Home რუბრიკები საზოგადოება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ფოლად ბულბულ ოღლის იუბილე აღნიშნეს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ფოლად ბულბულ ოღლის იუბილე აღნიშნეს

1786

21 თერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და მომღერლის _ ფოლად ბულბულ ოღლის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა საიუბილეო საღამოზე მუსიკალური ნაწარმოებები საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. ორკესტრს აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ჯავანშირ ჯაფაროვი დირიჟორობდა. საღამო ჯანსუღ კახიძის ვაჟმა, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ გახსნა.

ფოლად ბულბულ ოღლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები თებერვალში ბაქოსა და მოსკოვში უკვე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოლად ბულბულ ოღლის მამის, გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის, ტენორის, ბულბულის სკულპტურული პორტრეტი გაიხსნა. გაიმართა პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის _ “ფოლადი _ საქართველოს მეგობარი” პრეზენტაცია. მომღერალს იუბილე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა.

ფოლად ბულბულ ოღლის დაწერილი აქვს სიმფონიური ნაწარმოებები, კამერული, ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა, კინომუსიკა, მუსიკა სპექტაკლებისთვის, ავტორია ბალეტისა “სიყვარული და სიკვდილი”, თუმცა, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი სფერო მაინც სიმღერაა, რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ფოლად ბულბულ ოღლი წლების განმავლობაში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი იყო და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცებაში. ფოლად ბულბულ ოღლი საქართველოს ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული.

ფოლად ბულბულ ოღლი:

_ დღევანდელი საღამოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მოგეხსენებათ, რუსეთში აზერბაიჯანის ელჩად ვმუშაობ და ხელოვნებისთვის უკვე ცოტა დრო მრჩება, მაგრამ, რადგან 70 წელი შემისრულდა, გადავწყვიტე, გამონაკლისი დამეშვა. მართალია, ბაქოში უკვე გაიმართა ჩემი საიუბილეო კონცერტი, მაგრამ არ შემეძლო, ჩემს მეორე სამშობლოში _ საქართველოში, სადაც მამა და დედა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, არ ჩამოვსულიყავი. ჩვენ, აზერბაიჯანელები და ქართველები, ძმები ვართ და ჩვენი მეგობრობა მარადიულია.

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი:

_ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან დღევანდელი საღამო, არა მხოლოდ რომელიმე მომღერლისადმი მიძღნილი საიუბილეო კონცერტია, არამედ ეს არის ორ ქვეყანას _ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმობის, მეგობრობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელება და დარწმუნებული ვარ,  მომავალში, ჩვენს ქვეყნებს შორის კულუტურული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

აზერ ჰუსეინი,აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში:

_ საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურულ ცხოვრებაში დღევანდელი საღამო მართლაც ულამაზესი მოვლენაა. ამ საღამოს მთავარი ფიგურა კი, მოგეხსენებათ, ფოლად ბულბულ ოღლია, რომლისთვისაც თბილისი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადგილია, ვინაიდან სწორედ აქ გაიცნეს ფოლადის მშობლებმა ერთმანეთი და მინდა, აღვნიშნო, რომ დღევანდელი კონცერტი ჩვენს ქვეყნებს შორის _ აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობის ურყევი სიმბოლოა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here