გასული წლის ბოლოს ლარის კურსმა კატასტროფული დაცემა დაიწყო, თუმცა მთავრობამ მისი გაჩერება შეძლო და წინასაახალწლოდ ფასების რეგულირებაც მოახერხა. 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში ლარის კურსი ისევ დაეცა და ფასების ზრდაც შესამჩნევია.
ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ რუსული რუბლის კურსის დაცემა 9 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, რადგან ეს სახელმწიფოები დიდწილად დამოკიდებული არიან უცხოეთიდან, კერძოდ, რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე… წერს იმასაც, რომ რუსეთიდან გადმორიცხული თანხები საქართველოს ეკონომიკის 12%-ს შეადგენს. რამ გამოიწვია ლარის კურსის დაცემა? შესაცვლელია თუ არა ეკონომიკური პოლიტიკა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება:
_ ბატონო დემურ, რამ გამოიწვია ლარის კურსის დაცემა? ხომ გვეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, თანაც 2014 წლის ბოლოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სიამაყით განგვიცხადა, ბიუჯეტი შესრულდა და საფრთხე ჩავლილიაო…
_ ლარის კურსის დაცემა მოულოდნენლი არ ყოფილა. ეს ფუნდამენტური ფაქტორების შედეგია… ეს არის ის დიდი პრობლემები, რომლებიც ქართულ ეკონომიკაშია, ეს არის, აგრეთვე, პოლიტიკური, ფინანსური, სოციალური და ფულად-საკრედიტო პრობლემები. სწორედ ამ პრობლემებმა გამოიწვია ასეთი უკონტროლო ვითარება.
არის ობიექტური ფაქტორებიც, რომლებიც ქვეყნის გარეთ, ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება. ვგულისხმობ ევროზონის, რუსეთის, უკრანის კრიზისებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველომ, რომლის ეკონომიკაც სულს ღაფავს, ვალდებულებები, როგორც საგარეო, ისე საშინაო, აუცილებლად უნდა შეასრულოს. ამ ვითარებაში აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ “ტკბილეული” ისე გაანაწილოს, რისი საშუალებაც არ აქვს, რაც დამღუპველია.
ქვეყნის პოლიტიკა სინქრონიზებული არ არის. მთავარი მიზანი კი ერთდერთია _ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების უზრუნველყოფა, რომელსაც მთავრობის პოლიტიკა არ ემსახურება.
_ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? ყველანი ერთად თუ კონკრეტული პიროვნებები?
_ დამნაშავეების ძებნას აზრი არ აქვს, რადგან მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ყველა ერთად უნდა ახორციელებდეს _ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. სწორედ შეუთანხმებელი მუშაობისა და მთავრობის სისუსტის შედეგად მივიღეთ ასეთი კრიზისი.
შეუძლებელია, რომ მაკროეკონომიკაში ერთი მიმართულება სწორად მუშაობდეს, ხოლო მეორე _ არასწორად და შედეგი კარგი მიიღო.
ასე რომ, პერსონიფიცირება აქ არაფერ შუაშია, როგორი შედეგიც გვაქვს, ისეთია ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მუშაობა, ე. ი. ცუდი. ქვეყანაში არსებული შედეგით კმაყოფილი მხოლოდ გონებასუსტი ადამიანი შეიძლება იყოს.
_ ახალ წლამდე, სულ რაღაც, 14 დღით ადრე ეკონომიკის ექსპერტები ბიუჯეტის გარღვევაზე საუბრობდნენ, ახსენებდნენ 700 მილიონ ლარს, რომელიც ვერ დაიხარჯა. მერე უცებ 30 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ბიუჯეტი შესრულდა. სად წავიდა ამხელა თანხა?
_ მოხდა საბიუჯეტო ხარჯების არადაბალანსებული გაწერა, ამ თანხების ბოლო დღეებში კონცენტრაცია იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც კრიზისი შექმნა. სულაც არ არის კარგი, რომ 29-30 დეკემბერს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება გამოაცხადეს.
_ როგორ წარიმართა ეს პროცესი _ ახლობელთა ორგანიზაციებს გადაურიცხეს ფული და უთხრეს, შემდეგ წელს ისევ ბიუჯეტში დააბრუნეთო?
_ არა მგონია, ასეთი მარტივი ოპერაციები ჩაეტარებინოთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს დაგვიანებული გადასახადების ამოღება ან წინასწარ ამოღებული გადასახადი.
_ უნდა მოეხსნათ თუ არა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები? ეს ამ დონის დანაშაული არ არის? თანაც, ქართველი საზოგადოება სოციალურ ქსელში მთელი წლის განმავლობაში განიხილავდა ხადურის კვების რაციონს…
_არა, ამ მოსაზრებას უბრალო მიზეზის გამო არ ვიზიარებ. თუ ვითარებას სწორად შევაფასებთ, დღეს მმართველობის სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლება ფიგურირებს, ცალკეული სამინისტრო არსად ჩანს, ისინი, ყველანი ერთად, მთავრობის პოლიტიკას ახორციელებენ. წინა მთავრობების პერიოდში ცალკეული სამინისტროების პასუხიმგებლობა გაცილებით მაღალი იყო. როდესაც პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს და რომელიმე სამინისტრო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ მინისტრი, გასაგებია, რომ შესაცვლელია, მაგრამ, როდესაც მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრულია და მინისტრი მოქმედებს ამ საზღვრებში, თანაც მას უფლებაც არ აქვს, სხვა ფარგლებში იმოქმედოს და პრევენციული ზომები ვითარებიდან გამომდინარე მიიღოს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რაც დღეს გვაქვს, მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგია.
_ გინდათ, თქვათ, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო?
_ ვფიქრობ, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი ამ წლის პირველ კვარტალში აუცილებლად დადგება. ეკონომიკური შედეგები და ამას დამატებული იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა სხვა გზას არ იძლევა. მკვლელობა, რომელიც ყველას თვალწინ მოხდა, პროვოკაციული ხასიათისა იყო და ნაპერწკლის გასაღვივებლად ძალიან ღრმად გამიზნული.
_ ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმა” ახლახან გამოაქვეყნა წერილი მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ რუსული რუბლის გაუფასურება 9 ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს. ასევე, იქ ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% რუსულ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. იცის თუ არა ხელისუფლებამ რამდენი ქართველია რუსეთში სამუშაოდ წასული და რამდენი ოჯახი იკვებება რუსეთში ნაშოვნი ფულით?
_ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რუსეთში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იმყოფება, რომლებიც საქართველოში გზავნიან ფულს, რომელიც ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთში გაჩენილი ეკონომიკური პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უდიდესი დარტყმაა. ჩემი ვარაუდით, თუ რუსეთმა არსებული კრიზისი ვერ დაძლია, საქართველოში ფულის შემოდინება 2015 წელს 20-25%-ით შემცირდება. ეს კი 250 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.
2015 წელი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე გასული ორი წელი იყო.
_ ბევრი თვლის, რომ ქვეყანა სააქციო საზოგადოებად გადაიქცა და მას ერთი ადამიანი მართავს. თქვენც ასე თვლით?
_ ძალიან ცუდი, თუ ასე ამბობენ… სუბიექტური მოსაზრებებით არავის ვაფასებ, ვინმე აკვიატებული არ მყავს, ანუ სახელმწიფო მოხელეებს შედეგების მიხედვით ვაფასებ, ასე ვიქცეოდი წინა ხელისუფლების პერიოდშიც… წინა ხელისუფლება ყრუ იყო და ახალი ხელისუფლებაც დაყრუვდა. ორი წელია, ხალხი შეცდომებზე მიუთითებს და ერთხელაც არ უკითხავთ, რით არის ხალხი უკმაყოფილო.
ზუსტად ვიცოდი, რომ 2013 წელს მთლიანი შიგა პროდუქტი 2-3%-ს ვერ ასცდებოდა, იმავეს ვამბობდი 2014 წელსაც. ამ დასკვნებს იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ვანგა ვარ ან წინასწარმეტყველი? _ არა, ის, რასაც მთავრობა ორი წლის განმავლობაში აკეთებდა, არ შეიძლება დადებითად შეფასდეს.
_ რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში ხალხმა?
_ ერთდერთი, რაც უნდა გააკეთის, არის ის, რომ გადააფასოს თავისი შეხედულებები. ვიდრე ადამიანი სხვის იმედად იქნება, ვიდრე მარჩენალის ძებნას თავს არ დაანებებს და ბელადებს დაელოდება, ვიდრე გვერდით მდგომის პატივისცემას არ ისწავლის, ვიდრე კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება, პასუხისმგებლობა, პატიოსნება პირველ პლანზე არ წამოიწევს, არაფერი გვეშველება. ქართველი მენტალურად ჯერ კიდევ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობს, ამის პირველი ნიშანი გვერდით მდგომი ადამიანის უპატივცემულობაა.
არჩევნების დროს ვერ მოიძიო ღირსეული ადამიანი, რომელზეც არჩევანს გააკეთებ, და ელოდები ბელადს, როდის წარმოგიდგენს კანდიდატს, რომ უხმოდ აირჩიო, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალს წერტილი დაუსვა.
_ ამით იმის თქმა გინდათ, რომ, რაც გვჭირს, იმის ღირსნი ვართ?
_ რა თქმა უნდა, ჩვენი შეცდომის შედეგს ვიმკით.
_ და მაინც… რა ეშველება ლარის კურსს?
_ აღარაფერი. დეკემბრის შუა რიცხვებში საკმაოდ მოურიდებელი განცხადება გავაკეთე _ თუ ეროვნული ბანკი და მთავრობა არჩეულ პოლიტიკაში არაფერს შეცვლიან, ორივე ერთად რომ დაედევნოს ეროვნული ვალუტის კურსს, ვერც გააჩერებენ და ვერც დაეწევიან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “ნაციონალია” და მთავრობა ისეთი სუსტი აღმოჩნდა, კანონის შეცვლაც კი ვერ შეძლო, რათა გადაეყენებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ადამიანი, რომლის პროფესიული საქმიანობაც ნეგატიურ შედეგს იძლევა.
_ ე. ი. ამ ყველაფრში უფრო ეროვნული ბანკია დამნაშავე?
_ ეროვნული ბანკი, მთავრობასთან ერთად.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი