Home რუბრიკები საზოგადოება ვის უნდა მიაკითხონ თურქეთში ქართველმა პაციენტებმა

ვის უნდა მიაკითხონ თურქეთში ქართველმა პაციენტებმა

2877

სტამბოლში ფუნქციონირებს ჩვენი თანამემამულის მიერ დაარსებული სამედიცინო დაწესებულება “ჯეომედი”, რომელიც საქართველოდან ჩასული პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მაღალპროფესიულ მკურნალობას თურქეთის წამყვან აკადემიურ კლინიკებში. “ჯეომედის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ექიმი არჩილ გოგოლაური. “საქართველო და მსოფლიო” მკითხველებს ბატონ არჩილ გოგოლაურთან საუბარს გთავაზობთ.


_ თქვენი გაერთიანების _ “ჯეომედისინტერნეტ სავიზიტო ბარათში მითითებულია, რომ მკურნალობთ დაავადებების მთელ წყებას. მათ შორისაა: ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი და .., კეთდება ურთულესი ოპერაციები

_ დიახ. ეს მაღალპროფესიული სამედიცინო მომსახურების მთელი კომპლექსია. ამ გაერთიანების შექმნას ბიძგი მისცა საქართველოდან თურქეთში ჩამოსული პაციენტების რაოდენობის სისტემატურმა ზრდამ. საჭირო გახდა ხალხის ამ მასის ორიენტირება თურქეთის კლინიკურ სივრცეში, მათი დაყენება სწორ გზაზე, ერთგვარი შუამავლის, მრჩევლის, გზამკვლევის როლის შესრულება. ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმენით ისეთი სერვისი, როგორიც არის დახვედრის, დაბინავების, თარჯიმნის, საავადმყოფოებში, სასტუმროებში მოთავსებისა და ა. შ. სამსახურები.

თურქეთის ყველა წამყვან კლინიკასთან დავდეთ ხელშეკრულებები. უმნიშვნელოვანესი მაინც “ჩაპასთან” გაფორმებული მემორანდუმია.

_ “ჩაპა”?

_ “ჩაპა” არის 180 წლის უნივერსიტეტი სტამბოლში. მისი კლინიკის მაღალი აკადემიური დონის პროფესურასთან მიღების რიგში თურქეთის მოქალაქეები 4-დან 6 თვემდე დგანან: “ჩაპას” მომსახურება უფასოა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოდან ჩაყვანილ ექსტრაპაციენტებს მაქსიმალურად დაყოვნების გარეშე იღებენ.

პაციენტს, მისი მდგომარეობის შესაბამისად, რამდენიმე კლინიკას ვთავაზობთ. მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით და ისიც, საკუთარი მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ირჩევს ისეთს, რომელიც უფრო ხელს აძლევს. ზოგს მაინცდამაინც “ვიპი” უნდა და მზად არის, ცარიელ კედლებში დიდძალი ფული გადაიხადოს, სხვა _ მაღალ აკადემიურ დონეს ეძებს. განსხვავებული შესაძლებლობის პაციენტები ჩამოდიან თურქეთში სამკურნალოდ, განსხვავებული მოთხოვნებით, ზოგი ონკოლოგიური ავადმყოფია, ზოგსაც ესთეტიკური მედიცინის მომსახურება აინტერესებს. ჩვენ, შესაბამისად, ყველას ვეხმარებით.

_ ბატონო არჩილ, თქვენ თქვით, რომჩაპაპაციენტებს უფასოდ იღებს.

_ უფასოა თურქებისთვის.

_ ჩვენებურებისთვის თუ არსებობს შეღავათი?

_ კი, არსებობს. მაგალითად, “ალმან ჰასტანში” (გერმანულ კლინიკაში) 20-30-პროცენტიანი შეღავათია.

პრობლემა ყველა ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად წყდება: მაგალითად, “აჯივადენში” ერთი საწოლი დღეში 1750 ლირა ღირს, ჩვენი პაციენტებისთვის _ 1200 ლირა. ზოგს შეიძლება 50-პროცენტიანი შეღავათი გავუკეთოთ, ზოგს _ 10-პროცენტიანი. ზოგს შეიძლება ვერაფერი დავუკლოთ, ეს მაშინ, როცა ძალიან რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელსაც თურქეთში სულ 5-7 ექიმი თუ უმკლავდება (თუმცა ბევრი იქაც იბრალებს). დიდ სპეციალისტებთან მკურნალობის ღირებულების შემცირებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია, რადგან მიღებული არ არის. ჩვენთვის მთავარია პაციენტის გამოჯანმრთელების უზრუნველყოფა და არა მაინცდამაინც შეღავათიანი კლინიკების ძებნა, რომლებშიც მკურნალობა შეიძლება პაციენტს იაფი დაუჯდეს, მაგრამ დაავადების დაძლევის გარანტია ასპროცენტიანი არ იყოს. ვცდილობთ, რომ დადებითი შედეგი გარანტირებული ჰქონდეს.

