Home რუბრიკები პოლიტიკა მაზოხიზმის აჩრდილი რუსეთის ქართულ დიასპორაში

მაზოხიზმის აჩრდილი რუსეთის ქართულ დიასპორაში

1156

ბავშვობაში არც ერთი მათგანი არ აწვალებდა შინაურ ცხოველებს, არ იყვნენ შემჩნეული სხეულის თვითდაზიანებაში, მოკლედ, სადიზმის, მაზოხიზმის ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგიების ნიშნებს არ ავლენდნენ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ლამის კარიერის პიკზე აღმოაჩნდათ როგორც სადისტური, ასევე მაზოხისტური მიდრეკილებები. ზოგ მათგანს ნეტარებას ჰგვრის, როდესაც საჯაროდ, პირდაპირ ეთერში საყოველთაო დაცინვისა და აბუჩად აგდების საგნად აქცევენ და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ სიბრიყვეებს როშავს, რათა უფრო დაამცირონ, გალანძღონ, თავლაფი დაასხან. ზოგჯერ ეს მაზოხისტური ტკბობა სადიზმში გადაიზრდება და ეს ადამიანებიც დაუფარავად ტკბებიან ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დიასპორის როლის სრული დისკრედიტებითა და გამასხარავებით… სიცხადისათვის განვმარტავ _ საუბარია რუსეთში ქართული დიასპორის არაადეკვატური, კომიკური ლიდერების ქცევაზე, რომელიც სრულიად კონტრპროდუქტიულია ამ ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული მიზნებისა.

ძნელბედობის არც ერთ ჟამს საქართველოს არ ახსოვს მკვიდრი მოსახლეობის ემიგრაციის ისეთი მაღალი ტემპი, როგორსაც ბოლო 20-25 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი. ემიგრაციის ამ არნახული ტალღის გამო, რუსეთში, მათ შორის, მოსკოვშიც, უამრავი სახელოვანი, წარმატებული ქართველი მოღვაწეობს. მათგან ბევრს აქვს საკმარისი გავლენა, შესაძლებლობები, კონტაქტები იმისათვის, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, თუმცა იმისათვის, რომ ეს გავლენა იყოს შედეგიანი, სასურველია ქართული დიასპორის შესაბამისი სტრუქტურული ჩამოყალიბება.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციების მოქმედება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაეფექტურია, ხშირად კი კონტრპროდუქტიულიც. ამას, ერთი მხრივ, ისიც განაპირობებს, რომ ქართველებს არ გვაქვს დიასპორების მუშაობის ისტორიული გამოცდილება, მეორე მხრივ კი, ვითარებას ძალიან ამძიმებს ის გარემოება, რომ ქართველთა დიასპორის ხელმძღვანელებად თავი გამოაცხადეს ადამიანებმა, რომლებიც საქართველოსა და მის დიასპორას პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ. შედეგად კი მივიღეთ რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია, რომელთა სათავეშიც აღმოჩნდნენ უკიდურესად ამბიციური, მწირი ინტელექტის მქონე პირები, რომელთათვისაც მთავარი მიზანი დიასპორის საფარით ბიზნესსაქმიანობის წარმართვაა. პირადი ინტერესებისა და ბიზნესის ლობირებისათვის კი დიასპორული საქმიანობის საფარი ერთობ ხელსაყრელი აღმოჩნდა.

საკმარისია გადავხედოთ, ვინ ხელმძღვანელობს ქართველთა დიასპორულ ორგანიზაციებს და ვინ წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე საქართველოს დიასპორების სახელით რუსეთში, რომ, სულ ცოტა, უხერხულობის განცდა გაგვიჩნდება. იშვითია ქართველი, რომელსაც სამარცხვინოდ არ მიაჩნდეს ქართული დიასპორის ლიდერობა ისეთი პირებისგან, რომლებსაც ქელეხის სუფრაზე თამადად არ აირჩევენ. სამწუხაროდ, დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დონეზე, ქართველებს ხშირად წარმოგვადგენენ ადამიანები, რომლებიც არიან ელემენტარული უწიგნურები _ არა მხოლოდ რუსული, არამედ მშობლიური ენის ცოდნის თვალსაზრისითაც; ვერ ერკვევიან მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ პროცესებში, ძალიან მწირი წარმოდგენა აქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და თავიანთი ლექსიკით, ტლუ მანერებითა და ზოგადი განათლების სიმწირით აშკარად ტოვებენ ჯიბესქელი ხეპრეების შთაბეჭდილებას. ამ ყოველივეს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ისინი არ ერიდებიან საჯარო გამოსვლებს და მათი ნებისმიერი აქტივობა იწვევს საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას, რაც ნამდვილად კონტრპროდუქტიულია იმ მიზნებისა, რომლებსაც ეს დიასპორული ორგანიზაციები დეკლარირებენ.

