Home რუბრიკები საზოგადოება თუ ლარის კურსის დაცემის პროცესი დროულად არ შეჩერდა, ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მივა

თუ ლარის კურსის დაცემის პროცესი დროულად არ შეჩერდა, ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მივა

692

ხელისუფლების იმედიანი პროგნოზების მიუხედავად, ლარის კურსი დოლარის მიმართ ლამის ყოველდღიურად ეცემა. ექსპერტები ამბობენ, რომ, თუ ლარის კურსის დაცემის პროცესი დროულად არ შეჩერდა, ქვეყანა ეკონომიკის კრიზისამდე და მძიმე შედეგებამდე მივა. ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე “საქართველო და მსოფლიო” ეკონომიკის ექსპერტებს _ იოსებ არჩვაძესა და დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

იოსებ არჩვაძე:

_ ლარის გაუფასურება მრავალ საშინაო თუ საგარეო ფაქტორს უკავშირდება. თუმცა, ლარის კურსის წონასწორობა სამ ძირითად მოცემულობაზე _ ექსპორტის სიდიდეზე, უცხოურ ინვესტიციებსა და უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებზეა დამოკიდებული. ამჟამად, შეიძლება ითქვას, უარყოფით ფაქტორთა თანხვედრა მოხდა. მკვეთრად გაუარესდა ექსპორტის სიდიდე. გასულ წელს საგადამხდელო ბალანსი 600 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ასევე გასათვალისწინებელია ინვესტიციების ფაქტორი. მართალია, მესამე კვარტალში 500 მილიონ დოლარზე მეტი იყო ინვესტიცია და ინვესტიციების ზრდა “ვიზეიმეთ”, მაგრამ მეოთხე კვარტალში ზრდა მაინცდამაინც არ ყოფილა.

_ ლარის კურსის შემცირების ერთერთ მიზეზად უცხოეთიდან ფულად ტრანზაქციებს ასახელებთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 40-50%- სწორედ რუსეთიდან შემოსული თანხა შეადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ლარის გაუფასურებაზე რუსული რუბლის კურსის დაცემამაც იქონია გავლენა?

_ ბუნებრივია, ამანაც იქონია გავლენა. იყო დრო, როდესაც რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 55-60%-ს აღწევდა, ახლა კი, რუსეთის წილი საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში, მაგალითად, იანვრის მდგომარეობით, 34%-მდე დაეცა. 2013 წელს დაახლოებით 800-801 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, შარშან კი ეს თანხა გაცილებით შემცირდა. მაგალითად, 2014 წლის სექტემბრიდან უკვე ყოველთვიურად დაიწყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება. ნავთობის გაიაფებამ რუსული რუბლის დევალვაცია გამოიწვია, შესაბამისად, რუსეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა ან სამსახურები დაკარგეს, ან მათი შემოსავალი რუსული რუბლიდან ამერიკულ დოლარში გადახურდავების შემდეგ, თანდათან იკლებდა. და შესაბამისად, რუსეთიდან ფულადი გზავნილებიც შემცირდა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მხოლოდ რუსეთიდან 350-დან 400 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას დავკარგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 40-45%-ით შემცირდება.

 რუსეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა, სამაგიეროდ, საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება. გამოდის, რომ დადებითი სალდო, ანუ შემოსული თანხის რაოდენობა, გასულ თანხებთან შედარებით, სულ უფრო მცირდება, რაც შორს მიმავალი უარყოფითი შედეგების მომტანია.

_ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან საქმე გვაქვს ერთგვარ საბოტაჟთან ?

_ ექსპერტების ნაწილი მიმდინარე პროცესებში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს. მე ეკონომისტი ვარ და არ მაქვს ამის საბუთები, მაგრამ, თუ ეკონომისტის მანტიას მოვიხსნით და ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან შევხედავთ ეროვნული ბანკის ქმედებებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს საბოტაჟია. სამართლებრივად, ეროვნული ბანკი პასუხს აგებს მხოლოდ ინფლაციაზე და ვალუტის კურსის რყევაზე მას პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს ფორმალურად ვერ შევედავებით, რატომ იქცევა ასე და არა სხვაგვარად, მაგრამ თუ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეროვნული ბანკის ქმედებებში აშკარად შეინიშნება ან არაპროფესიონალიზმის (რაც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ისინი არაპროფესიონალები იყვნენ), ან საბოტაჟის ნიშნები.

თუმცა, პასუხისმგებლობას მხოლოდ ეროვნულ ბანკს ნუ დავაკისრებთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აქვს პასუხისმგებლობის წილი. იმან, რომ ბიუჯეტის შესრულებაში გარკვეულ არითმია შეინიშნებოდა, თავისი როლი ითამაშა. ხარჯების ერთბაშად წახალისება უკუეფექტს იწვევს, გავლენას ახდენს მომდევნო პერიოდზე და, საბოლოო ჯამში, ინფლაციიდან დევალვაციამდე მივდივართ. ანუ, მარტივად რომ ითქვას, თუ ეროვნული ბანკის არასწორი ქმედება აისახება ჯერ ვალუტის კურსსა და შემდეგ ინფლაციაზე, მთავრობის არასწორი მოქმედება პირიქით _ ჯერ ინფლაციაზე აისახება და შემდგომ სავალუტო კურსზე.

_ ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობამ სავალუტო ფონდს დამატებითი თანხა სთხოვა. ნიშნავს თუ არა თუნდაც ეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია?

_ როდესაც საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ დამატებითი სესხი ავიღოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადასინჯვა შემცირებისკენ, ეს გარკვეულწილად უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ან რეცესიის ნიშნებია, ან ეკონომიკური კრიზისის.

 ხელისუფლებას აქვს საკმარისი ბერკეტები, რათა შეძლოს სიტუაციის მართვა.

დემურ გიორხელიძე:

_ ლარის სტაბილიზიაცია შესაძლებელი იყო, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველაფერს სწორად გააკეთებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. კვლავ გააგრძელეს არასწორი პოლიტიკა, რამაც ვალუტის დეფიციტი გამოიწვია და ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ახლა ვითარება გაცილებით სერიოზულია. სამწუხაროდ, ყველა პროგნოზი, რომლებიც თვეებით ადრე გავაკეთე, სრულად ახდა, რაც ძალიან ცუდია და იმას ნიშნავს, რომ არც საქართველოს მთავრობას და არც ეროვნულ ბანკს არ შესწევს უნარი მოისმინოს და გაანალიზოს კრიტიკული მოსაზრებები. ვალუტის ძირითადი წყარო ექსპორტი უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა კი, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. აუცილებელია, შეიქმნას გადამამუშავებელი მრეწველობა. იმპორტი უნდა ჩანაცვლდეს, ხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

უმოქმედობამ და ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა ამ ვითარებამდე მიგვიყვანა. თუმცა, ბოლო შემთხვევაში მხოლოდ ეროვნული ბანკი არ არის დამნაშავე, მთავრობის უმოქმედობამაც თავისი როლი ითამაშა. უამრავი პრობლემაა, რომელზე პასუხიც ჯერჯერობით არც ერთს არ გაუცია.

_ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 40-50%- სწორედ რუსეთიდან შემოსული თანხა შეადგენდა. ექსპერტები გარე ფაქტორებზე საუბრისას, ლარის კურსის დაცემის ერთერთ მიზეზად რუსული რუბლის გაუფასურებას ასახელებენ.

_ რუსეთიდან განხორციელებული გადმორიცხვები, რომელიც წლიურად მილიარს აღემატებოდა, ჩემი შეფასებით, 20-25%-ით მაინც შემცირდება, რაც დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარია. რუსეთში ეკონომიკური ვითარება გართულდა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, ბუნებრივია, ვეღარ გადმორიცხავს იმდენივე თანხას, რამდენსაც აქამდე რიცხავდა. ამას გარდა, კრიზისის გამო, მცირდება ტურისტების ნაკადიც, ექსპორტი მწირია, ვალუტის შემოდინების სტაბილური წყარო აღარ არსებობს, ცხადია, ლარზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორ შეიძლება ქვეყანა ტურისტებზე იყოს დამოკიდებული?! როგორც კი კრიზისი დაიწყო რუსეთში, უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში, საიდანაც ტურისტების ძირითადი ნაკადი შემოდიოდა, ვითარებაც დამძიმდა.

_ საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდს დამატებითი თანხა სთხოვა. ეს რამდენად დაეხმარება ლარის კურსს?

_ დღეს ვერ ვხედავ ქვეყანაში პოლიტიკას, რომელმაც ლარის კურსის სტაბილიზაცია უნდა მოახდინოს. გასაგებია, რომ რაღაც ფული მაინც უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, რომლებიც იმპორტზეა მიბმული, ამ თანხის დიდი ნაწილიც ისევ თურქეთსა და ჩინეთში წავა. აუცილებელია ფული საქართველოს ეკონომიკაში მიდოდეს. სხვანაირად, არ მესმის, როგორ აპირებს მთავრობა ვითარების გამოსწორებას. როდემდე უნდა ვიყოთ თხილსა და ღვინოზე დამოკიდებულები? თუ დიდი ხანძარია, წყლის დიდი ჭავლი შეიძლება მიუშვა, მაგრამ ერთი მოქმედებით ხანძარი არ ქრება. იგივე დაემართება ქართულ ეკონომიკასაც. საქართველოს ეკონომიკაში ფუნდამენტური პრობლემებია, რომლებსაც მთავრობა უკვე წლებია, არ წყვეტს და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, ვითარება დარეგულირდება, თუმცა, ლარის კურსი ეცემა და პროდუქტებზე ფასებიც იზრდება, რაც მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება

_ დღევანდელ ვითარებაში განცხადება, რომ არაფერი არ ხდება, დიდი უპასუხისმგებლობაა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here