Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ თოთაძე: შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვნახოთ, რომ საქართველოში გაცილებით მეტი...

ანზორ თოთაძე: შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვნახოთ, რომ საქართველოში გაცილებით მეტი სხვა ეროვნების ბავშვი იბადება, ვიდრე ქართველი

ახლახან საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა და შედეგების გამოქვეყნებას ბევრი ელოდება. რა მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში და რა პრობლემების წინაშე ვდგავართ  _ ამ საკითხებზე “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” დემოგრაფიული პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:


_ საყოველთაო აღწერის შედეგები, კერძოდ,  რეგიონების მოსახლეობის რაოდენობა მომავალი წლის აპრილში გასაჯაროვდება. ხოლო გასაჯაროება მთელი რიგი საკითხებისა, მაგალითად, რამდენი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, რამდენი ქართველია უცხოელზე დაქორწინებული და სხვ., 2016 წლისთვის არის გათვალისწინებული. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, 4 მილიონ ხუთასი ათას ადამიანს შეადგენს. მაგრამ, დემოგრაფთა მიერ პროცესების გაანალიზების შედეგების მიხედვით, ეს მონაცემი 3 მილიონ რვაასი ათასს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან საქართველოში მოსახლეობის აღწერა არასწორად ხდებოდა. ამას აკეთებდა საჯარო რეესტრი გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაამახინჯა მონაცემები, რაც მთავარია, მიგრაციის პროცესები ზუსტად არ აღწერეს. მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის შემცირება, პირველ რიგში, მიგრაციულმა პროცესებმა გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება, და შემდეგ _ რეგიონებში შობადობის შემცირებამ, რაც შიგა მიგრაციის ბრალია. სამწუხაროდ, კიდევ უფრო დამძიმდება დემოგრაფიული მდგომარეობა 2020 წელს.

_ რას გულისხმობთ?

_ 1980-იან წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა. დღეს სწორედ ეს გოგონები გახდნენ დედები, ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიბადა 236 ათასი გოგონა, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ რადიკალურ ზომებს არ მივიღებთ, არ განვახორციელებთ ეფექტიან დემოგრაფიულ პოლიტიკას და შობადობას არ გავზრდით, როდესაც ეს 236 ათასი გოგონა 20-30 წელს მიაღწევს, შობადობა კვლავ განახევრდება და უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით.

_ როგორ უნდა გატარდეს ეფექტიანი დემოგრაფიული პოლიტიკა?

_ ახალმა ხელისუფლებამ საამისოდ ნაბიჯები უკვე გადადგა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. იმ რეგიონებში, რომლებიც ქართველებითაა დასახლებული, მოსახლეობის საგანგაშო კლება აღინიშნება. კერძოდ, კახეთში, მცხეთამთიანეთში, რაჭალეჩხუმში, ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოზემო სვანეთში ორი ათეული წელია, მოსახლეობა თითქმის არ მრავლდება, რადგან უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. შობადობის თვალსაზრისით, უკეთესი ვითარებაა საქართველოს სამ ქალაქში _ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. მაინც დიდი ქალაქებია, არსებობს სხვადასხვა ფინანსური დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებლები და, ვინაიდან ამ ქალაქებში ეკონომიკის დონე, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალია, შობადობაც, ასე თუ ისე, ნორმალურია. სავალალო მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში. რაჭაში 1966-1967 წლებში  მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 8200-ს. დღეს კი ონის რაიონში სულ 8200 ადამიანი ცხოვრობს. გარე მიგრაციასთან ერთად, შობადობა შიგა მიგრაციამაც შეაფერხა _ რაიონებიდან დიდ ქალაქებში გადმოდიან საცხოვრებლად, უმრავლესობას ეკონომიკურად უჭირს, ქირით ცხოვრობს და ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებს.

_ დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით რამდენი ადამიანია ემიგრაციაში?

_ ადრე ემიგრაციული ნაკადი რუსეთისკენ მიედინებოდა, ბოლო ხანს კი _ დასავლეთ ევროპისა და ამერიკისკენ. მათგან ბევრი, ათ წელზე მეტია, საქართველოში აღარ ცხოვრობს და ჩვენს მოქალაქედ აღარც ითვლება. ბევრმა უცხოეთში შექმნა ოჯახი და, სამწუხაროდ, მათი დაბრუნების ალბათობა ძალიან მცირეა. ასე რომ, ჩვენი მოსახლეობის შემცირება კვლავ გრძელდება, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

_ რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ?

_ მთავრობამ გარკვეული ღონისძიება გაატარა და იმ 6 რეგიონში, რომლებიც ქართველებითაა დასახლებული, თუ მესამე და შემდეგ ბავშვს გააჩენენ, ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რაიონში კი _ 200 ლარს.

_ კი მაგრამ, 150-200 ლარით ბავშვის გაზრდა შესაძლებელია?

_ ეს თანხა სოფლად არც ისე მცირეა, რადგან დღეს ქართულ სოფლებში ყველაზე მდიდარი ადამიანი პენსიონერია. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, სადაც პენსიონერი მდიდარ კაცად ითვლება. გარდა ამისა, მშობიარობა გახდა უფასო, რაც სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი უჯდება. დეკრეტული შვებულება 4-დან  6 თვემდე გაიზარდა, ხოლო ანაზღაურება დეკრეტული შვებულებაში ყოფნის პერიოდში _ 600-დან 1000 ლარამდე, ანუ პრობლემების მოსაგვარებლად ნაბიჯები კი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ქვეყანაში ისეთი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ბევრი და ხანგრძლივი ღონისძიება გაატაროს. მაგალითად, საფრანგეთმა 1920-იანი წლებიდან დაიწყო ხანგრძლივი დემოგრაფიული პროგრამა, რომლის შედეგადაც დღეს ეს ქვეყანა ევროპაში ყველაზე უკეთესი დემოგრაფიული მაჩვენებლებით გამოირჩევა.

