2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს გავუგზავნე წერილი (#1/11816 _ 11.11.2014 წ.), რომელშიც ვუზიარებდი ჩემს მოსაზრებებს სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და, საერთოდ, ჯარის რეალური საბრძოლო მზადყოფნის თაობაზე. ასეთივე შინაარსის წერილები ადრე გაგზავნილი მქონდა თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, უმრავლესობისა და ფრაქციის ლიდერებისთვის.
არც ერთმა არ გასცა პასუხი ჩემს კითხვებს, ამიტომ გადავწყვიტე, მიმეწერა წერილი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლისთვის. დღეს უკვე 2015 წლის თებერვალია და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩამიჩუმი არ ისმის. ე. ი. უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ვერ ერკვევა და ამიტომაც არ აინტერესებს, ან მას პროფესიონალი სამხედრო მრჩეველი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, საკითხავია, ადეკვატური იქნება პრეზიდენტის მოქმედებები ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში? როცა მას რეალურად აღარც ეროვნული უშიშროების საბჭო ემორჩილება და აღარც _ დაზვერვა, ვისი მეშვეობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის გამოცხადებისა და სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ?
ბატონო გიორგი!
2014 წლის 1 ოქტომბერს კანონმდებელთა წინაშე ანგარიშით წარდგა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი სესიაშვილი. მან მიმოიხილა საანგარიშო პერიოდი და დადებითად შეაფასა როგორც კომიტეტის მუშაობა, ასევე თავდაცვის სფეროში ჩატარებული “რეფორმებიც”. მოგვიანებით მან თავდაცვის მინისტრზე განაცხადა, რომ ის არის საუკეთესო თავდაცვის მინისტრი ბოლო წლების განმავლობაში.
ერთ–ერთი დეპუტატის კითხვაზე _ რატომ არ მომზადდა ამ ორი წლის განმავლობაში ერთი რეზერვისტი მაინც, სესიაშვილს გაუჭირდა პასუხის გაცემა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კანონებზე “საქართველოს თავდაცვის შესახებ” და “მობილიზაციის შესახებ”.
პარლამენტის სხდომა კიდევ დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ არავინ დაინტერესებულა და არც არავის უკითხავს, რა მდგომარეობაშია რეალურად დღეს ქართული ჯარი და შეუძლია თუ არა მას, შეასრულოს დაკისრებული ამოცანა.
თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად და შეუმჩნევლად, გამჟღავნდა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები ისევ რჩებიან მომზადებული რეზერვის გარეშე და აქედან გამომდინარე, ქვეყნის დასაცავად მზად არ არიან.
როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან არც ძველ, არც ახალ ხელისუფლებას და არც ნატოს მრჩევლებს დასკვნები არ გამოუტანიათ და არც უცდიათ მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების გაანალიზება და შეფასება.
არადა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესახებ ამაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არსებობს.
თვითონ განსაჯეთ:
თავდაცვის სამინისტროში “კაბელების” შესყიდვის ისტორია საიდუმლოა; ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები _ საიდუმლო; დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტიც _ საიდუმლო; ფარული მოსმენების შესახებ კანონის მიღება _ ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, აი, არმიის რეალური საბრძოლო მდგომარეობის შესახებ მსჯელობა, საიდუმლო კი არა, ყურადღების ღირსიც არ არის.
ასეთია დღეს კანონმდებლების, მთავრობისა და, საერთოდ, საზოგადოების წარმოდგენა ქვეყნის “მნიშვნელოვან და არამნიშვნელოვან საკითხებზე”.
გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთივე სახელმწიფოებრივი სადუმლოების შემცველია, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის ღია ეთერში გამართული საუბარი “ჩამოგდებული” რუსული თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ.
შეგახსენებთ:
უშიშროების საბჭოს მდივანმა პრეზიდენტს ახარა, “10 თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ”-ო.
მაგრამ, პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, მე უკეთ ვარ ინფორმირებულიო(?), ეცოტავა ეს რაოდენობა და მყისვე 30-მდე გაზარდა. თითქოს რუსებმა არ იცოდნენ, რამდენი თვითმფრინავი ააფრინეს ჰაერში და მათგან რამდენი დაეშვა. ამ საუბრით მათ მოწინააღმდეგე დაარწმუნეს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და დაკარგა ჯარების მართვის უნარი.
პირველი პირებისგან ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვინ დაინტერესდებოდა “ენვერის”, “მაისაიას” ან “სტრელნიკოვის” შეტყობინებებით?
