ხმამაღალი და ემოციური გამოსვლები სამართლიანობის აღდგენის (გნებავთ, დამკვიდრების) თაობაზე ნანატრი “ქართული ოცნების” ხელშიც არ მთავრდება და ისეთი პირი უჩანს, არც არასოდეს დასრულდება. სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი გზით დღევანდელ საქართველოში, პრაქტიკულად, მიუღწეველია (არასამართლებრივი გზისგან კი ქართველი ხალხი, მიუხედავად “ნაციონალური” რეჟიმის მხრიდან მრავალწლიანი გაწამებისა, საბედნიეროდ, მაინც თავს იკავებს).
რა უშლის ხელს, რატომ იგვიანებს დიდის ამბით დაპირებული სამართლიანობა?! განა თვითონ ივანიშვილი არ შეგვპირდა საჯაროდ, _ მართალია, ეკონომიკურად უცებ ვერ აგაყვავებთ, მხოლოდ მესამე წლიდან შეიგრძნობთ უკეთესობას, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას ბევრი დრო არ სჭირდება, ამისთვის კეთილი ნებაც საკმარისიაო. მესამე წელი, კარგა ხანია, დაიწყო, მაგრამ არც ეკონომიკურად უგრძვნია საქართველოს მოსახლეობას თავი უკეთ და არც სამართლებრივად. ერთი სიტყვით, 2012 წლის დაპირებებზე დამყარებული იმედები დაიმსხვრა! ჯერ საყდრისის აფეთქებით და ახლა კიდევ მოკლული შვილის საფლავზე მისული, სამართლის მაძიებელი მამის აფეთქებით (მსგავსი დანაშაული კრიმინალურ სამყაროს არ ახსოვს) საბოლოოდ დასამარდა ყოველგვარი ოცნება უკეთეს, სამართლიან მომავალზე. ეს ტრაგედია “ნაცრეჟიმის” გასამართლებაზე უარის თქმამ გამოიწვია (უარის თქმამ და არა _ უუნარობამ), ამიტომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ხელისუფლების სინდისზეცაა!
ყველაფრის მიზეზი თავშია, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია და პარლამენტ-მთავრობას მოიცავს (შემდეგ _ სასამართლოსაც) და მას უკვე ყველანი, მომხრეებიც კი, ისე ახასიათებენ, როგორც უუნაროსა და უნიათოს. უფრო დამამცირებელ ეპითეტებსაც არ იშურებენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ხელისუფლების “უნარ-ჩვევებზე” შევჩერდები. ვიდრე ხელისუფლების უუნარობაზე ვიტყოდე რამეს, თვითონ სამართლიანობაზე მოგახსენებთ.
რას ვგულისხმობდით სამართლიანობის აღდგენაში, ანუ რას ვითხოვდით ხელისუფლებისგან?
პირველ რიგში, იმ მკვლელების გასამართლებას, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012 წლებში) უმოწყალოდ, გაუგონარი სისასტიკით დახოცეს ასობით ადამიანი ქუჩაში, ციხეებში, პოლიციის შენობებში თუ საკუთარ ბინებში (ახალგაზრდებიდან დაწყებული, მომიტინგეებით, ბიზნესმენებით, სამხედრო პირებით, მეცნიერებით, დიპლომატებით გაგრძელებული და პრემიერმინისტრით დამთავრებული). ვითხოვდით არამხოლოდ შემსრულებლების, არამედ, უპირველესად, იმ თანამდებობის პირების დასჯას, რომელთა უშუალო ბრძანებითაც ეს მკვლელობები ხორციელდებოდა (ასეთი უკანონო ბრძანებების გამცემთა სიას, პირადი საჯარო აღიარების საფუძველზე, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უდგას სათავეში), და იმ რეჟიმის გასამართლებას, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ერქვა და რომელმაც სახელმწიფო ტერორი დაამკვიდრა, ციხეებში კი ყოვლად ამაზრზენი წამების მეთოდები დანერგა;
ვითხოვდით სახელმწიფოს მიერ დაყაჩაღებული 22 ათასი ქონებაწართმეულისთვის ქონების დაბრუნებას (ან შესაბამის კომპენსაციას წამრთმევი პირების ქონების კონფისკაციის ხარჯზე და არა _ სახელმწიფო ბიუჯეტიდან) და, ცხადია, უკანონობის ჩამდენი დამნაშავე პირების (სახელმწიფო მოხელეებისა და მოსამართლეების) დასჯას.
