რომელი ვაიკონსულტანტი აწვდის პრემიერს ყალბ ინფორმაციებს და თავს გვჭრის შუაგულ ამერიკაში?!
ბატონო ირაკლი,
წლეულსაც მივიღე ფოსტით თქვენი პერსონალური საშობაო-საახალწლო მოლოცვა და, მართალი გითხრათ, გამიკვირდა! წლეულსაც-მეთქი იმიტომ, რომ შარშანაც ასე გამახარეთ და რა ხდება?! დავბერდი კაცი, რომ იტყვიან, ცხრა მთავრობა გამოვიცვალე, მაგრამ არავის არასდროს, მაშინაც კი, როცა მართლაც საქვეყნო საქმეებს ვაკეთებდი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პატარა ქვეყნის აღიარების მიზნით (უფალი ისე როგორ გამწირავს, ერთხელ რომ ამაზეც არ განვაცხადო სიამაყით!), თქვენი მონა-მორჩილი არ გახსენებია და თქვენ რა თვალით შემომხედეთ ასე?!
მადლობის მეტი რა მეთქმისო, _ ტრადიციულად შემოგითვლიდათ ქართველი კაცი და ამით დაამთავრებდა კიდეც, მაგრამ გამოგიტყდებით, ბატონო ირაკლი, თქვენმა მოლოცვამ სულზე მომისწრო…
საქმე ის არის, რომ კარგა ხანია, თქვენი კანცელარიის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, წერილობით ვთხოვე, ვინ არის–მეთქი ის ვაიკონსულტანტი, რომელიც სრული უტიფრობით გაწვდით ყალბ ინფორმაციას კინოს საწყისებზე და, სამწუხაროდ, თქვენც გულუბრყვილოდ ენდობით…
პრემიერმინისტრს კი არა, ჩვეულებრივ, რიგით მინისტრსაც არ მოეთხოვება, ერთნაირად ღრმად ერკვეოდეს ყველაფერში _ სოფლის მეურნეობაში, ტექნიკაში, მედიცინაში, ხელოვნებაში და სხვ. საამისოდ ნორმალურ ქვეყნებში არსებობენ კონსულტანტები და მრჩევლები. ჰოდა, რაკი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი მატროსოვივით გადაეფარა იმ თქვენს ვაიკინომცოდნე კონსულტანტს (სხვა თუ არაფერი, ვაითუ ჩემი ყოფილი სტუდენტია ის ჩემი ცოდვით სავსე და დამბაჩისკენ უნდა წავიღო ხელი), ეგებ თქვენ მაინც მითხრათ, ვინ გირჩიათ, ასეთი განცხადება რომ გააკეთეთ (25. IX. 2014) ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული კინოს მორიგი რეტროსპექტივის წარდგენისას:
“ქართული კინოინდუსტრია 1907 წელს დაიბადა. ჰოლივუდში კინოგადაღება 1910 წელს დაიწყეს. არ ვხუმრობ. კი მინდა, ვთქვა, პირველები ვიყავით–მეთქი, მაგრამ სინამდვილეში მსოფლიო კინოინდუსტრიას აქ ჩაეყარა საფუძველი…”
ძალიან მსუბუქად რომ გითხრათ, ბატონო ირაკლი, თქვენს ციტატაში არც ერთი თარიღი არ არის სწორი და ხომ წარმოგიდგენიათ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს იმ დარბაზში შეკრებილ მსმენელზე. ვის რაში დასჭირდა თქვენი ასე “გამეტება”?