ვინ დაუჯერებდა მათ?
რეზერვის მოუმზადებლობის შესახებ ინფორმაცია ისე მსუბუქად და გულგრილად მიიღეს კანონმდებლებმა, თითქოს ეს საკითხი ქვეყანას საერთოდ არ ეხება და ამიტომაც ეს პრობლემა არ აწუხებთ, მისთვის არც სცალიათ.
პარლამენტარები ვერც კი მიხვდნენ, რა საფრთხის შემცველი იყო ასეთი კითხვა–პასუხი.
მოდი და, ამის შემდეგ “კოჭოიას მაღალპროფესიონალურ გამოცდილ ჯგუფს” (ივანე მერაბიშვილის შეფასებით), რომელმაც ვერც ერთი “დავალება” ვერ შეასრულა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა დააბრალე, ხოლო უმაღლეს მთავარსარდალსა და წითელ ხიდზე მყოფ მაღალჩინოსნებს პატრიოტები უწოდე.
ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისადმი ასეთი მიდგომით კანონმდებლებმა და მთავრობამ თავიანთი გონივრული შესაძლებლობები, ცოდნა–გამოცდილება თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში კიდევ ერთხელ შეაფასებინეს უცხო ქვეყნების დაზვერვებს და დაარწმუნეს, რომ სრულიად არაკომპეტენტურები არიან სამხედრო სფეროში.
ჯარი ბრძოლისუუნაროა, ქვეყანა _ დაუცველი და ამ დროს თავდაცვის მინისტრი წარმატებულ ხელმძღვანელად რომ მიიჩნევა, ეს სასაცილო და სამარცხვინო არ არის? როგორც ჩანს, შეიარაღებული ძალების შემფასებელს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს მის საბრძოლო მზადყოფნაზე და არავითარი _ სამობილიზაციო მზადყოფნაზე.
ირაკლი ალასანია ისე გაერთო ნატოს გაძლიერებაზე ზრუნვით, რომ სრულიად დაავიწყდა თავისი უწყება; დაავიწყდა ის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები დაუცველია; სამობილიზაციო რესურსი მოუმზადებელია; კონსტიტუცია დამარცხებაზე ორიენტირებული დოკუმენტია; სამხედრო საკანონმდებლო აქტები ბუნდოვანი და არაკონკრეტულია; სამხედრო ძალებსა და უმაღლეს მთავარსარდალს დებულებები არ აქვთ. მას არც კი უცდია, გაერკვია, ვის მოუწევდა რეალურად ქვეყნის დაცვა ომის შემთხვევაში:
_ სამხედრო ძალებს (არ არსებობენ);
_ შეიარაღებულ ძალებს (საკითხავია);
_ თუ სახმელეთო ჯარებს.
“საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონის თანახმად:
“სამხედრო ძალები შედგება შეიარაღებული ძალებისგან…”;
“შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან”.
ნუთუ მან არ იცის, რომ მომზადებული რეზერვი ჰყავთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ავსტრია და შვეიცარია, რომლებსაც დღეს არავინ ემუქრება და არც რუსეთი ესაზღვრებათ?
ნუთუ მას და სხვებსაც დაავიწყდათ 2008 წლის აგვისტო?
ამ კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად ბატონ ირაკლიზე კარგის თქმაც შეიძლება. პირველ რიგში, ის თავის ქვეშევრდომებსა და სამხედრო პენსიონერებზე მზრუნველი და დამცველი პირი აღმოჩნდა.
შეიარაღებულ ძალებში დაამკვიდრა დისციპლინა, სამართლიანობა, მომავლის რწმენა.
ადრე ათასობით უკანონოდ გაყრილი ოფიცერი სამსახურში აღადგინა.
სამხედრო ნაწილებში პირადი შემადგენლობისთვის ცხოვრებისა და სწავლების პირობები საგრძნობლად გააუმჯობესა.
რაც შეეხება “კაბელების” საქმეს: სასამართლო ორგანოებსა და პროკურატურაში სამხედრო საქმეებში კარგად ჩახედული იურისტები რომ გვყოლოდა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისადმი ბრალის წაყენება და შემდგომში მათი პატიმრად დატოვება ასე იოლად არ მოხდებოდა.
ყველა ქვეყანაში პროფესიონალი სამხედროების მიმართ, თუ მათ მძიმე დანაშაული შეგნებულად არ ჩაუდენიათ, შემწყნარებლობას იჩენენ _ ითვალისწინებენ რა მათ დამსახურებას ქვეყნის წინაშე.