_ მაინც რა არის საჭირო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

_ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია კონცეფცია-პროგრამის შედგენა. წლების წინათ აზერბაიჯანმა, რომელიც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე არ იდგა, მაინც შეადგინა დემოგრაფიული კონცეფცია და ოთხ ტომად გამოსცა. საქართველოს კი ასეთი კონცეფცია არ აქვს. ამიტომ აუცილებელია, ჩვენმა ხელისუფლებამაც შეიმუშავოს მსგავსი კონცეფცია და გამოაქვეყნოს წინასწარი შედეგები _ როგორი იქნება ქართველთა გამრავლების მდგომარეობა 2030 წელს, 2045 წელს და ა.შ. უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამა, როგორ გავამრავლოთ ერი. ეს პროგრამა თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ჩვენ გარდა. სახელმწიფო ვალდებულია, შეადგინოს და დააფინანსოს ქართველების გამრავლების პროგრამა; ამ საკითხში ჩართოს სპეციალისტები და გაწეროს რიგი ღონისძიებებისა ახლო და შორეულ პერსპექტივაში.

 გამრავლების მხრივ, ყველაზე საშინელი მდგომარეობაა სოფლებში, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შობადობა სამჯერ შემცირდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო ათ წელიწადში მოსახლეობა შემცირდა 4500 კაცით. არადა, კახეთის იმ რაიონებში, რომლებშიც ცხოვრობენ მაჰმადიანები, მოსახლეობის მატებაა. დააკვირდით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 69 მაჰმადიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველებით არის დასახლებული, თუმცა მოსახლეობა შემცირებულია. ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონებში კი, რომლებშიც მაჰმადიანი მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდია, ბუნებრივი მატება აღინიშნება, რაც საგანგაშოა.

 ქვეყანაში ტიტულოვანი ერის გამრავლებაზე უნდა ხდებოდეს ზრუნვა. წარმოიდგინეთ, შექსპირიც კი თავის თითქმის ყველა სონეტში დემოგრაფიულ პრობლემებს უსვამს ხაზს. ამბობს კიდეც, რად არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენებაო. ჩვენც უნდა გვაფიქრებდეს ჩვენი მოდგმის გადაშენება.

მას შემდეგ, რაც პასპორტიდან ამოიღეს გრაფაეროვნება”, არ ვიცით, რამდენი ქართველი ცხოვრობს საქართველოში, რამდენი დაიბადა და რამდენი გარდაიცვალა, თუმცა 2014 წლის აღწერის მიმდინარეობისას ეს შეკითხვა დაისვა და აწი გვეცოდინება, რამდენი ქართველი ცხოვრობს საქართველოში. შობადობასა და მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, რომლებიც ზოგჯერ წინააღმდეგობრივია. მაგალითად, ურბანიზაციის პროცესი, ერთი მხრივ, აუარესებს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ცივილიზაციის მაჩვენებლია. არსებული დემოგრაფიული ვითარების პირობებში სტრატეგიულ მიმართულებად მიგვაჩნია ურბანიზაციის უარყოფითი გავლენის შესუსტება შობადობაზე. ამ მიზნით აუცილებელია, შეიზღუდოს დიდი ქალაქებისუპირველესად, ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობის ხელოვნური ზრდა და ყურადღება დაეთმოს საშუალო და მცირე ქალაქების და, რაც მთავარია, სოფლების განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიმცირის პირობებში, ცხოვრების წესის შენარჩუნების თვალსაზრისით, ამ ღონისძიების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 2013 წელს საქარველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 9325 კაცი შეადგინა: 7178 _ ქალაქში და 2147 _ სოფელში, რაც ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატების 77 პროცენტი ქალაქებზე მოდიოდა, ძირითადად, ოთხ ქალაქზე _ თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისსა და რუსთავზე. ეს ყველაფერი იმის უტყუარი ფაქტია, რომ სოფლად შობადობის დონე კატასტროფულად შემცირდა. მეტიც, თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიულ კატასრტოფას ვერ ავცდებით. 1960-1989 წლებში ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი მატება 55 ათას კაცს შეადგენდა. ბოლო 24 წლის განმავლობაში, 1990-2013 წლებში კი, წლიურმა ბუნებრივმა მატებამ მხოლოდ 9377 კაცი შეადგინა. ეს არის სავალალო რეალობა და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სრულად ვერ ვაანალიზებთ. შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვნახოთ, რომ საქართველოში გაცილებით მეტი იბადება სხვა ეროვნების ბავშვი, ვიდრე ქართველი. მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება; მაგალითად, 2013 წელს 59 მუნიციპალიტეტიდან  55-ში მოსახლეობის ბუნებრივი კლება აღინიშნა. თანაც ეს კლება მოხდა ქართველებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, რაც წლებია, გრძელდება და დღეს კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. ეთნო ფაშიზმის მოწოდებები არის კრიმინალი! სიტყვები ტიტულოვანი ერი არის ფაშიზმი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here