ამ პუბლიკაციაში არაფერია სულის შემძვრელი და სენსაციური: მხოლოდ ფაქტებია, კონკრეტიკა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მკითხველს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების უკეთ აღქმასა და გაცნობიერებაში.
“ცივი ომი”, რომლის დამთავრება გასული საუკუნის უმნიშვნელოვანეს მიღწევად იყო მიჩნეული, განახლდა.
ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ომი, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო, ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, დიპლომატიური დემარშები და, რაც მთავარია, ინფორმაციული იარაღის მასობრივად ამოქმედება ზუსტად განსაზღვრული სამიზნის მიმართულებით, სწორედ რომ ომია, “ცივი ომი”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ისტორიის განვლილი ეტაპი გვეგონა, გაკვეთილი, რომელიც შევისწავლეთ და გამეორებას არ ექვემდებარება.
ინფორმაციულ ომზე ვისაუბრებთ ამ წერილში, იმ იარაღზე, რომელიც მთავარი დამრტყმელი ძალაა და სრულად არის მონოპოლიზებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. იგულისხმება ათიათასობით გაზეთი, ჟურნალი, ბეჭდური პროდუქციის გამავრცელებელი ქსელი, უდიდესი რაოდენობა ელექტრონული გამოცემების, ასობით საინფორმაციო სააგენტო, ათასობით ტელე და რადიოკომპანია, სარეკლამო ბიზნესი, ბიზნესი ინტერნეტსივრცეში, ტელეკომუნიკაციები, კინოინდუსტრია და კინოგაქირავება და ა. შ.
შემოგთავაზებთ მსოფლიო საინფორმაციო მონოპოლიის საერთო კონტურებს, რომლებიც აშშ-ის ხელშია მოქცეული.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სფეროს ბატონ-პატრონი ამერიკაში ხუთი უდიდესი კორპორაციაა. ეს ხუთეული ფლობს აშშ მედიაბიზნესის 90 პროცენტს. ასეა დღეს. ოცდაათიოდე წლის წინათ კი ამ სფეროს აკონტროლებდა 50 კომპანია.
გასაგებია, როგორ მეგაკორპორაციებთან გვაქვს საქმე და რა ძალაა თავმოყრილი მათ ხელში. თითოეული ამ ჰოლდინგთაგან აკონტროლებს უამრავ ფირმას _ კინოსტუდიებითა და თეატრებით დაწყებული, ტელეკომუნიკაციის სისტემებითა და სოციალური ქსელებით დამთავრებული. სარეკლამო და გართობის ინდუსტრიაც მათ ხელშია.
ეს ხუთი კორპორაციაა: Time Warner, News Corporation, The Walt disney company, Viacom / CBS Corporation, Comcast / NBC Universal.
ამ გიგანტების მედიაბიზნესის მესაკუთრეთა საკითხი დღემდე გაურკვეველია. მაგალითად, ჰოლდინგ Time Warner–ის პატრონად ზოგი მის დამფუძნებელ ბრონფანის მემკვიდრეებში ეძებს, სხვები მიიჩნევენ, რომ კომპანია ყოფილი უფროსის _ ჯერალდ ლევინის ან გავლენიანი ისრაელელი ბიზნესმენის _ ავივ (ვივი) ნევოს საკუთრებაა.
უფრო გარკვეულია Viacom / CBS-ის პატრონის საკითხი. ფიქრობენ, რომ ეს არის მილიარდერი სამნერ რედსტოუნი, რომელიც CBS-ის კორპორაციის ხმის მიმცემი აქციების 78 პროცენტსა და Viacom-ის ხმის მიმცემი აქციების 79 პროცენტს ფლობს.
ამ სავარაუდო თუ მეტ-ნაკლებად გარკვეული მფლობელების ვინაობა ისევე, როგორც დანარჩენი კორპორაციების პატრონების, ჩვენი მკითხველებისთვის მაინც და მაინც საინტერესო არ უნდა იყოს, ამიტომ აქ დავსვათ წერტილი. აი, მათი წლიური შემოსავალი კი, რომელიც კოლოსალურია, ღირს იმად, რომ ყურადღება მივაქციოთ.
2012 წელს Time Warner-ის შემოსავალი 28,7 მილიარდი აშშ დოლარი იყო, News Corporation-ის _ 33,7 მილიარდი, The Walt Disney company-ის _ 42,3 მილიარდი, Viacom / CBS corporation-ის _ 28,6 მილიარდი აშშ დოლარი.
ასეთ თანხებს ატრიალებენ “საინფორმაციო იარაღის” მფლობელები, “ახალი ანტანტის” ის ერთი ცენტრი, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, მართავს აშშ-ის მასმედიას, უზრუნველყოფს მის ხმაშეწყობილობასა და ერთ კალაპოტში მოქცევას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს მედიაკორპორაცია ამერიკულად შეიძლება ჩაითვალოს მათი სათაო სტრუქტურების იურისდიქციის თვალსაზრისით, რადგან ბევრ კონგლომერატს თავისი ფილიალები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
მერდოკის კონგლომერატ News corporation-ს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეკუთვნის გაზეთები The Times, The Wall Street Journal Europe, The Sun და The Sundey Times, ასევე _ ტელეკომპანიები SKY Italia, British Sky Broadcasting და Sky deutschland.
ევროპის ყველაზე უფრო წარმატებულ მედიაჯგუფად მიჩნეულია გერმანული გიგანტი Bertelsmann SE&CO, რომლის 2012 წლის შემოსავალი 16,1 მილიარდი ევრო იყო, თანამშრომელთა რაოდენობა _ 104 ათასი.
მეორე ადგილზეა ფრანგული Vivendi S.A., 2012 წლის შემოსავალი _ 30,0 მილიარდი ევრო, თანამშრომელთა რაოდენობა _ 63,1 ათასი. მედიაიმპერიაში მესამე ადგილი უკავია ფრანგულ Lagardes Media-ს. 2012 წლის შემოსავალი 7,4 მილიარდი ევრო, თანამშრომელთა რაოდენობა _ 26,5 ათასი.
დასავლეთის ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი საინფორმაციო სააგენტოებს უკავია. ამ სფეროს მონოპოლიზაციის დონე წარმოუდგენლად დიდია. ინფორმაციების ლომის წილი, რომლებსაც დასავლეთის მასმედია გადასცემს, სამ სააგენტოზე მოდის. ესენია _ Reuters, Assoiated Press და Agence France-Press.
“როიტერში” მუშაობს 14 ათასზე მეტი თანამშრომელი, ფილიალები მსოფლიოს 91 ქვეყანაში მოქმედებს. ითვლება, რომ “როიტერი” ინგლისური კომპანიაა, მაგრამ 2008 წელს იგი შეიძინა კორპორაცია Thomson-მა და ეწოდა Tchomas Reuter. კორპორაცია ამერიკული გახდა.
ასეთია დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წელს დაწყებული ომის ზოგადი კონტურები, მაგრამ ეს კორპორაციები, მათი გიგანტურობისა და ამოუწურავი შესაძლებლობების მიუხედავად, მხოლოდ შემსრულებლები არიან. ამ ომის ჭეშმარიტ ორგანიზატორებს, დამკვეთებსა და ბენეფიციარებს თავიანთი სახელები და ადგილსამყოფელი მკაცრად აქვთ გასაიდუმლოებული.
სწორედ ისინი უკვეთენ მუსიკას, რომლის ჰანგებზე ცეკვავს ინფორმაციულ ომში ჩართული დასავლური მედია.
მოამზადა არმაზ სანებლიძემ