Home რუბრიკები ისტორია 9 მაისი _ დიადი გამარჯვების დღესასწაული!

9 მაისი _ დიადი გამარჯვების დღესასწაული!

1674

70 წლის წინათ, 1945 წლის 8 მაისს, ბერლინ-კარლჰორსტში (გერმანია), ცენტრალური ევროპის დროით, 22 საათსა და 43 წუთზე (მოსკოვის დროით _ 9 მაისს, 00 სთ. და 43 წთ-ზე) ხელი მოეწერა ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის აქტს. ხელისმოწერის ადგილად შერჩეული იქნა შენობა, სადაც განთავსებული იყო მე-5 საბჭოთა არმიის (სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ნ. ე. ბერზარინი _ შემდგომში ბერლინის პირველი კომენდანტი) შტაბ-ბინა.

აქტს ხელი მოაწერეს ვერმახტის მთავარსარდლობის შტაბის უფროსმა ფელდმარშალმა გუსტავ კეიტელმა, გერმანიის სამხედროსაზღვაო ძალების მთავარსარდალმა ადმირალმა ჰანს გეორგ ფრიდენბურგმა და ლუფტვაფეს გენშტაბის უფროსმა, გენერალპოლკოვნიკმა ჰანს იურგენ შტუმპფმა. კაპიტულაცია ჩაიბარა საბჭოთა კავშირის მარშალმა გიორგი ჟუკოვმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედროსაჰაერო ძალების მარშალმა არტურ უილიამ ტედერმა. მოწმის სახით კაპიტულაციის გაფორმებას ესწრებოდნენ და ასევე ხელისმოწერით დაადასტურეს ეს აქტი აშშის საჰაერო ძალების შტაბის პირველმა უფროსმა გენერალმა კარლ ენდრიუ სპატსმა და ფრანგმა მარშალმა ჟან მარი ლატრ დე ტასინიმ.

ამ ისტორიული დოკუმენტით დამთავრებულად გამოცხადდა სამხედრო კონფლიქტი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რაც ნიშნავდა, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ევროპის კონტინენტზე.

ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სისხლისმღვრელი, მასშტაბური ომი მასში ჩართული ადამიანური რესურსებითა და საბრძოლო სამხედრო ტექნიკით. იგი საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია სახელწოდებითდიდი სამამულო ომი”, რომელიც გაგრძელდა 1418 უმძიმესი დღე და ღამე.

ამ ომის დაწყების წინა პირობა გერმანიის სათავეში ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის მოსვლის შემდეგ (1933 წ.) შეიქმნა. “სასიცოცხლო არეალის” ძიებაში გერმანელი ნაცისტებისათვის საბჭოთა კავშირი, თავისი ბოლშევიკური იდეოლოგიით, ნომერი პირველი ხელისშემშლელი რეალობა იყო ევროპის კონტინენტზე. სამხედრო კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი იყო. 1939 წლის ზაფხულიდან გერმანიამ ზედიზედ დაიპყრო ევროპის 11 ქვეყანა და მიუახლოვდა საბჭოთა სახელმწიფოს საზღვრებს. ეს პროცესი საბოლოო ფაზაში შევიდა 1941 წლის დამდეგს. გერმანია სამხედრო ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა.

1940 წლის ივნისში რეიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა გასცა ბრძანება, შეემუშავებინათ სსრკ-ზე თავდასხმის გეგმა. 1940 წლის 22 ივლისს ვერმახტი (გერმანიის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობა) შეუდგა ამ გეგმის შემუშავებას, რომელმაც მიიღო კოდური სახელწოდება ოპერაცია “ბარბაროსა”. იგი დამტკიცდა 1940 წლის 18 დეკემბერს. ამ დირექტივით სამხედრო სამზადისი უნდა დასრულებულიყო 1941 წლის 15 მაისისათვის.

