Home რუბრიკები საზოგადოება “უნდა მივმართოთ პარლამენტარ ცოლ-ქმარს: ბიძია დათო, დეიდა თინა, გეყოთ რა!..”

“უნდა მივმართოთ პარლამენტარ ცოლ-ქმარს: ბიძია დათო, დეიდა თინა, გეყოთ რა!..”

627

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. კანდიდატებმა გაიარეს გარკვეული ეტაპები და ახლა პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. საზოგადოების ერთმა ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხის” მეშვეობით  უკვე ნახა და შეაფასა ცხრავე კანდიდატის შესაძლებლობა, როდესაც მათ დარგის განვითარებაზე თავიანთი თვალსაზრისი წარუდგინეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.

მათ ასევე ჰქონდათ საკმარისი დრო და შესაძლებლობა, აეხსნათ, რამ უბიძგათ, გადაედგათ ასეთი სარისკო ნაბიჯი, რადგან დასამალი არ არის: ეროვნული კომისიის წევრობა მხოლოდ დარგის ცოდნას როდი გულისხმობს, აქ კანონითაა განსაზღვრული საზოგადოებრივი ნდობისა და აღიარების მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

ყურადღებიანი მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილს სწორედ ამ მოთხოვნასთან აქვს ერთგვარი უხერხული დამოკიდებულება. საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება ოჯახს, ნათესაობასა და ნაცნობ-მეგობრობაზე გაცილებით შორს გაცდენილი ცნებაა. სწავლაგანათლება და საზღვარს მიღმა რამდენიმედღიან ტრენინგებზე მიღებული, ჩარჩოში ჩასმული სერთიფიკატები საქვეყნო ნდობააღიარების გარანტი როდია; მით უფრო მაშინ, თუ ამ ყველაფერს სპეციალური შეფუთვისა და შეცდომაში შეყვანის სურნელი ასდის.

საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთმა კანდიდატმა მერაბ ქათამაძემ განაცხადა, რომ საკუთარ წარსულს ზურგი აქცია, საგამომცემლო საქმიანობას წერტილი დაუსვა და ახლა სხვა რელსებზე შედგა. “პირდაპირ გეტყვით, წარსულზე გული არ მწყდება”, _ ასე უპასუხა მან კომიტეტის თავმჯდომარეს და იქვე დასძინა, ჩემი ბილიკი ამჟამად კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ მიიკლაკნება, რადგან ამ ორგანიზაციის წარსულ დანაშაულს ვიძიებდი და შედეგებით ძალზე უკმაყოფილო ვარო. ქათამაძეს თავისი წარსული არაფრად უღირს და იოლად შეელია, სამაგიეროდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარსული ადარდებს და ღელავს. ძნელი დასაჯერებელია უწარსულო კაცისგან სხვათა წარსულზე ნერვიულობა, მაგრამ, რადგან თვითონ აღარ ახსოვს და გონებიდან ამოიშალა, ჩვენ შევახსენებთ რამდენიმე ეპიზოდს მისი მცირედ ჰეროიკული წარსულიდან.

ქათამაძე წარსულში საგამომცემლო საქმეს ეწეოდა, ქართული სიტყვაკაზმულობის სამსახურში იყო ჩამდგარი. ცალ ხელში _ კალმით, მეორეში კიკალაშნიკოვითძერწავდა და აყალიბებდა ქართულ წიგნიერებას. “კალაშნიკოვისიტყვის მასალად როდი მოვიშველიეთ. ეს ლეგენდარული ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ორგანიზაციამხედრიონისთვისუსაყვარლესი იყო წლების განმავლობაში, ხოლო, რადგან ქათამაძე ორგანიზაციამხედრიონისჟამთაღმწერელია და მისი სულის ჩამდგმელის, ბატონ ჯაბა იოსელიანის პირადი გამომცემელიც გახლდათ, იარაღის სიყვარულიც, როგორც ჩანს, მაშინ გაუჩნდა პირველად. მართალია, მომდევნო რევოლუციურ წლებში ამ სიყვარულმა და ორორი იარაღის ტარებამ ციხის კარამდეც კი მიიყვანა, მაგრამქათამაძე გმირულად ჩაჯდა საპყრობილეში და ორი დღის შემდეგ პოლიტპატიმრად დაუბრუნდა მამულს, ენასა და სარწმუნოებას.

“პირდაპირ გეტყვით, წარსულზე გული არ მწყდება”, _ სად ცრუობს ქათამაძე _ წარსულს რომ იშლის გონებიდან მაშინ თუ _ საპარლამენტო კომიტეტს როცა მიმართავს? ქათამაძე არ ცრუობს. ის გულწრფელია. მას ზურგს საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არ უმძიმებს, მას წარსულის შტრიხები, უბრალოდ, არ მოსწონს და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ფიცს აძლევს, რომ, თუ აირჩევენ, უკან აღარასდროს მიიხედავს, მხოლოდ წინ _ კომუნიკაციების ნათელი მომავლისკენ ივლის, იდეოლოგიურ შეხედულებებს აღარ შეიცვლის და, რაც უნდა ტანჯონ, აწამონ, უფრო სუსტიდან შედარებით მომძლავრებულ პარტიაში არ გადაირბენს. და, რაც მთავარია, ხაზგადასმული წარსულის მიუხედავად, დაამუშავებს და გამოსცემსმშვიდობით, იარაღოს”. სიმბოლური თვალსაზრისით, ცხადია, აქ ისიც არ არის დასავიწყებელი, რომ აღნიშნული კანდიდატი ინჟინერ-სისტემოტექნიკოსია, მაუწყებლობის შესახებ კანონი კი ასეთ სპეციალობას არ ცნობს, ის ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი უნდა იყოს ან კავშირგაბმულობის სპეციალისტი, ან ეკონომისტი, ან მართვის დარგის წარმომადგენელი, ანდაც ჟურნალისტი. ვინ არის ამ დროს ქათამაძე? წარსულის უარმყოფელწიგნის გამომცემელმხედრიონელინჟინერსისტემატექნიკოსი კაცი, რომელიც ახალ რელსებზე დადგა და პარლამენტისგან მწვანე შუქნიშნის ჩართვას ითხოვს.

სხვათა შორის, დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა ჯერაც არ იყო გაციებული, რომ ქათამაძე ამ კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტობიდან კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტად გადაისროლეს. სანდო წყარო აცხადებს, რომ ეს უშუალოდ რესპუბლიკური პარტიის დედა-ლიდერის _ თინათინ ხიდაშელის ტრადიციული ახირება იყო. ხიდაშელის ვნებები მარეგულირებელი კომისიის მიმართ ცნობილია. მას იქ ძალზე მასშტაბური გეგმები გააჩნია. საამისოდ საკმარისი მხოლოდ საგამოძიებო კომისია, ცხადია, ვერ იქნებოდა, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული კომისიის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე დესანტის გადასმის საკითხი, რათა ციხე შიგნიდან გატეხილიყო.

ეს დესანტი ქათამაძეა.

წყარო, რომლის სანდოობაც უტყუარია, იუწყება, რომ დესანტი ქათამაძე კომისიაში მისვლისთანავე ციხის გატეხვას კომისიის წევრების ხიდაშელთან დასმენით შეუდგა. მეორე, რაც მისი თვალთახედვის არეში მოხვდა, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და ორგანიზაციის ბიუჯეტი იყო. შეგახსენებთ: ქათამაძე ხიდაშელის დესანტია. ის კონსულტანტად დანიშნეს და საკმაოდ მაღალი ჯამაგირი დაუნიშნეს. პარალელურად, არასამთავრობოებისთვის გასაიდუმლოვდა მისი საპრემიო ისტორია და წინა პლანზე წაიწია ქათამაძის თვისებამ, წერტილი დაუსვას საკუთარ წარსულს, გარდა ორდღიანი პოლიტპატიმრის სტატუსისა და ღირსებისა. ყველაფრიდან გამომდინარე, ხიდაშელმა მიაღწია დასახულ მიზანს. მან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თანამედროვე ტიპის “ჟუჩოკი” დააყენა და ახლა აქტიურად ლობირებს მას. ჭორებს არ ვავრცელებთ. პატიოსანი დეპუტატების კულუარული საუბრებიდან არის ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და აქტიური რესპუბლიკელი, დეპუტატი თინა ხიდაშელი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს ცალკეულ დეპუტატებთან, რათა მათ ხმა მერაბ ქათამაძეს მისცენ.