_ თქვენ თქვით, რომიქაც ბევრი იბრალებს”.

_ დიახ, ბევრი იბრალებს. მაგალითად, ღვიძლის გადანერგვას თურქეთში სულ 7 ქირურგი აკეთებს. დანარჩენს (ვინც იბრალებს) მათნაირი შედეგები არ აქვთ. “სათუო ქირურგს” ქართველს ხელში ვერ ჩავუგდებთ. ჩვენებურმა მაქსიმალური შედეგი უნდა მიიღოს, მაგრამ  ძვირი ჯდება. ღვიძლის გადანერგვის ღირებულება 80 000 დოლარიდან იწყება. ასეთ თანხას რომ იხდის პაციენტი, მან მსოფლიო დონის მომსახურება და გარანტირებული შედეგი უნდა მიიღოს.

_ მაშასადამე, თურქეთში ჩასვლა და ხელის ცეცებით ნაპოვნ კლინიკაში დაწოლა არ ნიშნავს, რომ იგი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ხელში მოხვდა და სწორი მკურნალობით იქნება გარანტირებული.

_ რა თქმა უნდა, არ ნიშნავს… აქაც იგივე არ ხდება?! მთავარი სწორი ორგანიზაცია და გამართული მარკეტინგია.

_ მაგრამ ამ ორგანიზებასა და მარკეტინგს სწორად და გამართულად მხოლოდ ექიმი თუ წარუძღვება. სპეციალისტი, რომელსაც, გარდა ორგანიზატორის მონაცემებისა, მკურნალობის შესაბამისი გამოცდილებაც აქვს.

_ ასეა, რა თქმა უნდა.

_ მაშინ, ბატონო არჩილ, თქვენი საექიმო პრაქტიკის შესახებაც მითხარით რამე, თუ შეიძლება.

_ ვმუშაობდი კამოს ქუჩაზე, მეორე სამშობიაროში. შემდეგ ოთხმა მეგობარმა შევქმენით კერძო სამშობიარო “ჰერა” ვაკის პარკის “ლეჩკომბინატში”, შემდეგ კი სტამბოლში წავედი. დავიწყე დედეუღლუს პოლიკლინიკაში მუშაობა. დედეუღლუ გვარია, რომელსაც აქვს კლინიკების ქსელი. იმ პოლიკლინიკაში მამაკაცი გინეკოლოგისთვის საქმე საკმარისი არ იყო და კმაყოფილი არ ვიყავი. შემდეგ წამყვანი კარდიოქირურგის _ ისმაილ ილქსელდინის კლინიკაში მოვხვდი. კარდიოქირურგიაში ვმუშაობდი, საოპერაციოში. მერე ისევ მეანობას დავუბრუნდი.

_ ისევ თურქეთში?

_ დიახ. და ახლა ვცდილობ, რომ ქართველებს დავეხმარო.

_ კმაყოფილი თუ არიან თქვენი მომსახურებით?

_ კმაყოფილი რომ არ იყვნენ, ამდენი პაციენტი არ მოგვმართავდა.

_ როდის შექმენითჯეომედი”?

_ 2014 წლის გაზაფხულზეა დარეგისტრირებული თურქეთში. შემდეგ საქართველოშიც დავარეგისტრირეთ. ასეთია მოკლე ისტორია, მაგრამ კავშირურთიერთობა ყოველთვის გვქონდა: საქართველოდან პაციენტები პირადი ურთიერთობით, პირადი კონტაქტების მეშვეობით ინდივიდუალური პროგრამით ჩამოდიოდნენ. ბევრი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო, ბევრიც _ გაურკვეველი დიაგნოზებით, ბავშვებიც _ საკმაო რაოდენობით.

ვიწრო სპეციალობით კარგი ექიმი თურქეთშიც მოსაძებნია. ისე არ არის, რომ კარგად რეკლამირებულ კლინიკაში მიხვიდე და მაღალი დონის მკურნალობა უზრუნველყოფილი გქონდეს. კარგი კლინიკა თვითონ ეძებს კარგ ექიმს.

_ თქვენს გაერთიანებას საქმიანი კონტაქტები აქვს რამდენიმე კლინიკასთან. რა პრინციპით აარჩიეთ?

_ თავიდან _ აკადემიურობიდან გამომდინარე; შემდეგ _ პრაქტიკიდან, რომელიც ამ კლინიკებთან გვქონდა.

ჩვენთან ჩამოდიან ამერიკელებიც, ბელგიელებიც, ჰოლანდიელებიც, გერმანელებიც. რა იზიდავს, იცით, პრაგმატულ უცხოელებს? ის, რომ თურქეთში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ეს _ ერთი; მეორე _ აქაური კლინიკები უთანამედროვესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი; და, მესამე, რომ მომსახურება მათ ქვეყნებთან შედარებით აქ გაცილებით იაფია.

