Home რუბრიკები ისტორია ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ

ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ

1903

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის ბიუროს 2014 წლის 3 დეკემბრის #12 გადაწყვეტილებით, დამევალა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო  ომში (1941-45 წწ.) საქართველოდან გაწვეულ და ბრძოლებში დაღუპულ მეომართა რაოდენობის განსხვავებული მონაცემების გაანალიზება, შეჯერება და შესაძლო რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა. ეს დავალება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:

2015 წლის 9 მაისს მსოფლიო საზოგადოება ფართოდ აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს;

ამ თარიღის შესახებ პრესაში, სატელევიზიო გადაცემებში, ვეტერანთა მემუარებში, სამეცნიერო ნაშრომებში ქვეყნდება მონაცემები საქართველოს წვლილზე ამ გამარჯვებაში;

წყაროებში აღნიშნულია საქართველოდან დიდ სამამულო ომში გაწვეულ მებრძოლთა და ბრძოლებში დაღუპულთა სხვადასხვა რაოდენობა;

მაგალითად, “საქართველოს ისტორიის” მე-4 ტომში (თბილისი. 2012 წ.) მითითებულია, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში 1942 წლის 15 აპრილისთვის საქართველოდან წარგზავნილი იყო 500 ათასამდე მებრძოლი, მაგრამ არ არის მონაცემები შემდგომ გაწვევებზე ომის დამთავრებამდე.

ამავე წყაროში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გაწვეულთაგან დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების საერთო რაოდენობამ შეადგინა 163 311 კაცი, ანუ მობილიზებულთა 23,3 პროცენტი.

ამ მონაცემების მეშვეობით, მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ გაწვეულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 700 905-ს.

წიგნში `Великая Победа над фашизмом~ (Москва. 2014 გ.) აღნიშნულია, რომ 1941 წლის 23 ივნისიდან 1942 წლის 15 აპრილამდე ფრონტზე და სამხედრო ოლქებში საქართველოდან გაწვეული იქნა 354 332 ადამიანი. ამასთანავე, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე სამხედრო ნაწილებში უკვე იმყოფებოდა ადრე გაწვეული 126 039 სამხედრო მოსამსახურე. ამგვარად, სულ მითითებული პერიოდისთვის წითელ არმიაში გაწვეულთა რაოდენობა შეადგენდა 480 371 კაცს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგანგებო კომიტეტის 1955 წლის #6 სპეციალურ ანგარიშშიკომუნისტური აგრესიის შესახებაღნიშნულია, რომ, “როდესაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს შეუტია”, …წითელ არმიაში 200 000-დან 300 000-მდე ქართველი გაიწვიეს”. საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების მოქალაქეთა გაწვევის შესახებ ანგარიშში არაფერია ნათქვამი.

რეალური ცნობების მიღება რუსეთის ქ. პოდოლსკის სამხედრო არქივიდან ვერ მოხერხდა. გაირკვა, რომ არქივის სათანადო დოკუმენტები გაგზავნილი იყო საქართველოს პარტიულ არქივში, რომელსაც ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგებს.

შსს-ს არქივის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ომარ თუშურაშვილმა წერილით (#231757 02.02.2015) გვაცნობა, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული მებრძოლების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის დაცული. პირადი საუბრისას განმარტა, რომ ქ. პოდოლსკის არქივიდან გამოგზავნილი მასალები თავდაპირველად ინახებოდა საქართველოს პარტიულ არქივში, იმავე  პრეზიდენტის არქივში (“იმელის” შენობაში).

1992 წელს თბილისში პოლიტიკური დაპირისპირებისას არქივის ნაწილი განადგურდა, რის გამოც წარმოდგენილი მონაცემები არ არის სრული.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი თავის მემუარულ ნაშრომში “განცდილი და ნააზრევი” (ქ. თბილისი 1985 წ., “საბჭოთა საქართველო”, გვ. 234) აღნიშნავს: “1944 წლის 1 დეკემბრისთვის საბჭოთა არმიაში ომის დროს გაწვეულთა რაოდენობამ 563 ათასი შეადგინა. თუ ამ ციფრს დავუმატებთ 130 ათას სალდათს და ოფიცერს, რომლებიც 1941 წლის 22 ივნისისათვის სამხედრო სამსახურს გადიოდა, დავინახავთ, რომ სამამულო ომის ყველა ფრონტზე ქართული მიწის 693 ათასი შვილი იბრძოდა”.

როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, სხვაობა მონაცემთა შორის თვალშისაცემია.

აღნიშნული მონაცემებიდან სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ბოლო, რომელიც უახლოვდება “საქართველოს ისტორიის” მე-4 ტომის მონაცემებს და დასტურდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, გადამდგარი გენერალ-მაიორის ივანე ბაბალაშვილის კვლევებით.

აი, რას წერს გენერალ ბაბალაშვილის კვლევების შესახებ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მაყვალა ნათმელაძე: “ივ. ბაბალაშვილს პირველს ეკუთვნის ომის წლებში საქართველოდან საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა საერთო რიცხვის (700 000-მდე) განსაზღვრა, რომელიც ეფუძნება სანდო და უტყუარ მასალებს, ამიტომაც იგი გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ივ. ბაბალაშვილს ეკუთვნის, აგრეთვე, საქართველოდან ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობის სავარაუდო განსაზღვრაც” (“ომგადახდილი მეცნიერები”, თბილისი, 2000).

დიდ სამამულო ომში საქართველოდან გაწვეულ მეომართაგან დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის საკითხი, აგრეთვე, საყურადღებოა და პრობლემური.

სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მონაცემები ბრძოლებში დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლების შესახებ ეროვნულობის მიხედვით იკრიბებოდა და ჯამდებოდა გენერალურ შტაბში სამხედრო ოლქების მონაცემების მიხედვით.

ამ მიზეზის გამო ხშირად ეს მონაცემები არ ემთხვეოდა მოკავშირე რესპუბლიკების შესაბამის მონაცემებს. ამასთანავე, ეს დოკუმენტები იყო გასაიდუმლოებული და მათი შეჯერება ადგილობრივ სტატისტიკურ მონაცემებთან არ ხდებოდა (იხ.`Памяти павших”. Великая отечественная война 1941-1945 г.г. Москва 2005, стр. 79.).

ამ თემაზე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სათავე დაუდო ჯერ კიდევ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობისას (1942 წლის თებერვალში) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში შექმნილმა სამამულო ომის ისტორიის მასალების შემგროვებელმა და შემსწავლელმა კომისიამ, აკადემიკოს გ. ხაჭაპურიძის თავმჯდომარეობით.

შემდგომ პერიოდში ამ თემატიკაზე მუშაობდნენ და გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომები ნ. ჭეიშვილს, მ. ქოჩიაშვილს, ა. იოსელიანს, კ. ცქიტიშვილსა და სხვებს.

სხვადასხვა ავტორის ნაშრომების შეჯერებით, აგრეთვე, გენერალ ბაბალაშვილის კვლევებით (რაც ზემოთ იყო აღნიშნული), საქართველოს ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა აზრი, რომ დიდ სამამულო ომში საქართველოდან გაწვეულ პირთაგან დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 300 ათასამდე მებრძოლი.

ეს მონაცემი დასტურდება 1985 წელს გამოცემული “დიდი სამამულო ომის (1941-1945 წ.წ.) ენციკლოპედიით”, რომელიც მოიძია “საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის” ბიუროს წევრმა რობინზონ პაპიძემ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქ. პოდოლსკის ცენტრალურ სამხედრო არქივში შედგა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები რესპუბლიკების მიხედვით.

ამ სიების ნაწილი მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (5 ყუთი) და საქართველოს პრეზიდენტის არქივმა (8 ყუთი). სიები შედგენილია კომპიუტერული ბანკისთვის და შეიცავს სრულ ინფორმაციას თითოეული მებრძოლის შესახებ (დემოგრაფიული მონაცემები, საცხოვრებელი, გაწვევის, დაღუპვის, დაკრძალვის ადგილები და თარიღები).

ამ სიების დამუშავების შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმეს წარმატებით გაართვეს თავი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკებმა პროფესორების _ მაყვალა ნათმელაძისა და ელვერ კუპატაძის ხელმძღვანელობით.

იყო მცდელობა, შეგროვილი მასალების საფუძველზე გამოცემული ყოფილიყო დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიები 8 ტომად, სათაურითწიგნი მარადიული ხსოვნისა”. პირველი ტომი გამოვიდა 1985 წელს და მიეძღვნა თბილისელებს. მეორე ტომი დაიბეჭდა 1987 წელს, რომელიც მიეძღვნა ავტონომიურ ფორმირებებს, მომზადდა მესამე ტომი, მაგრამ მისი გამოცემა შეწყდა საქართველოში შექმნილი ფინანსური სიძნელეებისა და განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო.

დადგინდა, რომ საქართველოს ისტორიოგრაფიაში ნავარაუდევი 300 ათასი დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლიდან, ქართველი იყო 117 014 (ჟურნალისაპოვნელა” #2, 2002 .), ამით შეივსო დიდი სამამულო ომის ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი ხარვეზი, თუმცა მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვიც სავარაუდოა, რადგან, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საარქივო დოკუმენტების გარკვეული რაოდენობა დაკარგულია.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემორჩენილია მონაცემები ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მხოლოდ 135 363 ადამიანზე.

დასასრულ, შეიძლება დავასკვნათ:

*დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასამდე მეომარი იბრძოდა, მათ შორის _ 23 ათასი ოფიცერი, 46 გენერალი და ადმირალი.

*300 ათასამდე მებრძოლი ვერ დაბრუნდა სამშობლოში.

*საქართველოდან 16 ათასამდე ქალი იცავდა სამშობლოს.

*224 700 ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა სსრკის ორდენებითა და მედლებით.

*164- მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

ეს მონაცემები მიღებულია საქართველოს ისტორიოგრაფიაში და აღიარებულია საზოგადოებრიობის მიერ (იხ. “ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისმე-3 ტომი, გვ. 538).

შენიშვნა: ცნობას გაეცნო ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაყვალა ნათმელაძე, რომელიც დასკვნას დაეთანხმა.

გურამ გვეტაძე,

გადამდგარი გენერალლეიტენანტი,  საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის ბიუროს წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here