Home რუბრიკები საზოგადოება ხადურის დიეტა და ტყემალაძის საწებელი

ხადურის დიეტა და ტყემალაძის საწებელი

617

შეძახილმა ხე გაახმოო, _ ნათქვამია. თქმა არ უნდა, რომ ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ხვდება, აქ რეალურ “შეძახილსა” და კონკრეტულ “ხეზე” არ არის ლაპარაკი და მსგავს ფრაზებს ხატოვან გამოთქმებს ეძახიან და ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ…


მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერავინ მეტყვის, როგორ და რა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ისეთი უაზრო ფრაზები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები, უკვე 25 წელიწადია, დაუფიქრებლად წამოისვრიან ხოლმე და გვარიანადაც აღიზიანებენ საზოგადოებას.

ლარის კურსის ვარდნა აჟიოტაჟის ბრალია,” _ ეს ფრაზა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თქვა გასული კვირის ბოლოს და, შეიძლება ითქვას, ღირსეულად დახურა “სულელური ფრაზების კვირეული”… არა, ალბათ, უფრო “ერთწლეული” ან სულაც _ “ათწლეულიც” კი!

ანუ, ბატონი მინისტრი (თანაც ფინანსთა!) სრული სერიოზულობით ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ ლარის კურსის დაცემა მთავრობის ცუდი მუშაობის ან ეროვნული ბანკის შეცდომების, ან ფისკალური პოლიტიკის კრახის, ან რაიმე სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზეზების ბრალი კი არ არის (რაც, შესაძლოა, სიმართლეც კი იყოს), არამედ ჩვენი _ უბრალო ხალხის, მომხმარებლის, მოქალაქეების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის ბრალია (რაც, მაპატიეთ და, წარმოუდგენელი სისულელეა!).

როგორც ჩანს, ბატონ ხადურს ადრეულ ბავშვობაში გაგონილი და ჩვენ მიერ შესავალში ნახსენები ხატოვანი გამოთქმა _ “შეძახილმა ხე გაახმო” _ დღესაც პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და ჰგონია, რომ, თუკი ხის გახმობა შეუძლია შეძახილს, მაშინ რატომ არ შეიძლება აჟიოტაჟმა დასცეს ან პირიქით _ აამაღლოს ლარის კურსი?

ერთი ეგაა, ეს ქართველები უნიკალური შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ნამეტანი უნიჭო ხალხი ვყოფილვართ  და მხოლოდ იმ ტიპის აჟიოტაჟს ვტეხთ ხოლმე, რომელსაც ცუდი შედეგები მოაქვს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ვერაფრით მოვახერხეთ ისეთი აჟიოტაჟის ატეხვა, რომელიც მცირე დადებით შედეგს მაინც მოგვიტანდა! ახია ჩვენზე!

მით უმეტეს, გეხსომებათ, როგორი მონდომებით გვარიგებდნენ სხვადასხვა დროს ჩვენი “პირველი ლედები”:

“8 ლარი ჭკვიანმა დიასახლისმა სწორად უნდა გაანაწილოს, მთელი თვის განმავლობაში გამოიზოგოს და ისე დახარჯოს, ყაირათიანად” (ნანული შევარდნაძე).

ქართველმა დიასახლისებმა არ იციან სწორი ცხოვრება. სკოლაში რომ დატოვებენ ბავშვს, მერე იქვე სხედან, ეწევიან და ელოდებიან. არადა, შეიძლება ამ დროში აუზზე წახვიდე და იცურაო ან ფიტნესზე მიხვიდე” (სანდრა რულოვსი).

მაშინ კი ვფიქრობდი, ქალბატონ ნანულის რატომ არ დაუკონკრეტებია, _ ან 8 ლარის 30 დღეზე გადანაწილება როგორ წარმოუდგენია, ან აუზებსა და ფიტნესკლუბებში აბონემენტების ფასზე რატომ არაფერი უთქვამს სანდრა რულოვსს-მეთქი…

მაგრამ, აგერ, ნოდარ ხადურის ფრაზამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა!

თურმე ქართველ ხალხს შეეძლო, აეტეხა აჟიოტაჟი და 8 ლარი იმწამს შეიძენდა ისეთ ღირებულებას, რომ მისი 30 დღეზე გადანაწილება პრობლემა არ იქნებოდა. ამავე აჟიოტაჟით, ქართველ დიასახლისებს შეეძლებოდათ, მინიმუმამდე დაეწიათ ფიტნესკლუბებისა და საცურაო აუზების ფასები…

მაგრამ ქართველი ერის სიზარმაცის შესახებ ხომ გსმენიათ? _ დადებითი აჟიოტაჟიც კი გვეზარება ხოლმე!

