Home რუბრიკები საზოგადოება ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

ინფორმაციული ომის ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც მთელი ძალით ამჯერად რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რეიტინგის სააგენტოების “დიდი სამეულის”, უფრო ზუსტად, “ფულის პატრონების” “საიდუმლო იარაღია”, რომელიც არა მარტო არასასურველი ქვეყნების ეკონომიკის დარღვევას ისახავს მიზნად, არამედ _ საერთოდ მსოფლიოსი და, მათ შორის, თვით ამერიკის ეკონომიკის განადგურებასაც კი.

შევეცადოთ, თანმიმდევრობით გავარკვიოთ ეს, ერთი შეხედვით, ძნელად გასაშიფრი დებულება, რომელიც უფრო ბრალდებად არის წარმოდგენილი, ვიდრე ანალიტიკოსების დინჯი ფორმულირების სახით.

დავიწყოთ იმით, რაც 2015 წლის იანვრამდე თვალშისაცემი გახდა: დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების პარალელურად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (21-23 იანვარი) ისეთი შეფასებები წარუდგინა, რომლებიც პოლიტიკური განაჩენი უფროა, ვიდრე პროგნოზი _ უიმედო ავადმყოფის დიაგნოზი: ორი-სამი წლის განმავლობაში რუსეთს ურთულეს ეკონომიკურ კრიზისში მოუწევს არსებობა.

რატომ და რის საფუძველზე?

რეიტინგულმა სააგენტოებმა, კერძოდ, Fitchმა, 9 იანვარს რუსეთის ხანგრძლივვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა. ამის მიზეზად დასახელებული იყო რუსული რუბლისა და ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა. აღინიშნა ისიც, რომ რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მათ შორის, უცხოეთის საკრედიტო ორგანიზაციებში რუსეთის კომპანიების ვალების რეფინანსირებაზეც. Fitchის მიერ რეიტინგჩამოქვეითებულ 13 რუსულ კომპანიას შორის ისეთი გიგანტებიც აღმოჩნდა, როგორიცგაზპრომი”, “ლუკოილი”  და რუსეთის რკინიგზაა.

ეს ინფორმაცია იმავე Fitch-მა 13 იანვარს გაავრცელა.

რეიტინგის დაწევა სახელის გატეხვას ნიშნავს, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება პრობლემები და “შავი ზოლი” კრიზისის.

პარალელურად, მეორე სააგენტო Standard and Poors რუსეთის რეიტინგს “ნაგვის”  დონემდე დაწეულად აცხადებს. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ მის კვალზე “დიდი რეიტინგული სამეულის” წევრი Moodys-ი იმავეს გააკეთებს.

გასამდება!

ეს “სიახლენი” იანვრის თვეს ტოპინფორმაციად გაჰყვა და მსჯელობის საგნად იქცა. აქცენტი იმდენად ძლიერი იყო, რომ თითქმის მთლიანად მიჩქმალა ერთი ამბავი, რომელიც თავისი არსით ახალი და მოულოდნელიც იყო ამერიკის სინამდვილეში: რეიტინგის სააგენტო Standard & Poors დათანხმდა, გადაუხადოს ამერიკის ხელისუფლებასგასაცემელი”  80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რათა შეწყდეს მის (სააგენტოს) წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინათ დაწყებული გამოძიება.

ეს ისტორია ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში იღებს სათავეს, ანუ მაშინ, როცა აშშში მომავალი კრიზისის პირველმა ნიშნებმა იჩინა თავი. გაირკვა, რომ აღნიშნულმა სააგენტომ სერიოზული წვლილი შეიტანა ამ კრიზისის მომზადებაში. კერძოდ, უმაღლეს რეიტინგებს ანიჭებდა იპოთეკურ ობლიგაციებს, წინასწარგანზრახვით ბერავდა იპოთეკური ბაზრის დაკრედიტების “საპნის ბუშტს”. ამ “ბუშტის” გასკდომამ ბიძგი მისცა უძლიერეს ფინანსურ კრიზისს, რომელმაც ამერიკის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი მოიცვა, შემდეგ კი გლობალური მასშტაბის გახდა. დღეს ირკვევა, რომ იპოთეკური ქაღალდები 2007-2008 წლებშივე “ნაგავი” იყო, მაგრამ S&P ამას ვერ ამჩნევდა.

თუ არ ამჩნევდა?

თუმცა ისიც სათქმელია, რომ აშშ-ის ხელისუფლება დიდხანს თვალს არიდებდა სააგენტოს განსაკუთრებულ როლს კრიზისის პირობების მომზადებაში.

