Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: როგორც კი ნატოს საწვრთნელი ბაზები ამუშავდება, რუსეთი მაშინვე დაგვარტყამს, ამერიკა...

ელიზბარ ჯაველიძე: როგორც კი ნატოს საწვრთნელი ბაზები ამუშავდება, რუსეთი მაშინვე დაგვარტყამს, ამერიკა კი, ალბათ, პამპერსებს ჩამოგვიტანს, როგორც 2008 წელს

565

28 იანვარს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი საზოგადოება გააოცა. გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის, აღმასვლა იწყება, მთავრობაც კარგად მუშაობს და იკითხა _ რას უნდა აკეთებდეს მთავრობა და რას ვერ აკეთებსო?.. პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი კი სოციალურ კოშმარზე საუბრობს, ხალხი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა და თანაც _ ხელისუფლებისგან შეურაცხყოფილი.

რა მოხდება 2015 წლის ბოლომდე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსების შემთხვევაში და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? _ ამ საკითხზე და ქვეყანაში მიმდინარე სხვა საინტერესო პროცესებზე სასაუბროდ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ვეწვიეთ.

_ ბატონო ელიზბარ, ხალხი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლებს იწყებს, ხელისუფლებას გარკვეულ დროს აძლევენ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ. ასეთ ვითარებაში კი ყოფილი პრემიერი, აწ უკვე “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილი, გვეუბნება, ყველაფერი რიგზეა და გადასარევი მთავრობა გვყავსო…

_ ის, რაც ახალი წლის დადგომისთანავე საქართველოში მოხდა, ვგულისხმობ იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, ზეადამიანური ცინიზმია, ამის ახსნა არ შეიძლება, მსგავსი ფაქტი, ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და აქვს… ვისაც ცოტა გონება უჭრის, მიხვდება მკვლელის ზრახვას… არეულობაც და გამოსვლებიც სწორედ მათ აძლევთ ხელს…

ნამდვილ დამნაშავესთან ერთად ხელისუფლებაც დამნაშავეა, რადგან აქამდე არც ერთი გახმაურებული მკვლელობა არ თუ ვერ გაიხსნა.

130-მდე ყმაწვილია ქუჩაში მოკლული, უმოწყალოდ ჩაცხრილული, არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. ვერ გამოიძიეს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეც, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, ვინც მოკლა… გურამს სააკაშვილი ვერ იტანდა. ის ვერ იტანდა ვერც ერთ ადამიანს, რომელთათვისაც სამშობლო საკუთარ სიცოცხლეზე მეტია. კოპწია კაცი _ გურამ შარაძე, მოკლეს და ორი საათი ყველას დასანახად ქუჩაში ეგდო. რამდენი წელია, რუსუდან შარაძე  გაიძახის, რომ ის, ვინც მამამისის მკვლელობის გამო ციხეში ზის, დამნაშავე არ არის, მაგრამ არავინ დაინტერესდა, გაეგო, სინამდვილეში ვინ არის მკვლელი. თუ გახსოვთ, გურამს შვილიც მოუკლეს და არც ის საქმე არ გამოუძიებიათ. იური ვაზაგაშვილის ტრაგედია დასტურია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, განწირულია.

საზოგადოების ფართო მასებს აქვს უფლება, ხელისუფლებას პრეტენზიები წაუყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვისმენდეთ გიგა ბოკერიას შენიშვნებს, შენიშვნებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მკვლელობების სულისჩამდგმელები არიან.

ზუსტად ვიცი, რომ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, მკვლელობის საქმე გახსნილია, მაგრამ ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანს ხელს არ აძლევს ამ საქმის გასაჯაროება, რადგან ამას სააკაშვილის დაპატიმრება მოჰყვება.

