Home რუბრიკები საზოგადოება ტარლოვკაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების საფლავები იპოვეს

ტარლოვკაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების საფლავები იპოვეს

794

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნება. როგორც ცნობილია, დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი მონაწილეობდა _ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი; მათგან 300 ათასი შინ ვეღარ დაბრუნდა _ ან დაიღუპა, ან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ჩვენი წერილის გმირებიც, დიდი სამამულო ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცები, 70 წლის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდნენ. მხოლოდ ახლახან, გულისხმიერი ადამიანების წყალობით, ოჯახის წევრებმა მათი ტრაგიკული ბედის შესახებ შეიტყვეს. ესენი არიან: 1923 წელს დაბადებული რიგითი გიორგი ტაბიძე ხონის რაიონიდან, 1923 წელს დაბადებული რიგითი გიორგი ტაბატაძე სურამიდან, 1922 წელს დაბადებული უფროსი ლეიტენანტი ნოე გოქაძე ცაგერის რაიონიდან და 1922 წელს დაბადებული ვლადიმერ სუჯაშვილი ყაზბეგის რაიონის სოფელ არშადან. ისინი რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის სოფელ ტარლოვკის (ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნისთან ახლოს) ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. სრულიად ახალგაზრდა, მომავლის იმედითა და გეგმებით აღსავსე ქართველმა ჯარისკაცებმა სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს.

ქართველი ჯარისკაცების საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა მინგალი გაინუტდინოვმა ქართველ მეგობრებს _ გენადი ბითაძესა და დავით გაბათაშვილს აცნობა, რომლებმაც გულთან მიიტანეს უცნობი ჯარისკაცების ტრაგიკული ბედი და მათი ოჯახების მოძებნა გადაწყვიტეს. ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოთხივე ჯარისკაცის ოჯახები მოინახულეს. მინგალ გაინუტდინოვი ხელცარიელი არ ჩამოსულა, მან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს საფლავებიდან წამოღებული მიწა ჩამოუტანა, აქედან კი ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე მოსაბნევად წაიღო ქართული მიწა.

ბატონი მინგალი გვიყვება, რომ, მათი ადათ-წესების მიხედვით, როდესაც საფლავიდან მიწას იღებ, მიწას აწუხებ, ამიტომ აუცილებლად ლოცვა უნდა წაიკითხო. “სანამ ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწას ავიღებდით, მოლა მოვიყვანეთ და ლოცვები წაიკითხა”, _ ამბობს ბატონო მინგალი და მსგავსი ისტორიების მოსმენით კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სიკეთეს რელიგიური და ეროვნული საზღვრები არ აქვს.

მინგალი გაინუტდინოვი:

_ სოფელ ტარლოვკის ძმათა სასაფლაოზე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად 187 კაცია დაკრძალული. ისინი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყნიდან წავიდნენ დიდ სამამულო ომში და ბრძოლაში დაჭრილები ტარლოვკაში, #4098 სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალნენ. ომამდე იქ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სანატორიუმი ყოფილა, რომელიც ომის დროს საევაკუაციო ჰოსპიტლად გადაუკეთებიათ, დღეს კი სახელმწიფო იცავს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლს. თავის მხრივ, მოსახლოებაც უვლის და პატივს სცემს მემორიალს.

 საარქივო მასალებიდან საინტერესო ისტორია შევიტყვე. რადგან ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ტუბერკულოზი იყო, ჰოსპიტლის დირექტორს არალეგალურად 12 თხა ჰყოლია, რომელთა რძით დაჭრილ ჯარისკაცებს გამოჯანმრთელებაში ხელს უწყობდა. ეს ამბავი მაინც გამჟღავნებულა და, როდესაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გაუგია, კინაღამ დაუჭერიათ, მაგრამ, რადგან საპატიო მიზეზი ჰქონდა, უპატიებიათ. ომის პერიოდში ამ ჰოსპიტალში 9 981 ადამიანმა იმკურნალა.

ახლახან ძმათა სასაფლაო ცნობილმა მომღერალმა იოსებ კობზონმა მოინახულა და ობელისკი ყვავილებით შეამკო. უამრავი ხალხი შეგროვდა. კობზონს ვთხოვე ვიზების საკითხის მოგვარება, დიდი სურვილი მაქვს, დაღუპული ჯარისკაცების საფლავები მათი ოჯახების წევრებმა მოინახულონ.

_ როგორი დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ამ სასაფლაოებისა და მემორიალისადმი?

_ ჩვენთან სამამულო ომის ყველა მონაწილეს დიდ პატივს სცემენ. საფლავებს, მემორიალს, ადგილობრივი მოსახლეობა და ნაბერეჟნიე ჩელნის საზოგადოებრივი ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევენ.