ქართველი საზოგადოება, ქართველი ხალხი დაინტერესებულია, რომ მას წარმოადგენდნენ ღირსეული მამულიშვილები, რომლებიც სარგებლობენ პატივისცემითა და დაფასებით როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

სინამდვილეში კი გვაქვს საპირისპირო რეალობა და აგერ უკვე ორი ათეული წელია, ვხედავთ, რომ ქართულ დიასპორას (რომელიც სიმრავლით სრულიად საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია) რუსეთში წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საჯარო საქმიანობის ელემენტარულ ნორმებსაც კი.

ჩნდება კითხვა _ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ საუბრობს დღეს ქართული დიასპორის სახელით?

ყველაზე მსხვილ დიასპორულ ორგანიზაციას _”ქართველთა კავშირს რუსეთში” _ ხელმძღვანელობს ვაჭრობით დაკავებული ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, რომელიც უხერხული სატელევიზიო გამოსვლებისა თუ სკანდალური საქციელის გამო კარგად არის ცნობილი საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მას კომიკურ-ირონიულ კონტექსტში აღიქვამენ, ვაჭრობით დაკავებულ ამ ბიზნესმენს აქვს აკვიატებული აზრი, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარია და აქვს ამბიცია, წარმოადგინოს არა მხოლოდ საქართველო რუსეთში, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოში, რაც ახდენს არამხოლოდ პირადად ხუბუტიას, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტებას საზოგადოების თვალში.

არავინ უარყოფს იმ დადებით მომენტებს, რომლებსაც “ქართველთა კავშირი რუსეთში” და ხუბუტია აკეთებენ კულტურული კავშირების აღსადგენად, ძალიან კარგია, რომ ხდება ქართველი მომღერლების, მოცეკვავეების, მანსანკანელების გასტროლების დაფინანსება და სხვა, მაგრამ ამ ამოცანის შესასრულებლად საკმარისი იქნებოდა ორმხრივი კულტურული ურთიერთობების ასოციაციის საქმიანობა, პოლიტიკურეკონომიკურ საკითხებზე მუშაობას კი ხელმძღვანელის სხვა კვალიფიკაცია, სხვა იმიჯი სჭირდება. რუსეთსაქართველოს ურთიერთობათა ამ უმძიმეს პერიოდში უპრიანი იქნებოდა, დიასპორული ორგანიზაციებისათვის ეხელმძღვანელა არა ბიზნესმენსა და დაბალი განათლების ქორვაჭარს, არამედ ქართული ინტელიგენციის ისეთ წარმომადგენელს, რომელსაც, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში პატივისცემა, დაფასება და ავტორიტეტი აქვს. ასეთები კი რუსეთის ქართულ დიასპორაში არაერთი მოიძებნება. მხოლოდ მოსკოვში მოღვაწეობს მსოფლიო ავტორიტეტის მქონე უამრავი ქართველი ექიმი, ინჟინერი, კონსტრუქტორი, სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენელი, რომელთაც ვერავინ დასდებს ბრალს უვიცობაში, სიხარბეში, ავანტიურისტობაში და რომელთა ბიოგრაფიაც სუფთაა. დღეს სწორედ ინტელექტი, საკითხისადმი ფილიგრანული მიდგომა და ავტორიტეტი სჭირდება რუსეთში ქართული დიასპორის ლიდერს, რადგან ამ დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის ბედისათვის. ასეთ ვითარებაში კი დიასპორული საკითხების იმ კომიკური პერსონების იმედად დატოვება, რომლებიც დღეს ეწევიან ამ საქმიანობას, სულ მცირე, საბოტაჟია

ხუბუტიას საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ დიასპორული ორგანიზაციების სხვა ხელმძღვანელების თვალსაზრისითაც მეტად მძიმე სურათია. მაგალითად, კიდევ ერთ დიასპორულ ორგანიზაციას _ “საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს” _ ხელმძღვანელობს ასევე ვაჭრობით დაკავებული, გაურკვეველი წარსულის მქონე ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე.

