Home რუბრიკები საზოგადოება გერმანელი და ქართველი მუსიკოსები ერთობლივ კონცერტს გამართავენ

გერმანელი და ქართველი მუსიკოსები ერთობლივ კონცერტს გამართავენ

878

საერთაშორისო პროექტ “კამერტონის” საქართველოს წარმომადგენლობის ახალგაზრდა მუსიკოსები ტრადიციულად, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევიან, საგასტროლო ტურნეებამდე კი საქართველოში მართავენ კონცერტებს.

გაერთიანება  EuroCon e.V-ის (თავმჯდომარე – ლიუდმილა ფონ ბერგი)  მიზანს ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასევე გაერთიანების მიერ ინიცირებული პროექტი “კამერტონი” (KAMMERTON), რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში EuroCon e.V-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდა გერმანელ და ქართველ მუსიკოსთა ახალი თაობების ჩამოყალიბებას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ერთა შორის ურთიერთგაგებასა და გერმანელ და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებასა და დაახლოებაში. ინიციატივის ფარგლებში დღემდე განხორციელდა არაერთი ღონისძიება. მათ შორის:

2012 წელს გაიმართა ახალგაზრდა ქართველი “კამერტონელი” მუსიკოსების შეხვედრა ბერლინის ფილიპ ემანუელ ბახის სახელობის სამუსიკო გიმნაზიის მოსწავლეებთან, რომელსაც მხარს უჭერდა და აფინანსებდა ბერლინის სენატი. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსები ერთი კვირის მანძილზე ერთად გადიოდნენ რეპეტიციებს, რაც შემდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, საქართველოს საელჩოშიც ბერლინში, გამართულ კონცერტებზე მათი ერთობლივი გამოსვლით დაგვირგვინდა.

შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტში მონაწილე ახალგაზრდა გერმანელი მუსიკოსების ვიზიტი თბილისში, სადაც ბერლინის ფილიპ ემანუელ ბახის სახელობის სამუსიკო გიმნაზიის მოსწავლეები და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები თბილისის გერმანული კვირეულის ფარგლებში ერთად წარსდგნენ ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ამ ღონისძიების მხარდამჭერი იყო ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

2013 წელს გერმანიის ქალაქ ბაიროითის სააღდგომო ფესტივალში მონაწილეობას 30 ქვეყნის 90 მუსიკოსს შორის ქართველი “კამერტონელებიც” იღებდნენ. იმავე წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა ორი კონცერტი თბილისში გოეთეს ინსტიტუტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

2013 წლის აპრილის ბოლოს გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოხებით 6 ქართველი მუსიკოსი კვლავ ეწვია გერმანიას. მათ 7 გამოსვლა ჰქონდათ ბერლინში (მათ შორის, საელჩოს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოშიც), ასევე, ფრანკფურტსა და ჰესენის ფედერალური მიწის სხვა ქალაქებში, მათ შორის, გერმანიის ნიჭიერთა ხელშემწყობ მუსიკის საერთაშორისო აკადემიაში ახალგაზრდა გერმანელ მუსიკოსებთან ერთად. კონცერტების გარდა ქართველმა მუსიკოსებმა მასტერკლასები გაიარეს გერმანიის მუსიკალური სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან.

“კამერტონის” ქართველი მუსიკოსები (“კამერტონი-საქართველოს” მუსიკალური ხელმძღვანელი კირა ლელაშვილი, ნატა როინიშვილი – ვიოლინო, თათა მახარაძე – ფ-ნო, გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, ლევან უგულავა – ფ-ნო) 2014 წელსაც (აპრილი-მაისი) წარმატებით წარსდგნენ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მსმენელთა წინაშე. ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა რიხარდ ვაგნერის საზოგადოებაში გამართული კონცერტი, რომლის წარმატებამაც განაპირობა 2015 წელს “კამერტონის” კვლავ მიწვევა საკონცერტოდ (ასევე, ამ საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით გიორგი ოიკაშვილი გახდა რიხარდ ვაგნერის სახელობის სტიპენდიანტი). წლეულს ქართველი “კამერტონელები” მიწვეულნი არიან ქალაქ ბად ჰერსფელდში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ორი კონცერტის გასამართად. კონცერტები ასევე გაიმართება გერმანიის სხვა ქალაქებში.

საგულისხმოა, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე “კამერტონი” რამდენიმე კონცერტს მართავს ხოლმე თბილისის სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში. ამჯერად 29 აპრილს „კამერტონის“ კონცერტი გაიმართება ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. მსმენელთა წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან „კამერტონელები“ – გიორგი ოიკაშვილი, ნატა როინიშვილი, თათა მახარაძე, ლევან უგულავა. 

როგორც აღინიშნა, „კამერტონის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებისა და დაახლოების ხელშეწყობა. ამ მხრივ საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, –  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბერლინის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით 1 და 2 მაისს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტები ბერლინის კონსერვატორიის სტუდენტური საფორტეპიანო ტრიოსა (იაკობ ლემანი, ოსკარი პენანენი, ჰერმეს ჰელფრიხტი) და სხვადასხვა თაობის „კამერტონელების“ (გიორგი ოიკაშვილი, სენდი ვართანოვა, ანი გიგაური) მონაწილეობით. ახალგაზრდა გერმანელი და ქართველი მუსიკოსების პროგრამაშია ჰენდელის, შუბერტის, შუმანის, დვორჯაკის, სტრავინსკისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები.

1 მაისს თბილისში კონცერტს უმასპინძლებს გოეთეს ინსტიტუტი (ქართველმა „კამერტონელებმა“ გოეთეს ინსტიტუტში შარშანაც დაუკრეს გერმანული დღეების “სამი ქვეყანა – ერთი ენა; გერმანია, ავსტრია, შვეიცარია” ოფიციალურ გახსნაზე), 2 მაისს კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი. ქართველი და გერმანელი მუსიკოსები ამ კონცერტს ქუთაისის ქალაქობის დღესასწაულს მიუძღვნიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here