დასასრულ, ვითხოვდით უკანონო განაჩენებით ციხეებში ჩაყრილი (პოლიტიკური ნიშნით, ბიზნესის წართმევის თუ მოსახლეობის დაშინების მიზნით) ათასობით ადამიანის გამოშვებას (ნათელია, რომ ამ შემთხვევაშიც, უმკაცრესი პასუხი უნდა ეგოთ იმ გამომძიებელ-პროკურორებსა და მოსამართლეებსაც, რომელთა მიერ გაყალბებულ საქმეებსა და უსაფუძვლო განაჩენებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა) და ჯანმრთელობაშერყეული ამ უკანონო პატიმრების რეაბილიტაციას, მათზე სათანადო კომპენსაციის გაცემით (ეს შეიძლება მომხდარიყო ბიუჯეტიდანაც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი “ნაცების” მიერ მოქალაქეების მიტაცებული ქონება და ბიუჯეტიდან მითვისებული მილიონები საკმარისი არ აღმოჩნდებოდა). რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვაც იყო გამოსასწორებელი, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი უმთავრესი იყო.
როგორ უნდა განხორციელებულიყო ყველაფერი ეს სამართლებრივ ჩარჩოებში? ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოსამართლეთა მიერ ამ ცხრა წლის განმავლობაში გამოტანილი განაჩენების მართებულობა უნდა შეესწავლა სპეციალურ, პარლამენტს დაქვემდებარებულ (ან სულაც დამოუკიდებელ) კომისიას და არა იმავე, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩამდენ მოსამართლეებს. ასეც იყო დაგეგმილი 2012 წელს, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, მაგრამ იგი არ შეიქმნა. ერთადერთი, რაც გაკეთდა ოპერატიულად, ეს იყო ქალბატონი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შექმნილი საპარლამენტო კომისია, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეები შეისწავლა და 220 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, მათგან ციხეებში მყოფი 180 ადამიანი კი გაათავისუფლა; ამნისტიის საფუძველზე ციხეებიდან გამოშვებულ იქნა, აგრეთვე, 10 ათასზე მეტი პატიმარი; და კიდევ _ ივანიშვილის “ქართუ ბანკს” მყისიერად დაუბრუნდა უკანონოდ წართმეული 80 მილიონი. ეს იყო და ეს, რაც პირველ თვეებში გაკეთდა. შემდგომ ორ წელიწადში, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, შეიძლება ითქვას, არაფერი გაკეთებულა.
ახლა, ხელისუფლების უუნარობას რაც შეეხება: ვის უწოდებენ ხოლმე უუნაროს? უუნაროს მასზე იტყვიან, ვისაც მრავალი პრობლემიდან უბრალოს გადაჭრაც არ შეუძლია.
ალბათ, ბევრი შემომედავება _ სამართლებრივ ჩარჩოებში თუ გვინდა ცხოვრება, არ შეიძლება, ყველა სავარაუდო დამნაშავეს ციხეში ვუკრათ თავი, ყველაფერს ხომ სათანადო გამოძიება და შესწავლა სჭირდებაო. ცხადია, სჭირდება და, მაშასადამე, _ შესაბამისი დროც, მაგრამ ორ ათეულ ათასზე მეტი საქმიდან ორი წლის განმავლობაში ორი ასეულიც რომ არ იქნა მიყვანილი ბოლომდე, ამაზეა ლაპარაკი. ეს ერთი. მეორე _ დაჩქარებული წესით განაჩენის გამოტანა და ადამიანების ციხეებში გამწესება არ შეიძლება, თორემ, როდესაც ხელთა გვაქვს აშკარა სამხილები – პირადი აღიარებები, ფაქტობრივი მასალის ტომები, ათასობით საჩივარი და მოწმის ჩვენება, პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდებები და მოსამართლეების მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენები, მათი სამსახურეობრივი საქმიანობის შეჩერება მათივე საქმეების შესწავლამდე ვითომ კანონის დარღვევა იქნებოდა? რა თქმა უნდა, არა! კანონი და სამართლიანობა მაშინ დაირღვა, როცა ისევ იმ პროკურორებსა და მოსამართლეებს მიანდეს იმ საჩივრების განხილვა, როცა მათ ხელს ადებდნენ დაზარალებულები! გავიხსენოთ ყოფილი მთავარი პროკურორის _ არჩილ კბილაშვილის განცხადება: 333 პროკურორიდან მხოლოდ ერთ(!) პროკურორზე არ არის საჩივარი შემოსული, დანარჩენებზე კი არაერთიო; ახლახან ადვოკატმა, ქალბატონმა ირმა ჭკადუამაც ანალოგიური რამ განაცხადა მოსამართლეებზე, როცა პოლიტპატიმრებზე საუბრობდა: 200-ზე მეტი პოლიტპატიმრის განაჩენში დაახლოებით 100 მოსამართლის ხელი ურევიაო (რამდენი მოსამართლის ხელი იქნება გასვრილი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში “ნაცების” 9-წლიანი რეჟიმის პირობებში 300 ათასზე მეტი ადამიანი იქნა მსჯავრდებული?!).