თავის მხრივ, საბჭოთა კავშირიც გამალებით ზრდიდა სამხედრო პოტენციალს. რა გეგმები ჰქონდა იმხანად საბჭოთა კავშირს, უცნობია. იმდროინდელი საბჭოთა სამხედრო გეგმების ამსახველი დოკუმენტები მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ერთი რამ ნათელია: საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გათვლით, ფაშისტური გერმანიის უღელქვეშ მოქცეული ევროპის ხალხები აუცილებლად მიმართავდნენ საბჭოთა სახელმწიფოს ხსნისათვის, როგორც ბოლო იმედს. ამისთვის კი საჭირო იყო სათანადო სამხედრო მზადყოფნა. საბჭოთა მთავრობა რეალურად აფასებდა ორივე ქვეყნის სამხედრო ძალების შეფარდებას (ამ დროისათვის ჰიტლერელთა მიერ დაპყრობილი ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დამატებით მუშაობდა გერმანიის სამხედრო მანქანის სასარგებლოდ) და თვლიდა, რომ ვერმახტის საბრძოლო მომზადება ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად სჭარბობდა საბჭოთა სამხედრო ძალების შესაძლებლობებს, ამიტომ იგი, თავის მხრივ, ყოველ ღონეს ხმარობდა მოახლოებული სამხედრო კონფლიქტის ვადის გადასაწევად, დროის მოსაგებად. გატარდა უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები მრეწველობის, ტრანსპორტის, თავდაცვის, შეიარაღებული ძალების უკეთ ორგანიზებისა და ტექნიკური აღჭურვილობის თანამედროვე დონეზე მიყვანის მიზნით. 1941 წლისთვის საბჭოთა კავშირის სამხედრო ბიუჯეტმა მიაღწია 43,3%-ს.

1941 წლის ივნისის შუა რიცხვებში ვერმახტმა და მისმა მოკავშირეებმა (იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი) საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან თავი მოუყარეს ისტორიაში მანამდე არნახულ ძალებს _ 190 დივიზიას (5,5 მილ. კაცი), 3700-ზე მეტ ტანკს, 4950 თვითმფრინავს, 47 460 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, 193 საბრძოლო ხომალდს. ვერმახტის ჯარები ტექნიკურად საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ევროპის კონტინენტზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად ოფიცრებსა და ჯარისკაცებს მდიდარი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ მიღებული. მათი საბრძოლო სულისკვეთება მეტად მაღალი იყო. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ, სულ რაღაც, 3-4 თვეში საბჭოთა კავშირს ბოლოს მოუღებდნენ.

1941 წლის 22 ივნისს, 03 საათსა 45 წუთზე, როგორც კი ამომავალმა მზემ ცენტრალური ევროპის ცარგვალზე სრული ბადროს სახე მიიღო, ოკულტიზმის მოძღვრებით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით, ვერმახტის სამხედრო ძალებმა დაიწყეს შეტევა საბჭოთა კავშირზე.

ომის პირველი დღეები დაიწყო საბჭოთა შეიარაღებული ძალებისთვის კატასტროფული შედეგებით. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობისა, პირველი სამი კვირის განმავლობაში მოწინააღმდეგემ შეძლო ქვეყნის შიგნით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით შეჭრა 500 კმ-ის მანძილზე: დასავლეთის მიმართულებით _ 550 კმ-ზე, სამხრეთ-დასავლეთით _ 300-350 კმ-ზე. მტერმა დაიკავა ქვეყნის ევროპული ნაწილის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ფრონტის ხაზი გადაიჭიმა ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე. ვერმახტის ჯარებმა შეძლეს, ალყაში მოექციათ და შემდეგ ტყვედ აეყვანათ დასავლეთის ფრონტზე მოქმედი წითელი არმიის მსხვილი შენაერთები. ფაშისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები აღმოჩნდა, არამედ მთელი რიგი მსხვილი ქალაქებისა და რეგიონებისა თავისი ინფრასტრუქტურებითა და ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამრეწველო ფაბრიკა-ქარხნებით. უდიდესი იყო მსხვერპლიც. საბჭოთა სახელმწიფო სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგა.

1941 წლის 3 ივლისს სახკომსაბჭოს თავმჯდომარემ იოსებ სტალინმა ქვეყნის მოსახლეობას რადიოთი მიმართა. ეს მიმართვა იქცა ბრძოლის პროგრამად გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

10 ივლისს შეიქმნა მთავარსარდლობის ბანაკი (სტალინი _ თავმჯდომარე; წევრები _ ვიაჩესლავ მოლოტოვი, სემიონ ტიმოშენკო, სემიონ ბუდიონი, კონსტანტინე ვოროშილოვი, ბორის შაპოშნიკოვი, გიორგი ჟუკოვი).

19 ივლისს სტალინი თავდაცვის სახალხო კომისრად დაინიშნა, ხოლო 8 აგვისტოს _ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი მთავარსარდლობა, ნაცვლად დღეს დამკვიდრებული აზრისა, ყველა გადაწყვეტილებას კოლექტიურად იღებდა, შესაბამისი ფრონტებისა და არმიების სარდლებთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმებით. იგი შესრულების პერსონალურ პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა. ბრძანების შესრულების კოორდინაციას უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლები ახდენდნენ.

წარმოუდგენლად მოკლე დროში, ომის უმძიმეს პირველ თვეებში, ქვეყანამ შეძლო, სახალხო მეურნეობა ომის ყაიდაზე გადაეწყო. სამხედრო პროდუქციის საწარმოებლად საჭირო მანქანა-დანადგარები, ჩარხები გაზიდულ იქნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში _ ურალში, სადაც პირდაპირ საველე პირობებში იწყებოდა მათი მონტაჟი და პროდუქციის გამოშვება. ამ ომში მთავარი ორგანიზატორი და მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა კომუნისტური პარტია იყო. ეს ისტორიული სიმართლეა.

გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებაში თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს მოსახლეობამაც. ომის დაწყებისას წითელი არმიის რიგებში მსახურობდა 130 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე. მათ მიიღეს მტრის პირველი დარტყმები. 1941 წლის 1 ივლისისათვის საქართველოში ჩატარდა პირველი საყოველთაო მობილიზაცია და შემდგომში პერიოდულად, ომის დასრულებამდე, ხორციელდებოდა ეს პროცესი. საქართველოდან სულ გაწვეული იქნა 700 ათასამდე მეომარი, მათგან _ 16 ათასი ქალი. 300 ათასი მებრძოლი ვერ დაბრუნდა მშობლიურ კერაზე. შეიძლება ითქვას, რომ ესოდენ დიდი მსხვერპლი არ გაუღია არც ერთ მეომარ ქვეყანას (პროცენტული შეფარდებით), რომლის ტერიტორიაზედაც უშუალოდ არ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. სამწუხაროდ, დღეს მეორე მსოფლიო ომის ოფიციალურ სტატისტიკაში მნიშვნელოვანი დაკნინებით არის წარმოდგენილი ზემოთ მოყვანილი მონაცემები, რაც დიდი უსამართლობა და უპატივცემულობაა იმ მსხვერპლის მიმართ, რომელიც გაიღო ჩვენმა ხალხმა.

ფართო იყო ქართველი მეომრების მოქმედების არეალი. ისინი გმირულად იბრძოდნენ კავკასიის მისადგომებთან, რუსეთის ევროპულ ნაწილებში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, აღმოსავლეთ პრუსიაში. მონაწილეობა მიიღეს ბერლინის შტურმში.

“საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მარადიული დიდების წიგნში” შეტანა, საპატიო სახელის მინიჭება (“ტამანის”, “კრივოი როგის”, “ანაპის”, “სევასტოპოლის” და სხვ.), წითელი დროშის ორდენით დაჯილდოება, გვარდიელის წოდება და სხვ. _ ეს ის ჯილდოებია, რომლებიც მიენიჭათ ქართულ სამხედრო ფორმირებებს დიდ სამამულო ომში.

მტრის ზურგში იბრძოდნენ ქართველი პარტიზანები _ დავით ბაქრაძე, პეტრე გვალია, სანდრო ჩაჩხიანი, ზოია რუხაძე, ნოე კუბლაშვილი, ქრისტეფორე მოსულიშვილი, ოთარ იშხნელი და სხვ.

ომის პირველ წლებში ტყვედ ჩავარდნილი ბევრი ჩვენი თანამემამულე მიმოფანტული აღმოჩნდა ევროპაში, განსაკუთრებით _ გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ ნაცისტური ტყვეობიდან თავის დაღწევას. გათავისუფლების შემთხვევაში აქტიურად ერთვებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდამხარ ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობაში. ბევრი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე სამშობლოდან შორს. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს ევროპის ქვეყნების ხალხთა თვალში ქართველი ადამიანის ვაჟკაცური ბუნება. ერთ მათგანს _ ქრისტეფორე მოსულიშვილს, მიენიჭა იტალიის ეროვნული გმირის სახელი სიკვდილის შემდეგ.

შევჩერდებით ერთ საყურადღებო ისტორიულ ფაქტზე ქართველთა მონაწილეობით:

1941-45 წლებში ვერმახტმა ჩამოაყალიბა საბჭოთა კავშირის ხალხების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამხედრო ფორმირებები. ინტენსიური ანტისაბჭოთა პროპაგანდით დამუშავებულები, ისინი, ძირითადად, იბრძოდნენ “აღმოსავლეთის ფრონტზე” მესამე რეიხის მხარეზე. ასევე იქნა შექმნილი ქართული ლეგიონიც (30 ათასი კაცი). იგი დააკომპლექტეს 1921 წელს საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი და ქვეყნიდან გადახვეწილი ქართველებით. მათ დაუმატეს ომში ტყვედჩავარდნილები, რომლებიც ინტერნირებულები იყვნენ გერმანიასა და მის სატელიტ ქვეყნებში. სხვა ნაციონალური ლეგიონებისგან განსხვავებით, ქართულ ბატალიონებს არ მიუციათ ერთგულების ფიცი მესამე რეიხისადმი. მოგვიანებით ქართული ლეგიონი მოიცვა დეზერტირობამ. იმპერიის სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ქართული ბატალიონებიდან გამოქცეულები უერთდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მონაწილეობდნენ ანტიფაშისტურ შეიარაღებულ ბრძოლებში (საფრანგეთში, იტალიაში და სხვ.). “აღმოსავლეთის ფრონტზეშექმნილი მდგომარეობის გამო 1945 წლის თებერვალში, რაიხსკანცლერის ბრძანებით, ქართული ლეგიონის თამარ მეფის სახელობის 822- ბატალიონი გადასროლილ იქნა საფრანგეთიდან კუნძულ ტექსელზე (ნიდერლანდები). იგი შედგებოდა 800-მდე ქართველისა და 400-მდე გერმანელისგან (ძირითადად, ოფიცრებისგან).

1945 წლის 4 აპრილს დაიწყო ქართველთა აჯანყება. 5 აპრილს ისინი თავს დაესხნენ გერმანელ ოფიცრებს. მალე აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა თითქმის მთელი კუნძული. გერმანელებმა სასწრაფოდ გადასხეს ტექსელზე დამატებითი სამხედრო ძალები. ქართული ბატალიონის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის მიმართა ინგლისის მთავრობას, მაგრამ უშედეგოდ. გერმანელებმა ჩაახშეს ამბოხი. უმძიმეს ბრძოლებში დაიღუპა 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი პატრიოტი. დაიღუპა ქართველთა მეთაურიც _ შალვა ლოლაძე (1945 . 25 აპრ.) ის იყო საბჭოთა მფრინავი, სამხედრო საჰაერო ძალების კაპიტანი, საჰაერო ესკადრონის მეთაური. 1942 წელს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინაში. ფაშისტებმა ლოლაძე ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით ის ჩარიცხეს საფრანგეთში დისლოცირებულ 822- ქართულ ბატალიონში ლეიტენანტის ჩინით.

შალვა ლოლაძე დაკრძალულია კუნძულ ტექსელზე მისივე სახელობის ქართველთა სამხედრო სასაფლაოზე.

ჩვენი აზრით, კუნძულ ტექსელზე ქართველთა შეიარაღებული აჯანყება (1945 წ. 4 აპრ. _ 20 მაისი) იყო ევროპის კონტინენტზე უკანასკნელი საბრძოლო მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს უნდა ჩაიწეროს სამხედრო ისტორიოგრაფიაში.

არანაკლები გმირული შრომა და თავდადება გამოიჩინა ზურგში დარჩენილმა საქართველოს მოსახლეობამაც. 1941 წლის სექტემბრიდან, გერმანელ ფაშისტთა საქართელოში შემოჭრის საშიშროების ჟამს, ჩვენი ქვეყნის 46 რაიონის მოსახლეობა აქტიურად შეუდგა თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში და 1942 წლის გაზაფხულზე დაამთავრა. ასევე დიდი სამუშაოები ჩაატარეს საქართველოს მშრომელებმა დარიალის ხეობისა და კავკასიის უღელტეხილების გასამაგრებლად. უმოკლეს ვადაში აითვისეს თავდაცვითი პროდუქციის წარმოება რესპუბლიკის ინჟინრებმა და მუშებმა. უკვე 1941 წლის ბოლოს საქართველოს ქარხნები უშვებდნენ ავტომატებს, ნაღმსატყორცნებს, ქვემეხის ჭურვებს, რეაქტიული ნაღმსატყორცნის ნაწილებს, არემონტებდნენ ტანკებს, თვითმფრინავებს, ავტომატებს, შაშხანებს. ლითონგადამამუშავებელმა მრეწველობამ ომის წლებში 1738 მლნ მანეთის პროდუქცია შექმნა და გადასცა სახელმწიფოს.

კვების მრეწველობამ წითელ არმიას მიაწოდა 2,5 მლნ მანეთის პროდუქცია, 1942-43 წლებში საქართველოს მუშებმა ამიერკავკასიის ფრონტს გადასცეს 135 ათასი ავტომატი, 8500 ნაღმსატყორცნი, ასობით ავიაგამანადგურებელი, მილიონობით ვაზნა, ნაღმი, ქვემეხის ჭურვი, ხელყუმბარა, ტყვიამფრქვევი და სხვ. ომის წლებში საქართველოს მშრომელებმა თავდაცვის ფონდში შეიტანეს 3 340 293 500 მანეთი.

ასევე დიდი იყო სოფლის მეურნეობის მუშაკთა წვლილი წითელი არმიის საკვებით მომარაგებაში. საქართველო გადაიქცა დაჭრილი საბჭოთა მეომრების სამკურნალო მძლავრ ბაზად. საქართველოში მოქმედებდა 90-ზე მეტი ჰოსპიტალი, რომლებშიც იმკურნალა 1 მლნ-ზე მეტმა მებრძოლმა, მათგან 700 ათასზე მეტი კვლავ დაუბრუნდა ფრონტს.

საქართველოს მეცნიერებმა, საკვლევსამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა მთელი თავისი საქმიანობა დაუმორჩილეს ფრონტის ინტერესებს. საქართველო იყო ჯავშანფოლადის საწარმოებლად ვოლფრამისა და მოლიბდენის ერთადერთი მიმწოდებელი. 1941-43 .. ქართველმა გეოლოგებმა მრეწველობას გადასცეს სასარგებლო წიაღისეულის 40-ზე მეტი საბადო. სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობდა გამოჩენილ მეცნიერთა მთელი პლეადა.

მრავალმა ქართველმა მწერალმა, პოეტმა, მხატვარმა, ჟურნალისტმა, დრამატურგმა, კინორეჟისორმა, კომპოზიტორმა თავისი შემოქმედება მტერზე გამარჯვების თემას დაუკავშირა. ბრძოლის ველზე დაეცა ქართული ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი. ფრონტზე იბრძოდა საქართველოდან წარგზავნილი 46 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი. უშუალოდ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მხედართთავრებმა: კონსტანტინე ლესელიძემ, პორფილე ჩანჩიბაძემ, ვლადიმერ ჯანჯღავამ, ვლადიმერ ნანეიშვილმა, ნიკოლოზ თავართქილაძემ, გიორგი ყურაშვილმა და სხვ.

165 ქართველ მეომარს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 244 700 ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა სსრკ ორდენებითა და მედლებით. საქართველოს 333 344 მშრომელი დაჯილდოვდა მედლითმამაცური შრომისათვის 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში”, 46 191 მშრომელი კი _ მედლითკავკასიის დაცვისათვის”.