ნიშანდობლივია, რომ ბატონი ებრალიძის სურვილი და პრეტენზია, გამხდარიყო საქართველოს პირველი პირი, საზოგადოების მიერ ისეთივე ირონიულ-კომიკურ კონტექსტში იქნა შეფასებული, როგორც ბატონი ხუბუტიას სურვილი _ წარმოადგენდეს რუსეთში საქართველოს, ხოლო საქართველოში _ რუსეთს. ხუბუტიასგან განსხვავებით, ბატონი ებრალიძე, როგორც ჩანს, მიხვდა ამ მიმართულებით შემდგომი საქმიანობის უპერსპექტივობას და ბოლო ხანს ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

ხუბუტია-ებრალიძის დუეტს არაფრით ჩამოუვარდება კიდევ ერთი “დიასპორული ლიდერი” და “პუტინის მეგობარი,” ვინმე მინდია გულუა, რომელიც რუსეთში ბიზნესმენია, საქართველოში _ პოლიტიკოსი, მის “თვითშეფასებას” ერთდროულად ამშვენებს “რუსულ-აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობა” და რუსეთის მმართველ წრეებთან “ახლო მეგობრობა”. ის, როგორც “რუსეთის ხელმძღვანელი პირების მეგობარი” და “კრემლში ფრიად გავლენიანი სუბიექტი” ქართველი ამომრჩევლისგან მხარდაჭერას, ხოლო რუსეთისგან სოხუმიდან და ცხინვალიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას ერთდროულად ითხოვს. როცა ხელს აძლევს, სააკაშვილის რეჟიმთან ძმაკაცობს, ხოლო როცა აღარ _ “რუსეთუმეს” მანტიას ირგებს.

მოკლედ, ბატონი გულუა, რუსეთში ქართული დიასპორის ლიდერის როლს ვერა, მაგრამ ილფისა და პეტროვის უკვდავი ნაწარმოების გმირის _ პატივცემული დირექტორის _ ფუნტის როლს ნამდვილად ერგება.

ზემოთ ნახსენებმა სამეულმა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში აქტიურად ჩნდებოდა ქართულ მედიაში და ლამის “რუსეთის ხელმძღვანელობის სახელით” ათასგვარ ფანტასტიკურ სისულელეს როშავდა, წარმატებით მოახერხა ამ მიმართულების დისკრედიტირება, თუმცა საქმე ამით არ მთავრდება.

რუსეთში დიასპრული ორგანიზაციების კიდევ ერთი ლიდერია ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი და “ნაცმოძრაობის” სული და გული გოჩა ძასოხოვი. მას შემდეგ, რაც შავბნელი საქმეების გამო სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა, ძასოხოვი ძველ თბილისში მდიდრული აპარტამენტებიდან რუსეთში გადაბარგდა, აქტიურ დიასპორულ საქმიანობას მიჰყო ხელი და დააარსასაქართველოს ხალხთა ასამბლეა”…

ეს ასამბლეაც, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების მსგავსად, აქტიური “დიასპორული” საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ “რუსეთში ქართველთა კავშირისა” და “საქართველოს ხალხთა კონგრესისგან” განსხვავებით, არ გაუმართლა _ სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში მოხვდა და გაირკვა, რომ შავ-ბნელი ბიზნესმაქინაციებით იყო დაკავებული. დანაშაულებრივი ორგანიზაცია მიუხურეს, თვითონ ძასოხოვი კი, ასე ვთქვათ, იატაკქვეშეთში გადაბარგდა…

ამ პანოპტიკუმს ავსებს კიდევ ერთი პერსონა, რომელსაც ზედმიწევნით ახასიათებს ცნობილი ფრაზა ფილმიდან “მიმინო” _ “კტო ეტოტ პატერპევში, ჩევო ონ ხოჩეტ?”