აღსანიშნავია, რომ მინგალი გაინუტდინოვს ლარსის საბაჟოგამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა. მას .. გეორგიევკის ბაფთები ჩამოართვეს და საჩუქრის ყუთის წართმევაც დაუპირეს, ვინაიდან მასზე, რუსულ წარწერებთან ერთად, იგივე ბაფთა იყო მიხატული. საჩუქრები მინგალი გაინუტდინოვს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებისთვის მოჰქონდა. იმედი გვაქვს, მომავალში მსგავს შემთხვევებს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს და საქართველოში კეთილშობილური მიზნით მომავალ ტურისტებს ჩვენს სტუმართმოყვარე ქვეყანაზე წარმოდგენას არ გაუფუჭებს.

ზოია ტაბიძე, ომში დაკარგული გიორგი ტაბიძის ძმის ცოლი:

_ ეს ამბავი ისეთი მოულოდნელი, სასიხარულო და შემაძრწუნებელი იყო, რომ გაოგნებული ვარ. ჩემი მაზლი, გიორგი ტაბიძე, 1941 წელს 18 წლისა წავიდა ომში და, როგორც ახლა შევიტყვეთ, ნაბერეჟნიე ჩელნიში, ჰოსპიტალში გარდაცვლილა. ჩემს უფროს ვაჟს, ბიძის პატივსაცემად, მისი სახელი დავარქვით. ოჯახში არავინ არაფერი იცოდა, მხოლოდ ჩემს მამამთილს სცოდნია სიმართლე, მაგრამ შვილის დაღუპვის შესახებ არც მეუღლისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის არ გაუმხელია, თურმე დარდს გულში იკლავდა. ჩემი დედამთილი ისე გარდაიცვალა, შვილის სიკვდილზე არაფერი იცოდა. ამ წლების განმავლობაში ყველა სხვადასხვა ვერსიას ყვებოდა, თუ სად შეიძლებოდა, ყოფილიყო დასაფლავებული, იმასაც ამბობდნენ, ცოცხალიაო. ის დღე, როდესაც ბატონო მინგალი ჩამობრძანდა და სიმართლე შეგვატყობინა, ჩვენთვის მეორედ დაბადებს ნიშნავდა.

გიორგი (გივი) ტაბიძე, უცნობი ბიძის სეხნია:

_ სასიამოვნოდ შოკირებულები ვართ. მთელი ცხოვრება ბატონი მინგალის მადლობელი ვიქნები.

_ ჯარისკაცის გადმოსვენების სურვილი თუ გაქვთ ოჯახს?

_ შესაძლოა, ამის უფლება არ მოგვცენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახს ამის სურვილი გვაქვს. თანაც ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდება. მალე ტარლოვკაში გამგზავრებას ვაპირებთ და ყველაფერს ადგილზე გავარკვევთ.

გენადი ბითაძე:

_ მე, დავით გაბათაშვილი და მინგალი გაინუტდინოვი, დიდი ხანია, ვმეგობრობთ, ამიტომ, როდესაც ქართველი ჯარისკაცების საფლავები იპოვა, პირველ რიგში, ჩვენ გვაცნობა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, თითოეული ჯარისკაცის ოჯახი ერთად მოგვენახულებინა.

მე იქ ვცხოვრობ, ჩემი კაფე მაქვს და გადავწყვიტე, ყოველი წლის 9 მაისს ტარლოვკაში მცხოვრები ქართველები შევიკრიბოთ და ოთხივე დაღუპული ქართველი ჯარისკაცის პანაშვიდი გადავიხადოთ.

გიორგი გაბათაშვილი:

_ ქართველი ჯარისკაცების საფლავების პოვნის შემდეგ მათი ოჯახების მოძებნა გადავწყვიტეთ, რაც თავდაპირველად თითქოს დაუჯერებელი ჩანდა. ვშიშობდით, ვერ გვეპოვა ისინი, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლების დახმარებით ეს მოვახერხეთ.

მაშინ, როცა ჩვენთან სამამულო ომის მემორიალს აფეთქებენ, დაუჯერებლად მიგვაჩნდა, რომ სადღაც ვიღაცები ქართველების საფლავებს უვლიან.

* * *

როდესაც ომის ისტორიებს უსმენ, ხვდები, რომ თითოეული დაღუპული ჯარისკაცის მიღმა უამრავი ადამიანისა თუ ოჯახის ტრაგედია იმალება. ამიტომ სამარცხვინოა, როდესაც დღეს ზოგიერთები დიდ სამამულო ომში მონაწილე ადამიანების გმირობისა და ფაშიზმზე გამარჯვების დაკნინებასა და გაუფასურებას ცდილობენ, გამარჯვებისა, რომელიც უამრავი ადამიანის მამაცობასა და დამსხვრეულ ოცნებებს აერთიანებს. ამ ოთხი დაღუპული ჯარისკაციდან მხოლოდ ერთს ჰყავდა მეუღლე _ ვლადიმერ სუჯაშვილს. მას ცოლი სიცოცხლის ბოლომდე ელოდებოდა და ისე გარდაიცვალა, ქმრის შესახებ არაფერი შეუტყვია.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი ტაბატაძე ჭრილობისგან არ დაღუპულა; გამოჯანმრთელებული ჰოსპიტალიდან უნდა გამოეწერათ, სწორედ იმ დროს მეგობრის დაღუპვის ამბავი შეუტყვია, და 22 წლის ახალგაზრდა ჰოსპიტალში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here