Home რუბრიკები საზოგადოება ერთი დაუვიწყარი დღე მოსკოვში

ერთი დაუვიწყარი დღე მოსკოვში

550

2014 წლის 6 დეკემბერს მოსკოვში პოკლონნაია გორაზე მდებარე დიდი სამამულო ომის მუზეუმში ჩატარდა რუსეთის სამხედრო დიდების დღისადმი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 69 წლისთავისადმი, მოსკოვთან ბრძოლების 73 წლისთავისადმი და 1944 წლის ძირითადი საბრძოლო მოვლენების _ ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის, ყირიმის, უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი “გამარჯვებულთა საღამო” (Бал победителей), რომელზეც მიწვეული იყვნენ ომის ვეტერანები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკიდან და გმირი ქალაქებიდან.


მათ შორის იყო საქართველოს ხუთკაციანი დელეგაცია ომის ვეტერანების _ სერგო მირზოიანის, ლილი ზერიკიძის, იოსებ ცხოვრებაშვილის, შოთა ბუაძისა და დელეგაციის ხელმძღვანელის _ გია ნემსაძის შემადგენლობით. ეს იყო გრანდიოზული, მეტად ამაღელვებელი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა ის ტკივილიანი და წარმოუდგენლად მძიმე წლები, რომლებიც გავიარეთ და გადავიტანეთ დიდი სამამულო ომის პერიოდში

ვიდრე შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დაიწყებოდა, დავათვალიერეთ სამამულო ომის შესანიშნავი მუზეუმი, რომელიც ისეთი მასშტაბურია, რომ მისი დათვალიერებისთვის 3-4 საათი კი არა (ჩვენს განკარგულებაში მეტი დრო არ იყო), რამდენიმე დღეა საჭირო. მეტად შთამბეჭდავი იყო მუზეუმის ექსპონატები, რომლებიც დიდ სამამულო ომში გამოყენებულ ყველა საომარ ტექნიკას მოიცავს. გულისამაჩუყებელი და ცრემლის მომგვრელიც კი იყო იმ სამხედრო  იარაღების ხილვა, რომლებითაც გვიხდებოდა ბრძოლა. მაგალითად, აქ იყო წარმოდგენილი 45-მილიმეტრიანი ქვემეხი, რომელსაც, განსაკუთრებით _ ავდარში, მებრძოლები ძლივს მივათრევდით; ყველგანმავალი ამერიკული მანქანა “ვილისი”, რომლითაც გადავადგილდებოდით იმ უგზოობაში.

როდესაც დაიწყო შეხვედრის ოფიციალური ნაწილი, წაიკითხეს შეხვედრის მონაწილეებისადმი რუსეთის პრემიერმინისტრ მედვედევისა და მოსკოვის მერის მისალმება. გაიხსენეს დიდი სამამულო ომის პერიოდი, განსაკუთრებით _ მოსკოვის მისადგომებთან ბრძოლები და ლენინგრადის ბლოკადის მძიმე დღეები, უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლებისათვის გამართული ბრძოლები. იყო საინტერესო მოგონებები ომისდროინდელი პერიოდიდან. შემდეგ გადავინაცვლეთ საზეიმო სუფრასთან. პარალელურად მიმდინარეობდა ამ შეხვედრისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწენი. გათვალისწინებული იყო თამარ გვერდწითელის გამოსვლაც, მაგრამ რატომღაც ეს გამოსვლა არ შედგა. საღამო საინტერესოდ, მხიარულ ვითარებაში ჩატარდა. იგი მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო. ბუნებრივია, იგი სასიამოვნო იყო იმ ეპოპეის უშუალო მონაწილეთათვის, რომლებიც დღეს 90 წელს მიღწეული და გადაცილებულნი ვართ.

საღამო ჩატარდა რუსებისათვის ჩვეული უმაღლესი ორგანიზების პირობებში, ამაღლებული საზეიმო განწყობით. საღამოზე აშკარად იგრძნობოდა მეგობრული და ძმური ატმოსფერო მრავალეროვანი აუდიტორიის დამსწრეთა შორის, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ომისდროინდელ პერიოდიდან და რომელიც წარმოადგენდა დიდ სამამულო ომში ისტორიული გამარჯვების ძირითად ფაქტორს.

შეუძლებელია ერთი თვალშისაცემი ფაქტი არ აღვნიშნო. ეს არის დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი უდიდესი ყურადღება და კეთილშობილური დამოკიდებულება, რომელსაც მოსკოვში ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. ომის ვეტერანებს რუსეთში დიდი თუ პატარა პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობა.

მოსკოვს ერთ დღეს ვსტუმრობდით, მაგრამ მდიდარი შთაბეჭდილებებით დავბრუნით.

შოთა ბუაძე,

დიდი სამამულო ომის მონაწილე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here