ექსპერტებს ბუნებრივად ებადებათ შეკითხვა: რატომ “გაეღვიძა” ასე გვიან აშშ-ის ხელისუფლების ეკონომიკურ სექტორს?

გვიან კი არა, ამტკიცებენ საქმეში გარკვეული პროფესიონალები, შეიძლებოდა, საერთოდ არ “გაღვიძებოდა”, რომ არა ერთი შემთხვევა.

2011 წელს ამერიკის ეკონომიკის ცაზე კვლავ შავი ღრუბლები დაიგრაგნა. ქვეყანას 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისიდან გამოყოლილი ელდა ჯერ არ განელებოდა, მორიგი ეკონომიკური კრიზისის ტალღის ნიშნები კი უკვე აშკარად გამოჩნდა.

რეიტინგის სააგენტოები ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან ჩვეულებისამებრ მიენიჭებინათ ამერიკის ეკონომიკისთვის მაქსიმალური რეიტინგები, ან ნამუსზე ხელი არ აეღოთ და ეთქვათ, რომ კრიზისი ახლოვდებოდა.

სააგენტო S&P-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამერიკის უმაღლესი რეიტინგი ერთი საფეხურით დაბლა დასწია. ფინანსური სამყაროს პროფესიონალებმა ეს  სენსაციად აღიქვეს, რადგან მსგავსი რამ ამერიკის ისტორიას არ ახსოვდა. აშშ მედიას კი ამ ფაქტის გაშუქებით თავი არ მოუკლავს. არც ობივატელი გადარეულა. აი, “ფულის პატრონებისთვის” (ანუ ამერიკის პატრონებისთვის) კი ცხადი გახდა, რომ ასეთი თავხედობისთვის სააგენტო საჯაროდ უნდა “გაეროზგათ”.

გაიცა განკარგულება და ფეხზე დადგა ქვეყნის ფინანსური მაკონტროლებელი ორგანიზაციები, ყველა ალაპარაკდა იმის თაობაზე, რომ Standard & Poors უპასუხისმგებლოდ ამაღლებდა იპოთეკური ქაღალდების რეიტინგებს. ამის გამო თავდაპირველად სააგენტოს დახურვასაც კი აპირებდნენ. ამერიკელი კონგრესმენების წინადადება სწორედ ასეთი იყო. მეორე წინადადება კი ექვსმილიარდიანი ჯარიმის გადახდევინებას ითვალისწინებდა, რაც, ფინანსისტების დასკვნით, კომპანიის გაკოტრების მიზეზი გახდებოდა.

S&P-მ თავზე ფერფლი დაიყარა და განაცხადა, რომ გამოსწორდებოდა.

ცოტა ხანს ასეც იქცეოდა: აშშ-ს კვლავ უმაღლეს რეიტინგებს ანიჭებდა, მაშინაც კი, როცა 2013 წლის შემოდგომაზე ამერიკაში საბიუჯეტო კრიზისმა იჩინა თავი და ქვეყანა ორ კვირაზე მეტხანს ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე ცხოვრობდა. ადვილი წარმოსადგენია, წერენ ფინანსისტები, ასეთი რამ რუსეთში რომ მომხდარიყო, მთელ მის ეკონომიკას თავისი მაღაროებით, რკინიგზით, ფაბრიკებით, ქარხნებითა და ნავთობსადენებით _ ყველაფერს “ნაგვის” დონემდე დაცემულად გამოაცხადებდნენ.

მაგრამ ამ წინაპირობის გარეშეც არ შეურცხვენია თავი თითით საჩვენებელ მოწაფეს: კვლავ და კვლავ განაგრძობდა “ნაგვის”  რეიტინგების მინიჭებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც, ვაშინგტონის შეფასებით, დემოკრატიას ცუდი დღე ადგა. ეს რეიტინგები ეკონომიკურ პრობლემებს სცილდებოდა და აშშ-ის ადმინისტრაციისადმი პოლიტიკურ ლოიალობაზე ვრცელდებოდა.

გასაცემი” 80 მილიონი დოლარიდან (რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვთქვით), როგორც ამ დღეებში ამერიკის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, სააგენტო S&P- 58 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ფასიანი ქაღალდების კომისიას და აშშის ბირჟებს. 12 მილიონი დოლარი უნდა გაიღოს ნიუ იორკის შტატის გენერალური პროკურატურის მიერ წამოყენებული ბრალდებების დასარეგულირებლად და კიდევმილიონი _ მასაჩუსეტსის შტატის გენერალური პროკურატურის მიერ წამოყენებული ბრალდებების მოსაწესრიგებლად.

