Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: დღეს ქრისტიანული მორალი უკვე აღარ არის ევროპული ფასეულობა

ავთანდილ უნგიაძე: დღეს ქრისტიანული მორალი უკვე აღარ არის ევროპული ფასეულობა

610

ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე.

_ ბატონო ავთანდილ, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა: “არ ყოფილა ისეთი დრო, ასე დაცემული ყოფილიყოს კაცობრიობა”. ამ განცხადებას საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ერთობ მწვავე კომენტარებსაც აკეთებდათქვენ როგორ ფიქრობთ, რის თქმა სურდა უწმინდესს?

_ ბოლო ოცი და განსაკუთრებით ცხრა წლის განმავლობაში ქართველმა საზოგადოებამ განიცადა წარმოუდგენელი სულიერი დეგრადაცია. მაგალითად, ათი წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ტელევიზორში . . სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს გამოიყვანდნენ და ალაპარაკებდნენ, _ ეს გადახრა კი არა, ჩვეულებრივი ამბავიაო, ან ვინმე წარმოიდგენდა, რომ ქართველი ქალი დედიშობილა დაჯდებოდა ეთერში?! დღეს ეს “ჩვეულებრივი” ამბავია, ჰომოსექსუალებიც გამოჰყავთ, სხვა გადახრების მქონე ადამიანებიც, რომლებიც ამაყად აცხადებენ, ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართო. ამაზე მეტი დაცემა რაღა გინდათ, ათ წელიწადში აქამდე რომ მოგვიყვანეს, წარმოგიდგენიათ, კიდევ ათ წელიწადში რა შეიძლება მოხდეს?!

არც ერთ გარეშე მტერს, დამპყრობელსა და ამაოხრებელს ქართული მენტალიტეტისთვის იმხელა ზიანი არ მიუყენებია, რამდენიც სააკაშვილის . . მენტალურმა რევოლუციამ. ეს იყო ეროვნული ცნობიერების ნგრევისკენ მიმართული, დროში გაწერილი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია თაობათა აზროვნებას.

გაიხსენეთ, როგორ მოქმედებდა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა _ იმ დამანგრეველი რეფორმების პარალელურად, რომლებიც ლომაიას ხელით გატარდა, “ნაციონალური მედია” ადამიანებს ტვინს ურეცხავდა, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საწინდარი და განვითარების პერსპექტივაო. იგივე ხდება დღესაც _ 24-საათიან რეჟიმში გვიჩიჩინებენ, რომ თურმე ეს ასოცირების შეთანხმება ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ თურმე ევროპულ სივრცესთან დაახლოება ძირეულ რეფორმებს მოითხოვს და . . ვეკითხები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს _ რატომ არ ეუბნებით მოქალაქეებს, რომლებმაც აგირჩიათ და მოგიყვანათ ქვეყნის სათავეში, კონკრეტულად რა რეფორმებს ითხოვს ჩვენგან ეს . . ევროინტეგრაცია? ტელევიზიები ხომ თქვენს ხელშია, დასხედით ეთერში (ერთი დღე მოუნდება ამას თუ ერთი თვე, მნიშვნელობა არ აქვს) და დეტალურად აუხსენით ხალხს, რა ცვლილებებზეა აქ საუბარი

_ რა უშლით ხელს?

_ საქმე ის არის, რომ ვერ ბედავენ სიმართლის თქმას, იციან, რომ ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ეს . . დასავლური ღირებულებები.

რაც შეეხება იმას, რატომ არ არის საზოგადოება უფრო აქტიური, უნდა დაკონკრეტდეს, ვის ვგულისხმობთ საზოგადოებაში. ეკლესია ყოველთვის გამოდის იმ ოდიოზური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან და აკნინებენ ყველაფერ ქართულს, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა სეგმენტში გვაქვს პრობლემა. უწინარესად, ეს ეხება იმ ე. წ. ინტელიგენციას, რომელიც თავის დროზე მიეყიდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ცხრა წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა რეჟიმს… ამ ე. წ. დასავლური ღირებულებების ველში მოხვედრილი ჩვენი ქვეყანა საცოდავია და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, ვისაც ეს აწუხებს, ეკლესიაა.

_ . . დასავლური ძალები ეკლესიის დისკრედიტებასაც არანაკლებ აქტიურად ცდილობენ. აგერ, უკრაინაში მართლმადიდებელ სასულიერო პირებს უკვე სერიოზულად ავიწროებენ.

