Home რუბრიკები სამართალი თამაზ დაუშვილი: ყოფილი რეჟიმის ხეს ტოტები კი შეაჭრეს, მაგრამ ფესვები დარჩა

თამაზ დაუშვილი: ყოფილი რეჟიმის ხეს ტოტები კი შეაჭრეს, მაგრამ ფესვები დარჩა

1314

ხუთი თვეა, სარჩელის განხილვას ელოდება უზენაეს სასამართლოში თამაზ დაუშვილი. შეგნებული აქვს, რომ მისი საქმე ერთადერთი და გამონაკლისი არ არის, ყოფილი ხელისუფლების ძალადობისა და უკანონობის რეჟიმის შედეგად წარმოქმნილი. სამართლის ზეობას ელოდება საქართველოს ათასობით მოქალაქე:


_ დღეს იქნება თუ ხვალ, ხომ იტყვის სამართალი გადამწყვეტ სიტყვას ჩემ სასარგებლოდ, ახსნის ყადაღას, რომელიც, ოთხი წელიწადია, ჩემს ქონებას ადევს და ხელ-ფეხს მიბორკავს. დაადგება ყველაფერს საშველი. ამის იმედად ვარ, თორემ იმ წვალებასა და წამებას, რომელსაც მე განვიცდი, კაცისშვილი ვერ გაუძლებდა.

ბატონ თამაზ დაუშვილის საქმეზე “საქართველო და მსოფლიო” შარშან ერთხელ უკვე წერდა. დღეს კვლავ ვუბრუნდებით ამ საკითხს.

დავიწყებთ კურიოზით: ამ საქმეზე თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ორ პირთაგან ერთ-ერთმა, აკაკი ენუქიძემ, უკვე მოიხადა სასჯელი, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო მისი თაღლითობით დაზარალებული და ამის გამოსასწორებლად სასამართლოების კარდაკარ სიარულით დაღლილი თამაზ დაუშვილი, სხვა მომჩივნებთან ერთად, როგორც ახლა ამბობენ, მოლოდინის რეჟიმშია. გენიალური ანდაზა აქვთ რუსებს: რაგინდ მართალი იყო, ნუ დაიფიცებ, რომ სასამართლოში არ მოხვდები.

ასე მოუვიდა დაუშვილსაც და ბინათმშენებლებსაც, რომლებიც დაზარალდნენ სერიოზულად.

_ ჩვენი ოჯახი, _ ჰყვება საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, _ ფლობდა მიწის ნაკვეთს მარშალ გელოვანის ქუჩაზე, #30-ში, ავეჯის სახლის ახლოს.

ჩემთან მოვიდნენ ბიძაშვილები _ აკაკი და დავით ენუქიძეები და შემომთავაზეს ამ ადგილზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სანაცვლოდ 33 პროცენტს დამპირდნენ. 2007 წლის 13 ივლისს ყველა წესის დაცვით დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “არენა სითი”, რომელშიც, სხვა წევრებთან ერთად, ჩემი ახლობლებიც გაერთიანდნენ. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ენუქიძე.

ბინის მიღების მსურველს თბილისში რა გამოლევს. არც ამ ამხანაგობას დაჰკლებია ასეთები და ენუქიძეებმა 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის აპრილამდე მათ მიერ შემოტანილი დიდი ოდენობით თანხის (დაახლოებით 400 ათასი ლარის) საკუთარ განკარგულებაში აკუმულირება შეძლეს: გაყიდეს ბინები იმ სახლის, რომლის მშენებლობა დაწყებულიც არ იყო! ამოთხარეს ქვაბული და ამით დამთავრდა ყველაფერი: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ განახლებულა.

_ მეც, ჩემი ახლობლებიც და ბინათმშენებლებიც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ენუქიძეების მიერ ჩადენილ თაღლითობას სხვებთან ერთად ყველანი ერთნაირად  შევეწირეთ. ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კი 80 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

მოკლედ, აკაკი და დავით ენუქიძეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ჯემალ კოპალიანის მიერ ცნობილი იქნენ დამნაშავეებად, მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა (იხ. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება”, საქმე #283 აპ-12, 2012 წლის 10 სექტემბერი).

ამის შემდეგ იწყება საქმის სასამართლო განხილვა სამოქალაქო სამართლის წესით. ოთხი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩლეთათვის თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს, თუმცა ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ (გუჯაბიძე, მესხიშვილი, ნაზღაიძე) გააუქმა და შვიდი მოსარჩლისთვის თანხის გადახდა სოლიდურად დააკისრა ამხანაგობის გამგეობის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ენუქიძეების აფერასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.

მომჩივნები, რომლებმაც ენუქიძეებს ფული გადაუხადეს იმ სახლის ბინებში, რომელიც არ აშენებულა, ჩემზე მეტად დაზარალდნენ, მაგრამ არც მე დამადგა უკეთესი დღე: იმ ჩემს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები, მათ შორის, ავტომანქანების პროფილაქტორიუმი, დამინგრიეს და მტვრად აქციეს. აშენებაა ძნელი, დანგრევა _ ადვილი.

რადგან ენუქიძეებს სხვებზე ჰქონდათ გადაფორმებული ყველაფერი, რაც ებადათ, მე დამადეს ყადაღა! მე, ჩემს მეუღლეს, ჩემიანებს, რომლებიც ენუქიძეებს სათოფეზეც არ მიახლოებიან, მით უფრო, მათ აფერისტობაზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, რადგან აკაკი და დავით ენუქიძეები, წესითა და კანონით, დაფუძნებული ამხანაგობის გვერდის ავლით (რომლის გამგეობის წევრები ჩვენც ვიყავით) თავიანთი, ყალბი ამხანაგობის სახელით მოქმედებდნენ და ბინათმშენებლობის მსურველებს შეტანილი ფულის დამადასტურებლად ისეთ ფარატინა ქაღალდებს ურიგებდნენ, რომლებსაც არავითარი იურიდიული ღირებულება არ ჰქონდა. სასტიკად მოატყუეს!

მინდა, ყურადღება მიაქციოთ ასეთ ფაქტს: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა ჯანხოთელის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ამხანაგობის შვიდმა წევრმა. სააპელაციო სასამართლომ (ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი, ნატალია ნაზღაიძე) გააუქმა ეს გადაწყვეტილება და დავით და აკაკი ენუქიძეებთან ერთად მე და გამგეობის 11 წევრს დაგვაკისრა მოსარჩლეთა სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურება.

_ რა მოტივით?

_ იმ მოტივით, რომელსაც არც სინამდვილესთან, არც ლოგიკასთან საერთო არაფერი აქვს. თურმე, ჩემო ბატონო, მე ვანდე ენუქიძეებს, მოეძიათ სახსრები და ამათაც მოიძიეს. ჩადენილი აფერისტობა მე დამბრალდა, რადგან თურმე მე მიმიცია დანაშაულის ჩადენის უფლება(!).

ოთხმა სასამართლომ ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღო, გუჯაბიძემ კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

ყველა მისი კოლეგა ცდებოდა თურმე და მარტო მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ყოფილა მართალი და უშეცდომო (!).

როგორც ამბობენ, საეჭვო პრინციპულობა გამოიჩინა.

_ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში? _ კითხულობს თამაზ დაუშვილი და ასკვნის, _ იმიტომ, რომ ყოფილი რეჟიმის ხეს ტოტები კი შეაჭრეს, მაგრამ ფესვები დარჩა. ჩემი საქმე არაფერია იმასთან შედარებით, შვილმოკლულ მამას შვილის საფლავზე რომ ააფეთქებენ! ასე იქნება მანამ, სანამ იმ ფესვებს, “ნაციონალების” ნარჩენებს, არ ამოძირკვავენ მთლიანად, თორემ აღარ მთავრდება ხალხის გამჰწარება. მოსამართლე ნათია გუჯაბიძეც ყოფილი ხელისუფლების შხამიანი ნარჩენია.

თამაზ დაუშვილი განაგრძობს:

_ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შევიტანე. მინდა, გარკვევით  ვთქვა, რომ ამ სარჩელით მე ენუქიძეების მიერ დაზარალებულ ადამიანებს კი არ ვუპირისპირდები (ვიმეორებ, ისინი ჩემზე უფრო მეტად დაზარალდნენ), არამედ სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო ვდავობ. სადაცაა გავა ის 6 თვე, რომელიც განხილვის ვადად ითვლება. ჩემს საკითხსაც გაიტანენ სხდომაზე. როგორც ვიცი, მოსამართლე ალავიძე პრინციპული იურისტია, სამართლიანი პიროვნება. ამის იმედად ვარ.

ერთსაც ვიტყვი: უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კონსულტაციები გავიარე ქვეყანაში ცნობილ იურისტებთან (გვარებს არ ჩამოვთვლი), რომლებსაც წამყვანი თანამდებობები ეკავათ საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში. ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს და მის გუნდს, საქმიდან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც ვილაპარაკე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე #2/2862-13, 2014 წლის 19 ივნისი). მათ, ამ ცნობილმა იურისტებმა, მკითხეს, _ უზენაეს სასამართლოსთან ხომ არ იყოო შეთანხმებული და ამიტომ ხომ არ მიიღო ეს ალოგიკური გადაწყვეტილება ზემოთ დასახელებულმა მოსამართლემ? არ გაგიკვირდეთ: სასამართლო ვერტიკალში დასაქმებულებს კუდი ერთმანეთზე ჰქონდათ გადაბმული.

შოთა ბერიძე

P.S. ეს კუდებია გადასაჭრელი!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here