ეს ზეწოლა არ არის. ეს დემოკრატიული მანევრია, რომელსაც საფუძველი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაუყარა.

ქათამაძე საინტერესო სუბიექტია მიუკერძოებელი ჟურნალისტური გამოძიებისთვის. პარლამენტმა სხვა რამ უნდა გამოიკვლიოს: რამდენად საჭირო არიან რომელიმე თანამედროვე, ევროპულ ყაიდაზე გადასულ ორგანიზაციაში ქათამაძეები. ერთი ქათამაძე ახსოვს ქართულ საზოგადოებას _ ვერის უბნის პოლიცმეისტერის კონსულტანტი. ისიც კონსულტანტი. ესეც კონსულტანტი. ისიც ისა… ესეც…

“ბიძიებო, დეიდებო…” მოგვმართავენ ყოველდღიურად სოციალურად დაუცველები თბილისის მეტროპოლიტენში. ჩვენ, საზოგადოების ეს ნაწილი, ასევე დაუცველები ვართ და უნდა მივმართოთ პარლამენტარ ცოლ-ქმარს: ბიძია დათო, დეიდა თინა, გეყოთ რა!..

კვლავ ქათამაძეზე: რესპუბლიკელებს, როგორც ჩანს, ის უცვლელ დესანტად ჰყავთ ყველგან. წარადგინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად. უნაყოფოდ. წარადგინეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. უნაყოფოდ. წარადგინეს ახმეტის რაიონის დეპუტატობის კანდიდატად. უნაყოფოდ. უნაყოფო არც მიწა, არც საქონელი და არც წელიწადი ვარგა. არადა, იმ კაცმა, ეგენი რომ მოიყვანა, თქვა, 2015 წელი ნაყოფიერი იქნებაო.

ბევრი საფიქრალი გააჩინა კიდევ ერთი კანდიდატის საჯარო გამოსვლამ. საქმე ეხება უშიშროების გენერალს, უშიშროების სამსახურის მინისტრის ყოფილ მოადგილე სიმონ ნოზაძეს. საკომიტეტო მოსმენაზე მან კომუნიკაციების ფუნქციები უშიშროების ფუნქციებში აურია და ამ საფეხურზე საბოლოოდ დაიბნა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადამსჯელო ორგანიზაცია არ არის. მის მოვალეობაში არ შედის თვალთვალი, მოსმენა, დასმენა, გადაბირება. არც სიტყვის თავისუფლებასთან აქვს აღნიშნულ ორგანიზაციას პირდაპირი კავშირი, როგორც ეს ბატონ სიმონს ჰგონია. სიტყვის თავისუფლება თავისუფალი მედიის პრეროგატივაა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი ტექნიკურ-სამართლებრივი მარეგულირებელია, რომელიც რადიოსიხშირეებს ანაწილებს და შემდეგ ამ სიხშირეების გამოყენებას კანონის ფარგლებში არეგულირებს, აკონტროლებს. ფარული მოსმენა სხვა საქმეა. უშიშროება-უსაფრთხოებაც სხვა ოპერიდანაა. ყველა ოპერას თავისი ლიბრეტო აქვს. როგორც ჩანს, იმ საკომიტეტო მოსმენაზე სიმონ ნოზაძეს აერია და სულ სხვა ლიბრეტო დაიდო ტრიბუნაზე, ამიტომაც შეიქმნა უხერხული სიტუაცია. კავშირგაბმულობას წარსულში (წარსული ქათამაძემ გონებიდან ამოიშალა, ნოზაძემ _ პირიქით, ღრმად ჩაიბეჭდა), მართალია, უშიშროება აკონტროლებდა და ძუძუს აწოვებდა, მაგრამ ახლა ეგ ძუძუ გაშრა, ევროპასთან ინტეგრაციის ხელოვნურ კვებაზე გადავედით და აცალეთ, ბატონო სიმონ, როგორც თქვენ გგონიათ, თავისუფალ სიტყვასა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ინსტიტუტს მოსუქება.

მოკლედ, ცუდია, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. დიდი დაფიქრება მართებთ საქართველოს პარლამენტის ამ მოწვევის დეპუტატებს, რათა არ მოხდეს ცუდი. ცუდი კი აქვეა ჩასაფრებული.

თამაზ ჩიქვანაია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here