ასეთი სამართალდამცველი პროკურორ–მოსამართლეების წინააღმდეგ არათუ საქმეები აღძრა “ოცნების” ხელისუფლებამ, არათუ უფლებამოსილება შეუჩერა მათ, არამედ სამუშაო ადგილებზე დატოვა და ზოგიერთი დააწინაურა კიდეც. როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს, რომლებზეც (თითოეულზე!) ათეულობით საჩივარია შესული, ისევ პროკურორებად და მოსამართლეებად ტოვებ და თანაც რიხიანად აცხადებ, სასამართლო თავისუფალია და დამოუკიდებელი, ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ერევაო, ალბათ, გვარიანად მწყრალად უნდა იყო საღ აზროვნებასთან! ამას უკვე არც უნიათობა ჰქვია და არც უუნარობა, ეს მიზანმიმართული დანაშაულია! ამიტომ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე იწყებს სამართლიანობის აღდგენას, რაც უნდა ახალი, დამაიმედებელი დაპირებები მოვისმინოთ ამ კუთხით, რაიმეს დაჯერება ძალიან გაჭირდება.
როგორც ზემოთ ვთქვი, სამართლიანობა სასამართლოს გზით უნდა დამყარდეს, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელ სინამდვილეში ეს გამორიცხულია! როცა მრავალცოდვაჩადენილი, ნამუსგარეცხილი მოსამართლეები (პროკურორები, გამომძიებლები) ისევ ადგილებზე არიან და თანაც თავის ჭკუაზე, უფრო სწორად, კუბლაშვილ-”ნაცების” ჭკუაზე მიშვებულნი, სამართალს ვერაფრით მიაღწევ. ისინი ძველ საქმეებს ობიექტურად რომ არ გამოიძიებენ, ცხადზე უცხადესია, ამიტომ პატიოსანი კაცისთვის გაუგებარია, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ეშმაკთან ასჯერ შეკრული მოსამართლე, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტიაც უბოძეს, უცებ უმწიკვლო ადამიანად, ფრთიან ანგელოზად გარდაიქმნება?! ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ასეთი ტრანსფორმაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს კარგად გამოჩნდა, როცა კოდორის ხეობის გმირულად დამცველ კვიციანს კოდორის ხეობის ჩამბარებელი “ნაცების” რეჟიმისდროინდელმა (და “ქოცების” მიერ ისევ თავის ადგილზე დატოვებულმა) მოსამართლემ 16 წელი შეუფარდა! ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, როგორი მოუმზადებელი დოკუმენტაცია გაგზავნა პროკურატურამ საფრანგეთსა და საბერძნეთში კეზერაშვილისა და ახალაიას ექსტრადიციის მოთხოვნით. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯების ახსნა უუნარობით უკვე ჩვენი მიუხვედრელობის, ჩვენი უგუნურების მაჩვენებელი იქნება და მეტი არაფერი.
ხელისუფლებისთვის უუნაროს წოდება მაშინ იქნებოდა სწორი, თუ იგი სამართლებრივ პრობლემებს შეეჭიდებოდა, ვერ მოერეოდა და ხელებს ჩამოუშვებდა. მაგრამ პრობლემებთან შეჭიდების მცდელობაც კი არ ჰქონია ხელისუფლებას, ხელები მან პირველივე დღეს ჩამოუშვა და ეს არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 2012 წლის ოქტომბრიდანვე გამოჩნდა. სამართლის აღდგენა და “ნაცრეჟიმის” გასამართლება “ქართულ ოცნებას”, მის მამოძრავებელ ბირთვს თავიდანვე არ ჰქონდა დაგეგმილი, თორემ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევდა. დღევანდელი გადასახედიდან, 28 თვის თავზე, “ქართული ოცნების” მიერ “ნაცების” მიმართ გატარებული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი გასაშიფრი და გასაანალიზებელი გახდა, რადგანაც, ფაქტობრივად, ყველაფერი გაცხადდა – “ოცნებამ” კი მალა, მაგრამ “ჭირმა თავი არ დამალა”!