_ თუ არ ვცდები, შაქრიან დიაბეტსაც მკურნალობთ

_ მეტაბოლურ ქირურგიას გულისხმობთ, ალბათ.

_ მაპატიეთ ჩემი უცოდინარობის დემონსტრირება

_ არ მიკვირს (ეღიმება), რადგან ეს ახალი თემაა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება. ერთი ოპერაცია საქართველოშიც გააკეთა ჩამოსულმა სპეციალისტმა. შემდეგ როგორ განვითარდა, არ ვიცი. სტამბოლში მოქმედებს მეტაბოლური ქირურგიის ცენტრი. ჩემი მეგობარი ალპერ ჩეთინი, ორი წელიწადია, ამ მიმართულებით მუშაობს და უკვე 500 ოპერაცია გააკეთა. ძალიან დიდი რიგი დგას მასთან, მაგრამ მე შემიძლია, თუ ამ კვირაში ვინმე ჩამოვა, მომდევნო კვირაში გაუკეთონ ოპერაცია, თანაც თურქეთის მოქალაქის ფასში. უცხოელებისთვის ძალიან ძვირია.

_ თქვენს ინტერნეტრეკლამაში განსაკუთრებით გამოყოფილია რობოტიზებული ქირურგიული სისტემადავინჩი”.

_ ეს მართლაც შესანიშნავი სისტემაა, რომელიც ექვსი მკლავით აკეთებს ოპერაციებს ადამიანის სხეულის ისეთ ნაწილებში, რომლებსაც ქირურგის ხელი ვერ სწვდება. მას მთელი ბრიგადა ემსახურება, ადამიანის გონება და უმაღლესი პროფესიონალიზმი წარმართავს. განკუთვნილია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, თუნდაც პროსტატის კიბოს საოპერაციოდ. ორი წლის დანერგილია და სრულად გაამართლა.

_ კონკურენციას თუ გრძნობთ თურქეთში?

_ მართალი გითხრათ, მე ბევრი პაციენტის უფრო მეშინია…

_ ?!

_ დიახ. ძალიან ბევრს, ელემენტარულად, ვერ მოვუვლით. ჯერ ერთი, ამას დრო სჭირდება; მეორეც, ამდენი კარგი სპეციალისტი თურქეთში არ არის. კონკურენციის პრობლემა არ გვიდგას.

_ თქვენ, არჩილ გოგოლაური, თურქეთში წარმოდგენილი ხართ, როგორც ექიმი თუ როგორც თქვენი დაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

_ ამ საქმის გადამკიდე საექიმო პრაქტიკისთვის ვეღარ ვიცლი. დავრბივარ ხან აქ, ხან _ იქ.

_ ქართველები თუ არიან თქვენთან ერთად?

_ ერთი ფანტასტიკური გოგონაა _ მანანა ნარგევაძე, აჭარელია, ხელვაჩაურის რაიონიდან. თბილისში სულ ორჯერაა ნამყოფი. გულ-სისხლძარღვთა ქირურგია. ექიმები ორნი ვართ. ოთხი თარჯიმანი გოგონა გვყავს აყვანილი. მოგეხსენებათ, პაციენტის გვერდით სულ ვიღაც უნდა იყოს. ენის უცოდინარობის გამო პაციენტი შეიძლება პანიკაშიც კი ჩავარდეს.

_ განვითარების პერსპექტივას ხედავთ?

_ “ჯეომედს” განვითარების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, აქვს. ჩვენი ურთიერთობა ავადმყოფებთან იწყება მაშინ, როცა საქართველოში ვერაფერს შველიან. ეს დონე _ ერთგვარი ფილტრი _ აუცილებლად უნდა იყოს და ასეთად დარჩება. ხდება ისეც, რომ ჩამოდიან ისეთი პაციანტები, რომლებსაც ქართველი ექიმები ეუბნებიან, მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო, და თურქეთში გზავნიან.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P. S. ბატონ არჩილ გოგოლაურს ვეკითხები იმ თემაზე, რომელსაც მედიცინასთან საერთო არაფერი აქვს:

_ თურქული სერიალები ისეთივე პოპულარულია თურქეთში, როგორც საქართველოში?

_ იქ საოცრებაა! ჩვენი ფილარმონიის ოდენა დარბაზებში შეიძლება მიტინგები გაიმართოს მოთხოვნით, რომ შეიცვალოს სცენარი და მოქმედება ასე კი არ განვითარდეს, არამედ სხვანაირად. იმართება გამოსვლები, რომლებსაც ტელევიზიით გადასცემენ. დიდი არმიაა სერიალების ფანატების, “სახალხო მოძრაობაა”, ძირითადად, ქალების. კაცები იქ არ მინახავს. საინტერესო ფენომენია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here