ცოტააო, ვერ იტყვი, მაგრამ სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ ეს მილიონობით დოლარი ზღვაში წვეთია იმ ჯარიმისა და “გასაცემლის” ფონზე, რომელიც 2007-2009 წლების საფინანსო კრიზისის კვირაძალს გადაიხადეს უოლ-სტრიტის, აგრეთვე, ევროპის ზოგიერთმა ბანკმა, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ. ექსპერტებმა დაითვალეს, რომ ამ თანხამ უკვე გადალახა 100-მილიარდიანი ზღვარი, რაც არცთუ ცუდი ბიზნესია ფინანსური ზედამხედველობისა და რეგულირების ამერიკული ორგანოებისთვის.

ამერიკის მედიაში ქვეყნდება არც თუ ფარული მინიშნება, რომ ამ ორგანოებმა  უნდა იარონ ზუსტად იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კალაპოტით, რომლებსაც იღებენ “ფულის პატრონები” და ვრცელდება თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის არხებით.

რეიტინგის მსოფლიო სააგენტოები დღეს და გუშინ არ გამოსულან ასპარეზზე, მათი როლი მსოფლიო კრიზისის მომზადებაზე, დიდი ხანია, საიდუმლო არ არის. ამას ადასტურებს G7-სა და G20-ის სამიტების 2000-იანი წლების მასალები, რომლებშიც გაანალიზებულია ფინანსური კრიზისის მიზეზები და მისი დაძლევის გზები და საშუალებები. ამ დოკუმენტებში ხშირად ფიგურირებს ბრალდება რეიტინგის სააგენტოებისდიდი სამეულისწინააღმდეგ.

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს ის თავისებურებანი, რომლებიც აღნიშნულ მასალებშია თავმოყრილი:

1. სააგენტოები კერძო ორგანიზაციებია და ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მათ მფლობელებს შეუძლიათ, მოგება მიიღონ თავიანთი რეიტინგული შეფასებებიდან;

2. რეიტინგის შეფასების გაანგარიშების მეთოდიკას სააგენტოები არ ასაჯაროებენ; რეიტინგების მომზადების სამზარეულო გამჭვირვალე არ არის;

3. სააგენტოების საქმიანობას არც ერთი სახელმწიფო ორგანო, ფაქტობრივად, არ ამოწმებს და არ აკონტროლებს;

4. სააგენტოები დიდად არიან დამოკიდებულნი იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც რეიტინგულად აფასებენ, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციები აფინანსებენ მათ მომსახურებას;

5. სამივე მსოფლიო სააგენტო აშშ იურიდისქციას ექვემდებარება, რაც უეჭველად იწვევს ამერიკის ეკონომიკისა და ამერიკის საფინანსო ბაზრის რეიტინგული შეფასებების დამახინჯებას;

6. რეიტინგის სააგენტოების შეფასება უამრავ შემთხვევაში მცდარია, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათი შეფასებების გამოყენების მიზანშეწონილობას საინვესტიციო და სხვა საფინანსო გადაწყვეტილებების მიღების დროს;

7. თვით სააგენტოებისა და ქვეყნებისა და კომპანიების მათეული რეიტინგების შეფასების სტატუსი ისეთია, რომ სააგენტოები ამ შეფასებების გამო პასუხს არ აგებენ; პასუხისგებაში მიცემა თითქმის შეუძლებელია;

8. გაუმჭვირვალეა არა მხოლოდ შეფასებების სამზარეულო, არამედ სააგენტოების ქონების სტრუქტურაც; რთულია იმის გაგება, თუ ვინ არის პატრონი ან ბენეფიციარი სააგენტოსი, როგორც კერძო კორპორაციის;

9. სააგენტოებს, რომლებიც “დიდ სამეულშია” გაერთიანებული, მონოპოლიზებული აქვთ რეიტინგული შეფასებების ბაზარი (მათ ხელშია მსოფლიო რეიტინგების ბაზრის 90-დან 99 პროცენტი); “დიდი სამეული” მოქმედებს, როგორც გლობალური კარტელი, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის ანტიმონოპოლიური დაწესებულებები ამას რატომღაც ვერ ამჩნევენ;

10. იმ ქვეყნების ეკონომიკები და კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენდიდი სამეულის”  მომსახურებაზე, როგორც წესი, ამ კომპანიებისგანნაგვის რეიტინგით”  “ჯილდოვდებიან”; ეს არის აღნიშნულ ქვეყნებზე შანტაჟისა და ზემოქმედების აშკარა გამოვლენა, გაჩნდა კიდეც ტერმინირეიტინგული რეკეტი”.