ბატონო პრეზიდენტო!
როგორც ხედავთ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ ღრმად გააზრებული, რა რთულ რეგიონში იმყოფება ჩვენი ქვეყანა და რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავენ.
მარცხის შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრებს გარკვეულწილად ეძლევათ თავის მართლების საშუალება (შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ ფიცი არ დაგვიდია და პასუხისმგებლობაც არავის დაუკისრებიაო), თქვენ, როგორც ქვეყნის მეთაური, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, წინამორბედისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას უკვე ვეღარ გაექცევით, რადგან ე. წ. ფიცით აიღეთ საკუთარ თავზე ვალდებულება, დაიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა, და, კონსტიტუციამაც დაგავალათ, უზრუნველყოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.
და რადგანაც უკვე იცით, რომ შეიარაღებულ ძალებს დაკისრებული ამოცანის შესრულება არ შეუძლიათ, მინდა, დაგისვათ უხერხული კითხვა:
ბატონო პრეზიდენტო, როგორ გძინავთ ღამით?
მშვიდად? თუ უძილობა გაწუხებთ ჯარის უმწეო მდგომარეობის გამო?
დარწმუნებული ვარ, თქვენთვის სულერთი არ არის, წინამორბედისგან განსხვავებით, როგორი სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში.
ბატონო გიორგი!
25 წელზე მეტი ვიმსახურე საბჭოთა ჯარის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) სისტემაში და ვიცი, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის თქვენი რანგის თანამდებობის პირის გამოჩენა (თუ _ გამოუჩენლობა) ან გამოსვლა (თუ _ არგამოსვლა) დიდი საინფორმაციო მასალაა.
ადვილი დასადგენია, რომ თქვენ და თქვენი გუნდი ერიდებით სამხედრო თემებზე საუბარს.
მაგრამ, რატომ?
ეს საკითხი ყველაზე მეტად ხომ თქვენ უნდა გაინტერესებდეთ?!
ისიც იოლი მისახვედრია, რომ მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობები გაქვთ და დათმობას (მაგრამ რის?) არ აპირებთ.
ეს დამტკიცდა კიდეც, როდესაც შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის გარეშე ეწვიეთ.
თქვენი ასეთი “სტუმრობა” მართვის პუნქტზე “სხვებისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი სადაზვერვო შეტყობინებაა.
2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა დაუბალანსებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო გახადა ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია, რეალურად შეაფასო პრეზიდენტის უფლებამოსილებანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებში; გაურკვეველია, რა უფლებები შემორჩა სახელმწიფოს მეთაურს იმისათვის, რომ მიიღოს სწორი, სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებები თავდაცვისა და უშიშროების საჭირბოროტო საკითხებზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს პრობლემები სულაც არ ადარდებს, მაგრამ თქვენგანაც არ მომისმენია რაიმე წინადადებები ამ საკითხების მოსაგვარებლად.
*ნუთუ თქვენი გუნდი ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია დამარცხებაზე ორიენტირებული დოკუმენტია?
*ნუთუ თქვენ, პირადად, არ გაინტერესებთ, როგორ უნდა იმოქმედოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში? მას ხომ დებულება არ აქვს.
*ნუთუ არ გაგჩენიათ სურვილი, დაადგინოთ, რომელი მართვის ორგანოს მეშვეობით უხელმძღვანელებთ სამხედრო ძალებს საომარი მდგომარეობის დროს? მართვის ორგანო ხომ შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.
*ვინ უნდა დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია? თქვენ ხომ ერთი სამხედრო მრჩეველიც არა გყავთ, ხოლო დაზვერვა ჩამოგართვეს.
კიდევ შეიძლებოდა მრავალი ასეთი კითხვის დასმა.
დღეს ქვეყანა თავდაცვისა და უშიშროების კუთხით ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ის იყო 2008 წლის აგვისტოში _ სრულიად დაუცველი, განსაკუთრებით _ ქვეყნის ხელმძღვანელობის კომპეტენტურობის კუთხით.
უკვე მეხუთე წელია, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ “საქართველოს პრეზიდენტი… მთავრობასთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს”, მაგრამ, “საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონის თანახმად, შეიარაღებულ ძალებს დღემდე ისევ მართავს გაერთიანებული შტაბი, რომლის უფროსი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ სამხედრო მრჩევლად ითვლება.
