Home რუბრიკები საზოგადოება მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

593

თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების _ კერძოდ, საკვები რესურსების შემცირების _ პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე.

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და “ამოწურვადი” (შეზღუდული) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ამ ტიპის მიწის მოქალაქეობის არმქონე პირებზე განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება შეზღუდულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს ქვეყნებში შეზღუდვები არსებობს იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდება გარკვეული რეგულირება, წინაპირობები, რომლებიც ართულებს ან გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს.

ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამატებითი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში _ ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვები.

საქართველოს საზოგადოებას ვთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ კანონპროექტზესასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (parliament.ge/ge/law/7964/16269).

კანონპროექტის განმარტებით ნაწილში არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერში ერთადერთი მოტივი არსებობს: “ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა”. უკიდურესად არადემოკრატი კანონმდებელი ამით იმშვიდებს “სინდისს” და მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოელებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა).

კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა. შ. ასევე, როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებისა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის.

საინტერესოა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა, ამით გავიგებთ, რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;

საზოგადოდ, მიწით სპეკულაციის საფრთხე უფრო მეტად არსებობს იურიდიული პირების მხრიდან და, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირითადად მიმართულია იურიდიული პირების მიმართ, რაც ასევე არ ჩანს კანონში ცვლილებების პროექტში;

მნიშვნელოვანია, კანონში ცვლილებების პროექტი აყალიბებდეს/არეგულირებდეს მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობებს. მისასალმებელი იქნება, თუ მსხვილმასშტაბიანი მიწის მესაკუთრეს, გარდა ზოგადი ვალდებულებებისა სახელმწიფოს მიმართ (მიწის გადასახადი და სხვ.), ექნება ვალდებულებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ (ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალური და სხვა ღონისძიებების დაფინანსება). ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღოს არაპირდაპირი სარგებელი და, ასევე, ეს ხელს შეუწყობს მათ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

კანონმდებლობა ნათლად უნდა აყალიბებდეს თამაშის წესებს, რომლებიც გამორიცხავს/შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად) არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლებაზე. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.

დასადგენია, რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვრის დაწესება (5 ჰა _ ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა _ იურიდიული პირისთვის). თუ მიზანი ის არის, რომ ნაკვეთების დანაწევრება არ მოხდეს, მაშინ მითითებული უნდა იყოს, რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხებოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთანავე, გაუგებარია, როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯნავე, მაგალითად, სამჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა, ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?

ასევე საკითხავია, ეფექტიანი თუ იქნება მიწით სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ზედა ზღვრის დაწესება, რადგან კერძო ან იურიდიული პირის მიერ, შესაძლებელია, დაფუძნდეს რამდენიმე იურიდიული პირი და ისე იქნეს შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწა;

საკითხავია, რამ განაპირობა შეზღუდვების გაუვრცელებლობა კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.

გაუგებარია, რატომ არის საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, ნოტარიუსის გარეშე დადოს გარიგება; ასევე, უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას არ მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან.

გაუგებარია მუხლი 1-12, რომელიც ეხება შეღავათს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, თუნდაც ეს ეხებოდეს პირდაპირი მიყიდვის შემთხვევას.

სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზი.

ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტიან გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვების დაწესებით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა ბაზის შექმნას, ასევე, მიწათსარგებლობის მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებას.

სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს, როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.

არ არის საკმარისი, “სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებულად ჩამოყალიბებული გრძელი რიგი ცვლილებებისა. აუცილებელია, რომ კანონში უკვე არსებული სწორი განსაზღვრებები და ახალი, რომლებსაც დრო მოითხოვს, აწყობილ იქნეს ახალ სისტემად, რომელიც აგებული იქნება ამოცანათა დღევანდელ რუკაში არსებულ პროპორციათა გათვალისწინებით, მათი სიმწვავისა და მნიშვნელობის მიხედვით. ამ ამოცანის გადაჭრას სჭირდება მიწათსარგებლობის ახალი კანონის (კოდექსი) მიღება (და არა ძველის ჩასწორება). ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ განსაზღვრებათა შორის არის ის, რომ აუცილებელია, დაწესდეს სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული რეგულაციები.

