Home რუბრიკები საზოგადოება იური მეჩითოვი: არც “ნაცმოძრაობაა” პროქართული ძალა და არც “ქართული ოცნება”, ისინი...

იური მეჩითოვი: არც “ნაცმოძრაობაა” პროქართული ძალა და არც “ქართული ოცნება”, ისინი უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან!

“რა უნდათ ქართველ მეომრებს უკრაინის სამოქალაქო ომში?! უკრაინაში ხომ სამოქალაქო ომია და ჩვენი მეომრები ვის ეხმარებიან ამ სამოქალაქო ომში?!” _ განაცხადა ერთ-ერთი ტელევიზიის სტუდიაში ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა, რომელსაც მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: 

სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა იური მეჩითოვზე (ვიღაცისთვის იგი თბილისის კოლორიტია), თუ არა ის, რომ იურის ეფესბე დირექტივა აქვს შესასრულებელი და ამ იწილობიწილოს განგებ უწევს ტირაჟირებას! იური, უკრაინაში სამოქალაქო ომია?! _ გრცხვენოდეთ მაინც, იური!”.  სწორედ ამ თემაზე დავიწყეთ ბატონ იური მეჩითოვთან საუბარი.

_ უკრაინაში ნამდვილად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი _ ამას ადასტურებს უცხოური საინფორმაციო საშუალებები. თუ ნიკა მელია მხოლოდ ჩვენი და უკრაინის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით იკვებება, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ უკრაინელები რუსეთს ებრძვიან, თუმცა, თუ ეს ყველაფერი ასე პრიმიტიული ჰგონია, ეს მისი პრობლემაა. უცხო ქვეყნის დირექტივებს კი “ნაციონალური მოძრაობა” ასრულებს და არა _ მე. ისე, თავის მართლებას არც ვაპირებ, მელიას სინდისზე იყოს ის სისულელე, რომელსაც ლაპარაკობს. კიდევ კარგი, მერად რომ არ ავირჩიეთ…

_ ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგებით უკრაინაში ქართველების საომრად წასვლას

 _ დიახ, ასეა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინაში არის სამოქალაქო ომი, რომელიც გაღვივებულია, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. უკრაინის სამოქალაქო ომში ქართველები არ უნდა წავიდნენ, რადგან საქართველოს ბედი საქართველოში წყდება და არა უკრაინაში. არ შეიძლება, ჩვენმა სამხედროებმა აქ პოსტები მიატოვონ და უკრაინაში გაემგზავრონ _ ეს ჩვენი ქვეყნის ღალატია! როცა ამას ვამბობ, სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივარ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, როგორც ზოგიერთი მელიამ ეფ-ეს ბეს აგენტობა დამწამა, ამასაც მოვესწარი, ამიტომ მასთან პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ, თანაც “ფეისბუქი” ჭირივით მძულს. სამწუხაროდ, ხალხს საქმე არ აქვს და ასეთი რაღაცებით ერთობა. ან რა უბედურებაა ეს ვირტუალური კონტაქტი, წადი რა, სახინკლეში მეგობართან ერთად, ლუდი დალიე, თვალებში ჩახედე და ასე გქონდეს ურთიერთობა მეგობართან და არა ვირტუალურ “ფრენდებთან”. ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ სისულელეს დაწერენ და სტატუსს არქმევენ _ დასმენას, ლანძღვა-გინებას სტატუსს უწოდებენ. ისედაც გამრუდებულია ცხოვრება და ადამიანებს ტვინიც გაუმრუდდათ.

_ მაინც რას გერჩით ნიკა მელია?