_ თქვენ ხშირად ახსენებდით, და არცთუ სასიამოვნო კონტექსტში, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს. ახლა ამ ადამიანების გვარები ახსენა ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა და მათი წარსულით დაინტერესებაც გადაწყვიტა. მათ რიჩარდ ნორლანდი უკვე გამოესარჩლა…

_ რა თქმა უნდა, ნორლანდი ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს აუცილებლად გამოესარჩლებოდა. ისინი ხომ ამერიკის აგენტები არიან _ ადამიანები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ეწევიან?! ნორლანდმა თავის “მამიდას” მიხედოს, ჩვენ მისი დარიგება არ გვჭირდება, ის დემოკრატიას ვერ გვასწავლის, რადგან სწორედ ამერიკამ გამოაცხადა კალიგულაზე სასტიკი სააკაშვილი “დემოკრატიის შუქურად”. ქართველ ხალხზე უკეთ ვინ იცის, რომ სააკაშვილი, “დემოკრატიის შუქურის” გარდა, ყველაფერია.

_ აშშ-ის ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას თვითონ ხელისუფლება აძლევს, მას აზრს ეკითხებიან…

_ კი, ეკითხებიან. თუ ასე გაგრძელდა და ისევ იძახეს, რომ ამერიკა ჩვენი მხსნელია, შორს ვერ წავალთ…

დავუბრუნდები ლომჯარია-გიგაური-კოჟოროძეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გაუნათლებლობით, უცოდინარობით, ტუტუცური გამოხდომებით ყველას აღიზიანებენ. მხოლოდ ნორლანდი არ გაღიზიანებულა მათი გვარების ხსენებით, უსუფაშვილიც გაბრაზდა, რადგან ის ე. წ. ლიბერალური პოლიტიკის ნატეხია.  ქართველი რომ თავის სიმაღლეზე იდგეს, უსუფაშვილი და მისი მეუღლე ცოცხით უნდა განდევნო ამ ქვეყნიდან. ანალოგიურად უნდა მოექცე ძმებ ბერძენიშვილებს, რომლებიც ამბობენ, რომ “რეალის” მოთამაშეები არიან, “ოცნების” წევრები კი _ ქუთაისის “ტორპედოსი”. ჯერ ერთი, რა უფლებით ახსენებენ ქუთაისის “ტორპედოს” მოთამაშეებს; იქ, იცით, რა ბიჭები თამაშობდნენ? გარდა ამისა, ლევან ბერძენიშვილი “რეალის” მოთამაშე კი არა, კა-გე-ბეს მოთამაშეა, რაზეც არა ერთი წერილი მაქვს დაწერილი, მაგრამ არ მიპასუხა იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ.

მომხრე არ ვარ ქუჩაში გამოსვლის, რადგან არ მიყვარს ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა… გახსოვთ, თინა ხიდაშელი რომ გაჰკიოდა, გირგვლიანის საფლავს არ მოვცილდები, ვიდრე მის საქმეს არ გამოიძიებენო? ახლა, როდესაც პარლამენტის სავარძელში ჩაჯდა, კიდევ ახსოვს, ირინა ენუქიძე და მისი შვილი? სხვისი ოჯახის ტრაგედიაზე ხელის მოთბობა არ შეიძლება.

_ ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, პრემიერ ღარიბაშვილს პოსტი დაატოვებინონ…

_ ასეთ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ქვეყანა ისევ იმ რელსებზე დგას, რომელზეც სააკაშვილმა დააყენა. ქართული ცნობიერება, ზნეობა, ღირსება _ ყველაფერი წაშლილია, არარაობისკენ მივექანებით…

ორი აზრი არ არსებობს, რომ “ნაციონალები” უნდა გასამართლდნენ, მათ საქართველოში ცხოვრება უნდა აეკრძალოთ, უნდა მოისპოს ყველა უწყებიდან ის ხავსები, რომლებიც დატოვეს, წაეთრიონ იმ უკრაინაში, ხომ უყვართ იქაურობა.

_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მომხრე თუ ხართ?

_ რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, მაგრამ არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არ გაყალბდეს. დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით ხალხი თავის ნებას ვერ გამოხატავს. როგორ შეიძლება, რიგგარეშე არჩევები არ მინდოდეს?! რესპუბლიკელები, ალასანია, მარგველაშვილი ერთად რომ შეიკრიბონ, ბარიერს ვერ გადალახავენ. ასეთია ხალხის აზრი, მაგრამ, თუ ნორლანდი სხვაგვარად გადაწყვეტს, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდება.

ამას რომ ვამბობ, მიპასუხებენ ხოლმე _ პატარა ქვეყანა ვართ და სხვა გზა არ გვაქვსო. რა, პუტინის საგინებლად დიდი ქვეყანა ვართ?

_ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბოლომდე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა განთავსდესო. თუ ეს მართლა მოხდა, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს?

_ ხალხის ნება-სურვილი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსება. ვინც ამით აღფრთოვანებულია, რეგვენი, სულელი და ქართველთმოძულეა.

ნატოს ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება დაგვღუპავს, ამერიკას ჩვენი ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება, ის საქართველოს კეთილდღეობაზე არ ზრუნავს. საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსებით რუსეთი კავკასიას დაკარგავს, ამიტომ რუსეთი ამას არვითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. როგორც კი ნატოს საწვრთნელი ბაზები ამუშავდება, რუსეთი მაშინვე დაგვარტყამს, ამერიკა კი, ალბათ, პამპერსებს ჩამოგვიტანს, როგორც 2008 წელს.

თუ ნატოს ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება, საქართველოს საქმე დამთავრებულია! მაგრამ მაინც მგონია, რომ ასე არ მოხდება, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილი არ არის.

_ რას მოუტანს საქართველოს რუსეთ-თურქეთის დამეგობრება და რა გათვლა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ?

_ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყარსის ხელშეკრულების გამო თურქეთი ნაბიჯსაც ვერ დგამს, მაგრამ ამ ხელშეკრულებას დღე-დღეზე ვადა გასდის. თუ რუსეთი ძალიან გავაღიაზიანეთ და ჩვენზე ხელი აიღო, თურქეთის ჯარი ისე შემოვა, ხმასაც ვერავინ ამოიღებს და, მარტო აჭარას კი არა, მთელ დასავლეთ საქართველოს დაეპატრონება.

დღეს საქართველოში ომი რომ დაიწყოს, როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში გარბიან, თავის ქვეყანაში იბრძოლებენ?

სულ მეკითხებიან _ შენ რუსეთის მხარეს ხარ? საქართველოს ვის გვერდით დგომაც წაადგება, იმის მომხრე ვარ, ვინც სიკეთეს მოგვიტანს იმის მომხრე ვარ. როდესაც ბიზანტიელებმა გუბაზ მეფე მოკლეს, ქართველები კამათობდნენ, _ ვის მხარეზე დავდგეთო. იმსჯელეს და გადაწყვიტეს, ბიზანტიელების მხარეს დამდგარიყვნენ, რადგან ერთმორწმუნე ერია და ჯობია, მათთან ვიყოთო. საკითხი დღესაც ასე დგას _ მართლმადიდებლობა უნდა შევინარჩუნოთ, თუ ამასაც დავკარგავთ, რისი მცდელობაც ამერიკას აქვს, მაშინ საბოლოოდ გავნადგურდებით.

2015 წელი მშფოთვარე იქნება. ხელისუფლებამ თუ დროულად არ ჩაავლო ხელი გათახსირებულ დამნაშავეებს და ისევ დაიწყეს ლაპარაკი, სასამართლო თავისუფალი არ არისო, მაშინ, ვერ გეტყვით, რა მოხდება… დამნაშავე უნდა დაისაჯოს; ეს ამერიკის კაცია და ხელს ვერ ვახლებთო, აღარ გამოვა.

თუ სასამართლოს ახალი თავმჯომარე იქნება კაცი, რომლის კანდიდატურასაც კოჟორიძე მარგველაშვილს შესთავაზებს, პარლამენტში კი უსუფაშვილი დაამტკიცებს, გამოსვლები მაშინ ნახეთ.

გარეთ მეც გამოვალ და ვიცი, როგორც გამოვალ…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here