ყოველივე ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან, 6 ოქტომბერს მივწერე ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, მაგრამ სამი კვირა გავიდა და _ არანაირი პასუხი. იმავე წლის 28 ოქტომბერს განმეორებით გავუგზავნე წერილი და ორი დღის შემდეგ ვიღაც ქალბატონმა დამირეკა კანცელარიიდან, თავაზიანად კი მელაპარაკა, მაგრამ აშკარად დაბნეული ჩანდა, ეგებ თარგმანი არ იყო სწორიო ან პრემიერმინისტრმა იხუმრაო და ა. შ. რა ხუმრობაა, მე და ჩემმა ღმერთმა, როცა ერთი ქვეყნის პრემიერმინისტრი ჩადის მეორე ქვეყანაში, კერძოდ, ამერიკაში და მასპინძლებს მთელი სერიოზულობით უმტკიცებს (პირდაპირ ამბობს, არ ვხუმრობო), რომ კინოინდუსტრიაში პირველები ჩვენ ვიყავით, მაგრამ თქვენც მაგრები ხართო… ვიმეორებ, თქვენ, ბატონო ირაკლი, ბრძანეთ ხაზგასმით, არ ვხუმრობო, თქვენი კანცელარია კი შავით თეთრზე წერს, ეს იყო ერთგვარი იუმორისტული ინტერპრეტაციაო, აპოლიტიკური იუმორიო და მისთ. ბ–ნო ირაკლი, ვისი დავიჯეროთ _ თქვენი თუ თქვენი კანცელარიის?!
უმთავრესი მაინც ის არის, რომ, თურმე ნუ იტყვით და, ამ თქვენ არხუმრობა–ხუმრობას იქ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაუმსახურებია, როგორც გვიმტკიცებს ქალბატონი მაია, და რა იცის ეს მან, არსებობს ამის კადრები? მაშინ გამოაქვეყნეთ და ყველაფერი გაირკვევა, რით გამოიწვია თქვენმა ხუმრობა–არხუმრობამ “დიდი მოწონება”, კერძოდ რაში გამოიხატა იგი.
რაც შეეხება იმ თქვენს ვაიკონსულტანტს, მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრება ეროვნული კინოს საწყისების ძიება-კვლევა-პროპაგანდას მივუძღევნი და ახლა, როგორ, სოფლის ორღობის აშარი დედაკაცივით იმით დავკმაყოფილდე, რომ ერთი ქოქოლა მოგაყაროთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგეთი კონსულტანტები-თქო და გავჩერდე?! ამის უფლებას პროფესიონალიზმი არ მაძლევს და ვერც მომავალში შეგპირდებით.
ამასთანავე, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს, გაცილებით რთული და დამაფიქრებელი. ფაქტობრივ შეცდომას გაასწორებ, როცა მიგითითებენ, მაგრამ რა ეშველება იმ აგდებულ, არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას, რომელსაც ქალბატონი მაია ამკვიდრებს _ ქართული კინოს ისტორიკოსმა მისგან პასუხი ვერ მიიღო დასმულ შეკითხვაზე და, რაც მთავარია, სხვა თემაზე გადააქვს საუბარი, ზუსტად ისე, როგორც გენიალური ვასო გოძიაშვილის გმირი (ძალად თარჯიმანი) განუმარტავს მოსამართლეს, _ ვსიო გავარიტ, გასპადინ სუდია, ვსიო გავარიტ, ნო ნაშჩოტ სვინიი ნიჩევო ნე გავარიტო…
ბატონო ირაკლი, როგორც თქვენ არ გეკუთვნით შეფასება, საქართველოში კინოინდუსტრია 1907 წელს დაიბადაო, ისე (ალბათ!) არც ქალბატონ მაიას დაუწერია ის საპასუხო წერილი, რომელიც ჩემს, ასე ვთქვათ, დასაშოშმინებლად გამომიგზავნა. აშკარა, შეუნიღბავი ვირეშმაკობის გარდა, რომელსაც, ინკოგნიტო ავტორის მოკლე ჭკუით, ადრესატი ვერ მიხვდებოდა, ლიტერატურული ხარისხი წერილისა ისეთ დონეზეა, რომ იგი არ შეეფერება სახელმწიფო კანცელარიის მოხელის სტატუსს. ჰოდა, რატომ მოაწერა ხელი ქალბატონმა მაიამ წაუკითხავად? _ აი, ეს არის საკითხავი.