_ არაფერს. ნიკა მელია ოკეანისგაღმელი უფროსების დავალებას ასრულებს. “ნაციონალური მოძრაობასაქართველოში მე-5 კოლონაა და მის წარმომადგენლებს სურთ, ისეთივე უბედურება წამოიწყონ, როგორიც უკრაინაში ხდება _ სამოქალაქო ომი. უკრაინის უბედურებაში საქართველოსაც მეტნაკლებად მიუძღვის წვლილი

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ჩვენმა პარლამენტარებმა, თუთიყუშებივით უკრაინის დროშებშემოხვეულები რომ ისხდნენ, სულელური რეზოლუციებით უკრაინაში დანთებულ ხანძარს საქართველოს მხრიდან 3-4 ნაჭერი შეშა შეუკეთეს. ეს ყველაფერი კი ხელსნაციონალურ მოძრაობასაძლევს. მათ არ აინტერესებთ, რამდენი ქართველი დაიღუპება უკრაინის სამოქალაქო ომში. ისიც კარგად ვიცით, რომ გიჟ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება სურს. დღევანდელმა ხელისუფლებამაც იცის, რომ, თუ ხელს არ გაანძრევს, მისი დღეები დათვლილია _ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი “ოცნებას” ხმას აღარ მისცემს.

_ სტრასბურგში ქართველების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

_ ევროპარლამენტში თინა ხიდაშელის გამოსვლა და სიხარულის არდამალვა იმაზე, რომ რუსეთს აპრილამდე ჩამოერთვა გარკვეული უფლებები, სამარცხვინო იყო. მართალია, რუსეთმა პროტესტის ნიშნად წლის ბოლომდე დატოვა ეს ასამბლეა, მაგრამ მანამდე უნდა მოქცეულიყო ასე, რადგან ეს არის ორგანიზაცია, სადაც თინა ხიდაშელებსა და მის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ, ასეთი სისულელეები ილაპარაკონ. რუსეთს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ნიშანსვეტია და არა _ საფრთხე, თიშავენ უკრაინის პროცესებიდან. მაშ, როგორ სურთ ამ პროცესების დარეგულირება, თუ მთავარ მოთამაშეს უპირისპირდებიან  და სრულფასოვანი წევრობის სტატუსს ართმევენ? სამწუხაროდ, ისევე, როგორც “ნაციონალები”, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ არიან თავისუფალი, ისინი დაქირავებულნი არიან ერთი დიდი ქვეყნის მიერ, რომლის “გვარსა და სახელს”, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, არ დავასახელებ. ე. წ. ძველი ხელისუფლება რეალურად არსად წასულა და საკანონმდებლო ხელისუფლებაში 40 პროცენტით არის წარმოდგენილი. 2012 წელს მოხდა გეგმაზომიერი ჩანაცვლება პროამერიკული ძალისა ასევე პროამერიკული ძალით, ანუ არც “ნაცმოძრაობაა” პროქართული ძალა და არც “ქართული ოცნება”. ისინი უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სწორედ ამის გამო უფსკრულისკენ მივექანებით! საქართველო სახელმწიფოა? _ ქვეყანა, რომლის მოსახლეობის მესამედი გაქცეულია და კიდევ ერთი მესამედი გაქცევას აპირებს, სახელმწიფო არ არის. სიმართლის თქმაა აუცილებელი. რუსეთი, ენის ტლიკინის გამო არა, მაგრამ ჩვენი მხრიდან რეალური საფრთხე რომ დაინახოს, აუცილებლად მოგვიქნევს მუშტს…

_ რას გულისხმობთ?

_ საფრთხეში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში აპირებენ ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას.

_ ამ ყველაფერზე თქვენი თვალსაზრისიქართული ოცნებისწარმომადგენლებმა არ იცოდნენ, მინისტრის მოადგილედ რომ დაგნიშნეს?

