Home რუბრიკები საზოგადოება მიწის ყიდვა-გაყიდვის დაშვება ეროვნულობის დაკარგვის ტოლფასია

მიწის ყიდვა-გაყიდვის დაშვება ეროვნულობის დაკარგვის ტოლფასია

794

აგრარული სფერო სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონეა, რომლის ზოგიერთი თავისებურება მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მკაცრი დამოკიდებულება, სეზონურობა, მიწის, ტერიტორიის მუდმივი ადგილმდებარეობა, განსაზღვრულობა და შეუცვლელობა, ამასთანავე, მრავალჯერ გამოყენება, საწარმოო და სამუშაო ციკლის დროდადრო დაუმთხვევლობა, მიღებული პროდუქციისა და ნედლეულის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.

ამიტომ ამ სფეროს გაძღოლა-მართვა ძალზე რთულია და სპეციფიკურ და დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს. ამისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და, ვთქვათ, დიპლომატიის ცოდნა, მთავარი აგრონომიის ფილოსოფიის ცოდნაა.

 გადამწყვეტია ისიც, როგორ სრულდება მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის გაძღოლის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მთავარი რგოლი მიწასთან დამოკიდებულებაა _ ის, თუ როგორ ვუვლით და ვპატრონობთ მას, როგორ ვიყენებთ მის ბუნებრივ და ეკონომიკურ ნაყოფიერებას.

ქართველი კაცი შემქმნელია საქართველოს მთასა და ბარში განფენილი ნიადაგებისა, ამას გარდა, ქართული მიწა, საქართველოს 3500-წლიანი სახელმწიფოებრიობის განმავლობაში, გაუთავებელ ომებში გამოვლილ და შრომაში ჩაფლული ქართველების სისხლითა და ოფლით არის გაჟღენთილგაპოხიერებული და დღევანდლამდე დიდი რუდუნებით მოტანილშენარჩუნებული. ქართული მიწა ქართველთა ისტორიაა, რომელიც კვებავს და ეკუთვნის მომავალ თაობებს. ხედავთ, რა ძლიერი ძარღვი და ძალა დევს ნიადაგში, ფართო გაგებით კი _ მიწაში?

საბაზრო ეკონომიკა თავისუფალ მეწარმეობას უჭერს მხარს, ვერ გუობს მართვის ადმინისტრირებას, მაგრამ იგი აუცილებლად გულისხმობს და ლოგიკურად მოითხოვს სახელმწიფო რეგულირების სისტემასა და მის პერიოდულ სრულყოფას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძო საკუთრების დამპყრობლური ძალა არ უნდა ეხებოდეს ან არ უნდა შევახოთ ეროვნულ თვითშეგნებამდე და ეროვნულ ფენომენამდე ამაღლებულ მიწას _ ნიადაგს.

სხვა ქვეყანამ, რაც უნდა, ის ქნას, მაგრამ საქართველოში მიწა (ნიადაგი) არ უნდა იყიდებოდეს!

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ძნელად ასათვისებელი ტერიტორია, რაზეც მთიანი რელიეფი ახდენს გავლენას. აქ ზღვის დონიდან 500 მეტრამდე განლაგებულია მთელი ტერიტორიის 26,7%; 500-დან 1000 მ-მდე _ 21,7%; 1000-დან 1500 მ-მდე _19,1%, 1500-დან 3000 მ-მდე _ 31,0%; 3000 მ-ზე ზევით _ 1,5%. მთელი ტერიტორიის 54% მთებს უკავია, 33% _ მთისწინებს, ხოლო მხოლოდ 13% _ დაბლობ ადგილებს.

მთიანი რელიეფის გავლენით მეტისმეტად შეზღუდულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქართველოში სახნავ მიწას სასოფლოსამეურნეო სავარგულებში მხოლოდ 26,0% უკავია. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მხოლოდ 0,17 ჰა სახნავი და 0,62 ჰა სასოფლოსამეურნეო სავარგული მოდის.

ამიტომაც უნდა ითქვას პრინციპულად, რომ ასეთ მცირემიწიან ქვეყანას არ სჭირდება ძალად გამოგონილი პრობლემები, ხელებითა და იდეებით ფათური მიწის პრობლემაში, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ეროვნულობას ეხება. მიწის (ტერიტორიის) ყიდვაგაყიდვის დაშვება ეროვნულობის დაკარგვის ტოლფასია.

პრინციპულ დებულებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ისტორიული ღირებულებები სახელმწიფოს, ერის საკუთრება უნდა იყოს.

ბიბლიაში წერია, რომ მიწაარ უნდა გაიყიდოს. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და მიწას გაყიდის, მოვიდეს მისი ნათესავი და გამოისყიდოს”.

მიწათსარგებლობაზე, მიწის მფლობელობაზე, კერძო საკუთრებასა და მიწასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, ბოლო 20-25 წელია, დიდი ბჭობა და კამათი მიმდინარეობს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მისაღები პოზიცია და კანონმდებლობა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.

ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე ვერ ისვენებს და მოითხოვს, რომ, რაც მიწები დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ჯერ არ გაყიდულა, ახლა ისიც უნდა გასხვისდეს. ეს ადამიანები, რომლებიც არად აგდებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზოლში არსებული მიწებიც უნდა გაიყიდოს. არადა, სასაზღვრო ზოლში არსებული მიწების გაყიდვის შემდეგ სახელმწიფოს ინტერესები უკვე გაქელილია. სასაზღვრო მიწები გადამთიელს რომ ჩაუვარდება ხელში, რომელ ქვეყანასაც მიუერთდება ეს მიწა, ამას დიდი მიხვედრა უნდა?

ზოგიერთმა მეცნიერმა აზრი გამოთქვა: როგორ შეიძლება მიწის ყიდვა-გაყიდვა, როდესაც ჯერ არ ჩატარებულა მიწების ინვენტარიზაცია, არ გაგვაჩნია მიწის კადასტრიო და ა. შ. მათ უნდა შევახსენოთ, რომ მიწის კადასტრი და არა მხოლოდ ეს, ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევებიც და მათი შესაბამისი განოყიერების სისტემა ყველა განვითარებულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს როდი იძლევა მიწის ყიდვა-გაყიდვის, ანდა მიწის ბაზრის ჩამოყალიბების უფლებას. ამ საქმიანობას, რომელიც საკმაოდ შრომატევადია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დინამიკური, რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს და მასზეა დამოკიდებული მიწათმოქმედების კულტურის ამაღლება. ეს სამუშაოები მიწის გასაყიდად კი არ გვინდა, არამედ მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, სწორედ ამ სამუშაოებით უნდა წყდებოდეს კერძო საკუთრების რეგულირების საკითხები.

სასოფლო-სამეურნეო სისტემა მიწის პრობლემაზეა აგებული. მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხი ანალოგიების მიხედვით არ უნდა გადაწყდეს, იგი არა ერთჯერადი, არამედ ისტორიული აქტი უნდა იყოს, რომლითაც მიწა თაობიდან თაობას გადაეცემა. მიწის გაყიდვამ _ ამ, ერთი შეხედვით, ვითომ მხოლოდ ეკონომიკურმა სვლამ, შეიძლება, დიდი პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს და ეთნოკონფლიქტების ტალღასაც ვერ ავცდეთ.

როგორც ირკვევა, მიწის კერძო საკუთრებაში ნაჩქარევმა გადაცემამ უკვე დაატყო ბევრი ხარვეზი სოფელს. საბაზრო ეკონომიკისათვის მოუმზადებელ, გამოუცდელ და ხელშემწყობი პირობების არმქონე, ბედის ანაბარა დარჩენილ ცალუღელა გლეხებს არათუ გაუჭირდათ, თავგზაც აებნათ და ვეღარ გარკვეულან, საით წავიდნენ, ამიტომაც რჩება აუთვისებელდაუმუშავებელი (წლების განმავლობაში) დიდი ფართობები. კარგად მოფიქრებული და გამართლებული ორგანიზაციული ფორმების შეთავაზებითა და მორგებული ეკონომიკური მექანიზმებით თუ არ ვუშველეთ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება სოფელი.

 ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიწის ყიდვა-გაყიდვის დაკანონებას თავგამოდებით რომ ითხოვს, როგორ გგონიათ, სხვა ქვეყნებშიც ასე ხალისით სვამენ ამ საკითხს? მაგალითად, მექსიკაში მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ მექსიკელი; ან დასვან იაპონიაში მიწის გაყიდვის საკითხი და ნახავთ, რა პასუხსაც გასცემენ; ანდა წადით და იკითხეთ, როგორ დგას ეს საკითხი საფრანგეთში, აშშში ან სხვაგან და გაიგებთ, რომ ამ მხრივ ყველა ფრთხილობს და მას უმკაცრესი კანონმდებლობითაც ამაგრებენ, ისევე, როგორც გერმანელები, რომლებმაც სასოფლოსამეურნეო კოდექსში მიწა არ შეიტანეს, რადგან იგი ჩვეულებრივი ნივთი, საგანი ან საქონელი არ არის.

მიწა დედაა სიმდიდრისა, შრომა კი _ მისი მამა. ჰოდა, ნუთუ შეიძლება დედის გაყიდვა?

მიწის გაყიდვას თუ დავუშვებთ, მაშინ ვნახავთ არა მხოლოდ ფერმერთა, არამედ ყველა ჩვენგანის გასაჭირს. აივსება საქართველო ათასი ჯურისა და აღმსარებლობის უცხოტომელით (გინდაც ბიზნესმენები დაარქვით, გინდაც _ ინვესტორები) და ისინი ჩვენი ძირითადი სიმდიდრის კანონიერი მემკვიდრეები გახდებიან. რატომ ვაკეთებთ ამას: ან წინაპრებს რას ვერჩით ან მომავალ თაობას?

ამ საკითხს ერთმა ჟურნალისტმა კარგად მოარგო ვაჟა-ფშაველას შეძახილი, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება დღევანდელობას: “საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას, გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ-ნელა ათლის კაი-კაი ნაჭრებს. ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას _ მიწა-წყლის გადასვლას სხვის ხელში _ როდი ვეწინააღმდეგებით სასტიკად. როგორ ეკადრება ასეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას… რას სჩადიხართ, ვინ მოგცათ ნება, ერის საუნჯე _ ტერიტორია საძმო, საკაცობრიო ტაბლად აქციოთ და თვით ერსაც ხელი ეროვნულობაზე ააღებინოთ?!”

მაინც, როგორ უნდა დარეგულირდეს მიწის პრობლემა?

* დაშვებული შეცდომა უნდა გამოსწორდეს. გაყიდული მიწა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და გაიცეს მხოლოდ სარგებლობის უფლებით, რაიონების ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მკაცრად დადგენილი ნორმების საფუძველზე.

*უნდა ჩატარდეს მიწის ინვენტარიზაცია, შედგეს მიწის კადასტრი და აგროქიმიური კარტოგრამები;

*უნდა აიკრძალოს მიწების ქვეიჯარით გაცემა;

*დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს და აიკრძალოს იჯარით აღებული მიწების გაყიდვა.

ამ გარდამავალი სამუშაოების შემდეგ საქართველს მოქალაქეებს (გლეხობას _ ფერმერებს, ქალაქში მცხოვრებთ, რომლებსაც სოფელთან აქვთ საქმიანი, მამაპაპური, მემკვიდრული, ტრადიციული კავშირი), რაიონის სპეციფიკის მიხედვით, დიფერენცირებული ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეთ მიწის ფართობი კერძო საკუთრებაში (ეს, ფაქტობრივად, უკვე ასეა), იმ პირობით, რომ შეუძლიათ, გადასცენ მემკვიდრეობით, გაასხვისონ ან მიჰყიდონ ნათესავებს ან სხვებსაც, სოფლისა თუ ქალაქის მკვიდრთ (საქართველოს მოქალაქეებს), რომლებსაც სოფლის მეურნეობასთან ექნებათ საქმე. ეს უნდა გააფორმოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ან საქართველოში საამისოდ შექმნილმა საგანგებო უწყებამ.

რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, მათ მიწა კი არ უნდა მიეყიდოთ, არამედ შეეძლოთ მიწის მიღება მხოლოდ სარგებლობის უფლებით, ანუ იჯარით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენებენ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები კი უნდა მიიღონ მკაცრად მიზნობრივად, თვითმმართველობასთან შეთანხმებით, რაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს შესაბამის კანონებს, ბუნებისდაცვით ღონისძიებებს. დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს ამ ნაკვეთების ქვეიჯარით გაცემა.

უცხოურ ფირმებს, ინვესტორებს და ა. შ. თუნდაც საქართველოში რეგისტრირებულ უცხოურ იურიდიულ პირებს უნდა შეეძლოთ მიწების აღება მხოლოდ იჯარით, ნორმატიული ზღვრების (ფართობის ოდენობა, ვადები და სხვ.) ფარგლებში. მათთვის ჩვენი მიწა-წყლის მიყიდვა დაუშვებელია.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საწარმოები რომ ქუცმაცდებოდა და შესაბამისად _ მასივებად შეკრული ფართობები, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, შვედეთში, პირიქით ხდებოდა. იქ პატარ-პატარა ფერმებიდან ოპტიმალური სიდიდის კოოპერატივები შექმნეს და ისედაც კარგად აგებული სასოფლო საქმე და მიწისა და სხვა რესურსების გამოყენება კიდევ უფრო მოქნილი და უკეთ სამართავი გახადეს, შედეგად მეტ წარმატებას მიაღწიეს, ამიტომაც არის ეს ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ადამიანთა ცხოვრების დონით.

ამრიგად, ლოგიკურად იკვეთება პრიორიტეტული მიმართულება, რომ ფართოდ უნდა წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ კოოპერატიულ საკუთრებას. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო, კვების მრეწველობის, აგრეთვე, მათი ინტეგრირებული ტიპის ოპტიმალური სიდიდის კოოპერატივების შექმნას, შეიძლება, მათ კოოპერატიული ფერმერული მეურნეობებიც ეწოდოს. ფერმერული მეურნეობების შესახებ ამჟამინდელ კანონმდებლობაში (მაგ., კანონში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ) არაფერია მითითებული.