ეს “პატერპევში” არის რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. დიასპორის საკითხებში ამ ადამიანის მონაწილეობა ძალიან ბევრს უკვირს, რადგან, თუკი ხუბუტიასა და გულუას ქართველობა მაინც აკავშირებთ რუსეთში ქართველთა დიასპორასთან, ხომერიკის შემთხვევაში ამგვარ კავშირს პულსიც კი არ ესინჯება. თუმცა ბატონი ხომერიკიც შეპყრობილია ახალი ფსიქიატრიული სენით _ “პუტინთან მეგობრობის” აკვიატებული აზრით და ისიც წარმატებით უწევს დათვურ სამსახურს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ალბათ, არიან კიდევ სხვა წვრილი დიასპორული ორგანიზაციები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, მაგრამ ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების საქმიანობის ანალიზიც საკმარისია, დავასკვნათ _ რუსეთში არ არსებობს დიასპორის ისეთი მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც ირონიას ან დაუფარავ ზიზღს არ იწვევდეს ქართველ საზოგადოებაში, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს რუსულქართულ ურთიერთობებზე და ხელს უწყობს ისეთი თვალსაზრისის ფორმირებას, თითქოს ეს ოდიოზური ფიგურები რუსეთის მიერ არის შერჩეულნი და დაწინაურებულნი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებად. ამ თვალსაზრისს ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ თვითონ ეს “დიასპორული ლიდერები” ყოველ ნაბიჯზე უსვამენ ხაზს მითურ და განსაკუთრებულ ურთიერთობებს რუსეთის პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. შედეგად კი მივიღეთ სურათი, როდესაც პრეზიდენტ პუტინს იმდენიქართველი მეგობარიჰყავს, ამის შესახებ რომ გაიგოს, ფრიად გაკვირვებული დარჩება.

არადა, იგივე ბატონი ხუბუტია, როდესაც ერთერთ თბილისურ რესტორანში საყოფაცხოვრებო ხასიათის შელაპარაკებისას გალახეს, სწორედპუტინთან მეგობრობითხსნიდა ცემის ფაქტს და არა შეუფერებელი საქციელით.

რაც შეეხება ბატონ ხუბუტიას (და არა მხოლოდ მას) უკვე აუტანელია, როდესაც რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელის ყოველი საჯარო გამოსვლა მთავრდება სკანდალით, გამომსვლელის მძიმე შეურაცხყოფით, დაცინვით, მის უვიცობაზე პირდაპირ ეთერში ქილიკითა და გამასხარავებით.

გასაგებია, რომ ნებისმიერი, თუნდაც მცირერიცხოვანი (ზემოჩამოთვლილთა მსგავსად) ორგანიზაციის მუშაობისათვის საჭიროა ფინანსები, მაგრამ ნუთუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ორგანიზაციებს ყეყეჩი, ჯიბესქელი უვიცები ხელმძღვანელობდნენ? საქმე იქამდეა მისული, რომ საზოგადოებას ურჩევნია, საერთოდ არ გვქონდეს დიასპორული ორგანიზაციები, ვიდრე მათ ასეთი სამარცხვინო ტიპები მართავდნენ, რომლებიც თავიანთი ლექსიკით, უვიცობითა და ტრაბახით აკნინებენ ქართველის სახეს.

არადა, მიუხედავად მქუხარე პრეტენზიული სახელებისა, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში აერთიანებენ წევრთა მინიმალურ რაოდენობას და ძირითადად თითო-ოროლა ადამიანის კერძო ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ სწორედ მჭექარე და პრეტენზიული სახელები აძლევთ საშუალებას, საჯარო სივრცეში მთელი დიასპორის სახელით ისაუბრონ ათასგვარი სიბრიყვე აქტუალურ საკითხებზე. ამ ორგანიზაციების ლიდერებს სძულთ ერთმანეთი, კონკურირებენ ერთმანეთთან, ლანძღავენ მედიაში ერთიმეორეს და თავს ირცხვენენ ამ ქიშპობით, რაც ასევე ჩირქს სცხებს, საზოგადოდ, დიასპორის საკითხებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს წიაღში იშვა სტალინისა და ბერიას ინტელექტი, და მათ თავის დროზე განსაზღვრეს ზესახელმწიფოს განვითარების გზა, რომელიც დღემდე განაპირობებს პოსტსაბჭოთა სივრცისა და, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის არსებობას; თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ მისცა ქართულ-რუსულ საზოგადოებას კორიფეები _ არჩილ გელოვანი, ალექსანდრე ნადირაძე, დავით იოსელიანი, მიხეილ კალატოზოვი, გიორგი დანელია, ლეო ბოკერია და უამრავი სხვა პატივცემული ადამიანი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს _ სამარცხვინოა, რომ ქართულ დიასპორას რუსეთში წარმოადგენდნენ ბრიყვი და გაბღენძილი ქორვაჭრები ან ვირეშმაკა ავანტიურისტები. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირება და განუზომელია ამ საქმეში ქართული დიასპორის როლი…

იმედია, რომ ქართველთა დიასპორა რუსეთში ამ საკითხს სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება და პრობლემას დინჯად, უხმაუროდ, მაგრამ პრინციპულად და თანმიმდევრულად მოაგვარებსთუნდაც იმ დონეზე, რომ რუსეთში ქართული დიასპორის ლიდერის ტელევიზორში მორიგი გამოჩენა საყოველთაო ირონიას, ცუდად შენიღბულ დაცინვას ან სულაც დაუფარავ ზიზღს აღარ იწვევდეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

1 COMMENT

  1. ქუცნაშივილის მსჯერობა მაღალკვალიფიციური იურისტის მსჯელობას წარმოადგენს

  2. დიასპორა არა კვატი!! ესენი რა დიასპორული საქმეების გამკეთებლები არიან,მაგათ მგონი ერთი მისია აქვთ ამქვეყნად, ფულის კეთება და კეთება. სხვებს იმდენად არ ვიცნობ და მაგათზე ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ხუბუტია რომ მხოლოდ ფულით ზომავს ყველაფერს ეს ფაქტია!!!

  3. იცით რა მაინტერესებს? სტატიაში ნახსენებმა პირებმა, როგორ მიაღწიეს მაგდენს? ან ვინ წარუდგინა ეს ადამიანები რუსულ საინფორმაციო საშუალებს, საქართველოს საკითხის განხილვის დროს, ნებისმიერ რუსულ თოქ-შოუში ამათ როჟებს რომ ვხედავთ? ამ რუსებსაც ვერ გაუგებს კაცი, მართლა იმდენი გამოჩენილი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და მაინცდამაინც ამ უტვინოებს რომ უთმობენ დროს!!!

  4. მაზოხისტები!!!!! ნუთუ ამათზე მეტი არავინაა !!!!! ესენი ხმ მარაზმიაააააა!!!!!!!!!!“!

  5. "დიასპორა არა კვატი!! ესენი რა დიასპორული საქმეების გამკეთებლები არიან,მაგათ მგონი ერთი მისია აქვთ ამქვეყნად, ფულის კეთება და კეთება. სხვებს იმდენად არ ვიცნობ და მაგათზე ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ხუბუტია რომ მხოლოდ ფულით ზომავს ყველაფერს ეს ფაქტია!!!"

    მეგრელი მართალი ხარ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამ ფულის შოვნაში, მათი მოღვაეობა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფ ქართულ -რუსულ ურთიერთობებს,კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს.

  6. თუ მართლა გვინდა ურთიერთობების დალაგება რუსეთთან, რუსეთში ქართულ დიასპორას უნდა ხელმძღვანელობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სიტყვა ეთქმის… და ეს სიტყა აზრიანი, ჭკვიანური და, ყველაფერთან ერთად, გრამატიკულად გამართული იქნება, რომ ჟურნალისტებმა თუ ტელემაყურებლებმა მასხარად არ აიგდონ…

  7. მართალი ხარ ზურა, მაგრამ ზიანი არამარტო მათი საქმაინობიდან გამომდინარეობს, არამედ რუსების მიდგომიდანაც, რომლებიც ასე გულუბრყვილოდ ენდობიან ამათთანა არამზადა აფერისტებს. ესენი კი ამ მიამიტობაში ფულებს აკეთებენ. თან მათი მოღვაწეობით, რუსეთის იმიჯს სცემენ დაბლა საქართველოში.

  8. "არადა, მიუხედავად მქუხარე პრეტენზიული სახელებისა, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში აერთიანებენ წევრთა მინიმალურ რაოდენობას და ძირითადად თითო-ოროლა ადამიანის კერძო ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ სწორედ მჭექარე და პრეტენზიული სახელები აძლევთ საშუალებას, საჯარო სივრცეში მთელი დიასპორის სახელით ისაუბრონ ათასგვარი სიბრიყვე აქტუალურ საკითხებზე."