დღემდე შესაბამისობაში ვერ მოუყვანიათ არა მხოლოდ ეს კანონი, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებიც, პირველ რიგში, ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორებიცაა: “საგანგებო მდგომარეობის შესახებ”; “საომარი მდგომარეობის შესახებ”; “მობილიზაციის შესახებ”, “სარეზერვო სამსახურის შესახებ”. ვერ მოუყვანიათ იმიტომ, რომ კომპეტენცია აკლდიათ როგორც წინა მოწვევის, ასევე, მოქმედ კანონმდებლებსაც.
ამ შეფასების დასამტკიცებლად საკმარისია “საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონის ერთი (მე-9) მუხლის გაანალიზებაც.
ამ მუხლის თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსი ერთდროულად:
ხელმძღვანელობს გაერთიანებულ შტაბს;
ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ძალებს;
ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;
არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
საკითხავია, სად უნდა იმყოფებოდეს გაერთიანებული შტაბის უფროსი ომის დროს?
*მრჩევლის სტატუსით ჯარების სრულ მზადყოფნაზე პასუხისმგებელმა პირმა _ გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ხომ შეიძლება, წარუმატებლობა პრეზიდენტს გადააბრალოს?
*ან ვის გაუგონია, რომ სამხედრო უწყებაში ქვეშევრდომი მეთაურს რჩევებს აძლევდეს? რომელი ქვეყნის წესდებაშია ეს გათვალისწინებული?
*თუ პრეზიდენტს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მოსამართლეებს არ აქვთ უფლება, ეკავოთ სხვა თანამდებობები, მაშინ რატომ მისცა კანონმა გაერთიანებული შტაბის უფროსს _ სამხედრო მოსამსახურეს _უფლება, დაიკავოს მისთვის შეუთავსებელი კიდევ სხვა თანამდებობა?
*თუნდაც მრჩევლის სტატუსით რატომ არ ახლდა პრეზიდენტს, როდესაც მან მოინახულა შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტი?
დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად დაცვა ქაღალდზეც კი არ შეგვიძლია.
ბატონო გიორგი!
ვინაიდან მთავრობა:
*არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო;
*ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
*ანგარიშვალდებულია (და არა პასუხისმგებელია) მხოლოდ პარლამენტის წინაშე.
და, ამასთანავე თქვენ უკვე:
* აღარ ბრძანდებით საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში;
*აღარ არის თქვენი თანხმობა საჭირო მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენაზე;
*აღარ არის თქვენი თანხმობა საჭირო მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნა–განთავისუფლებებზე და სხვ.
კონსტიტუციის მე-3, 69-ე, 78-ე და 79-ე მუხლების საფუძველზე, თქვენი თანამდებობა უკვე აღარ არის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობაში და ამიტომ ვეღარ იქნებით ქვეყნის პირველი პირი.
ამას ადასტურებს 78-ე მუხლის მე-6 პუნქტიც, რომლის თანახმადაც, თქვენ მიერ შეტანილი საკითხის განხილვა, თქვენი თანდასწრებით, მთავრობის სხდომაზე უკვე აღარ ითვალისწინებს თქვენს თავმჯდომარეობას და ამ საკითხის რიგგარეშე განხილვას.
ე. ი. გამოდის, რომ სხდომას უხელმძღვანელებს მთავრობის მეთაური და საკითხს განიხილავს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.
ძირითადმა კანონმა პრეზიდენტის ინსტიტუტი ისე დაჩაგრა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ფორმალური გახდა და მისი უფლებები მხოლოდ სავალდებულო განხორციელებებთან დააკავშირა.
საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების, ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული პრეზიდენტის უფლებებსა და პასუხისმგებლობას შორის კონსტიტუციამ “ღრმა უფსკრული” წარმოშვა და პრეზიდენტის უფლებები ერთ-ერთი რუსული საბავშვო ლექსის პერსონაჟს გაუთანაბრა:
“Напали на козлика серые волки, Оставили бабущке рожки на иожки”.
ასეთი დამახინჯებული და დაუბალანსებელი ძირითადი კანონი მივიღეთ წინა მოწვევის პარლამენტარების, საკონსტიტუციო და ვენეციის კომისიებისა და სხვების დახმარებით მხოლოდ და მხოლოდ მომავალი პრემიერმინისტრის სასარგებლოდ _ მომავალი პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.
ვინაიდან თქვენგან პასუხი სამი თვის განმავლობაში არ მიმიღია, თავს უფლებას ვაძლევ, წერილის მოკლე შინაარსი გაზეთში გამოვაქვეყნო.
პატივისცემით,
ალექსანდრე ტოლსტოი