უდიდესი განსაცდელის ჟამს ქართველმა ხალხმა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის მოწინავე ერებმა, გამოავლინა საუკეთესო თვისებები: გმირული სული, გამძლეობა, თავდადება, საბოლოო გამარჯვების რწმენა.

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს _ 1945 წლის 9 მაისს, ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირისა და ანტიფაშისტურ კოალიციაში შემავალი ქვეყნების ხალხებთან ერთად უდიდესი სიხარულით შეხვდა. მანამდე კი იყო ბერლინის დაცემა. 1945 წლის 30 აპრილს საბჭოთა ჯარებმა რაიხსტაგი აიღეს და მასზე წითელი დროშა აღმართეს საბჭოთა კავშირის გმირებმა რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ. მოსკოვმა ბერლინის დაცემა 324 ქვემეხიდან 24 საარტილერიო ზალპით აღნიშნა. დამთავრდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე განადგურდა ან ტყვედ ჩავარდა მოწინააღმდეგის 607 დივიზია, მწყობრიდან გამოყვანილ იქნა ვერმახტის სამხედრო ტექნიკის 75%. სხვადასხვა მონაცემით, გერმანიამ დაკარგა 13,7 მლნ ადამიანი, საბჭოთა კავშირმა კი 27 მლნ. მათ შორის, 11,3 მლნ ფრონტზე. ფაშისტების მიერ შექმნილ სიკვდილის ბანაკებში დაიღუპა 5 მლნ ადამიანი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე _ 7,4 მლნ-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე. გერმანიაში სამუშაოდ იძულებით იქნა გადაყვანილი 5 269 500 საბჭოთა მოქალაქე. მათგან ომის შემდეგ რეპატრიაციით დაბრუნდა 2 540 100 კაცი. მიზეზთა გამო ქვეყანაში არ დაბრუნდა და ემიგრანტებად დარჩა 451 100 კაცი. 2 164 300-ზე მეტი დაიღუპა ტყვეობაში. 114 000 ადამიანზე არ არის მონაცემები.

70 წელი გავიდა ამ სისხლისმღვრელი ომის დამთავრებიდან, მაგრამ დღემდე არ შეწყვეტილა დისკუსიები და სამეცნიერო კონფერენციები, იბეჭდება ასობით სტატიები და წიგნები გერმანიასაბჭოთა კავშირის ომის მიზეზებსა და შედეგებზე. სამხედრო ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, სოციოლოგებისა და ექსპერტების მთელ თაობებს ვერ გაუციათ ამომწურავი პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე _ რა მოხდა 1941-45 წლებში, ანუ რა იყო მესამე რეიხის დამარცხების და საბჭოთა კავშირის გამარჯვების მიზეზები? ამ კითხვაზე პასუხები განსხვავებულია. მაგალითად, ჰიტლერული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ფონ რიბენტროპმა დაასახელა 3 ძირითადი მიზეზი:

*საბჭოური წინააღმდეგობის სიძლიერის მოულოდნელობა(?!);

*შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების მასშტაბები აშშის მიერ;

*დასავლელი მოკავშირეების წარმატებები საჰაერო ბრძოლებში.

ამერიკელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი, ცნობილი ანტისაბჭოთა იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი კი ეწინააღმდეგება აშშ-ის როლის გაზვიადებულ წარმოდგენას. ის წერს: “პარადოქსალურია, რომ ნაცისტური გერმანიის განადგურებამ აამაღლა ამერიკის საერთაშორისო სტატუსი, თუმცა მას არ უთამაშია გადამწყვეტი როლი ჰიტლერიზმზე სამხედრო გამარჯვებაში. აღიარებულ უნდა იქნას, რომ დამსახურება ამ გამარჯვებაში ეკუთვნის სტალინურ საბჭოთა კავშირს…” და ეს ჭეშმარიტებასთან ყველაზე უფრო ახლოა.

ორიოდე სიტყვა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედზე _ იოსებ სტალინზეც.