    უეჭველი საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის სჭირდებათ, ეს კვაზი ორგანიზაციები!!!

  9. როგორც იტყვიან, "დეფიციტში გარღვევაა"…
    რუსეთში იმდენი ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს, პირველ რიგში, მათი შეურაცხყოფაა, როცა ზემოაღნიშნული ადამიანები წარმოადგენენ მათ…
    არ შეიძლება გაუნათლებელი ადამიანი წარმოადგენდეს ადამიანთა ჯგუფს, მით უმეტეს – მთელ ერს! ფულის ქონა ერთმნიშვნელოვნად ხომ არ მეტყველებს მისი მფლობელის ინტელექტზე. ხშირად პირიქით არის. ამიტომ, საქართველოს, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, უნდა წარმოადგენდეს ისეთი ადამიანი, რომლის გვერდზე ყოფნას, რომლი სტუმრობას არ ითაკილებენ თავად იმ ქვეყნის თვალსაჩინო ადამიანები!

  10. დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა მარტო კონცერტების გამართვა როდია. დიასპორას უნდა ხელმძვანელობდეს განათლებული ადამიანი, რომელიც რეალურად განახორციელებს ხალხთა შორის მეგობრული ძაფების გაბმას და, ამავდროულად, იზრუნებს უცხო ქვეყანაში მყოფი თანამემამულის ბედზე! მისი მთავარი ამოცანა, სწორედ, მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება უნდა იყოს და არა მისი ორგანიზაციის დაფინანსებით მეტი ფულის შოვნა. სირცხვილია, როცა ზემოთ ნახსენები ადამიანები ჩვენს ერს წარმოადგენენ სადმე, მით უმეტეს – რუსეთში! რუსმა ხალხმა კარგად იცის ქართველი ხალხის განათლებულობაზე, გონიერებაზე. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი სააკაშვილს არასდროს აიგივებდნენ ქართველთან! ამიტომ, პირველ რიგში, განათლებული ადამიანი უნდა იყოს ჩვენი დიასპორის წარმომადგენელი და არა ისეთი ტაკიმასხრები, როგორიც სტატიაშია ჩამოთვლილი!

  11. ეს ხუბუტია სირი, გასაგებია ვიცი , ხოერიკი კიდევ მაგაზე უარესი,ებრალიძე კაცს მაინც გავდეს ,ზასოხოვი………………ო ეს ცნობილი თაღლიღთია და თან მიშარასტი ))))) ვინმე ხომ არ გამომჩა ? და ესენი იცავენ ქართველებს რუსეთში

  12. ქართული დიასპორა რუსეთში. რა მაღალფარდოვანი სიტყვებია!რა ისტორია , რა ხალხმა ჩაუყარა საფუძველი და თან რა ხალხი მართავდა ! დღეს კი ვინ არიან ეს გაუნათლებელი , ინტელექტს მოიკლებული , სტომაქის ჭკუაზე მოსიარულე "ზბროდი" რომლის მთავარი მიღწევა რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობებია და რომელთა უნიათობას , "ბეზდელნიკობას " შედეგად დაჩმორებული ქართველი რუსეთში

  13. ამ ებრალიძის შესახებ ინფო გაქვთ ვინმეს,საერთოდ ცოცხალია? ქართულ პოლიტიკაში უნდოდა შემოსვლა, თან პრეზიდენტობა მინდაო იძახდა და იმის მერე გაქრა.რაში სჭირდებოდა ესეთი ტრიუკი აზრზე არ ვარ,თუ იდეურად უდგებოდა საკითხს, მაშინ ერთვით არ უნდა გამოჩენილიყო პოლიტიკაში, მაგრამ ალბათ სხვა დატვირთვა ჰქონდა მაგის გამოჩენას უფრო პირადული და უფრო გამდიდრებასთან დაკავშირებული.

  14. საქართველოს სირხცვილი, ასეთ ადამიანებზე რომ დგას ქართულ-რუსული ურთიერთობები!!!

  15. არა!!! არამგონია ვინმემ იცოდეს მისი ალიკვალი, მაგრამ ცოცხალია და ზის პეტერბურგში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here