ხუთი-ექვსი წლის წინათ G7-სა და G20-ის სამიტებზე არაერთი წინადადება იყო წამოყენებული რეიტინგის სფეროში წესრიგის დასამყარებლად. ამ წინადადებების დიაპაზონი ფართო იყო, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ ქვემოთ მიცემულ ჩამონათვალს გაეცნობით.

სამიტებზე გამოთქმული წინადადებები ასეთი იყო:

*გაუქმდეს “დიდი სამეულის” სააგენტოები, რომელთა სრული დისკრედიტაცია მოხდა კრიზისის დროს; საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს სააგენტოების როლის გამოძიება საფინანსო კრიზისის მომზადების საქმეში;

* დაექვემდებაროს ისინი ცალკეული სახელმწიფოების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლს;

*განხორციელდეს “სარეიტინგო მომსახურების” დარგის დემონოპოლიზაცია დამატებითი მსოფლიო მასშტაბის სააგენტოების შექმნის ხარჯზე;

*განხორციელდეს გადასვლა “ორმაგი რეიტინგების” სისტემაზე (ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტი შეფასებას მიიღებს ორი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სააგენტოს მიერ);

* ყველა ქვეყანაში უნდა შეიქმნას საკუთარი ეროვნული სააგენტო, რომელთა რეიტინგები ძირითადად იქნება ჩათვლილი (უცხოეთის სააგენტოების რეიტინგები კი _ დამხმარე რეიტინგებად);

* რეიტინგების შეფასების გაანგარიშების მეთოდიკები უნდა გახდეს გამჭვირვალე და გასაგები;

* კერძო რეიტინგულ ორგანიზაციებს დაევალოს, გაასაჯაროონ საკუთარებისა და “საბოლოო ბენეფიციარების” სტრუქტურა.

წინადადებები იყო სერიოზული და საქმიანი, რომლებიც რეიტინგული შეფასებების ობიექტურობას უზრუნველყოფდა უთუოდ. მაგრამ, როგორც ყველაფერს, რასაც აშშ გავლენის ბერკეტების შესუსტება შეიძლება გამოეწვია, ამათაც განხორციელება არ ეწერა.

ხოლო “ნაგვის”  დონის მინიჭება დარჩა ისეთივე საფრთხობელად, რომლისთვისაც იმთავითვე იყო დაწესებული _ “სხვაგვარად მოაზროვნე” ქვეყნების ეკონომიკის განადგურების საშუალებად.

ეს ბერკეტი დაინტერესებულმა ძალამ 2015 წლის იანვარშიც აამოქმედა, ამჯერად რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ექსპერტების დაჟინებული მტკიცებით, “დიდი სამეულის”  რეიტინგი _ ეკონომიკური ომის ეს იარაღი, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ, რადგან არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის ეკონომიკასთან.

ეს არის,_ გვეუბნებიან ანალიტიკოსები,_ 2014 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ეკონომიკური ომის იარაღი, ფსიქოლოგიური მართვისა და ზემოქმედების საშუალება. ამ იარაღის ეფექტიანობის ნეიტრალიზების უპირველესი საშუალება მისი სრული უგულებელყოფაა, რადგან ეფუძნება უსინდისო მანიპულაციას, თაღლითობას, ფალსიფიკაციას, რეკეტს, ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც ამჯერად გამოყენებულია სანქციების გამაძლიერებელ იარაღად.

რუსეთისთვის იანვარში მინიჭებული რეიტინგის თაობაზე თავისი აზრი გამოთქვა ნიუიორკელმა ეკონომისტმა მაქს ფრად ვოლფმა: “ამერიკული სარეიტინგო სააგენტოები _ აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელები არიან სესხის ამღებთა კრედიტუნარიანობის დადგენაში. და რადგან ეს სააგენტოები ამერიკულებია, მათ ხშირად აბრალებენ, რომ იზიარებენ აშშ მთავრობის ზოგიერთ წინასწარშექმნილ ცუდ აზრს. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, გველოდება აზრთა დიდი მრავალფეროვნება ამ სფეროში. ეს აუცილებელია. ამის უთუოდ მიღწევას შეძლებს მხოლოდ საერთაშორისო კონსორციუმი, რომელშიც რუსეთი და ჩინეთიც იქნებიან გაერთიანებულნი”.

.. თანამშრომლობა და არა დაპირისპირება სანქციების ორლესულით.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here