_ ვისაც ე. წ. პროდასავლური ძალები უკრაინაში ეკლესიის წარმომადგენლებს უწოდებენ, არიან სქიზმატები, ესაა ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი ხალხი, ანუ ისინი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში არ არსებობენ და, ფაქტობრივად, მოძალადეები არიან, ამიტომაც ვხედავთ იქ ფაშიზმის აღორძინებას. თუმცა ეს მარტო უკრაინაში არ ხდება, როგორც ჩანს, ეს, საზოგადოდ, ევროპული მოვლენაა და დღეს ფაშიზმი სრულიად დასავლეთში იღვიძებს…

_ თავის დროზე დასავლეთის საზოგადოებამ თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიიღო იუვენალური იუსტიციის შემოღებაც და . . სექსუალური უმცირესობების უფლებების გაზრდაც. რატომ გგონიათ, რომ ქართველი საზოგადოება იქნება უფრო პრინციპული?

_ დავიწყოთ იმით, რა არის დღეს ევროპული ფასეულობები _ ეს უკვე აღარ არის ქრიასტიანული მორალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც გველაპარაკებიან დასავლურ ღირებულებებზე, გულისხმობენ . . ნეოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც მომცველია ყველანაირი ზნედაცემულობის.

ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში ბოლომდე ვერ შეძლებენ იმ სტანდარტების შემოღებას, რომლებმაც დასავლეთ ევროპა უკვე გახრწნა და დაასნეულა სულიერად. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც არ უღალატებს თავის სარწმუნოებას და არ მოექცევა დამღუპველი, დამანგრეველი პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

_ იმ პროპაგანდის სამიზნე მომავალი თაობებია, მათ აზროვნებაში კი ეროვნულსა და ტრადიციულს სულ უფრო ცოტას ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, 10-15 წლის შემდეგ როგორი საზოგადოება გვეყოლება?

_ 15 წელი ძალიან დიდი დროა. შემიძლია, გითხრათ, რომ, თუ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით განხორციელდება, 5 წელიწადში სრულიად დეგრადირებული საზოგადოება გვეყოლება.

აქვე მინდა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც შევეხო. ამასწინათ ინტერნეტში აიტვირთა ვიდეოკლიპი სახელწოდებით “რელიგიური სტრიპტიზი”, რომელშიც შეურაცხყოფილია ჩვენი პატრიარქი და შესაბამისად _ მთელი მართლმადიდებელი ეკლესია. აშკარაა, რომ მტრული ძალები, ანტირუსული ისტერიის ფონზე, ეკლესიას ესხმიან თავს და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ იღვწიან.

გარდა იმისა, ეს ვიდეორგოლი შეიცავს პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ პასაჟებს, მიზნად ისახავს მორწმუნეთა დამცირებას და ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იგი, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ძალადობისა და სისასტიკის კულტის დამკვიდრებას, ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით, რომ პროკურატურამ დაადგინოს პატრიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხმყოფელი კლიპის დამამზადებლის ვინაობა და კანონის შესაბამისად მისცეს პასუხისგებაში. ეს არის კლიპი, რომელიც ნებისმიერმა დესტრუქციულმა ძალამ შეიძლება გამოიყენოს საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირებისთვის და ყველა უბედურებაზე, რომლებიც მერე შეიძლება მოხდეს, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება…

_ ისე, საინტერესოა, ანტიდისკრიმინაციული კანონი რელიგიური გრძნობების შელახვისგან არ გვიცავს?

_ საქართველოში მართლმადიდებელი მრევლისა და პატრიარქის უფლებები უსუფაშვილის პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის დასაცავი რომ გახდება, უკვე უბედურებაა, მაგრამ ჩვენ ამ კანონის იმედად არ ვართ, არც გრანტიჭამია არასამთავრობოებისგან ველოდებით გამოსარჩლებას (“საია” იქნება ეს, “იდენტობა” თუ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, კარგად ვიცით, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს განყოფილებებია), ჩვენი დაცვა ჩვენივე ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა და თითოეულმა მაღალჩინოსანმა, უწინარესად კი, მთავარმა პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ, როდესაც გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, პირველ რიგში, ხალხის უფლებები, მოსახლეობის ინტერესები და ღირსება უნდა იყოს დაცული. სხვანაირად ისინი ყოველთვის მიიღებენ უკმაყოფილო საზოგადოებას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here