Home რუბრიკები პოლიტიკა “გლობალური კვლევების ცენტრმა” საგარეო- პოლიტიკურ საკითხებზე კონფერენცია გამართა

“გლობალური კვლევების ცენტრმა” საგარეო- პოლიტიკურ საკითხებზე კონფერენცია გამართა

602

არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” 3 აპრილს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე კონფერენცია გამართა. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო-პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

კონფერენციაზე ერთგვარი საექსპერტო დასკვნის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც ხელისუფლებას დაანახვებს, რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა, რათა მის წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები დაძლიოს.

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_ ჩვენი ამოცანა და მიზანი იყო, ერთ მაგიდასთან სწორედ სხვადასხვა მოსაზრების მქონე ექსპერტები დამსხდარიყვნენ და საგარეო საკითხებზე თავიანთი თვალსაზრისი გამოეხატათ. ვინაიდან რაღაც საერთო აზრისა თუ პრობლემების გამოსაკვეთად სწორედ ასეთ შეხვედრებსა და ჯანსაღ დისკუსიას აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოში არიან ექსპერტები, რომლებიც ყველგან აღნიშნავენ, რომ ნატოსა თუ ევროკავშირში საქართველოს შესვლის მომხრეები არიან, მაგრამ ასეთ დისკუსიაზე რატომღაც არ მოდიან, თუმცა დღეს ასეთი დისკუსია მაინც გაიმართა _ კონფერენციას განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტები ესწრებოდნენ.

ექსპერტმა სოსო ცინცაძემ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე _ ქვეყნის საზღვრების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს დღეს ბევრი წინააღმდეგობა აქვს გადასალახავი:

 _ საქართველოს ამოცანა მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რა პრინციპებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს ემყარება დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი. საქართველო, ალბათ, მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებსაც თავიანთ არც ერთ მეზობელთან საზღვარი არ აქვს დადგენილი. ჩვენ სადავო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან, სომხეთთან და თურქეთთან. საქართველოს ყველა მეზობელთან სადავო ტერიტორია აქვს, თუმცა, მოლაპარაკება არც ერთ მათგანთან არ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ არის დღეს გამორიცხული საქართველოს ნატოში გაწევრება. ნატოს ერთერთი ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო დავა არ უნდა გქონდეს.

ჩვენ უტოპიურ, აბსტრაქტულ პრინციპს ვანაცვალეთ რეალობა, მაგრამ ამ პრინციპითაა აგებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში წარმატებული არასდროს ყოფილა. ქართული დიპლომატიისთვის რუსული ვექტორი არ არსებობს. როდესაც ქვეყანა თავის უდიდეს მეზობელს, დიპლომატიური მოღვაწეობის არეალიდან საერთოდ გამორიცხავს, ეს არ არის დიპლომატია, ეს კატასტროფისკენ მიმავალი გზაა.

ნინო ბურჯანაძე: “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსლიდერი:

_ ნებისმიერი ასეთი დისკუსია სწორი გზის გამოჩენასა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე ჯანსაღი დისკუსია ძალიან სჭირდება.

 ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თვითონ უნდა მივიღოთ. ეს კი მხოლოდ რეალური პოლიტიკის გატარების შემთხვევაშია შესაძლებელი. იმ უტვინო პოლიტიკით, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ატარებს, შეიძლება ისეთი პრობლემები შეგვექმნას, რომლებსაც, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ გაუმკლავდება. კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ახლა ვუყურებთ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების სცენარი ვაშინგტონში იწერება, რამაც მძიმე რეალობის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ დღეს ამ კონფერენციას ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დასწრებოდნენ, გარკვეულ შეკითხვებს დავუსვამდი, ვინაიდან ბევრი რამ გაუგებარია. მაგალითად, რა პრიორიტეტები გვაქვს და რისკენ მიისწრაფვის ქვეყანა? რატომ არის მიტოვებული არაბული მიმართულება, ან რატომ არის კითხვის ნიშნები ირანის მიმართულებით?! ძალიან ორჭოფული ვითარებაა სხვა ზოგიერთი მეზობლის მიმართაც. ჩვენთან დღეს პრიორიტეტული ეკონომიკური პროექტებია, ხოლო გეოპოლიტიკურ მიმართულებას მინიმალური ყურადღება ეთმობა. განსაკუთრებით მაფიქრებს ის ცვლილებები, რომლებიც 1 აპრილს ჟენევაში გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვება. მართალია, ეს ცვლილებები არ იქნება მყისიერი, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ვინაიდან, თუ ეს ხელშეკრულებამ ამუშავდა, რეგიონში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

პეტრე მამრაძე, “მართვის სტრატეგიული ცენტრისხელმძღვანელი:

_ მინდა, შეგახსენოთ, რომ 1992 წლის შემოდგომაზე დასავლეთის ლიდერებმა კატეგორიულად გააფრთხილეს შევარდნაძე, რუსეთთან ურთიერთობა ნებისმიერი კომპრომისის ფასად მოეგვარებინა. ერთერთი ადამიანი, რომელმაც ეს პარლამენტში გაახმოვანა, ჯონ მახლაზ შალიკაშვილის ძმა _ ოთარ შალიკაშვილი იყო. მან პირდაპირ თქვა, რომ დაიკარგებოდა აფხაზეთი დასამხრეთ ოსეთიდა დასავლეთი აღარ დაგვეხმარებოდა, ხოლო საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაქრებოდა. ასე რომ, დსთ წევრები ამერიკელებისა და ევროპის დაჟინებული რჩევით გავხდით. ისინი პირდაპირ გვეუბნებოდნენ, თუ არ შეხვალთ დსთში, არ დაგეხმარებითო და დღეს რომ საუბრობენ პრორუსულობასა და პროდასავლურობაზე, გამოდის, დასავლეთის ყველა ლიდერი პრორუსული ყოფილა.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა _ თუ პატარა სახელმწიფო არ იღებს იმ რეალობას, რომელიც მასზე დამოკიდებული არ არის, რომლის შეცვლაც არ შეუძლია, მაშინ ის ქრება.

თამარ კიკნაძე, პროფესორი:

_ როგორც წესი, ის ადამიანები, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე საუბრობენ, არგუმენტების გარეშე და მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით გვთავაზობენ ამ კურსს. თუმცა მეჩვენება, რომ ნატოს თემა სპეციალურად შემოგდებული პოლიტტექნოლოგია იყო, რათა საქართველო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. გაიხსენეთ, სააკაშვილი გამუდმებით ამბობდა, რომ რუსეთთან არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ჩვენი გზა ნატოა და ამით კარტ-ბლანშს აძლევდა რუსეთს, ჩვენი მიწების ანექსია განეხორციელებინა, ამიტომ ჩემთვის მთავარი, რიტორიკა კი არა, შედეგია; ხოლო ის საგარეო-პოლიტიკური რიტორიკა რომელსაც დღეს ვხედავთ, კრიტიკას ვერ უძლებს.

გიორგი მდივანი, “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბისდამფუძნებელი:

_ საქართველოში არ ჩატარებულა არც ერთი რეალური რეფერენდუმი ან პლებისციტი, მოსახლეობას ნატოს შესახებ თავისი აზრი რომ გამოეხატა. ბოლო პლებისციტი, როგორც გვახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარეობდა და, არჩევნების შედეგების მსგავსად, დიდი ალბათობით, პლებისციტირის შედეგებიც გაყალბებული იყო.

 ამას გარდა, მოსახლეობა ნატოს შესახებ ინფორმირებული არ არის. ნატოს უამრავი ცენტრია საქართველოში გახსნილი, მაგრამ იქ ვერ მოიძიებთ ინფორმაციას, როგორ მოქმედებდნენ ნატოს დაჯგუფებები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში და რა ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ ისინი. ამაზე ბევრი დაიწერა იმავე დასავლელი ჟურნალისტების მიერ, მაგრამ საქართველოში ამ თემაზე დღეს არც ერთი ექსპერტი და ჟურნალისტი არ საუბრობს, ეს საკითხი ტაბუდადებულია.

ჩემი აზრით, საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ფინეთიზაციისა. არც ფინეთსა და საბჭოთა კავშირს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ტერიტორიული დავაც ჰქონდათ, მაგრამ ფინელებს ეყოთ გამბედაობა და პოლიტიკური პრაგმატიზმი, მიეღოთ სპეციალური კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულ ინტერესებს უსვამდა ხაზს და ფინეთის ინტეგრაციას ნატოსა თუ სხვა სამხედრო კავშირებში გამორიცხავდა. ამან შედეგი გამოიღო და დღეს ფინეთი ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. ფინეთის ტაქტიკა სამაგალითოა გეოპოლიტიკის ისტორიაში, თუმცა ამაზე საქართველოში არავინ საუბრობს.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე როდესაც ვსაუბრობთ და ვიხსნებთ, როგორ გვანადგურებდა რუსეთი, ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში დღევანდელი გადმოსახედიდან მე-19 საუკუნის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი სასაცილოა. ზოგიერთმა კონფერენციაზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. გასაგებია, რომ პოლიტიკა აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ ამერიკა და რუსეთი მოწინააღმდეგეები არიან და ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვხდებით, რუსეთი ვალდებული იქნება, საქართველო მტერ სახელმწიფოდ ჩათვალოს, მით უფრო, როდესაც მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგე შემოგვყავს რეგიონში! რუსეთი იცავს თავის ეროვნულ ინტერესებსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები უნდა გავითვალისწინოთ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here