ამასთანავე, მისაღებია ნორმატიული აქტი “სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ”, რომელიც უნდა აისახოს კანონში და გავრცელდეს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (პროექტი მომზადებულია).

აგრეთვე, ნორმატიულად უნდა განისაზღვროს “სოფლის სტატუსი” და დამკვიდრდეს სოფელში თვითმმართველობა, რადგან დღეს ქართული სოფელი მხოლოდ გეოგრაფიული დასახელების ფუნქციის და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეულის მქონეა (პროექტი მომზადებულია).

მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწათსარგებლობის მონიტორინგის დაწესება, რომელიც უნდა ფუნქციობდეს მიწის საინფორმაციო სისტემის შემადგენლობაში. მიწის საინფორმაციო სისტემა ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია.

სასოფლოსამეურნეო მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი _ მიწის კერძო საკუთრება, მეორე _ მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.

ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, ძირითადად, მეორე უნდა იქნეს გამოყენებული. ეს ფორმა იგნორირებულ იქნა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმებით. ამისთვის კი საჭიროა, სასოფლო მიწის იჯარის შესახებ ახალი კანონის მიღება და მასში ნათელი და გამჭვირვალე ნორმების შეტანა.

სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე, შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს ისე, რომ დაცულ იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები და მათი ბალანსი.

ჯერჯერობით გვაქვს საშუალება, მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი (კოდექსი), რომელშიც თანამედროვეობასთან მორგებულად ასახული იქნება ის რეგულაციები, რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას და მხოლოდ ამის შემდეგ ავამოქმედოთ იგი.

საქართველოს აქვს იმის ინტელექტუალური პოტენციალიც, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, უმოკლეს ვადაში შექმნას მიწათსარგებლობის სრულფასოვანი კანონი (კოდექსი). საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი, მიაღწიოს წარმატებას აგრარულ და ქვეყნის განვითარების საქმეში, თუ:

გაუჭიანურებლად იტყვის უარს წარმოდგენილ კანონპროექტზე; მიიღებს დროებით ნორმებს იმ უცხოელების მიმართ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე აქტივობები; მთავრობა აიღებს ვალდებულებას, 3-4 თვეში მიწის სრულფასოვანი კოდექსის პროექტის შექმნაზე და გააპიროვნებს ვალდებულებას; პროექტის შემუშავების პროცესში ჩართავს მეცნიერებს, სპეციალისტებს, შემდგომ მოაწყობს პროექტის საჯარო განხილვას საზოგადოებაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში და ამის შემდეგ მიღებულ კოდექსს, რომელიც იქნება მის ირგვლივ საზოგადოების მაღალი კონსოლიდაციის საშუალებაც, დანერგავს ცხოვრებაში. სხვა გზა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მოლიპულია, ქვეყნისათვის კი – მავნე.

საზოგადოებისსაქართველოს მიწის გუშაგისახელით, პროფესორები:

. ჩხეიძე,

. მარგველაშვილი,

. ფირცხალაშვილი, . ჯულუხაძე,

. ქარქაშაძე,

. ქეშელაშვილი,

. ფრუიძე, . ვაჩნაძე, . ჟორდანია,

. გურული,

. გოგოხია,

. ბაჩიაშვილი,

. მაქაცარია,

. ბოხუა, . ბახტაძე, . ცნობილაძე,

. რამიშვილი,

. აბრალავა,

. ჩიხლაძე,

. შალამბერიძე,

. გოგიაშვილი,

. მიქელაძე,

. ფრიდონაშვილი,

. თვალჭრელიძე,

. გიორგაძე, . ჩაჩუა, . გიორგაძე,

. მესხიშვილი,

. ზიბზიბაძე,

. ნათაძე, . ჯიბუტი, . ჯინჯოლავა,

. კოღუაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here