_ მე ვარ პროქართულად მოაზროვნე. ვიცი, რომ არც ამ ხელისუფლებას უყვარს ჩემნაირები… არც უკრაინასა და საქართველოს შორისაა მეგობრული ურთიერთობა. ერთი უკრაინული სიმღერა თუ მოგისმენიათ ან უკრაინული ფილმი თუ  გინახავთ საქართველოში? მაშინ ამიხსენით, რას ნიშნავს მეგობრობა. საქართველოსა და უკრაინას შორის არის პოლიტიკური გარიგება და ოკეანისგაღმელთა დავალებას ასრულებენ რუსეთის წინააღმდეგ. ორ ქვეყანას შორის გარიგება მესამე ქვეყნის სამტროდ მეგობრობა არ არის. ოკეანისგაღმელებს კი დოლარების საბეჭდი მანქანა უდგათ და ფული ყოველთვის ექნებათ ჩვენნაირი ქვეყნების მოსასყიდად. აი, ასეთი დოყლაპია ქვეყანაა საქართველო, სადაც დროშები ფრიალებს და თურმე ას ქვეყანაში გვქონია საელჩო. სასაცილოა ეს ყველაფერი. ან რა ტელევიზიები გვაქვს? მათ საინფორმაციო გამოშვებებს რომ ვუყურებ, ნათლად ჩანს, რომ უცხო ქვეყნისგან იმართებიან. საქართველოში არ არის ტელევიზია, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს.

_ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს როგორ შეაფასებთ?

_ ივანიშვილის ინტერვიუდან ყველაზე სასაცილოდ მომეჩვენა ის, რომ 200-სერიან ფილმს იღებენ “ნაციონალების” მმართველობაზე. ამას სჯობდა, 200 განაჩენი გამოეტანათ იმ “ნაციონალებისთვის”, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდნენ. აი, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი სერიალი, რომელსაც ოდესმე ვნახავდი. ისიც ცხადად გამოჩნდა, რომ კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

_ რაში გამოიხატა?

_ რამდენიც უნდა ილაპარაკოს ივანიშვილმა, არ ვერევი პრემიერის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის საქმეშიო, ამას თვითონვე აღიარებს, როდესაც ამბობს, ვურჩიე, ვუთხარი, მაგრამ არ გაითვალისწინაო. ისიც დავინახე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის თავის მოქმედებებში თავისუფალი.

_ რაზე შეატყვეთ, რომ თავისუფალი არ არის?

_ როდესაც იმეორებს ერთსა და იმავე ტექსტს ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე, რა თქმა, უნდა თავისუფალი არ არის. ასევეა ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც რეალურად სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ იძულებულია, სხვა თქვას. ან ამას რა დიდი დაკვირვება და ანალიტიკოსობა სჭირდება: საკმარისია, აპატურაი ჩამოვიდეს და ჩვენი ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მოსე გამოეცხადა. ქართველმა ხალხმა უკვე შეიგნო, რომ ის 150 უვიცი, რომლებიც პარლამენტში სხედან, ქვეყნისთვის სასიკეთოს არაფერს გააკეთებენ. აი, ეს არის ქართული რეალობა… საერთოდ, მსოფლიოს ტვინი აქვს არეული: იაპონიაშიც კი, სადაც 70 წლის წინათ ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს, ახალგაზრდებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, ბომბი რუსეთმა ჩამოგვიგდოო…

_ გამოსავალს ხედავთ?

_ საქართველოში, სადაც 200 პოლიტიკური პარტიაა, ვერ  ვხედავ ძალას, რომელიც ქვეყნის სასიკეთო საქმეს გააკეთებს. “ნაცები” და “ქოცები” ხომ, მით უმეტეს, არ გააკეთებენ. მათი ქმედება ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია და ამიტომ საჭიროა მესამე ძალის შექმნა, რომელიც იხსნის საქართველოს, მაგრამ სადაა ეს ძალა? თუ არადა, უნდა შევძლოთ და გავხდეთ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ან, როგორც შვეიცარია, ვიყოთ მომრიგებელი, მომწესრიგებელი ურთიერთობისა სხვა ქვეყნებს შორის _ აზდაკის როლი უნდა ვიკისროთ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here