ამ საპასუხო წერილის ავტორმა, რომელსაც ქალბატონი მაია, ცხადია, ისევ გადაეფარება, ისიც კი არ იცის, რომ “კინო ხელოვნება” და “კინო ინდუსტრია” ერთად იწერება და არა ცალ-ცალკე; რომ “დიდების აღორძინებისათვის და ახალი მიმართულებების ძიებისათვის”, მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკუტებული წინადადებაა და მთავრობის კანცელარიაში ასეთი მოქართულენი არ უნდა ისხდნენ;
რაც შეეხება ფრაზას _ “მთლიანი პრემიერ-მინისტრის სიტყვა” _ ეს უკვე “მარგალიტია” და სად პოულობთ მაინც ასეთ “ნოვატორებს”?!
რეტროსპექტივა ასახავდა ქართულ კინემატოგრაფს 1907-2014 წლამდეო – ჯერ ერთი, ეს რა ქართულია, წელთაღრიცხვის რა ახალი კატეგორიაა და მეორეც, 1907 წელს საქართველოში, კომპეტენტურად ვაცხადებ, არანაირი ფილმი თუ სიუჟეტი არ გადაუღიათ და რას იგონებენ ეს თქვენი კონსულტანტები?!
ახლა კი, სრულად რომ მოვიხადო პროფესიული ვალი ქვეყნის წინაშე, თქვენი სახით ერთხელ კიდევ მივმართავ საქართველოს მთავრობას (პირველად ბატონი ბიძინა ივანიშვილი შევაწუხე პრემიერობისას, მაგრამ ქალბატონმა მაიამ კულტურის იმჟამინდელ მინისტრს ისეთი სასხვათაშორისო რეზოლუციით გადაუგზავნა, პაროლად რომ გამოდგებოდა, _ ეგრევე სანაგვე ყუთში გადაუძახეო, და ასეც მოხდა _ ბატონ ბიძინამდე არც ჩემს წერილს მიუღწევია და არც ჩემს ახალ მონოგრაფიას, წერილს რომ ერთვოდა), რომ ყურად იღოს, რა უნიკალური განძია ქართული კინოს პიონერის _ ვასილ ამაშუკელის (1886-1977) ფილმი _ “ქართველი მგოსნის _ აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს”. ხედავთ, გადაღების თარიღი სათაურშივეა მითითებული და ეს მეტად მნიშვნელოვანია, მაშინ ასეთ გრანდიოზულსა და მასშტაბურ ფილმებს ჯერ კიდევ არ იღებდნენ! ეგებ ვინმემ მითხრას, XX საუკუნეში ქართული კულტურა რომელი დარგით წარდგა ასეთი უმაღლესი დონის ნაწარმოებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე? ამაოდ დაშვრებით ანალოგის ძიებაში _ “აკაკის მოგზაურობა” ხომ პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია მსოფლიოს კინოისტორიაში. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ქრონოლოგიურადაა პირველი და მასში თვით აკაკი წერეთელი მონაწილეობს, არამედ იდეურ–მხატვრული სრულყოფილებით და ამ მხრივ მას, რომ იტყვიან, კოჭებამდე ვერ მისწვდებიან ამერიკელი რობერტ ფლაერტის (1884-1951), რუსი ძიგა ვერტოვის (1896-1954), ჰოლანდიელი იორის ივენსისა (1898-1989) და სხვათა აღიარებული სრულმეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც 10-15 წლის მოგვიანებით შეიქმნა _ 1922-1928 წ.წ.
აღნიშნული ფილმების აღიარებას კი პატრონი ჰყავდა _ პატრონი, ანუ თვით ამ ქვეყნებმა გააკეთეს ყველაფერი მათ წარმოსაჩენად, თქვენი მონა-მორჩილი კი სულ “მარტოხელა მონადირესავით” იყო, მაშინაც კი, როცა 2002 წელს ჩოხოსან მეგობრებთან ერთად (სახელმწიფოს რომ ერთი ლარიც არ გაუღია) ისეთი გრანდიოზულობით აღვნიშნეთ “აკაკის მოგზაურობის” 90 წლისთავი, რომ ავალაპარაკეთ მსოფლიო კინემატოგრაფიული პრესა; კერძოდ, ამერიკული ჟურნალი “კოდაკი” წერდა, თუ ამერიკა ამაყობს, გრანდიოზული სატელევიზიო გადაცემებით (“ოსკარის” დაჯილდოება იგულისხმება), საფრანგეთი უპრესტიჟულესი საერთაშორისო კინოფესტივალით (კანი), მაშინ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ფილმის იუბილე ეროვნულ დღესასწაულად აქციაო (“Kოდაკ”, 21.IX.2002).
ვერც წინა და ვერც დღევანდელ კულტურის სამინისტროს ვერ შევასმინე “აკაკის მოგზაურობის” ისტორიული მნიშვნელობა, ის აზრი, რომელიც მიენიჭებოდა მისი 100 წლის იუბილის საზეიმოდ აღნიშვნას, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გადაგვეხადა, ჩაგვეტარებინა საერთაშორისო შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე “დოკუმენტური კინოს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები”, რომელზეც თითოეული ქვეყანა წარმოადგენდა შესაბამის ნამუშევრებს, ჩვენი ყოჩი კი “აკაკის მოგზაურობა” იქნებოდა და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა საკითხი, მსოფლიოში სად და როდის შეიქმნა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ყოველივე ამის გაკეთება შეგვეძლო თბილისში აკრედიტებული საელჩოების დახმარებით და სულ რაღაც 10 000 ლარიც იქნებოდა საკმარისი… ჩვენმა ბრძნულმა კულტურის სამინისტრომ კი ასწლოვანი ფილმის იუბილეს ის ამჯობინა, რომ ამ შეპირებულ 10 000 ლარს სამასიც დაუმატა და სამინისტროს თანამშრომლებისთვის შეიძინა… ყავა!
სწორედ ამ საკითხზეა ჩემი სტატია “ყავა სამინისტროს თანამშრომლებისათვის თუ მსოფლიოს უნიკალური ფილმის საუკუნოვანი იუბილე?” (გაზ. “საქართველო და მსოფლიო”, 2/IV.2014), რომელსაც თან გაახლებთ. თქვენ სად გაქვთ მისი წაკითხვის დრო, მაგრამ თქვენმა რომელიმე კონსულტანტმა უნდა წაიკითხოს და უპასუხოს ქართული კინოს ისტორიკოსს. წლეულსაც ისევ ყავის სმას გადაყვება ჩვენი კულტურის სამინისტრო თუ გონების ხმას დაუგდებს ყურს და სახელმწიფო დონეზე აღნიშნავს “აკაკის მოგზაურობის” ასწლოვან იუბილეს?
დასასრულ _ მთავარია, მსგავსი ხუმრობა-არხუმრობა აღარ განმეორდეს. როგორც პირველ წერილში ვწერდი ქალბატონ მაიას, ახლაც იმავეს გავიმეორებ _ ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ახალგაზრდა, სიმპათიურსა და რაინდულად შემართულ ლიდერს მისხალ-მისხალ უზომავენ სიტყვა-პასუხს და ქცევას და რატომ უნდა ჩააყენონ იგი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში?!
იმ სიტყვებსაც შეგახსენებთ, ბატონო პრემიერო, საქვეყნოდ რომ განაცხადეთ _ ჩვენი მიზანია ქართული კინოს წარსული დიდების აღორძინებაო. ჰოდა, თუ ეს კეთილშობილური მიზანი გამოძრავებთ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!
უღრმესი პატივისცემით,
პროფესორი გოგი დოლიძე,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთ. სამეცნიერო კონსულტანტი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი