საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ წინა ინტერვიუებში თავისი თვალსაზრისი გამოხატა ლარის კურსის გამყარების თაობაზე _ ახალი წლის შემდეგ აუცილებელი იყო, მთავრობას ლარის კურსის შესანარჩუნებლად ნაბიჯები გადაედგა, თუმცა დღეს ლარი ისევ უფასურდება…
_ ბატონო ჰამლეტ, ლარის კურსი ისევ დაეცა, რა არის ამის მიზეზი და ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკას საფრთხე?
_ ლარის კურსის დაცემა არ არის მარტო ფისკალური პოლიტიკის შედეგი, ამ პროცესის მიმართ ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადობისა და მთავრობის დამოკიდებულებაც. 15 იანვრის შემდეგ ჩვენ მივმართეთ მთავრობას, ყურადღება გაემახვილებინა ლარის კურსსა და სოციალური სტაბილურობის პრობლემებზე. მსოფლიოში არსებული ვითარება, კერძოდ, დოლარის გამყარების ტენდენცია სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ, უკრაინასა და რუსეთში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობა უშუალოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე, რადგან ასიათასობით ადამიანი დასაქმებული იყო და არის რუსეთისა და უკრაინის შრომით ბაზარზე და, რა თქმა უნდა, მათი შემოსავლებიც შემცირდებოდა. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვალდებულია, გაითვალისწინოს ქვეყანაში შექმნილი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება და ამის საფუძველზე გააკეთოს სწორი პროგნოზი, რა მიმართულებით უნდა გაააქტიუროს სახელმწიფომ ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა, განსაკუთრებით _ საფინანსო ინსტიტუტებმა და ეროვნულმა ბანკმა, რაც, სამწუხაროდ, ეფექტიანად არ ხორციელდება. თუ ვერ შეაჩერებენ ლარის გაუფასურების პროცესს და მისი მაჩვენებელი გადააჭარბებს 2004 წლის ნიშნულს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. ასევე შესასწავლია, ვინ უწყობს ხელს ლარის კურსის დაცემას, რადგან, თუ გაკეთდება განცხადებები საჯარო პირებისა და ექსპერტების მიერ, რომ ლარის კურსის დაცემა გაგრძელდება, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კი არა, სახელმწიფოს ეკონომიკური მექანიზმების მოშლის მცდელობად შეიძლება განვიხილოთ. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტმა რომ განაცხადოს, შესაძლებელია დოლარის გაუფასურებაო, დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე პანიკა ატყდება და დოლარის კურსის რყევა დაიწყება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური თვითდაზღვევის ინსტიქტებს.
_ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?
_ ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობას ეკონომიკურ გამოწვევებში ყველაზე დიდი და სერიოზული გამოცდის ეტაპი ეწყება. თუ ისინი აირჩევენ ნეოლიბერალურ მიდგომებს, საფინანსო–ეკონომიკური, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის განვითარების შედეგი იქნება უარყოფითი, რაც ნათლად გვაჩვენა ცნობილმა მსოფლიო კრიზისმა, რომელმაც ათეულათასობით ცნობილი ამერიკული ფირმა გააკოტრა, მათ შორის, ერთ–ერთი დიდი სადაზღვევო კომპანიაც კი. რომ არა ამერიკის მთავრობის დროული და სწორი გადაწყვეტილება _ ჩარეულიყო, შეეჩერებინა და გადაერჩინა ცნობილი ფირმები გაკოტრებას, დოლარი დღეს ასე არ გამყარდებოდა.
დასკვნა, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მარტივია: 1. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სასწრაფოდ ყველაფერი უნდა იღონონ და გამოიყენონ ყველა საფინანსო ბერკეტი ლარის კურსის დაცემის შესაჩერებლად; 2. მთავრობამ პირადი მაგალითით ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებას სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში _ აუცილებლად უნდა გამოინახოს ფინანსური რესურსები სოციალურად დაუცველი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის დასახმარებლად; უმოკლეს ვადაში გაატაროს რეფორმები საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუნდაც გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო (იაფი ფული) მიზნობრივი დახმარების სახით. მეორე მხრივ, ზემოგებაზე ორიენტირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დროებით მაინც უნდა შემოიჭირონ ქამრები და ხელი შეუწყონ ლარის სტაბილიზაციას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში აუცილებლად უნდა გატარდეს საგადასახადო რეფორმა პროგრესული დაბეგვრის თვალსაზრისით (რომელიც გულისხმობს ზემოგებებზე ორიენტირებული ბიზნესის პროპორციულ დაბეგვრას), რაც დამატებით შექმნის და შეავსებს სავალუტო რესურს, ლარის სტაბილურობის სარეზერვო ფონდს.
_ საზოგადოება მთავრობას უუნარობაში ადანაშაულებს და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვს. უნდა დაბრუნდეს ის პოლიტიკაში?
_ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფენომენს, საერთოდ, ზოგადსაკაცობრიო ფორმულაა, “ადამიანს სიკეთე არ დაუკარგო და, თუ დაუკარგავ, ღმერთი მაინც მიაგებს”. ვგულისხმობ უანგარო ქველმოქმედებას, რომელიც მან გასწია წლების განმავლობაში და ურთულეს პერიოდში მხარში ამოუდგა საზოგადოებას. რაც შეეხება მის მიმართ უკმაყოფილებას, ამას თვითონაც არ უარყოფს და ეს უკმაყოფილება განპირობებულია არა მხოლოდ დაპირებების არ ან ვერ შესრულებით, არამედ იმ ფაქტორებითაც, რომლებიც შეეხება მის მოქალაქეობრივ აქტიურობას. ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ქმედუნარიანობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ მისი მოქმედების შედეგს ვერ ვხედავ. რატომ?
1) არსებობს “წყალქვეშა დინება”, რომელსაც საზოგადოება ვერ ხედავს და მის გააქტიურებას ხელს უშლის (ბლოკავს); 2) დღემდე არ ჩამოყალიბებულა სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების გააქტიურების მხარდამჭერი პროგრამები, თუმცა მცდელობა იყო; 3) იგი ისე დაიღალა, რომ ინდიფერენტული განწყობა დაეუფლა, იმედია _ დროებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კიდევ ერთხელ ვთხოვ ბატონ ბიძინას, მოიკრიბოს ძალა და საზოგადოებას აჩვენოს თავისი სიმტკიცე, მოქალაქეობრივი აქტიურობა და პასუხისმგებლობა, რაც მას ბევრჯერ გაუკეთებია.
_ ჟურნალიტები ამჯერად ლევან ვასაძემ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ “განსაკუთრებით სულისშემხუთავია ქართული ტელევიზიების მდგომარეობა “, ეთანხმებით თუ არა მის თვალსაზრისს?
_ გვინდა თუ არა, მედია ყოველთვის იქნება საზოგადოების სარკე, მედია არის შუამავალი, მედიატორი მოსახლეობასა და მთავრობას შორის. მაგრამ არის კი ქართული მედია შუამავალი ან საზოგადოების სარკე? რაც შეეხება შუამავლობას, ჩემი აზრით, არათუ კერძო, არამედ საზოგადოებრივი ტელევიზიაც არ არის შუამავალი საზოგადოებასა და მთავრობას შორის. არც კანონი ავალდებულებს, იყოს შუამავალი, მიუხედავად მისი შინაარსისა. რაც შეეხება მედიაინსტიტუტებს, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ _ ბიზნესი ან უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, ან უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ინტერესების სპექტრს, იყოს მისი სარკე და მისი პრობლემების ლობისტი. მედიაბიზნესს თავისი ინტერესები აქვს და ის კანონითაა გაწერილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მედიასივრცეში უნდა ქმნიდეს კონკურენციას და იყოს კერძო და საზოგადოების ინტერესების თანხვედრის ალტერნატივა, რაც, სამწუხაროდ, ასე არ არის და, აქედან გამომდინარე, მთლიანობაში ტელესივრცე ობიექტურად ვერ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
პირადად არ ვიცნობ ლევან ვასაძეს, მაგრამ მისი პიროვნების, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ გამოვხატავ პატივისცემას და მის მიერ გამოთქმულ კრიტიკას აღვიქვამ, როგორც მედიაპროდუქტის მომხმარებლის დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, მედია მართლაც თავის გემოვნებითა და თვალსაზრისით ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც დგას საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მედიის საზოგადოებრივ მონიტორინგს, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ ჩვენთან. არსებობს მედიის საზოგადოებრივი მონიტორინგისა და რეგულირების რამდენიმე ფორმა: 1) მედიის არეალს განსაზღვრავს კანონმდებლობა; 2) საზოგადოების მოთხოვნა მედიის პროდუქტზე, რომელიც განაპირობებს ამა თუ იმ მედიასაშუალების რეიტინგს. საზოგადოების გემოვნება, კულტურა უშუალოდ განაპირობებს ხარისხსა და მოხმარებას, ყოველივე ეს დაკავშირებულია ბიზნესის წარმოებასთან, მომგებიანობასთან, რომელსაც განაპირობებს რეკლამა. საქართველოში მოქმედი კანონი მაუწყებლობის შესახებ კრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ საკითხავია, როგორ სრულდება ეს საქართველოში. რაც შეეხება თვითრეგულირებას, მედიის თვითცენზურას _ ეს ქართულ მედიასივრცეში უსერიოზულესი პრობლემაა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში (მეტ-ნაკლებად) არსებობს წარმომადგენლობითი მედია _ საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებშიც მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლებიც. იქ თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობისა და პროფესიული ეთიკის ფორმატზე და იღებენ წერილობით ვალდებულებებს, რათა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ უსაფრთხოებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას (არა შეურაცხყოფას). ეს არ არის კანონში გაწერილი, ეს ნებაყოფლობითია და შეეხება მხოლოდ იმ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ საბჭოში გაერთიანებული ადამიანების ურთიერთშეთანხმების პირობები, თუმცა შესაძლებელია, არსებობდეს სხვა მედიასაბჭოები საკუთარი ეთიკური ნორმებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჟურნალისტთა პროფესიულ კავშირებს, რომლებსაც აქვთ არამხოლოდ ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის დებულება, არამედ პროფესიული ეთიკის ნორმებიც. ჩვენთან კი, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, არ არსებობს მსგავსი რამ _ დიდი მასშტაბის გაერთიანება, რომელიც გააერთიანებს მედიის ძირითად სპექტრს და შეთანხმდებიან: ვიყოთ სოლიდარულები; დავიცვათ საერთაშორისო პროფესიული სტანდარტები; არ შეურაცხვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები; ვიყოთ ობიექტურნი; გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები; ფაქტების გადმოცემისა და ანალიზისას დავიცვათ ადამიანის ღირსება, უფლებები და ა. შ.
მისასალმებელია, რომ არსებობენ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც არასოდეს აკადრებენ თავის პროფესიას და ღირსებას არაობიექტურობას და საზოგადოებრივ ინტერესებს არ გაცვლიან მატერიალურ ფასეულობებზე, თუმცა ასეთი ჟურნალისტები ძალზე ცოტაა.
_ პრესაში აქტიურად განიხილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, ირინა იმერლიშვილი და გია მეფარიშვილიც დასახელდნენ…
_ სამწუხაროდ, არ ვიცნობ იმერლიშვილს, თუმცა მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გენდერული თანასწორობის გათვალისწინებითაც კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის კანდიდატებს შორის უპირატესობას გია მეფარიშვილს ვანიჭებ. ბატონ გიას პირადად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და სამართლიანობის აღდგენის განცდა განსაკუთრებით გამოიხატება მის პროფესიულ და საზოგადოებრივ მოღჰვაწეობაში.
_ ვაზაგაშვილის ტრაგედიამ უფრო დაძაბა საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, ამ ტრაგედიამ უამრავი კითხვა გააჩინა მთავრობის მიმართ…
_ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სამართალდამცავებს ეკისრებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და შედეგი არ ჩანს. ეს ტრაგედია ჩვენი ერის უდიდესი შეურაცხყოფაა. შს მინისტრის პოსტიდან ჭიკაიძის გადადგომას მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს ამბავი ამით არ უნდა დამთავრდეს.
ესაუბრა
დათო ქაქუთია
"სამწუხაროდ არ ვიცნობ იმერლიშვილს,მაგრამ მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება…"ოეეე,გააჩერეთ მატარებელი "საქართველო"ჩავდივარ
უზენაესის მოსამართლეს აირჩევენ იმას ვინც აწყობს დასავლეთს.ჩვენი მთავრობა კი ტაშს დაუკრავს
მეფარიშვილი უნდა აირჩიონ თუ მართლა გული შესტკივათ ქვეყანაზე.იმერლიშვილის კანდიდატურა ყოვლად დაუშვებელია.ის გაატარებს (ან გაატარებინებენ) ნაცების ინტერეს.და მაინც ვშიშობ რომ მას დააყენებენ.იმიტომ რომ გარე ძალებს აწყობს,ჩნენი მთავრობა კი მორჩილი თხასავით უსმენს და უსრულებს მათ ბრძანებებს.