კოოპერატიული საკუთრების განვითარებით გაფართოვდება მიწის საკუთრებაში გადაცემის (ეროვნული ინტერესების შესაბამისად) არეალიც. ასეთი საკუთრება ხომ კერძო საკუთრების ნაირსახეობაა, ანუ საზოგადოებრივი კერძო საკუთრება.

სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისთვის მიწების საკუთრებაში გადაცემა უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ კოოპერატივის (ასევე ითქმის ფერმერულ მეურნეობებზე) წევრებს უფლება ჰქონდეთ, თავისი წილი მიწა საკუთრებაში გადასცენ მემკვიდრეობით ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს ან მიჰყიდონ ადგილობრივ მკვიდრთ, გამონაკლის შემთხვევაში, სხვებსაც (საქართველოს მოქალაქეებს), მაგრამ კვლავ სასოფლოსამეურნეო მიზნებისთვის.

ამ კოოპერატივებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აგრეთვე, მიწის ფართობები გასცენ იჯარით, გააფორმონ ხელშეკრულებები სხვა კოოპერატივებთან, საწარმოებთან, ინვესტორებთან, აგროტექსერვისულ და სარეალიზაციო ფირმებთან და ა. შ. ყველა შემთხვევაში, მათი საკუთრება მიწაზე შეუვალი უნდა იყოს.

ამ გზით დაიწყება ახალი ეტაპი საქართველოში სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა, რაც, ეჭვგარეშეა, წარმატებას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

ყველა ამ კატეგორიის მიწის მესაკუთრეებზე, მიწათმფლობელებსა და მიწათმოსარგებლეებზე უნდა შედგეს მიწათსარგებლობისა და მისდამი კონტროლის პროგრამა, რომლის მიზანი იქნება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის გამო.

საერთოდ კი, პრინციპულად უნდა დაისვას საკითხი: ზოგიერთი ფართობი, თუნდაც სავარგულად ვარგისი იყოს, მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს, ასეთი ფართობებია: სასაზღვრო ზოლის მიწები; მიწის სარეზერვო ფონდი (სტიქიური მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობისა და ახალშექმნილი კომლების დასაკმაყოფილებლად, შიგა მიგრაციის გასატარებლად და სხვა მიზნით გამოსაყენებლად); სამხედრო დანიშნულების მიწები; ნაკრძალების სავარგული მიწები და სხვა სტრატეგიული ტერიტორიები.

გარდა ამისა, არის ისეთი ფართობები (სავარგულად ვარგისი ან დამუშავების შემდეგ ასეთად ვარგისი), რომლებიც ასევე ხელუხლებელი უნდა იყოს და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა არსებობდეს. ამ მხრივ საქართველო ძალზე სპეციფიკური რეგიონია. აქ დამლაშებული, ბიცი და ბიცობი ნიადაგები 250 ათას ჰა-ზე მეტს იკავებს (ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში _ უპირატესად, ალაზნის ველზე), ეროზირებულ მიწებს 300 ათას ჰა-ზე მეტი უკავია, რეკულტივირებული მიწებს კი _ 15 ათასი ჰექტარი. ყურადღებას ითხოვს, აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგები, რომლებიც მოკირიანებასა და მოთაბაშირებას საჭიროებს. ამ მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლებისთვის სახელმწიფო ხარჯავს და უნდა ხარჯავდეს კიდეც სახსრებს. ამისათვის საგანგებო სახელმწიფოებრივი პროგრამა უნდა ხორციელდებოდეს.

აი, ძირითადად, ასე უნდა დარეგულირდეს და აიგოს საქართველოში მიწების ყიდვა-გაყიდვის, მფლობელობის, სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის საკითხები, რომლებიც უნდა შეესაბამოს საქართველოში მოქმედ სხვა კანონებს. ეს თავის კალაპოტში ჩააყენებს საბაზრო ურთიერთობებს და სოციალურ პრობლემებსაც.

ერის აზრი და გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას და უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე პარლამენტის ვერდიქტს, რომელსაც იქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე, რომ მიწას მოუშუშებელი სატკივარი შეჰყროდა.

საზოგადოებრივი აზრის შექმნის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იძულებული იქნება, კარგად ჩაუფიქრდეს ამ ეროვნულ საკითხს, შეიტანოს აღნიშნულ კანონში საზოგადოების მიერ მიცემული შესწორებები ანდა სულაც ახალი რედაქციით, მეცნიერ-სპეციალისტთა მონაწილეობით მოამზადოს ეს კანონი.

ომარ ქეშელაშვილი,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here