამიტს ცის გახსნასავით რატომ ველოდებით?

_ დღევანდელი ურთიერთობები ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. ნატოში მრავალრიცხოვანი საჯარისო დანაყოფი გვყავს და ნატოს წევრები არ ვართ, ევროასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ვალდებულებებს, ძირითადად, ცალმხრივად ვასრულებთ. დასავლეთისგან ფინანსურ დახმარებს ვიღებთ, რომელიც, სად მიდის, კაცმა არ იცის და რამდენი ასეთი რამ… ბოლოს და ბოლოს, ომამდეც კი მივედით, სადაც ჩვენი ბიჭები დაიხოცნენ, დე იურედ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. მათ კოდორი და ასამდე სოფელიც მივაყოლეთ.

პოლიტიკური ელიტა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების მონაწილეა. წინა ხელისუფლება იყო დამნაშავეთა გუნდი, რომელმაც გენოციდი მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, ხოლო ახალი მთავრობა, წინა მთავრობის დანატოვარს გვერდს ვერ უვლის. ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ მინდია ჯანელიძის მოხსნის ფაქტი კარგი მაგალითია. გახსოვთ, მის მიერ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზედაუფიქრებელგანცხადებას რა ამბავი მოჰყვა და ამას შეეწირა კიდეცთავდაცვის მინისტრის პოსტზე უფრო პროდასავლურად განწყობილი მინისტრი დაინიშნა.

_ რას გამოიწვევს თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე?

_ ეს ნიშნავს, რომ გაძლიერდა პროდასავლური კურსი, რაც ლავირების საშუალებას აღარ მოგვცემს, განსაკუთრებით _ სამხედრო მიმართულებით.

გამიხარდა, როდესაც ირაკლი ალასანია წავიდა თანამდებობიდან, რადგან ის მკვეთრ პროდასავლურ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ეს კურსი უფრო გაძლიერდა თინა ხიდაშელის დანიშვნასთან ერთად და ეს უკვე იგრძნობა _ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ტექნიკა შემოვიდა და სამხედრო წვრთნებიც დაიწყო; ამას გარდა, ანტისარაკეტო სისტემების დადგმაზეც დაიწყო საუბარი, რომელიც კარგ შედეგს არ მოგვიტანს, რადგან რუსეთის მხრიდან უკვე გაკეთდა ძალიან მკვეთრი განცხადებები.

_ ნატოს ყველა მოთხოვნას, მათ შორის, მისი ტექნიკისა და ანტისარაკეტო სისტემების დადგმას, რომ შევასრულებთ, ეს უკვე სადავოც აღარ არის, თუმცა ახლახან ენდიაიმ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეა. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის მოსახლეობის ასეთი განსხვავებული თვალსაზრისი არ გამოიწვევს დაპირისპირებას?

_ შეჯახებები, რომლებიც დღეს გვაქვს, ლოკალურია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ყველაფერმა მასშტაბური სახე მიიღოს. ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ ყოველი არეულობა უფრო დიდ საშინელებას გამოიწვევს, ამის მაგალითები გვაქვს…

საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებშია. 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, აღარ ვლაპარაკობ სხვა ფენაზე. გამოქვეყნდა დემოგრაფიული ფონდის მონაცემები _ 2002 წლიდან 14,2 პროცენტით არის შემცირებული საქართველოს მოსახლეობა. საჭიროა ჩვენი შეცდომების გაანალიზება და დაფიქრება, რაღაცის შეცვლა. პოლიტიკა პოლიტიკისთვის არ არსებობს, პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უნდა გამოიყენო.

წინა ხელისფლების წარმომადგენლები ავადმყოფები იყვნენ, დღევანდელნი ქმედუუნაროები არიან. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან ლაპარაკი საჭირო არ არის, საქართველოს მტრები არიან.

_ აგრესია, რომელიც უწყვეტ ნაკადად იღვრება ტელევიზორის ეკრანიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისული ადამიანებისადმი, სტალინის სახლმუზეუმთან შეკრებილი ხალისადმი, ამერიკის მოწყობილია? ვიცით, რომ ანტირუსული პროპაგანდის დასაფინანსებლად 10 მილიონი გამოიყო, მაგრამ ასეთ ლოკალურ დაპირისპირებებს აფინანსებენ?

_ ფული ჩაიდო, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩვენი, ქართველების ბრალი და წვლილიც ამ ყველაფერში ძალიან დიდია.

მოსახლეობის შემცირება, ეკონომიკური ნგრევა _ ასეთი საფრთხეები სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც არსებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისათვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი საქართველოში აღმოჩნდა.

_ რაც შეეხება ენდიაის კვლევებს, 31% ევრაზიული კავშირის მომხრეეს, ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია

_ თუკი ამერიკული ორგანიზაცია აქვეყნებს კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 31% ევრაზიული კავშირის მომხრეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხრე გაცილებით მეტია. პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში იყვნენ, თავადვე მოახდინეს დასავლეთის დისკრეტიდაცია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დემოკრატია და დასავლური კურსი ასოცირდება სიღატაკესთან, ეკონომიკურ გაჩანაგებასა და გაუსაძლის ყოფასთან.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სადაც 31 აცჰვენეს ესეგი ორი მაგდენია. კაკ მინიმუმ 70 პროცენტი მაინცაა ევრაზიის მომხრე. უბრალოდ მტავრობა და მატი ხალხი ბევს ყვირის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here