ქრონოლოგიურად მივყვეთ მთავარ მოვლენებს:
*”ნაცებთან” შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების პირველ დღესვე – ბევრი გაყალბებული საარჩევნო უბნის გასაჩივრების გადაფიქრება (“ნაცების” სასარგებლოდ) და პარლამენტში დეპუტატთა ადგილების ერთმანეთში მოლაპარაკებით (!) განაწილება პროპორციით 60/40-ზე (სინამდვილეში არა 40%, არამედ 43.33 % “გაუპრავა” “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობას”, რითაც “ნაცებს”, დამატებით, კიდევ ხუთი დეპუტატის გაყვანის საშუალება მისცა);
*მიუხედავად ხელმოწერებით დამოწმებული მილიონზე მეტი ამომრჩევლის მოთხოვნისა, ხელისუფლებამ არც სააკაშვილის მიერ საკუთარი პრეზიდენტობის ვადის 10 თვით თვითნებურად გაგრძელება გააპროტესტა და არც მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენა;
*პარლამენტის პირველივე სხდომამაც დაადასტურა “ნაც–ქოცებს” შორის დაწყებული კოჰაბიტაცია, როცა “ქართული ოცნება” აფრასიძეების ოჯახის ამომწყვეტი (სააკაშვილის ბრძანებით) გია ბარამიძის ვიცესპიკერად არჩევას დათანხმდა და უფრო მეტი ხმითაც კი გაიყვანა იგი, ვიდრე საკუთარი კოალიციის წევრი უსუფაშვილი – სპიკერად;
*გახმაურებულ საქმეთა შემსწავლელი, ანუ “ნაცების” მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა გამომმზეურებელი კომისია (თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით) თითიდან გამოწოვილი მიზეზებით აღარ შეიქმნა. ანდა როგორ უნდა შექმნილიყო მსგავსი კომისია, როცა ამ ქალბატონის მეუღლემ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, პარალელურ რეჟიმში, სრულიად საპირისპირო(!) შინაარსის პროექტის განხორციელება _ “ნაცების” ამნისტირება(!) განიზრახა. თითქოს “ნაცმოძრაობის” გადარჩენა, მისთვის მაშველი რგოლის გადაგდება და “ნაცებთან” ჩახუტება-კოჰაბიტაციაც ამომრჩევლის მოთხოვნა იყო! ამაზე დიდი ცინიზმი და ხალხის მასხრად აგდება წარმოუდგენელია;
*სხვადასხვა კომისიას უნდა შეესწავლა “ნაცების” მიერ დადგმული განმუხურის ინციდენტი, გახმაურებული მუხროვანის “ამბოხი”, ლაფანყურის ოპერაცია, 7 ნოემბრის, 26 მაისის, 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიები, კოდორის ხეობის უბრძოლველად მიტოვება და კიდევ ბევრი სხვა გახმაურებული დანაშაული, მაგრამ არც ერთი იქნა ბოლომდე მიყვანილი და არც იქნება, რადგან ხელისუფლება არც ცდილობს. რომ ცდილობდეს და ვერ ახერხებდეს, ვიტყოდით, რომ უუნაროა, მაგრამ, როცა შეგნებულად აფერხებს, უუნარობა არაფერ შუაშია;
*დამნაშავე “ნაცების” ქონების კონფისკაციის გზით დაზარალებული ხალხისთვის ზარალის ანაზღაურებას “ქოცების” ნაწილმა ამჯობინა “ნაცების” მიერ მიტაცებული (ან ამ გზით ნაშოვნი ფულით წამოწყებული) ბიზნესების წილში ჩაჯდომა (აბა, სხვანაირად, პარლამენტარის ხელფასით მილიონებს როგორ იშოვიდნენ _ ზოგიერთმა დეპუტატმა მთავარ მიზნად ხომ მილიონის შოვნა დაისახა და არა სამართლიანობის დამყარება), ქონებაწართმეულებს, 22 ათას კაცს კი, გამოუცხადეს (ზარალის დაუთვლელად): თქვენს კომპენსაციას შვიდი მილიარდი სჭირდება და ამის გასტუმრების თავი სახელმწიფოს არ აქვსო. ახლახან კი ისევ დააიმედეს: ბიუჯეტიდან (ანუ ხალხის ჯიბიდან) გადაგიხდით ცოტასო! უუნარო ჰქვია ასეთ ხელისუფლებას?! თუ სხვა, უფრო ტევადი სახელი მოუხდება?!