სამაგიეროდ, ხანდახან ისეთ უარყოფით აჟიოტაჟს ავტეხთ, ლარის კურსი კისრისტეხით მირბის ქვევით და კიდევ კარგი, ქართული აჟიოტაჟის ხმა ლონდონამდე არ აღწევს, თორემ საფონდო ბირჟაზე იმისთანა ამბავს მოვახდენდით, ცნობილი “ამერიკული შავი ხუთშაბათი” მონაგონი იქნებოდა!

გამოსავალი, ალბათ, ერთია: ჩვენაჟიოტაჟის დიეტაზეუნდა დავჯდეთ! მთელი ეს წლები ხანუგულავას დიეტასრომ გვიქებედნენ და ხან _ სხვისას, მისწრებახადურის დიეტაყოფილა ქართველი ხალხისთვის _ ჭამე, რაც გინდა და როცა გინდა! შეუკვეთე რესტორანში  შემწვარი ციკანი! არ დაინანო ბიუჯეტის ფული! თქვლიფე, რამდენსაც შეძლებ! გამოიწერე ხელფაზე პრემია და, თუ რამეს გისაყვედურებენ, გადააკეთე დანამატად! ოღონდ არ ატეხო აჟიოტაჟი, რათა ლარის კურსი არ დაეცეს!

შესანიშნავი დიეტაა და დარწმუნებული ვარ, ბევრს მოეწონებოდა ამ დიეტის პირველი ნაწილი, მაგრამ იქვე აუცილებლად გაჩნდება კითხვა: ასეთი “დიეტისთვის” საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს ეყოფა კი თავისი ნიმიმალური შემოსავალი?

არ იდარდოთ, პასუხი აქვეა. ხადურის სულელური ფრაზების სუფრას პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ საწებელივით მოასხა ფრაზა: “160 ლარი კი არ უნდა მეყოს მე, არამედ მე უნდა ვეყო 160 ლარს”!

პირველი ლედების შეგონებათა დამახსოვრება და  მოსახლეობისთვის მათი შეხსენებაც ასეთი უნდა! ჩემი აზრით, ზურაბ ტყემალაძის ეს უაღრესად სულელურიმუშნიზარანდიობააუცილებლად დაიმსახურებდა  “წლის ფრაზისტიტულს, აგერ, ზედ ფინიშთან ხადურისაჟიოტაჟსრომ არ გადაეჯოკრა!

სამაგიეროდ, იგი ღირსეულად იკავებს მეორე ადგილს ამ პრესტიჟულ კონკურსში და არა მგონია, კაი ხანს ვინმე შეეცილოს!

ხადურს კი ფართო ასპარეზი აქვს და შეუძლია, განავრცოს კიდეც თავისი გენიალურ-მისტიკური ფრაზა.

მაგალითად:

თავისუფლად შეიძლება მივაწეროთ ხოლმე საკვები პროდუქტების გაძვირება “დაჟინებულ მზერას”!

აკი, უფულო, გაჭირვებული, უხელფასო და უმუშევარი ადამიანები მადისაღმძვრელ პროდუქტებთან ხშირად და დიდ ხნით ჩერდებიან ხოლმე და თვალს ვერ აშორებენ საქონლის ხორცს, ქათამს, კაი შებოლილ სულგუნს და სხვა საკვებ პროდუქტებს, რომლებიც, დიდი ხანია, არ მიურთმევიათ…

რა, თუკი აჟიოტაჟს შეუძლია ლარის კურსის ცვლილებაზე იმოქმედოს, ვითომ დაჟინებულ მზერას რატომ არ შეუძლია საკვები პროდუქტების ფასის შეცვლა?

ასევე, წარმატებით შეგვიძლია, დავამუშაოთ ნავთობის ფასების რეგულაციისთვის ჟრიამულის ატეხის მეთოდი; ანდა ვცადოთ, მაგალითად, ჭყლოპინის მეთოდით ვიმოქმედოთ სამომხმარებლო კალათის ფასის აწევაზე…

რა ვიცი, თუკი ქართველებს მართლაც გვაქვს ფენომენალური ნიჭი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ასე უშურველად მოგვაწერა, ავდგეთ და გამოვიყენოთ! რას ვაშლევინებთ ნერვებს ამ მანჰეტენის ბროკერებს თუ ლონდონის საფონდო ბირჟებს?!

ნოშრევან კუჭუხიძისგან შეშინებული ხუტა ოდილავაძისა არ იყოს, “ადამიანს რა ჯანდაბა გააფრენს, მაგრამ ვცადოთ, ბატონო! თვალი დაუდგეს ევროპას! ბოლოს და ბოლოს, ქართველი ვარ მეც!”

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here