Home რუბრიკები საზოგადოება ანდერძად დაბარებული

ანდერძად დაბარებული

684

გარდაიცვალა დიდი ქართველი ხელოვანი, საქვეყნოდ ცნობილი კინორეჟისორი, საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი რეზო ჩხეიძე. ამ დღეებში ბევრს დაწერენ მის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, ბევრს და კარგს იტყვიან და ყველაფერი იქნება მართალი, რადგან მისი ფილმები, ყველა, როგორც ერთი, შედევრია, მისი მოღვაწეობა ქვეყნის სასიკეთოდ გაწეული შრომაა, მისი პოზიცია ჭეშმარიტად ქათულია, ამაღლებული და უხინჯო. მატერიალიზებული სულიერებაა მაღალი.

გარდაიცვალა რეზო ჩხეიძე, ლეგენდარული “ჯარისკაცის მამის” ავტორი, დიადი გამარჯვების 70-ე წლისთავის ზეიმამდე ექვსი დღით ადრე.

ამ ომის თემაზე ესაუბრა თავის დროზე ბატონი რეზო “საქართველო და მსოფლიოს”. თქვა ის, რასაც ფიქრობდა, დაუფარავად, გულწრფელად, კონიუნქტურული სიბეცისა და სიცრუის საწინააღმდეგოდ ილაპარაკა.

არ მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, რომ ქართველებისთვის ეს იყო სხვისი ომი. ხომ ცნობილია, რომ ის მსხვერპლი, რომელიც ამ ომში გაიღო ქართველმა ხალხმა, ამერიკის, ამ კოლოსალური სახელმწიფოს მიერ გაღებულ მსხვერპლს აღემატება. ასე მოხდა იმიტომ, რომ ქართველები ვაჟკაცურად იბრძოდნენ და არც უფიქრიათ, სიმხდალე და დეზერტირობა გაემართლებინათ იმით, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს, მათ შორის, სულმდაბლობასაც”.

ბატონი რეზო დარწმუნებით აცხადებდა, რომ ფაშიზმისგან კავკასიის, კეძოდ კი, საქართველოს დაცვის დროს ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოჩენილი გმირობა ისეთივე საამაყოა ჩვენთვის, მათ თავდადებას “ისეთივე პატივი უნდა მივაგოთ, როგორც ლეგენდარული სამასი არაგველის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თუნდაც ცოტნე დადიანის და სხვათა და სხვათა გმირობასა და თავდადებას”.

მსოფლიო დაპირისპირებიდან 2008 წლის აგვისტოს ომის კონკრეტიკაზე რომ გადავინაცვლეთ, აქაც პრინციპული იყო:

ამ ომის დაწყებაც და მისი იმ კონფლიქტად გადაქცევაც, რომელიც დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, არასწორ პოლიტიკად მიმაჩნია. იგი საქართველოსთვის სასარგებლო არ არის. სხვა ქვეყნისთვისაა სასარგებლო და მომგებიანი, სხვა დიდი ქვეყნისთვის, ჩვენ ხომ ვიცით, რომელზეც ვლაპარაკობთეს არ არის ეროვნული პოლიტიკა”.

მორალური დაცემა-დაკნინება ბატონ რეზოს დამანგრეველ ბუნებრივ კატაკლიზმებზე უარეს მოვლენად მიაჩნდა. მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ერის გმირული წარსულის ამოშანთვის ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე ჰქონდა აღზევებული. უკომპრომისო იყო მისი პოზიცია “საქართველო და მსოფლიოსთან” განცხადებული: “გამართლება არა აქვს ძეგლებისა და მემორიალების ნგრევას. მეშინია, რომ ის საომარი ჟინი და ვაჟკაცობა, რომლებიც ქართველებს ახასიათებდა, შეიცვლება ფულის კეთების ჟინით, რომლის რეციდივებიც, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა… არადა, იმის მაგალითი, როცა კაცი მაღალი იდეალებისთვის თავს სწირავს, ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება”.

ასე ფიქრობდა და ამისკენ მოგვიწოდებდა მთელი თავისი შემოქმედებით ბატონი რეზო ჩხეიძე.

და “პროვოკაციულ” შეკითხვას, აგვისტოს ომის დროს გიორგი მახარაშვილი სად დადგებოდა, უპასუხა, როგორც შეჰფეროდა დიდ ჰუმანისტს ისე:

“მე მგონი, ამ პირობებში გიორგი მახარაშვილს საქართველოს მხარეზე უნდა ებრძოლა და, ამასთანავე, უნდა გამოენახა საშუალება, არ დაგვეკარგა ჩვენს მეზობელთან მისასვლელი გზები. ჰუმანიზმი ორივე მხარეს უნდა გამოეჩინა. მე მგონი, ჯარისკაცის მამა ამ ომშიც ისევე გადაარჩენდა რუს ჯარისკაცს, როგორც ფილმში გიორგი მახარაშვილი _ სერგო ზაქარიაძე _ გადაარჩენს რუს ჯარისკაცს. ეს ხომ ჩვენს ჯიშსა და გენშია. ხომ ყველას გვახსოვს “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”, უმაღლესი ჰუმანურობის გამოვლენა, მოყმის დედის მიერ გამჟღავნებული:

იქნება, ვეფხის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა,
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც ვუთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების,
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.

დედის რძესთან ერთად შესისხლხორცებული მორალური კრედო!

“ეს გენიალური ხალხური ლექსი გვასწავლის, რომ ადამიანებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების გზები უნდა ვეძებოთ არა ძალისმიერი და ხისტი მეთოდებით, არამედ, გმირობითაც, სამშობლოს დაცვითაც და შეწყალებითაც! რადგან ისტორიულად ასე მომხდარა ყოველთვის”.

ანდერძივითაა, მომავალი თაობისთვის დატოვებულ სიტყვასავით.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here