კიდევ უამრავი მსგავსი “უუნარობის” ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რაოდენობრივი ზრდა ხელისუფლების იმიჯს უკვე თვისობრივად აღარ შეცვლის და მათ, რა თქმა უნდა, ვერც საგაზეთო წერილი დაიტევს.
სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების სპექტრში ძირეული ცვლილებების შეტანა ძნელი წარმოსადგენია. თუ გავითვალისწინებთ უვარგის მოქმედ საარჩევნო კოდექსს (რომელიც, როგორც გამოჩნდა, “ქართულ ოცნებასაც” აძლევს ხელს), დაპყრობილ ტელესივრცესა და ადმინისტრაციულ რესურსებს (ფინანსებთან ერთად), რომლებიც საკმარისზე მეტი აქვთ “ნაცებს”, რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებიც ერთ იდეოლოგიას დამორჩილებულ პოლიტიკურ ძალად შეიძლება განვიხილოთ, პატრიოტულ და ეროვნულ ძალებს გაუჭირდებათ მათთან გამკლავება. საქმეს არ უშველის არც ივანიშვილის დაბრუნება (რისი იმედიც ბევრს აქვს), რადგანაც იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი ამას სახელმწიფო დეპარტამენტი “სთხოვს” ელჩის პირით. და, თუ ივანიშვილი დაბრუნდა, შედეგი, დიდი ალბათობით, ისეთივე იქნება, როგორიც 2012-ში, ანუ მას კვლავ რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” მსგავსი ხალხის “გაქაჩვა” მოუწევს _ ამერიკის მიერ შემოთავაზებული პარლამენტარ–მინისტრების კანდიდატურების წინააღმდეგ ივანიშვილი (და, დიდი ალბათობით, არც სხვა) წამსვლელი არ არის. იმ ზღაპრებს, რომ ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე (პოლიტიკაში ჩართვის დროიდან არჩევნებში გამარჯვებამდე) თითქოს საფრთხეში ჩააგდო საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, უკვე ცოტა ვინმე თუ იჯერებს. არ იჯერებს იმიტომ, რომ, პოლიტიკაში ჩართვა მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, იგი თავისი ნებით უსუფაშვილსა და ალასანიას არ დაიყენებდა გვერდით, არც სახელმწიფოს მართვის სადავეებს გაუშვებდა ხელიდან, ვიდრე ფეხზე არ წამოაყენებდა ქვეყანას, და არც “ნაციონალების”, რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” ტრიუმვირატის შექმნას შეუწყობდა ხელს! მას საფრთხე იმიტომ არ ემუქრებოდა, რომ ყველაფერი ოკეანის გაღმა იყო შეთანხმებული და სააკაშვილი ბუზის აფრენასაც ვერ გაუბედავდა პირადად მას და მის ოჯახს. ეს რომ არა, ივანიშვილის დაცვა შეაჩერებდა ყველაფრის მკადრებელი “ნაცების” ლიდერს?! საფრთხეში ახლა ჩაიგდებს ივანიშვილი თავს, თუკი მას “მეგობრულად” ურჩევენ დაბრუნებას და იგი გაჯიუტდება ან მიღებულ დავალებას არ შეასრულებს პირნათლად! ჯერჯერობით კი ამერიკა მოვლენების განვითარებას ელოდება _ ჩვენთანაც და უკრაინაშიც!
მიუხედავად ჩვენი გაურკვეველი მომავლისა, ერთი რამის თქმა შეუცდომლად შეიძლება: იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” იძულებული შეიქნა, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები (რისი ალბათობაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია), ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუკი მან პირველი დღეებიდანვე არ დაიწყო საკადრო წმენდა სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, საერთოდ, ძალოვან სტრუქტურებში და, ამის ნაცვლად, კოსმეტიკური გადაადგილებებით, გათავისუფლებებით, თუნდაც ერთეული დაჭერებით მოინდომა ხალხის გულისწყრომის ჩაცხრობა და ისევ გავიგონეთ: “ვაცალოთ”, “100 დღე ვაცალოთ”, “ერთი წელი ვაცალოთ”, უკვე დღის წესრიგში დადგება არა ახალი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, არამედ – საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობა, რომლის უფლებაც მოტყუებულ ხალხს კონსტიტუციით აქვს!
იაკობ ლეჟავა