ყველა ისტორიული პიროვნების პოლიტიკური მოღვაწეობა სავსეა შუქ-ჩრდილებით. იგივე შეიძლება ითქვას სტალინზეც, მაგრამ 1941-45 წლებში ფაშისტური აპოკალიფსის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი პიროვნება წარმოჩნდა აღმატებულ ხარისხში. კომუნისტური იდეოლოგიის უბადლო პროპაგანდისტმა შექმნილ ურთულეს სიტუაციაში შეძლო, დაერწმუნებინა ქვეყნის მრავალეროვანი მოსახლეობა, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო “წმიდა ომი”. საბჭოთა ხალხმა ირწმუნა მისი მოწოდება: “სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ გავიმარჯვებთ!”. სტალინმა შეძლო, საბჭოთა სახელმწიფო გადაექცია ერთ მუშტად შეკრულ სამხედრო ბანაკად. მას იმედის თვალით შეჰყურებდნენ ფაშიზმის უღელქვეშ მყოფი ევროპის ხალხებიც.

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, სტალინმა ფრონტებისა და არმიების სარდლებად დააწინაურა უნიჭიერესი მხედართმთავრების მთელი პლეადა (გიორგი ჟუკოვი, კონსტანტინე როკოსოვსკი, ალექსანდრე ვასილევსკი, ივანე კონევი, ანდრეი გრეჩკო, როდიონ მალინოვსკი, ივანე ბაგრამიანი, ნიკოლაი ვატუტინი, ვასილ ჩუიკოვი და სხვ.), რომელიც წარმატებით ართმევდა თავს ურთულეს სამხედრო ოპერაციებს. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული და განხორციელებული მრავალი სტრატეგიული და ტაქტიკური ოპერაცია სამხედრო ხელოვნების ნიმუშად დარჩება. უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულების პარალელურად სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა ქვეყანამ წარმატებით შეძლო უმძიმეს პირობებში ეკონომიკის სამხედრო ბაზის შექმნა და ომის გამარჯვებამდე მიყვანა.

უმაღლესი მთავარსარდლის ერთი მახასიათებელი შტრიხი: ომის პირველივე დღეებში სტალინმა ფრონტზე გაგზავნა უფროსი ვაჟიშვილი იაკობი და შვილობილი არტემ სერგეევი. მე-20 არმიის ბატარეის მეთაური არტილერიის უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი, ერთი ვერსიით, გმირულად დაიღუპა 1941 წლის ივლისში ვიტებსკთან ბრძოლებში. იგი დაჯილდოებულია სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ). მოგვიანებით, 1943 წელს, ფრონტზე წავიდა სტალინის უმცროსი ვაჟიშვილიც _ ვასილი სტალინი, რომელიც წარმატებული მფრინავი იყო. მას ბედმა გაუღიმა და ომის დამთავრების შემდეგ შინ მშვიდობით დაბრუნდა, ისევე, როგორც არტემ სერგეევი.

უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩართული 70-მდე ქვეყნის არც ერთ ლიდერს არ დაუდევს ასე ბედის სასწორზე თავისი შვილების სიცოცხლე.

ტერმინებს _ “დიდი სამამულო ომიდა “9 მაისი _ დიადი გამარჯვების დღესასწაული”_ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღარ იყენებენ. ზოგან ის კანონმდებლობითაც კი აიკრძალა.

ჩვენი აზრით, ვიდრე საქართველოში ცოცხლობს ომისდროინდელი თაობის თუნდაც ერთი წარმომადგენელი, საკითხისადმი ასეთი მიდგომა, არაეთიკური და მიუღებელია. ეს არ შეესაბამება ქართულ მენტალიტეტს! იმედია, მომავალ თაობებს ეყოფათ სიბრძნე, გონიერება და მოერიდებიან ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც შეაწუხებს ომში დაცემული ასეულათასობით ქართველ გმირთა სულებს. დიახაც, “დიდი სამამულო ომი!” დიახაც, “9 მაისი _ დიადი გამარჯვების დღესასწაული!”

სამარადისო დიდება დიდ სამამულო ომში გმირულად დაღუპულ საქართველოს შვილებს!

იაგო გოგსაძე,

გადამდგარი პოლკოვნიკი;

თენგიზ სირაძე,

გადამდგარი პოლკოვნიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here